განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210019002879753
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/4990-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გ--------------–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ნ-------’’
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შპს ,,ნ-------ს" მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,ნ------ს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 5 850 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2----–-–------------–ს, ერთი მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და, მეორე მხრივ, შპს ,,ნ------ს" შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N---, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი იყო 2 500 ერთეული ლ-----------–. უ---------ა, ერთი კომპლექტის (1 ცალი ქ---------- და 1 ცალი შ------–- მ----------–-თ) ღირებულებით 120 ლარი. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 300 000 ლარს. ხელშეკრულება ძალაში შედიოდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში.
ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–------------–ის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).
2.2. შპს ,,ნ------მა" 2----–-–------------–-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტის მიწოდება მოახდინა ვადაგადაცილებით, კერძოდ:
132 ერთეული უ---------ა, საერთო ღირებულებით 15 840 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 2------------, 5 კალენდარული დღის დაგვიანებით;
85 ერთეული უ---------ა, საერთო ღირებულებით 10 200 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 1--------------, 24 კალენდარული დღის დაგვიანებით;
260 ერთეული უ---------ა, საერთო ღირებულებით 31 200 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 1--------------, 26 კალენდარული დღის დაგვიანებით;
340 ერთეული უ---------ა, საერთო ღირებულებით 40 800 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 2--------------, 33 კალენდარული დღის დაგვიანებით;
144 ერთეული უ---------ა, საერთო ღირებულებით 17 280 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 2--------------, 35 კალენდარული დღის დაგვიანებით;
256 ერთეული უ---------ა, საერთო ღირებულებით 30 720 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 0---------------, 39 კალენდარული დღის დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტები (იხ. ს.ფ. 25, 28, 31, 34, 37, 38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი).
2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შპს ,,ნ------ს" წერილებით ეცნობა ხელშეკრულების ვადის დარღვევისა და ამავე ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ის დაკისრების შესახებ.
კერძოდ, პირგასამტეხლოს სახით 2 250 ლარის დაკისრების შესახებ - 2018 წლის 1-------------- N------- წერილით; პირგასამტეხლოს სახით 8 550 ლარის დაკისრების შესახებ - 2018 წლის 2-------------- N------- წერილით; პირგასამტეხლოს სახით 900 ლარის დაკისრების შესახებ - 2018 წლის 2-------------- N------- წერილით; პირგასამტეხლოს სახით 3 150 ლარის დაკისრების შესახებ - 2018 წლის 0--------------- N------- წერილით; პირგასამტეხლოს სახით 2 700 ლარის დაკისრების შესახებ - 2018 წლის 0------------------------ წერილით. წერილებით ასევე მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა 30 კალენდარული დღის განმავლობაში, თუმცა უშედეგოდ.
შპსპ ,,ნ------ს" ჯამში ხელშეკრულების შესრულების ვადის 39 კალენდარული დღის ვადაგადაცილებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკისრა 17 550 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილობითი შეტყობინებები (ს.ფ. 26-27, 29-30, 32-33, 35-36, 39-70).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი ცნო პირგასამტეხლოს სახით 2 340 ლარის დაკისრების ნაწილში.
2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლი, კი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
2.6. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მოხმობილი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების სინალაგმანტური ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–------------–ს, ერთის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და, მეორეს მხრივ, შპს ,,ნ------ს" შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N---, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი იყო 2 500 ერთეული ლ-----------–.უ---------ა, ერთი კომპლექტის (1 ცალი ქ---------- და 1 ცალი შ------–- მ----------–-თ) ღირებულებით 120 ლარი. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 300 000 ლარით. ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში, 2018 წლის 24 აგვისტომდე.
ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.
დადგენილია, რომ შპს „ნ-------ს" მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. კერძოდ:
- 132 ერთეული უ---------ა, საერთო ღირებულებით 15 840 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 2------------, 5 კალენდარული დღის დაგვიანებით;
- 85 ერთეული უ---------ა, საერთო ღირებულებით 10 200 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 1--------------, 24 კალენდარული დღის დაგვიანებით;
- 260 ერთეული უ---------ა, საერთო ღირებულებით 31 200 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 1--------------, 26 კალენდარული დღის დაგვიანებით;
- 340 ერთეული უ---------ა, საერთო ღირებულებით 40 800 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 2--------------, 33 კალენდარული დღის დაგვიანებით;
- 144 ერთეული უ---------ა, საერთო ღირებულებით 17 280 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 2--------------, 35 კალენდარული დღის დაგვიანებით;
- 256 ერთეული უ---------ა, საერთო ღირებულებით 30 720 ლარის ოდენობით, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 0---------------, 39 კალენდარული დღის დაგვიანებით.
შესაბამისად, წარმოიშვა ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
2018 წლის 26 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს ,,ნ------ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები, კერძოდ, შპს ,,ნ------მა" 2----–-–------------–ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტის მიწოდება მოახდინა ვადაგადაცილებით, 39 დღის ვადადარღვევით, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%, ჯამში - 17 550 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 17 550 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების დავალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. (იხ. სუსგ. №ას-164-160-2016; 28 ივლისი, 2016 წელი)
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (იხ. სუსგ. №ას-181-181-2018; 23 მარტი, 2018 წელი)
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ვადას გადააცილა მხოლოდ 39 დღით და მოსარჩელეს მის მიმართ გარდა ვადის გადაცილებისა, სხვა პრეტენზია არ აქვს, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს სამჯერ და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 5850 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 17550 ლარისა.
ამასთან, რაც შეეხება პირგასამტეხლოს არაგონივრულობის დასადასტურებლად, მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, იმის თაობაზე, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების მიზეზი სტიქიური მოვლენა იყო, აღნიშნული ფაქტი, არარელევანტურია, იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისათვის, სასამართლოს საკმარისად მიაჩნია, ვადის გადაცილების მოკლე ვადა და მოპასუხის მხრიდან უნაკლო შესრულება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი წესით პირგასამტეხლოს შემცირების წესს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა ყოფილიყო თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის და არა მისი დარიცხვის მეთოდის გონივრულობის შეფასება. აღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართებულობა უნდა შემოწმდეს, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის თვალსაზრისით, კერძოდ უნდა ჩაითვალოს თუ არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და არსებობს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში სკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე მისი შემცირების წინაპირობები.
4.1.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:
- 2----–-–------------–ს ერთი მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემსყიდველი) და მეორე მხრივ შპს ,,ნ------ს’’ (მიმწოდებელი) შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. შესყიდვის ობიექტს 2500 კომპლექტი ლ-----------–. უ---------ის შეძენა წარმოადგენდა. ერთი კომპლექტის ღირებულება (1 ცალი ქ---------- და 1 ცალი შ------–- მ----------–-თ) 120 ლარს, ხოლო ხელშეკრულების საერთო ღირებულება 300 000 ლარს შეადგენდა. შესყიდვის ობიექტის მიწოდებისთვის გათვალისწინებული იქნა ვადა, რომელიც 120 კალენდარულ დღეს შეადგენდა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის გათვალისწინებული ვადის გადაცილებისთვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,15%-ის ოდენობით.
- შპს ,,ნ------მა’’ 2----–-–------------–ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვადის დარღვევით თუმცა მაინც შეასრულა. კერძოდ:
132 ერთეული უ---------ა, საერთო ღირებულებით 15 840 ლარი შემსყიდველისთვის მიწოდებულ იქნა 2018 წლის 2------------, 5 კალენდარული დღის დაგვიანებით;
85 ერთეული უ---------ა, საერთო ღირებულებით 10 200 ლარი შემსყიდველისთვის მიწოდებულ იქნა 2018 წლის 1--------------, 24 კალენდარული დღის დაგვიანებით;
260 ერთეული უ---------ა, საერთო ღირებულებით 31 200 ლარი შემსყიდველისთვის მიწოდებულ იქნა 2018 წლის 1--------------, 26 კალენდარული დღის დაგვიანებით;
340 ერთეული უ---------ა, საერთო ღირებულებით 40 800 ლარი შემსყიდველისთვის მიწოდებულ იქნა 2018 წლის 2--------------, 33 კალენდარული დღის დაგვიანებით;
144 ერთეული უ---------ა, საერთო ღირებულებით 17 280 ლარი შემსყიდველისთვის მიწოდებულ იქნა 2018 წლის 2--------------, 35 კალენდარული დღის დაგვიანებით;
256 ერთეული უ---------ა, საერთო ღირებულებით 30 720 ლარი შემსყიდველისთვის მიწოდებულ იქნა 2018 წლის 0---------------, 39 კალენდარული დღის დაგვიანებით.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 1-------------- წერილით შპს ,,ნ------ს’’ ეცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის 5 კალენდარული დღით გადაცილებისთვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო 2 250 ლარის ოდენობით (300 000/100 *0,15*5).
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 2-------------- წერილით შპს ,,ნ------ს’’ ეცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის 24 კალენდარული დღით გადაცილებისთვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო 8550 ლარის ოდენობით (300 000/100 *0,15*24)
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 2------------- წერილით შპს ,,ნ------ს’’ ეცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის 26 კალენდარული დღით გადაცილებისთვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო 900 ლარის ოდენობით (300 000/100 *0,15*2)
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 0--------------- წერილით შპს ,,ნ------ს’’ ეცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის 33 კალენდარული დღით გადაცილებისთვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო 3150 ლარის ოდენობით (300 000/100 *0,15*7)
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 0--------------- წერილით შპს ,,ნ------ს’’ ეცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის 39 კალენდარული დღით გადაცილებისთვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო 2700 ლარის ოდენობით (300 000/100 *0,15*5)
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოაღნიშნული წერილებით ვალდებულების 39 დღიანი ვადაგილებისთვის შპს ,,ნ------ს’’ დაერიცხა პირგასამტეხლო ჯამში 17550 ლარის ოდენობით.
4.1.2. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს ,,ნ-------------’’ პირგასამტეხლოს სახით უკვე დაკისრებულ 5850 ლართან ერთად პირგასამტეხლოს სახით დამატებით 12 700 ლარის დაკისრება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება შესაძლო ზიანს აღემატებოდეს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.
პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა, კერძოდ, მოდავე მხარეები მათ შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენაბაზე შეთანხმდნენ. საგულისხმოა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევა, რაც შესყიდვის ობიექტის ვადის დარღვევით მიწოდებაში გამოიხატა სადავო არ არის, შესაბამისად, სასამართლოს მიერ შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება წარმოადგენს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პირგასამტეხლოზე მსჯელობისას თავის არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა, რომ მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გამოთვლა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ ასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).
განსახილველ შემთხვევაში პალატა ყურადღებას მიაპყრობს ხელშეკრულების იმ არსებით პირობაზე, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელს 300 000 ლარის ღირებულების 2500 კომპლექტი ლ-----------–. უ---------ა შემსყიდველისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის განმავლობაში უნდა მიეწოდებინა. უდავოა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2500 კომპლექტი ლ-----------–. უ---------ის მიწოდების შესახებ ვადის დარღვევით სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ღირებულებით შეასრულა. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით ირკვევა, რომ შპს ,,ნ------მა’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 840 ლარის ღირებულების შესრულება 2018 წლის 2------------ 5 კალენდარული დღის დაგვიანებით მიაწოდა, 24 კალენდარული დღის დაგვიანებით იქნა მიწოდებული 10 200 ლარის ღირებულების შესრულება, 26 კალენდარული დღის დაგვიანებით იქნა მიწოდებული 31 200 ლარის შესრულება, 33 კალენდარული დღის დაგვიანებით იქნა მიწოდებული 40 800 ლარის შესრულება, 35 კალენდარული დღის დაგვიანებით მოხდა 17 280 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება, 39 კალენდარული დღის დაგვიანებით მოხდა ასევე 30 720 ლარის საქონლის მიწოდება. ამრიგად, მართალია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს 2----–-–------------–ის ხელშეკრულების საგანი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ მიაწოდა, თუმცა იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულება შემსრულებელმა სხვადასხვა ღირებულებით სხვადასხვა პერიოდში შეასრულა, ანუ საბოლოოდ ვალდებულება ნაწილ-ნაწილ სხვადასხვა ვადა გადაცილებით შეასრულა, პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს დაანგარიშება უკიდურესი ბოლო მიწოდების ვადის და ხელშეკრულების საერთო ღირებულების გამოყენებით, არაგონივრულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა იხელმძღვანელოს სსკ-ის 420-ე მუხლით დადგენილი დისკრეციით და, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, ბოლო მიწოდების საფუძველზე გამოანგარიშებული ვადაგადცილებული დღეების და ხელშეკრულების საერთო ღირებულების შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლო შეამციროს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ნ------ს’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს თითოეული ვადაგადაცილებული მიწოდების ღირებულების და თითოეუილი მიწოდების დროს ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის შესაბამისად. კერძოდ, 15 840 ლარის ღირებულების 5 კალენდარული დღის დაგვიანებით მიწოდებისთვის პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 118.8 ლარი (15 840/100*5), 24 კალენდარული დღის დაგვიანებით 10 200 ლარის ღირებულების მიწოდებისთვის 367,2 ლარი (10200/100*10), 26 კალენდარული დღის დაგვიანებით 31 200 ლარის მიწოდებისთვის 1216,8 (31200/100*26), 33 კალენდარული დღის დაგვიანებით 40 800 ლარის შესრულების მიწოდებისთვის 2019,6 ლარი (40800/100*33), 35 კალენდარული დღის დაგვიანებით 17 280 ლარის საქონლის მიწოდებისთვის 907,2 ლარი (17280/100*35), ხოლო 39 კალენდარული დღის დაგვიანებით 30 720 ლარის საქონლის მიწოდებისთვის 1797,12 ლარი (30 720/100*39 , რაც ჯამში 6426,12 ლარია.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიხედულებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას, გასათვალისწინებელია მხარეთა შორის სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, დათქმული პირგასამტეხლო, როგორც ერთგვარი „სანქცია“, რომელიც უნდა ესადაგებოდეს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს, პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და ფუნქციას“ (იხ. სუსგ # ას-654-620-2015, 17.12.2015წ.). პალატა მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო 6426,12 ლარის ოდენობით სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება შემკვეთის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით, დაწესებულ საზღაურს. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლაატის 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე #ას-164-160-2016)
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
გათვალისწინებით იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს 6426.12 ლარის გადახდა დაეკისრა, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,ნიტექსს’’ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (6426,12-5850=576,12*100/12700=5) უნდა დაეკისროს 25,4 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 192,78 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს ,,ნ------ს’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 6426.12 ლარის გადახდა;
5. სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში შპს ,,ნ------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 25,4 ლარის გადახდა.
6. სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში შპს ,,ნ------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 192,78 ლარის გადახდა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე /ვანო წიკლაური /