განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.10.2019
საქმის ნომერი
330210019002836564
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210019002836564

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11ოქტომბერი,2019წელი თბილისი

საქმე №2ბ/3776-19

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ვანო წიკლაური

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - შპს ,,ა-------’’

წარმომადგენელი – ა-----– ს--------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი – ნ----- ჯ--------

 

დავის საგანი – პირგასამტელოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ,,ა-------“-ს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2924 ლარის ოდენობით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ა-------“-ს შორის 2--- წლის 1------- გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-.0-------- ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 7---- ლარი. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად შესყიდვის ობიექტია - ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განსათავსებლად ,,თ---–-----–---–----- მქონე თუჯის საპარკე სკამების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) შესყიდვა, რომლის ტექნიკური მახასიათებლები და ღირებულება მოცემულია მიმწოდებლის ფასების ცხრილში (ხელშეკრულების დანართი N1).

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2--- წლის 12 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის დავალების შესაბამისად.

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-.0-------- ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 1--0-.2--- წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-.0-------- ხელშეკრულება.

 

2.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 1--------------- N1------------- წერილით შპს ,,ა-------“-ს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-.0-------- ხელშეკრულების ფარგლებში დაევალა ,,თ---–-----–---–----- მქონე თუჯის საპარკე სკამების დამზადება - მონტაჟი, კერძოდ დანართში მითითებულ რამდენიმე მისამართზე 16 ცალი საპარკე სკამის განთავსება 2--- წლის 2------------------.

 

მოპასუხემ დროულად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ მის მიერ დარღვეული იქნა საქონლის მიწოდების ვადა, კერძოდ: შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ 2--- წლის 24 ოქტომბრის N24.1-.2------ და N24.1-.------- მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ ქ.თბილისში, ვ----------- დასახლება, კ-------------ის მიმდებარედ არსებულ სკვერში განსათავსებელი 5 ერთეული საპარკე სკამი ნაცვლად 2--- წლის 20 ოქტომბრისა, განთავსდა 2--- წლის 24 ოქტომბერს, ხოლო ქ. თბილისში, ვ---------–-- მ--------, მ------., კ--------------ის მიმდებარედ არსებული სკვერისთვის განკუთვნილი 6 ერთეული საპარკე სკამი ნაცვლად 2--- წლის 20 ოქტომბრისა, განთავსდა 2--- წლის 24 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2--- წლის 1--------------- N1------------- წერილი;

- 2--- წლის 24 ოქტომბრის N24.1-.2------ და N24.1-.------- მიღება-ჩაბარების აქტები;

 

2.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-.0-------- ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 01 ნოემბრის N1------------- წერილით შპს ,,ა-------“-ს დავალების შესრულების ვადის დარღვევისათვის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-.0-------- ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად დაეკისრა პირგასამტეხლო 2924 ლარის ოდენობით, კერძოდ: ქ. თბილისში, ვ----------- დასახლებაში შესასრულებელი სამუშაოს 4 დღით ვადაგადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო 1--- ლარის ოდენობით (ხელშეკრულების ღირებულების 7---- ლარის 0,5%=365.5X4 დღეზე=1--- ლარი), ხოლო ქ. თბილისში, ვ---------–-- დასახლებაში შესასრულებელი სამუშაოს 4 დღით ვადაგადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო 1--- ლარის ოდენობით (ხელშეკრულების ღირებულების 7---- ლარის 0,5%=365.5X4 დღეზე=1--- ლარი). ჯამში ორივე ობიექტზე საპარკე სკამების განთავსების ვადის დარღვევისათვის შპს ,,ა-------“- ს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით ერიცხება 2924 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-1--0-.2--- წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-.0-------- ხელშეკრულება;

-2--- წლის 01 ნოემბრის N1------------- წერილი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ;

-2--- წლის 24 ოქტომბრის N24.1-.2------ და N24.1-.------- მიღება-ჩაბარების აქტები;

 

2.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-.0-------- ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით შპს ,,ა-------“ს გაეგზავნა შეტყობინება, თუმცა 2924 ლარის ანაზღაურება შპს ,,ა-------“-ს მხრიდან სარჩელის აღძვრის დღემდე არ მომხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2--- წლის 01 ნოემბრის N1------------- წერილი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში ხელშეკრულება შპს ,,ა-------“-ს მიერ ორ სხვადასხვა ობიექტზე ცალკ-ცალკე შესრულდა 4-4 დღის ვადაგადაცილებით და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 2924 ლარს, რისი ანაზღაურებაც შპს ,,ა-------“- ს მხრიდან სარჩელის აღძვრის დღემდე არ მომხდარა.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება დაგვიანებით განხორციელდა. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე (ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას) საკმარისი საფუძველია მისი დადასტურებულად მიჩნევისთვის.

 

გარდა ამისა, მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ დარიცხული პირგასამტეხლო 2924 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება 292.40 ლარამდე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხეს - სარჩელისგან თავდაცვის მიზნით უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებენ მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მისთვის არახელსაყრელ შედეგს გამოიწვევს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.6. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ა-------“-ს მხრიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დროულად არ შესრულებულა.

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა.

 

პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება პირგასამტეხლო მოსარჩელის წინაშე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.5% ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, სულ 2924 ლარი, შეუსაბამოდ მაღალი არ არის გადაცილებულ დღეებთან მიმართებაში, ვინაიდან ხელშეკრულება შესრულდა დაგვიანებით, შესაბამისად მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს დადგენილი ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა შპს სტანდარტმშენის მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის აზრით სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულება მას ბრალად არ უნდა შეერაცხოს. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სასამსახურის 2--- წლის 1--------------- წერილი, რომლითაც სადავო მომსახურების შესრულებას მოითხოვდა მას 2--- წლის 17 ოქტომბერს ჩაბარდა, შესაბამისად სამუშაოების შესრულებისთვის მას არ ჰქონია გონივრული ვადა, რადგან მოთხოვნის და შესრულებისთვის გათვალისწინებული ვადის გათვალისწინებით, სამუშაოს შესრულებისთვის მხოლოდ 2 დღე ჰქონდა. აპელანტი პრეტენზია აცხადებს ასევე პირგასამტეხლოს გამოანგარიშების წესზე და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც 170 ცალი სკამის დამზადება მონტაჟი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა ადგილზე უნდა განეხორციელებინა, ამასთან, სადავო სკამების დამზადება მონტაჟზე მითითება ერთი მიმართვით მიიღო არასწორია ადგილმდებარეობის მიხედვით ვადაგადცილებული დღეები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცალ-ცალკე დათვალა. აღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტი მიიჩნევს, რომ ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი ოდენობით პირგასამტეხლო დაერიცხა, რაც სასამართლოს მიერ მისი შემცირების საფუძველია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1. განისახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:

- 2--- წლის 1------- ერთი მხრივ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მეორე მხრივ შპს ,,ა------ს’’ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც შესყიდვის ობიექტს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განსათავსებლად ,,თ---–------–---–----- მქონე თუჯის საპარკე სკამების შესყიდა წარმოადგენდა. აღნიშნული ხელშეკრულებით შპს ,,ა------მა’’ 170 ერთული საპარკე სკამის როგორც დამზადების ასევე მათი მონტაჟის ვალდებულება იკისრა, რომელთა საერთო ღირებულება 7----- ლარით, ერთი ერთეული სკამის ღირებულება კი 4-- ლარით განისაზღვრა. მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულების ვადაც, რომელიც შემსყიდველის დავალების შესაბამისად 2--- წლის 1-------------- ჩათვლით მოქმედებდა, რა დროსაც შემსყიდველი განსაზღვრავდა საპარკე სკამების განთავსების ადგილს, რაოდენობას და მიწოდების ვადას.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,5 %-ის ოდენობით.

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 1--------------- წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფომებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ა------ს’’ ქ. თბილისის ტერიატორიაზე 16 ცალი საპარკე სკამის დამზადება და მონტაჟი დაევალა, რისთვისაც განესაზღვრა ვადა 2--- წლის 2------------------.

- 2--- წლის 24 ოქტომბერს მოსარჩელის და მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ გაფორმებული N24.1-.2------ და N24.1-.------- მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ვ----------- დასახლება, კ-------------ის მიმდებარედ არსებულ სკვერში 5 ერთეული საპარკე სკამი 2--- წლის 24 ოქტომბერს, ხოლო ქ. თბილისში, ვ---------–-- მ--------, მ------., კ--------------ის მიმდებარედ არსებული სკვერში 6 ერთეული საპარკე სკამი 2--- წლის 24 ოქტომბერს განთავსდა.

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 01 ნოემბრის წერილით შპს ,,ა------ს’’ ეცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, კერძოდ, შესრულების ვადის 4 დღით გადაცილებისთვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,5 %-ის ოდენობით, ჯამში 2924 ლარი.

 

4.1.2. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ა-------სთვის’’ დარიცხული პირგასამტეხლო - 2924 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და 94 ლარამდე უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების ბრალეული დარღვევა. ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის ზიანის მიყენების მიუხედავად, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა მისმა ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია. უფრო მეტიც, ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს პირობებში, ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალის ბრალეული ქმედებით არ არის განპირობებული, ვადაგადაცილებად და შესაბამისად, ვალდებულების დარღვევად საერთოდ არ მიიჩნევა. ამგვარ რეგულირებას შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“, თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმ უდავო გარემოებებზე, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით მოპასუხე აპელანტს ნაკისრი ჰქონდა 170 ერთეული საპარკე სკამის, როგორც დამზადების ასევე თბილისის ტერიტორიაზე მათი მონტაჟის ვალდებულება, საიდანც ერთი ერთეული საპარკე სკამის ღირებულება 4-- ლარს, ხოლო საერთო ღირებულება 7----- ლარს შეადგენდა. პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლო მხედველობაში იღებს იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რომ მოპასუხე აპელანტმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშკრულების დაახლოებით 94% ჯეროვნად შეასრულა, რადგან უდავოა, რომ მოპასუხე აპელანტს სადავო ოდენობის პირგასამტეხლოს 4730 ლარის ღირებულების სკამების ოთხი დღის დაგვიანებით დამზადებასა და მონტაჟის გამო ედავებიან. ხაზგასასმელია ისიც, რომ გარდა პირგასამტეხლოს დარიცხვის ზემოაღნიშნული საფუძვლისა (ვალდებულების ოთხი დღის ვადაგადაცილებით შესრულება) მოსარჩელე მხარეს მოპასუხის მიმართ სხვა პრეტენზია, მაგალითად ხარისხთან დაკავშირებით არ ჰქონია. საქმის მასალებით დადასტურებული არ არის არც საპარკე სკამების ოთხი დღის დაგვიანებით დამონტაჟების შედეგად არსებითი ხასიათის ზიანის დადგომის ფაქტი. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ მოპასუხე აპელანტმა 2--- წლის 1-------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან - 7---- ლარიდან 68370 ლარის ღირებულების სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხით შეასრულა და მას აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 4730 ლარის ღირებულების სამუშაოების მხოლოდ ოთხი დღის დაგვიანებით შესრულებას ედავებიან, ამასთან ვალდებულების რამდენიმე დღიანი ვადაგადილებით შესრულებასათან მიმართებით გამოკვეთილი არ არის ვალდებულების ოთხი დღის დაგვიანებით შესრულების შედეგად ზიანის დადგომის ფაქტი, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მოპასუხე აპელანტს ჩადენილი გადაცდომის არაპროპორციული ოდენობის - შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო დაერიცხა, რაც მისი შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია. გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელე მოპასუხე აპელანტს ერთი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ამ ხელშეკრულების საერთო ღირებულების დაახლოებით ექვსი პროცენტის ღირებულების სამუშაოების ოთხი დღის ვადაგადაცილებით შესრულებას ედავება, ამ ხელშეკრულების შესრულებული ნაწილის და ვალდებულების დარღვევის შინარსიის ერთობლიობაში შეფასების შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაკვეთით (0,5 %) პირგასამტეხლო გამოანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (7---- ლარი), არამედ ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან, კერძოდ, 4730 ლარიდან. შესაბამისად, მოპასუხე აპელანტს ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5 %-ის, არამედ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების 0,5 %-ის ოდენობით, რაც ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 23.65 ლარია. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ მოპასუხე აპელანტმა მოსარჩელე მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაცვლად 2--- წლის 1--------------- მიმართვით განსაზღვრული ვადისა 2--- წლის 24 ოქტომბერს, ანუ ოთხი დღის დაგვიანებით ჩააბარა პალატა ასკვნის, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს ჯამში 94 ლარის გადახდა (4730/1-0*0,5*4), ნაცვლად - 2924 ლარისა.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის 2--- წლის 01 ნოემბრის წერილში მითითებული მეთოდით პირგასამტეხლოს დარიცხვა არ გამომდინარეობს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსიდან. გაზიარებული ვერ იქნება ვერც მოპასუხე აპელანტის მსჯელობა, რომ მოსარჩელის 2--- წლის 1--------------- წერილით სამუშაოს შესრულებისთვის, კერძოდ, თბილისის ტერიტორიაზე 16 ცალი საპარკე სკამის განთავსებისთვის არაგონივრულად მცირე ვადა განესაზღვრა, რადგან მოპასუხე მხარემ მისივე ახსნა-განმარტების გარდა, რომელსაც არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარე სასამართლოს სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებით ვერ დაუდასტურა ფაქტი მასზედ, რომ იგივე მოცულობის სამუშაოების შესრულებისთვის მას მანამდე უფრო მეტი დრო მიეცა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის მოთხოვნა სრულად არ კმაყოფილდება იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც შპს,, ა------მა’’ მოცემულ შემთხვევაში ვერ გასწია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ შპს ,,ა-------ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელის სასარგებლოდ ნაცვლად 2924 ლარისა დაეკისრა 94 ლარის გადახდა, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ა-------ს’’ სასარგებლოდ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (97%) სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში უნდა დაეკისროს 72.75 ლარის გადახდა, ხოლო შპს ,,ა------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად უნდა დაეკისროს 1,5 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ა-------ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შპს ,,ა------ს’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს 94 ლარის გადახდა;

5. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ა-------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 72.75 ლარის გადახდა.

6. სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში შპს ,,ა------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1,5 ლარის გადახდა.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე /ვანო წიკლაური /