განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310118002385858 3/ბ-259-2019წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოპასუხე) - ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი- მ--ა ჭ-----ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- ი--ა ბ-------–---–ი
წარმომადგენელი-დ----- მ---------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 04 აპრილს ი--ა ბ-------–---–მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და მოითხოვა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ი--ა ბ-------–---–ის დაჯარიმების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტის) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილებისა და მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქალაქ ბათუმის მერის 2018 წლის 19 მარტის №0---- ბრძანების ბათილად ცნობა.
2.1.მოსარჩელემ ზემოხსენებული მოთხოვნა სარჩელით და სასამართლო სხდომაზე გადმოცემული განმარტებით დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1.1 ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 ივნისს ,,არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ №მ----- ბრძანების (მშენებლობის სანებართვო მოწმობის ნომერი - №0-----) საფუძველზე იგი ქ. ბათუმში, გორგასლის ქ. №5-/ვაჟა-ფშაველას ქ. №4-----ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე აწარმოებდა აივნის რეკონსტრუქცია-მიშენებას.
2.1.2.ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 22 სექტემბერს გაიცა №2-- მითითება, რომლითაც მას მიეთითა სამშენებლო შეუსაბამობაზე, კერძოდ ფილის გაბარიტების დარღვევაზე. აღნიშნულის საფუძველზე 2017 წლის 10 ნოემბერს მან №1------------- განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა პროექტში ცვლილებების შეტანა, რომლითაც გამოსწორდებოდა №2-- მითითების პირობები.
2.1.3. 2017 წლის 27 ნოემბერს მას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეცნობა, რომ 10 ნოემბრის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელებული იქნა 3 თვის ვადით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სარჩელის წარდგენის დღემდეც არ მიღებულა.
2.1.4.2017 წლის 07 დეკემბერს ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა მითითების პირობების შესრულება და საბოლოოდ 2018 წლის 30 იანვარს მიიღო №1-- დადგენილება, რომლითაც ქ. ბათუმში, გორგასლის ქ. №5-/ვაჟა-ფშაველას ქ. №4-----ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მიმდინარე აივნის რეკონსტრუქცია-მიშენების გამო იგი დაჯარიმდა 1 000 (ერთი ათასი) ლარით.
2.1.5. ზემოხსენებული დადგენილება მან ერთჯერადად გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაგრამ ვიცე-მერის 2018 წლის 19 მარტის №0---- ბრძანებით მისი საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული.
2.1.6. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ზედამხედველობის სამსახური მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რადგანაც მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მას განხორციელებული მშენებლობის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად და პროექტში ცვლილების შეტანისთვის ჰქონდა წარდგენილი განცხადება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელსაც გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა. შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახური უნდა დალოდებოდა მისაღებ გადაწყვეტილებას და უნდა მიეცა მისთვის შესაძლებლობა გამოესწორებინა სამშენებლო სამართალდარღვევა, რომლის პროცედურაც დაწყებული იყო მითითებით განსაზღვრულ ვადაში. ადმინისტრაციული წარმოების ვადა უსაფუძვლოდ გაგრძელდა 3 თვით და ამითაც იქნა დარღვეული მისი უფლებები, რაც არ გაითვალისწინა ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომაც- ქ. ბათუმის მერიამ.
2.2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეების - ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები არის კანონიერი და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი--ა ბ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა - ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ი--ა ბ-------–---–ის დაჯარიმებისა და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 19 მარტის №0---- ბრძანება ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“.
2.4.გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2.4.1. ი--ა ბ-------–---–ი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 ივნისს „არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ №მ----- ბრძანების (მშენებლობის სანებართვო მოწმობის ნომერი - №0-----) საფუძველზე, ქ. ბათუმში, გორგასლის ქ. №5-/ვაჟა-ფშაველას ქ. №4-----ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე აწარმოებდა აივნის რეკონსტრუქცია-მიშენებას.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 22 სექტემბერს გაიცა №2-- მითითება, რომლითაც ი--ა ბ-------–---–ს მიეთითა სამშენებლო შეუსაბამობაზე, კერძოდ აივნის ფილის გაბარიტების დარღვევაზე და მიეცა წინადადება გამოვლენილი დარღვევის ნებაყოფლობით გამოსწორებაზე-სამშენებლო სამუშაოების დაუყონებლივ შეჩერებისა და ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანაზე, ან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 ივნისის №მ----- ბრძანება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
2.4.2. 2017 წლის 10 ნოემბერს ი--ა ბ-------–---–მა №1------------- განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა შეთანხმებულ პროექტში ცვლილებების შეტანა, რომლითაც გამოსწორდებოდა №2-- მითითების პირობები.
2017 წლის 27 ნოემბრის №2------- წერილით ი--ა ბ-------–---–ს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ ეცნობა, რომ 10 ნოემბრის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა 03 (სამი) თვის ვადით იმ საფუძვლით, რომ განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაიგზავნა აჭარის ა/რ. კულტურული მემკიდრეობის საბჭოზე განსახილველად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი--ა ბ-------–---–ის 2017 წლის 10 ნოემბრის №1------------- განცხადება;
- არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017წ. 27.11. №2------- წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
2.4.3.2017 წლის 07 დეკემბერს ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა 2017 წლის 22 ივნისის №მ----- მითითების პირობების შესრულება და დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მითითება არ იყო შესრულებული - მშენებარე ობიექტი არ იყო პროექტთან შესაბამისობაში მოყვანილი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 07დეკემბრის შემოწმების აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
2.4.4.2018 წლის 15 იანვარს ზედამხედველობის სამსახურში ჩატარდა ი--ა ბ-------–---–ის სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საქმის ზეპირი მოსმენა, სადაც მონაწილეობდა ი--ა ბ-------–---–ის მეუღლე კ---ა ჩ------ა, რომელმაც განმარტა, რომ შეთანხმებულ პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე დოკუმენტაცია მომზადებული და შეტანილი ჰქონდათ არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში და მოითხოვა ვადა არქიტექტურის სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
ზედამხედველობის სამსახურმა 2018 წლის 30 იანვარს მიიღო №1-- დადგენილება, რომლითაც ქ.ბათუმში, გორგასლის ქუჩის №5-/ვაჟა-ფშაველას ქუჩის №4-----ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მიმდინარე აივნის რეკონსტრუქცია - მიშენების გამო ი--ა ბ-------–---–ი დაჯარიმდა 1 000 (ერთი ათასი)ლარით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის ოქმი;
- ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
2.4.5.ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილება ი--ა ბ-------–---–მა ერთჯერადად გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში. ზეპირ მოსმენაზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ი--ა ბ-------–---–მა განმარტა, რომ მას 2017 წლის 10 ნოემბერს შეტანილი ჰქონდა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში განცხადება პროექტში ცვლილების განხორციელების თაობაზე (ცვლილების პროექტით) და 2017 წლის 27 ნოემბრის წერილით ეცნობა ადმინისტარციული წარმოების 3 თვის ვადის გაგრძელების თაობაზე, ხოლო ზედამხედველობის სამსახური არ დაელოდა არქიტექტურის სამსახურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, რის გამოც იგი მიიჩნევდა, რომ ამ მოტივით ზედამხედევლობის სამსახურის დადგენილება იყო უკანონო და საჩივრის ფარგლებში უნდა გაუქმებულიყო.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 19 მარტის №0---- ბრძანებით ი--ა ბ-------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 19 მარტის №0---- ბრძანება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
2.5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიუთითა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება.
სასამართლომ აპელირება გააკეთა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-7 პუნქტებზე, რომელთა თანახმად სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამ კოდექსის ერთ-ერთ მიზანს კი წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.
სასამართლომ განმარტა, რომ ზემოხსენებული კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა. ამ მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 (ერთი ათასი) ლარით;
სასამართლო დაეყრდნო რა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ი--ა ბ-------–---–მა მითითების ვადაში - 2017 წლის 10 ნოემბერს №1------------- განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიას და შესათანხმებლად წარუდგინა ქ. ბათუმში, გორგასლის ქ. №5-/ვაჟა-ფშაველას ქ. №4-----ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლის აივნის რეკონსტრუქცია - მიშენების პროექტში შესატანი ცვლილება, ნაწარმოებ მშენებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რომლითაც შესრულდებოდა №2-- მითითების პირობები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ კვლავ მიუთითა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე -,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე და დეტალურად მიმოიხილა ასეთი. სახელდობრ მიუთითა მოხმობილი დადგენილების 52-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს 3 დღეში. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით. სასამართლო განმარტა, რომ 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ვადაა არა უმეტეს 18 დღე; ამავე დადგენილების 52-ე მუხლით, რომლითაც განსაზღვრულია არქიტექტურული პროექტის შეთანხმების წესი, დადგენილია, რომ სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს არქიტექტურული პროექტის კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შესაბამისობა დადგენილ სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებით განსაზღვრულ პარამეტრებთან და გამოიტანოს გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 17 დღისა გადაწყვეტილება წარუდგინოს ნებართვის გამცემს. ამასთან, ნებართვის გამცემი ვალდებულია ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში კი ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემა ჩაითვლება შეთანხმებულად.
ზემოხსენებული ნორმები შეაჯერა რა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და ასეთის სამტკიცებლად საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ი--ა ბ-------–---–ის მიერ წარდგენილი პროექტი და თანდართული დოკუმენტაცია ქ. ბათუმის მერიის მიერ მხოლოდ 2017 წლის 27 ნოემბერს გადაეგზავნა აჭარის ა/რ. კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს, ანუ დაგვიანებით. ასევე ვადების დარღვევით იქნა წარმოებული ი--ა ბ-------–---–ის განცხადების განხილვა აჭარის ა/რ. კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიერ, რადგან მხარეთა განმარტებით დადგენილ იქნა, რომ გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით შეთანხმებაზე, ან უარის შესახებ მიღებული არ ყოფილა და ისე დაუბრუნდა განცხადება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს, ხოლო არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ სადავო აქტის (ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილების) გამოცემის დროისთვისაც რაიმე სახის გადაწყვეტილება ი--ა ბ-------–---–ის განცხადებაზე მიღებული არ ყოფილა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ი--ა ბ-------–---–ის მიერ განხორციელებული ზემოხსენებული მოქმედება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის №2-- მითითების მიღების შემდეგ მან დაიწყო ზრუნვა სამართალდარღვევის გამოსწორებისა და აღმოფხვრისათვის. კერძოდ, 2017 წლის 10 ნოემბერს წარუდგინა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიას შესათანხმებლად საცხოვრებელი სახლის აივნის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმებულ პროექტში ცვლილების შესატანი დოკუმენტაცია, თუმცა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილების გამოცემამდე არ იქნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დადგენილ ვადებში განხილული სამშენებლო დოკუმენტაცია და არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მოსარჩელის უმოქმედობით არ არის გამოწვეული, რადგან ისეთ შემთხვევაში თუ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო კანონით განსაზღვრულ ვადებში განიხილავდა საკითხს და დადებითად გადაწყვეტდა, ანუ წარდგენილ პროექტს შეითანხმებდა მოსარჩელეს ჩაეთვლებოდა სამართალდარღვევა გამოსწორებულად მითითებით დადგენილ ვადაში.
სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ზედამხედველობის სამსახურისათვის ცნობილი გახდა, რომ ი--ა ბ-------–---–მა 2017 წლის 10 ნოემბერს თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შესათანხმებლად წარუდგინა საცხოვრებელი სახლის აივნის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმებულ პროექტში შესატანი ცვლილების დოკუმენტაცია, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეცა გონივრული ვადა ი--ა ბ-------–---–ისათვის, რომ მიეღო შესაბამისი შედეგი, წარდგენილი ცვლილების შეთანხმების განცხადებაზე. ზედამხედველობის სამსახური არ დაელოდა ი--ა ბ-------–---–ის განცხადებაზე არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის გადაწყვეტილებას და 2018 წლის 30 იანვარს მიიღო №1-- დადგენილება, რომლითაც სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მიმდინარე აივნის რეკონსტრუქცია-მიშენების გამო, მოსარჩელე დაჯარიმდა 1 000 (ერთი ათასი)ლარით.
სასამართლომ მიუთითა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-13 პუნქტზე, რომლის თანახმად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით, ანუ მთლიანობაში ზედამხედველობის სამსახურს სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მისაღებად გააჩნია 4 თვის ვადა და განმარტა, რომ მოცემული რეგულაცია განსახილველ შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურს აძლევდა შესაძლებლობას, რომ ი--ა ბ-------–---–ისათვის გაეგრძელებინა სამართალდარღვევის გამოსწორების ის ვადა, რაც 2017 წლის 22 სექტემბრის №2-- მითითებით იყო დათქმული.
სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მითითებით განმარტა, რომ დავის საგანი - „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ი--ა ბ-------–---–ის დაჯარიმების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტის) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილება და ი--ა ბ-------–---–ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქალაქ ბათუმის მერის 2018 წლის 19 მარტის №0---- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობის (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი) მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელების აკრძალვას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტით, დისკრეციული უფლებამოსილება განმარტებულია, როგორც უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. მითითებული ნორმა, როგორც ქცევის ზოგადი წესი, განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას განსაზღვრული ურთიერთობა მოაწესრიგოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი პირის სამართლებრივი მდგომარეობა არ შეიძლება გადაწყდეს მეორე პირის სამართლებრივი მდგომარეობისაგან განსხვავებულად იმ ვითარებაში, როდესაც მათ შორის არსებული განსხვავება ვერ ამართლებს დადგენილ უთანასწორობას. ერთი და იგივე ნორმა სხვადასხვა პირთან მიმართებაში სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული განსხვავება იძლევა ამ უთანასწორობის დასაბუთების შესაძლებლობას.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია შემოწმების აქტის მიღებიდან ორი თვის ვადაში ადმინისტრაციულ ორგანოს ნებისმიერ დროს ჰქონდა უფლება მიეღო დადგენილება, ასევე მის დისკრეციას წარმოადგენდა გააგრძელებდა თუ არა დადგენილების გამოცემის ვადას, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას. ადმინისტრაციული ორგანოს თავისუფალი მოქმედების სფერო შებოჭილია კანონით და მთავრდება იქ, სადაც იწყება კანონით დადგენილი შეზღუდვები. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ასეთ პოზიციას, მისი დისკრეციის, როგორც განუსაზღვრელი უფლების თაობაზე, პირის უფლება - დაიცვას თავი, ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებებისგან - იძენს ფიქტიურ შინაარსს და გამოდის სასამართლო კონტროლის ფარგლებიდან.
საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ ი--ა ბ-------–---–ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებამდე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი გახდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, რაც უდავოდ მიუთითებდა დარღვევის აღმოფხვრის შესაძლებლობაზე და რაც გამორიცხავდა მისთვის სამშენებლო სამართალდარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას.
სასამართლომ მიუთითა იმის შესახებ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და რომ შესაბამისად სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
სასამართლომ კვლავ მიუთითა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვარს მიერ მიღებულ იქნა №1-- დადგენილება და ქ. ბათუმის ვიცე მერის 2018 წლის 29 მარტის №0---- ბრძანება საქართველოს კონსტიტუციის, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, სამოქალაქო კოდექსის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით იყო მიღებული, რამაც გამოიწვია მოსარჩელე ი--ა ბ-------–---–ის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ი--ა ბ-------–---–ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
აპელანტის წარმომადგენელი არ ეთანხმება 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულ სამართლებრივ დასაბუთებას და სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს გააჩნია კანონმდებლობით გათვალსიწინებული ვადები, იგი შესაბამსიად არ იყო უფლებამოსილი დალოდებოდა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ პროექტში ცვლილების განხორციელბის თაობაზე ბრძანების გამოცემას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ნებართვის გაცემის თაობაზე მიღებული იქნა უარის თქმის შესახებ ბრძანება 2019 წლის 14 მაისს, რაც ნიშნავს, იმას რომ მოქმედი კანონმდებლობით, შემოწმების აქტის გამოცემიდან ორი თვის ვადაში, ქ. ბათუმის მერია ვალდებული იყო მიეღო სათანადო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას ის 2019 წლის 14 მაისამდე ვერ დაელოდებოდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, პროექტში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის ბრძანება, მართალია, ჯერ კიდევ არ იყო მიღებული, მაგრამ გასული იყო წარმოების ვადის გაგრძელების შეთხვევაშიც კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი ვადებიც, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული. ამასთან კიდევაც რომ გაგრძელებულიყო ადმინისტრაციული წარმოების ვადა დამატებით ორი თვით, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მაინც გარდაუვალი იქნებოდა მითითებული დადგენილების გამოცემა. ამდენად ის გარემოება, რომ მერია არ დაელოდა და არ გააგრძელა ადმინისტარციული წარმოების ვადა კიდევ 2 თვით, (ისიც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში,) ეს მოტივი არ შეიძლება გახდეს დაჯარიმების თაობაზე დადგენილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს მიმართული ქონდა პროექტში ცვლილების განხორციელბის მიზნით არქიტექტურის სამსახურისათვის ვერ გახდებოდა მის მიმართ დაჯარიმების თაობაზე დადგენილების არ გაცემის და საქმის სხვაგვარად დასრულების სამართლებრივი საფუძველი.
აპელანტის განმარტებით ქ. ბათუმის მერია მოცემული კატეგორიის საქმეების განხილვისას სარგებლობს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა და ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება.
ი--ა ბ-------–---–ის მიერ პროექტით გაუთვალისწინებული მშენებლობით განხორციელდა სამშენებლო დოკუმენტის ისეთი ცვლილება, რომელსაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის თანახმად ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვის აღება. რომელიც მას არ გააჩნდა. შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩათვალა, რომ ი--ა ბ-------–---–ის მიერ ჩადენილი იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა, რადგან „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პიროების დარღვევა ან/და შეუსრებლობა. შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო ი--ა ბ-------–---–ი დაეჯარიმებინა 1000 ლარით და დაედგინა სანებართვო პიროების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება მითითებით გათვლისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვარმდე.
ამდენად, აპელანტის წარმომადგენლის თვალსაზრისით, საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის არანაირ დარღვევას, ასევე არ დარღვეულა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, შესაბამისად დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინების 2.4.1-2.4.5 პუნქტებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. სააპელაციო სასამართლო ასევე ეთანხმება ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ი--ა ბ-------–---–ის დაჯარიმებისა და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პრექტთან) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის № 2-- დადგენილებისა და ი--ა ბ-------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქ. ბათუმის ვიცე-მერის 2018 წლის 19 მარტის №0---- ბრძანების კანონშესაბამისობა.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა. ამავე მუხლის ,,ბ“ პუნქტის მიხედვით, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარით;
განსახილველ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ ი--ა ბ-------–---–ი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 ივნისს „არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ №მ----- ბრძანების (მშენებლობის სანებართვო მოწმობის ნომერი - №0-----) საფუძველზე, ქ. ბათუმში, გორგასლის ქ. №5-/ვაჟა-ფშაველას ქ. №4-----ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე აწარმოებდა აივნის რეკონსტრუქცია-მიშენებას.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 22 სექტემბერს გაიცა №2-- მითითება, რომლითაც ი--ა ბ-------–---–ს მიეთითა სამშენებლო შეუსაბამობაზე, კერძოდ აივნის ფილის გაბარიტების დარღვევაზე და მიეცა წინადადება, გამოვლენილი დარღვევის ნებაყოფლობით გამოსწორებაზე, კერძოდ, სამშენებლო სამუშაოების დაუყონებლივ შეჩერებისა და ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანაზე, ან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენაზე.
2017 წლის 10 ნოემბერს ი--ა ბ-------–---–მა №1------------- განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა, შეთანხმებულ პროექტში ცვლილებების შეტანა, რომლითაც გამოსწორდებოდა №2-- მითითების პირობები.
2017 წლის 27 ნოემბრის №2------- წერილით ი--ა ბ-------–---–ს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ ეცნობა, რომ 10 ნოემბრის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა, სამი თვის ვადით, იმ საფუძვლით, რომ განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაიგზავნა აჭარის ა/რ. კულტურული მემკიდრეობის საბჭოზე განსახილველად.
2017 წლის 07 დეკემბერს ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა 2017 წლის 22 ივნისის №მ----- მითითების პირობების შესრულება და დადგენილად მიიჩნია, რომ მითითება არ იყო შესრულებული, რადგან მშენებარე ობიექტი არ იყო პროექტთან შესაბამისობაში მოყვანილი.
2018 წლის 15 იანვარს ზედამხედველობის სამსახურში ჩატარდა ი--ა ბ-------–---–ის სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საქმის ზეპირი მოსმენა, სადაც მონაწილეობდა ი--ა ბ-------–---–ის მეუღლე კ---ა ჩ------ა, რომელმაც განმარტა, რომ შეთანხმებულ პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე დოკუმენტაცია მომზადებული და შეტანილი ჰქონდა არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში და მოითხოვა ვადა არქიტექტურის სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 30 იანვარს გამოიცა №1-- დადგენილება, რომლითაც ი--ა ბ-------–---–ი დაჯარიმდა 1 000 (ერთი ათასი) ლარით და დავალდებულდა ვაჟა-ფშაველას ქუჩის №4-----ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე წარმოებული აივნის რეკონსტრუქცია-მიშენების სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტის) შესაბამისობასთან მოყვანა. კერძოდ, დააევალა მოახდინა მოწყობილი ფილის გბარიტების პროექტის შესაბამისობაში მოყვანა.
ზემოაღნიშნული დადგენილება ი--ა ბ-------–---–მა გაასაჩივრა ზედამხედველობის სამსახურის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაგრამ მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 19 მარტის №0---- ბრძანებით ი--ა ბ-------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს 3 დღეში. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით. ამავე დადგენილების 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ვადაა არა უმეტეს 18 დღე, ხოლო 52-ე მუხლით განსაზღვრულია არქიტექტურული პროექტის შეთანხმების წესი. დადგენილია, რომ სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შესაბამისობა დადგენილ სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებით განსაზღვრულ პარამეტრებთან და გამოიტანოს გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 17 დღისა გადაწყვეტილება წარუდგინოს ნებართვის გამცემს. ამასთან ნებართვის გამცემი ვალდებულია ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული ან/და ტექ-ნოლოგიური სქემა ჩაითვლება შეთანხმებულად.
საქმეში არსებული მასალით დადგენილია, რომ ი--ა ბ-------–---–ის მიერ წარდგენილი პროექტი და თანდართული დოკუმენტაცია ქ. ბათუმის მერიამ დაგვიანებით 2017 წლის 27 ნოემბერს გადაუგზავნა აჭარის ა/რ. კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს. ასევე დადგენილი ვადების დარღვევით იქნა წარმოებული ი--ა ბ-------–---–ის განცხადების განხილვა აჭარის ა/რ. კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიერ, რადგან გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით შეთანხმებაზე, ან უარის შესახებ მიღებული არ ყოფილა და ისე დაუბრუნდა განცხადება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს, ხოლო არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ სადავო აქტის (ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილების) გამოცემის დროისთვისაც რაიმე სახის გადაწყვეტილება ი--ა ბ-------–---–ის განცხადებაზე მიღებული არ ყოფილა.
ზემოხსნებულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ი--ა ბ-------–---–ის მიერ განხორციელებული მოქმედება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის №2-- მითითების მიღების შემდეგ მან დაიწყო ზრუნვა სამართალდარღვევის გამოსწორებისა და აღმოფხვრისათვის. კერძოდ, 2017 წლის 10 ნოემბერს წარუდგინა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიას შესათანხმებლად საცხოვრებელი სახლის აივნის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმებულ პროექტში ცვლილების შესატანი დოკუმენტაცია, თუმცა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილების გამოცემამდე არ იქნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დადგენილ ვადებში განხილული სამშენებლო დოკუმენტაცია და არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მოსარჩელის უმოქმედობით არ არის გამოწვეული, რადგან თუ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო კანონით განსაზღვრულ ვადებში განიხილავდა საკითხს და დადებითად გადაწყვეტდა, ანუ წარდგენილ პროექტს შეითანხმებდა, მოსარჩელეს მითითებით დადგენილ ვადაში ჩაეთვლებოდა სამართალდარღვევა გამოსწორებულად.
ზემოთ მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი--ა ბ-------–---–ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლოს ღონისძიების გამოყენებამდე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი გახდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, რაც უდავოდ მიუთითებდა დარღვევის აღმოფხვრის შესაძლებლობაზე.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობანაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. იმავე მუხლის მე-13-მე-14 პუნქტების მიხედვით, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით.
ამდენად, კანონის ზემოაღნიშნული რეგულაცია ზედამხედველობის სამსახურს აძლევდა შესაძლებლობას, რომ ი--ა ბ-------–---–ისათვის გაეგრძელებინა სამართალდარღვევის გამოსწორების ის ვადა, რაც 2017 წლის 22 სექტემბრის №2-- მითითებით იყო დათქმული. შესაბამისად საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ სახეზე იყო არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, რაც წარმოადგენდა მოტივირებულ საფუძველს დამრღვევის მიმართ დადგენილების გამოცემის კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადის გამოსაყენებლად და ასეთ შესაძლებლობას კანონი ითვალისწინებდა, თუმცა ქ.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური ნაცვლად იმისა, რომ საქმე განეხილა კანონით გათვალისწინებულ 2 თვიან ვადაში ან საჭიროების შემთხვევაში გაეგრძელებინა ეს ვადა, არ დაელოდა ი--ა ბ-------–---–ზე მშენებლობის ნებართვის გაცემას და ნაჩქარევად, 2018 წლის 30 იანვარს ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების არსებითი დარღვევით მიიღო №1-- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ი--ა ბ-------–---–ის დაჯარიმებისა და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტის) შესაბამისობაში მოყვანის შესახებ“, რითაც დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, დასახელებული გარემოებები კი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად ქმნიდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს, რაც მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტი, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 377-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე ნანა კალანდაძე