განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210015726506
საქმე № 2ბ/26-16
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - მ----- ტ-----–---–ი, ნ---- ბ-----–---–ი (მოსარჩელეები)
წარმომადგენელი - შ--–-- ქ--------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ო----- ბ-----–---–ი, ქ------- ბ-----–---–ი, ლ--–- ბ-----–---–ი (მოპასუხეები)
წარმომადგენელი - მ------ ნ---------ი
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - სამკვიდროზე უფლებადაკარგულად ცნობა, სამკვიდროს ღიად დარჩენილი წილის მესაკუთრეებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელე მ----- ტ-----–---–მა და ნ---- ბ-----–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ო----- ბ-----–---–ის, ქ------- ბ-----–---–ის და ლ--–- ბ-----–---–ის მიმართ სარჩელი აღძრეს. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აწ გარდაცვლილი ნ-----–---- ბ-----–---–ის სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, წ--–------ის ჩიხი #4, ლ--–- ბ-----–---–ის, ო----- ბ-----–---–ისა და ქ------- ბ-----–---–ების უფლებადაკარგულებად ცნობა; აწ გარდაცვლილი ნ-----–---- ბ-----–---–ის სამკვიდრო ქონების, მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, წ--–------ის ჩიხი #4, ღიად დარჩენილ 1/2 ნაწილზე მ----- ტ-----–---–ისა და ნ---- ბ-----–---–ის მესაკუთრეებად ცნობა.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება მ----- ტ-----–---–მა და ნ---- ბ-----–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
5. სააპელაციო საჩვარი ეფუნება შემდეგ გარემოებებს:
5.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტები ასაჩივრებენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებას და მოითხოვენ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდეს.
5.2. აპელანტები მიუთითებენ, რომ სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგან მოპასუხეს მიანიჭა დაუსაბუთებელი უპირატესობა და მიიღო გადაწყვეტილება ისეთ ფაქტზე დაყრდნობით, რომ მოსარჩელე არ იყო ინფორმირებული და არ მიეცა საშუალება საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისთვის.
5.3. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ დააღვია სსსკ-ს 249-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან არ დაადგინა სწორად მტკიცებულებათა საფუძველზე საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც გამოიტანა მცდარი დასკვნა მოპასუხეთა მიერ სამკვიდროს ფლობასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ----- ტ-----–---–ისა და ნ---- ბ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სამკვიდროზე უფლებადაკარგულად ცნობა, სამკვიდროს ღიად დარჩენილი წილის მესაკუთრეებად ცნობის მოთხოვნა, სსკ-ის კოდექსის 1507-ე მუხლი (სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ) და 1964 წლის 26 დეკემბრის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე (მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით), 540-ე (სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე) 542-ე (კანონით მემკვიდრეობის დროს მოქალაქენი, რომლებიც ცოცხალი იყვნენ სამკვიდროს დამტოვებლის სიკვდილის მომენტისათვის), 544-ე (კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები) და 556-ე (იმისთვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ; აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან) მუხლები.
7. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამემკვიდრეოსამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს, არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან, მაგრამ, როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია, თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება.
სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შდრ. სუსგ-ები №ას-283-268-2017, 07.07.2017; №ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; ას-203-193-2016, 02.06.2016; ას-972-921-2015, 15.12.2015წ; Nას-482-455-2012, 31.05.2012წ).
8. სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეებს ლ--–-, ო----- და ქ------- ბ-----–---–ებს კანონით დადგენილი წესით ნაწილობრივ მიღებული აქვთ ნ-----–---- ბ-----–---–ის სამკვიდრო, შესაბამისად არ არსებობდა მათი სამკვიდროზე უფლებადაკარგულად ცნობისა და მოსარჩელეებისათვის ღიად დარჩენილი წილის მიკუთვნების შესახებ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული შეფასების საფუძველს პალატას უქმნის ის გარემოება, რომ ნ-----–---- ბ-----–---–ის გარდაცვალებით 1972 წლის 10 აგვისტოს გაიხსნა სამკვიდრო. დადგენილია ასევე, რომ სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ შვილიშვილები წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლებით - მ----- ტ-----–---–ი და ნ---- ბ-----–---–ი (კერძოდ, ქ.თბილისში, წ--–------ის ჩიხი ქ.#4-ში მდებარე უძრავ ქონებას), ასევე, შვილი ზ------ ბ-----–---–ი, რომელიც დაეუფლა ნ-----–---- ბ-----–---–ის მოძრავ ნივთებს, სახელდობრ, ქვევრებს. ასევე, დადგენილია, ზ------ ბ-----–---–ის მიერ ნ-----–---- ბ-----–---–ის სამკვიდროში შემავალი ნივთების კანონით დადგენილი წესით მიღების ფაქტი. უდავოა, რომ ზ------ ბ-----–---–ი გარდაიცვალა 1982 წლის 9 ნოემბერს. ხოლო, ზ------ ბ-----–---–ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მის სამკვიდრო მასას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ პირველი რიგის მემკვიდრეები-მეუღლე, ლ--–- ბ-----–---–ი და შვილები, ო----- და ნ------- ბ-----–---–ები. ნ------- ბ-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებას დაეუფლა მეუღლე - ქ------- ბ-----–---–ი. რაც ცხადყოფს იმ გარემობას, რომ მოპასუხეებმა მეუღლისა და მამის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
9. პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).
განსახილველ შემთხვეევაში, პალატას მიაჩნია, რომ ფაქტი რომელზედაც მიუთითა ერთმა მხარემ და რომელიც გაიზიარა სასამართლომ დაკავშირებული იყო ისეთი გარემოებასთან, რომელზედაც მეორე მხარეს შეეძლო საწინააღმდეგო არგუნეტაცია პროცესის მსვლელობის დროსაც წარმოედგინა, ვინაიდან თვითონ იმ ფაქტის ხასიათიდან გამომდინარე, დამატებითი დროის მიცემა პოზიციის ჩამოყალიბებისათვის სასამართლომ სწორად მიიჩნია არამართებულად.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მ----- ტ-----–---–ისა და ნ---- ბ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ კმაყოფილდება იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მან ვერ გასწია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ----- ტ-----–---–ისა და ნ---- ბ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები ოთარ სიჭინავა
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი