განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020310518002659438 (3/ბ-261-2019წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე- ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი -ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოპასუხე) - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი- ლ-–- ტ------ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ც----ა კ-------ე
წარმომადგენელი- კ-----რ ტ--------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 03 ოქტომბერს ც----ა კ-------ემ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა:
- საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 20 აპრილის №3-- საოქმო გადაწყვეტილების და 2018 წლის 27 აპრილის №4-- განკარგულების ბათილად ცნობა;
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის დავალება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---–ი მდებარე, 5100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
2.1.სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელის მიერ დამყარებულ იქნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2.1.1. ის ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---–ი 2003 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს 5100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ. 4-----------) მომიჯნავედ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი შემოკავებულია, სადაც მოჰყავს სიმინდისა და თხილის კულტურა.
2.1.2. მან კანონის შესაბამისად 2018 წლის 04 აპრილს განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა მისთვის ეღიარებინათ ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება , თუმცა მისი მოთხოვნა უარყოფილ იქნა, მიჩნეულ იქნა, რომ მიწის ნაკვეთი არ იყო შემოღობილი, არ ფიქსირდებოდა ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი, მიეთითა რა იმაზე, რომ თითქოსდა იგი იყო ახალი დამუშავებული, რაც არასწორია.
2.2.მოპასუხის პოზიცია
2.2.1.მოპასუხე ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი და მიეთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე კომისიამ ვერ დააფისირა სარგებლობის კვალი, რომელიც დაადასტურებდა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს და რომ შესაბამისად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით ც----ა კ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 20 აპრილის №3-- საოქმო გადაწყვეტილება და 2018 წლის 27 აპრილის №4-- განკარგულება და კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---–ი მდებარე, 5100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ც----ა კ-------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1.მოსარჩელე ც----ა კ-------ეს თანასაკუთრებაში გააჩნია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---–ი მდებარე 6000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში №4----------- საკადასტრო კოდით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი (იხ.ს.ფ.2-17);
-2018 წლიწ 29 მარტს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.29-30);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 12 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2. 2018 წლის 05 აპრილს ც----ა კ-------ემ №6------ განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---–ი მის თანასაკუთრებაში არსებული და საჯარო რეესტრში №4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 6000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 5100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, რომელსაც სხვა დოკუმენტებთან ერთად დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მის მიერ 2003 წლიდან დღემდე 5100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის თაობაზე ი---- ჭ------ის, მ----- კ------ს, ჯ---ი ჭ------ის, ლ-–- გ-----სა და პ-----ა გ-----ს ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-განცხადება და მასზედ თანდართული მასალები (იხ.ს.ფ. 20-30);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 12 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3. მოსარჩელე ც----ა კ-------ე სადავო 5100 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ფლობდა 2003 წლიდან და მფლობელობას აგრძელებს დღემდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (იხ.ს.ფ 2-17);
-სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება(იხ.ს.ფ.21);
-ფოტოსურათები(70-79);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 2019 წლის 12 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.4.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხორციელდა მიწის ადგილზე დათვალიერება და შედგა ოქმი, სადაც აღინიშნა, რომ მიწის ნაკვეთს რომლითაც დაინტერესებულია მოსარჩელე მხარე, არ გააჩნია საკუთარი შემოკავება,არის ახალი დამუშავებული და არ ფიქსირდება მიწის ნაკვეთით სარგებლობის კვალი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი(იხ.ს.ფ. 2-17);
-მიწის დათვალიერების ოქმი(იხ.ს.ფ.32);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 12 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.5.2018 წლის 20 აპრილს გაიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს მიწის დათვალიერების ოქმი, მასში დაფიქსირებული გარემოებები, რის შედეგად კომისიამ მიიღო №3-- გადაწყვეტილება და 2018 წლის 27 აპრილის №4-- განკარგულება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (იხ.ს.ფ. 2-17);
-მიწის დათვალიერების ოქმი (იხ.ს.ფ.32);
-სადავო აქტები (იხ.ს.ფ.31; 35);
-ფოტოსურათები (იხ.ს.ფ.70-79);
-სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (იხ.ს.ფ.21);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 2019 წლის 12 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია ისეთი ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლომ განმარტა, რომ მოხმობილი ნორმა გამოხატავს თვითნებურად დაკავების ფაქტის რამოდენიმე შემთხვევას, რომელთაგან ერთ-ერთი დაინტერესებული პირის სასარგებლოდ უნდა დადასტურდეს საქმის განხილვით იმისათვის, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს. კანონით განსაზღვრულ შემთხვევათაგან მოსარჩელის მოთხოვნას შეესაბამება მითითებული ნორმის მეორე წინადადება, რომლითაც თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე - 27.07.2007 წლამდე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მხრიდან მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა და რომ შესაბამისად, სასამართლოსაგან შეფასების საგანია საკითხი იმის თაობაზე, მიადგა თუ არა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული აქტებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მოსარჩელეს.
სასამართლომ დადგენილ გარემოებებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა მოსარჩელემ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“საქართველოს კანონის საფუძველზე და მას წარუდგინა მის ხელთ არსებული ყველა საჭირო დოკუმენტი.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების მიზნით აპელირება გააკეთა განსახილველი სასამართაურთიერთობის მომწესრიგებელ კანონთან მიმართებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ მნიშვნელოვან განმარტებაზე, რა დროსაც საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,მფლობელობა არის ფაქტი და იმის მიხედვით, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მფლობელობა ერთმანეთისაგან გამიჯნავენ არამართლზომიერ და მართლზომიერ მფლობელობას. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას“.
სასამართლომ არ გაიზიარა კომისიის მიერ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განახორციელებული მიწის ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომელშიც მიეთითა იმის შესახებ, რომ არ დასტურდება ც----ა კ-------ის მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი,რაც დაედო საფუძვლად სადავო აქტების მიღებას, რადგან აღნიშნულის საწინააღმდეგო იქნა დადგენილი საქმის განხილვით, კერძოდ სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული სოფელ რ---–ი უძრავი ქონების მესაკუთრე და ფაქტის თვითმხილველი პირის მ----- კ------ს ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ 2003 წლიდან სადავო მიწის ნაკვეთს ნამდვილად ამუშავებდა მოსარჩელე, მას ჰქონდა ძველი შემოკავება, რომელიც განახლდა ახალი ღობით. აღნიშნული დადასტურებულ იქნა საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებითაც, სახელდობრ რ---–ი მცხოვრებ პირთა ი---- ჭ------ის, ჯ---ი ჭ------ის, ლ-–- გ-----სა და პ-----ა გ-----ს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, აგრეთვე მსგავსი ინფორმაციის შემცველი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტოილუსტრაციათ, რომლითაც ნათლად დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი მუშავდება და შემოკავებულია მის მიერ.
სასამართლომ აპელირება გააკეთა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს, კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
სასამართლო დაეყრდნო რა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, აღნიშნა, რომ ის საფუძველი, რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, არ არსებობს, შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილებები ბათილია, მიღებულია კანონის დარღვევით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარისათვის დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად ბარიერის არარსებობის პირობებში, კომისიამ უნდა მიიღოს ახალი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უღიარებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---–ი მდებარე 5100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
აპელანტის თვალსაზრისით ზუგდიდის რაიონული სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც სწორედ კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტა, ადმინისტრაციული წარმოებისას კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ნაკვეთზე კომისიამ ვერ დააფიქსირა სარგებლობის კვალი, რომელიც დაადასტურებდა კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 11 ივლისამდე) ნაკვეთების თვითნებურად დაკავების ფაქტს და გადაწყვეტილება მიიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიუხედავად ამისა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა ბათილად ცნო კომისიის გადაწყვეტილება, რაც იწვევს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, შესაბამისად დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინების 3.2.1-3.2.5 პუნქტებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. სააპელაციო სასამართლო ასევე ეთანხმება ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 20 აპრილის №3-- საოქმო გადაწყვეტილების და 2018 წლის 27 აპრილის №4-- განკარგულების კანოშესაბამისობა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი კანონის-„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში ,,კანონი“) რეგულაცია შეეხება ორი სახის ურთიერთობას. ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მარლთზომიერი მფლობელობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან. განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს და აღნიშნულის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობას.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება.
მითითებული კანონის პირველი და მე-2 მუხლების და ამავე კანონის რეალიზების მიზნით გამოცემული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ის არეგულირებს და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრების უფლების აღიარების წესებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 77-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,ხოლო 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.
„კანონის“ 4.1 მუხლის თანახმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„კანონის“ 51.3 მუხლის თანახმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 05 აპრილს ც----ა კ-------ემ განცხადებით მიმართა ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა სოფელ რ---–ი მდებარე, მის მიერ თვითნებურად დაკავებული 5100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებას ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, პირადობის მოწმობის ქსეროასლი, ინფორმაცია მიწის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ, ცნობა ტექ.ბიუროს არქივიდან, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ცნობა საჯარო რეესტრიდან და ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ჩვენება (ს.ფ. 20).
„კანონის“ მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე... და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმის კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულოა, რომ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი, ამასთან სახეზე უნდა იყოს ერთერთი შემდეგი პირობა - 1) საკუთრების უფლებით გადასაცემ (თვითნებურად დაკავებულ) მიწის ნაკვეთზე განთავსებული უნდა იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული); 2) საკუთრების უფლებით გადასაცემი (თვითნებურად დაკავებული) ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე) დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე უნდა იყოს და მისი ფართობი ნაკლები უნდა იყო საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ეს ვალდებულება ვრცელდება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის გამოცემაზეც - ამგვარი უფლებამოსილების განხორცილებას წინ უნდა უსწრებდეს საკითხის სათანადოდ გამოკვლევა.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისათვის, მათ შორის 2018 წლის 05 აპრილით დათარიღებულ ნოტარიულად დამოწმებულ მოწმეთა-ი---- ჭ------ის, მ----- კ------ს, ჯ---ი ჭ------ის, ლ-–- გ-----სა და პ-----ა გ-----ს ჩვენებებისათვის, რომელთა თანახმადაც, ც----ა კ-------ე 2003 წლიდან წლიდან ფლობს და სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს მდებარე ზუგდიდის რაიონის, სოფელ რ---–ი, ფართით 5100 კვ.მ. რომელიც მდებარეობს მის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი.4-----------) მიმდებარედ (იხ.ს.ფ.21).
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სახელდობრ:
2018 წლის 29 მარტით დათარიღებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონის, სოფელ რ---–ი მდებარე 6000 კვ.მ. (დაზუსტებული), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ. 4-----------) მესაკუთრეები არიან თ-----, თ----ა, თ----ა, ც----ა და ბ-----ი კ-------ეები. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია N3------- საარქივო ცნობა დამოწმებული 19.02.2008წ., ზუგდიდის არქივის მიერ (იხ. ს.ფ. 29-30).
2018 წლის 18 აპრილით დათარიღებული მიწის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ,,ნაკვეთი არის ახალი დამუშავებული“(იხ.ს.ფ.32), რაც სამეგრელოს რეგიონის კლიმატის პირობების გათვალისწინებით დროულად განხორციელებულ მოქმედებად უნდა იქნეს შეფასებული თუ გათვალისწინებულ იქნება ის, რომ მოცემულ ნაკვეთზე მოყვანილ უნდა ყოფილიყო სიმინდის კულტურა.
ც----ა კ-------ის მოსაზღვრე მიწის ფართობის მესაკუთრე მ----- კ------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთს, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს ც----ა კ-------ე, ნამდვილად 2003 წლიდან ფლობს ეს უკანასკნელი, ხოლო რაც შეეხება შემოღობვას, ასეთი შემოღობვა მათ გაკეთებული აქვთ ერთად, რადგან მისი ნაკვეთი უფრო დიდი მოცულობისაა.
პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის მიერ დადასტურებულ იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი იზოლირებულია სხვა სივრციდან და შემოღობილია მეზობელ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელიც მ----- კ------ს საკუთრებაშია აღრიცხული და ასეთი სახით იყო იგი წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის დათვალიერების დროს (იხ.სააპელაციო სასამართლო სხდომის ოქმი).
ამდენად, მოსარჩელე ც----ა კ-------ის, მოწმე მ----- კ------სა და თვით აპელანტის წარმომადგენლის განმარტება თანხვდენილია იმ თვალსაზრისით, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი შემოღობილია, ხოლო საკითხი იმის თაობაზე მეზობლები ინდივიდუალურად გამომიჯნულად მოახდენენ მიწის ნაკვეთების შემოღობვას, თუ გაერთიანებული ძალებით იმგვარად, როგორც ეს მათთვის უფრო ხელსაყრელია, ცალსახად სცილდება როგორც კომისიის, ასევე სასამართლოს შეფასების საგანს. შესაბამისად მიწის დათვალერების ოქმი არათუ სრულყოფილად არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ გარემოებას, არამედ მასში არასწორად მიეთითა იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ნაკვეთი არ არის შემოკავებული. ასევე ალოგიკურია ამავე დათვალიერების ოქში იმის მითითება, რომ თითქოსდა ,,არ ფიქსირდება ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი“, ისეთ ვითარებაში, როდესაც ამავე ოქმში მითითებულია, რომ ,,მიწის ნაკვეთი ახალი დამუშავებულია“, რაც სავსებით ბუნებრივი და ერთმნიშველოვნად ცხადია, რადგან გაზაფხულზე ყველა მიწის ნაკვეთი ახლად დამუშავებულის ფორმას იძენს.!
დადგენილია, რომ აღიარების კომისიის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ამავე კომისიის წევრთა ნაწილის მიერ შედგენილი მიწის დათვალიერების ოქმი, რაც, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ბუნდოვანია და სრულყოფილად არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ გარემოებას.
„კანონის“ 51.7 მუხლის თანახმად, კომისია მოლოდ ისეთ შემთხვევაში იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებას, რომ მოსარჩელეს მის საკუთრებად რეგისტრირებული 6000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ 2003 წლიდან თვითნებურად აქვს დაკავებული 5100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოჰყავს სიმინდის კულტურა. ამდენად, სახეზე არ არის საკუთრების უფლების აღიარებაზე დაინტერესებული პირისათვის უარის თქმის საფუძველი, რაც მართებულად შეფასდა რაიონული სასამართლოს მიერ.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც მოცემულ შემთვევაში აპელანტმა (მოპასუხე) კომისიამ ვერ დაამტკიცა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს დასაბუთებას, რომ გასაჩივრებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 20 აპრილის N3-- საოქმო გადაწყვეტილება და ამავე წლის 24 აპრილის N4-- განკარგულება ეწინააღმდეგება ზემოთ დასახელებული საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნებს, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 377-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).
მოსამართლე ნანა კალანდაძე