განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119002848768
საქმე № 1ბ/1493-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მაკა გველესიანი
სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--–- მ-------ე
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: მ------- ქ---–--ე, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2----------–--–-, ადიგენში, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა-------------------------.
ადვოკატი - ნ------- ა------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილემ გ------- ა---–---–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მ------- ქ---–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში განაჩენი აკმაყოფილებს დასაბუთებულებისა და კანონიერების კრიტერიუმს, თუმცა არ შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს, რის გამოც ეჭვქვეშ აყენებს გადაწყვეტილების კანონიერებას, ვინაიდან სამართლიანი სასჯელი უნდა გამომდინრეობდეს მსჯავრდებულის ქმედებიდან და მისი პიროვნებიდან. მსჯავრდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ არის დაინტერესებული მართლმსაჯულების განხორციელებაში, არ აღიარებს დანაშაულს, არ არის დაინტერესებული შეურიგდეს დაზარალებულს, ანუ აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, რაც თავის მხრივ მანიშნებელია მსჯავრდებულის სურვილზე მოხდეს მის უსაფრთხო ინტეგრაცია. ამასთან, სასამართლოს მიერ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ გამოიყენა მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მ------- ქ---–--ის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, პროკურორმა გ--–- მ-------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ------- ქ---–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა - ი-----–-----------ემ და ნ------- ა------–---–მა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტებმა მოითხოვეს მსჯავრდებულ მ------- ქ---–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩნის დადგენა, რადგან აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზიდან, ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ასეთი კატეგორიის საქმებზე დადგენილ პრაქტიკას, ასევე განაჩენში არასწორად არის გამოყენებული სსს კანონმდებლობის ნორმები, ასევე მოსამართლის მიერ სწორად არ არის აღწერილი მოწმეთა ჩვენებები. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხული არცერთი მოწმე არ არის რამე კონკრეტული ფაქტის თვითმხილველი და და შემსწრე, მათ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება არ არის პირდაპირი მტკიცებულება მ------- ქ---–--ის ბრალის დასადასტურებლად. ისინი შეიძლება იყოს მხოლოდ ირიბი მტკიცებულება, თუმცა აღნიშნული მოწმეები ვერ უთითებენ კონკრეტულ გარემოებებს. საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ჯ------– ქ-------ემ განაცხადა, რომ როდესაც მ------- ქ---–--ემ შეასხა სითხე სახის არეში იგრძნო დამწვრობა და დაიფარა ხელები. დაზარალებული არ ამბობს, რომ მას ან მ------- ქ---–--ეს ხელები ხელთათმანით, ან რაიმე დამცავი საშუალებით ჰქონდათ დაფარული. ასეთ ვითარებაში წარმოუდგენელია, რატომ არ აქვს დაზარლებულს დამწვრობა ხელის არეში, ასევე არანიარი დაზიანება არ აქვს მ------- ქ---–--ეს სხეულზე ან ხელებზე. მ------- ქ---–--ისგან ხელებიდან აღებული იქნა ნიმუშები (ანაწმენდები), რომელზედაც ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არ დადგინდა ქიმიური ნივთიერების (მჟავის) კვალი, ასევე მის ტანსაცმელზე და სახლიდან ამოღებულ ნივთებზე არ არის ქიმიური ნივთიერების (მჟავის) კვალი, არც დაზარალებულის სახიდან (დაზიანებული ადგილებიდან) აღებულ ნიმუშზე, იმავე ქიმიური ექსპერიზის დასკვნის მიხედვით, რაიმე მჟავის არსებობა არ დაფიქსირებულა. სამედიცინო ექსპერტმა გ---–--------------–---–მა სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ ჯ------– ქ-------ეს მანამდე, ე.ი. 2018 წლის 22 ოქტომბრამდე, სახის არეში ასიმეტრია, ან მიმიკის შეცვლა ჰქონდა თუ არა არ იცის და ვერ იმსჯელებს, ჰქონდა მანამდე თუ დაზიანების ან დამწვრობის შემდეგ. პირველი ინსტანციის სასამართლოში კი გამოკვლელული მტკიცებულებებით ჯ------– ქ-------ეს 2018 წლის 22 ოქტომბრამდე სახის არეში ჰქონდა, თუ არა დაზიანება, ან დამწვრობა პასუხი არ გასცემია. ბრალდებულმა მ------- ქ---–--ემ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, რომ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს მის მიერ გამოძიებაში მიცემული ბრალდებულის სახით დაკითხვისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, მასში მონაწილე პირების საასმართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები, ვინაიდან აღნიშნულ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და მიღებულია ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად. აპელანტს მიაჩნია, რომ მ------- ქ---–--ის მიმართ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ (მინმუმ ორი პირდაპირი) მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ------- ქ---–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და შესაბამისად, მსჯავრდებულ მ------- ქ---–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმედეს და დადგეს გამამართლებელი განაჩნი.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა მ------- ქ---–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - ნ------- ა------–---–მა, მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
სასამართლომ დაადგინა:
ახალციხის რაიონული სასმართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით, მ------- ქ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 ოქტომბერს, ა--------------------------–----------–ი, მ------- ქ---–--ემ შურისძიების ნიადაგზე ჯ------– ქ-------ეს ქიმიური ნივთიერება შეასხა სახისა და გულმკერდის არეში, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო, ასევე გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. მსჯავრდებულის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, გარდა ერთისა. კერძოდ, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების შესახებ, 12.02.2019 წლის, დადგენილებით მ------- ქ---–--ის მიმართ დაზუსტებული იქნა ბრალი, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებში მითითებულია: ,,სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო“, რაც უნდა ამოირიცხოს, რადგან მ------- ქ---–--ეს, მასში ახალი ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალი არ ედებოდა.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მ------- ქ---–--ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 ოქტომბერს, ა--------------------------–----------–ი, მ------- ქ---–--ემ შურისძიების ნიადაგზე ჯ------– ქ-------ეს გოგირდმჟავა შეასხა სახისა და გულმკერდის არეში, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც გამოიწვია ჯ------– ქ-------ის სახის წარუშლელი დამახინჯება და მიადგა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ბრალდებულ მ------- ქ---–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს, სოფელში, ვ------------ეების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საუბრობდა ბიჭებთან ერთად. მათთან მივიდა ჯ------– ქ-------ე. მათ შორის საუბარი არ შემდგარა, ქაღალდზე დაყრილი თამბაქო მიაწოდა და მან გაახვია. ჯ------– ქ-------ესთან შეკამათებაც კი არ ჰქონია. შემდეგ ჯ------– ქ-------ე წავიდა სოფლის მიმართულებით. თავადაც წავიდა სოფელ უდეს მიმართულებით, ნაკვეთში მოსავლის ასაღებად. ამინდის გამო, ნაკვეთში, ლობიოს მოსავალი არ აიღო და შემდეგ გადაწყვიტა მეორე ნაკვეთში წასვლა. ცენტრალურ გზაზე, მეზობლის მიკროავტობუსთან მივიდა და სიგარეტი გამოართვა მეზობლებს. მათ მოატრიალეს მანქანა და სოფლისკენ წავიდნენ, ხოლო თავად მეორე ნაკვეთში მივიდა და შეამოწმა თივის ზვინები, თუ რა მდგომარეობაში იყო უამინდობის გამო. ,,სასვენიაში“ ჰქონდა მოსაცმელი დატოვებული და წავიდა მის წამოსაღებად. სოფლის ჩამოსავლელთან ცხოვრობს თავისი მეზობელი და მეგობარი - ნ------- ა-------–--ე და როდესაც დაბრუნდა სოფელში, იგი მას მიესალმა და ნ-------მა უთხრა, რომ პოლიცია ეძებდა, რაც ძალიან გაუკვირდა. ნ------- ა-------–--ემ, მისი თანხმობით, გადარეკა პოლიციაში. პოლიცია რამდენიმე წუთში მივიდა. პოლიციასაც ჰკითხა, თუ რა ხდებოდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო, ჩაუჯდა მანქანაში და გაჰყვა. პოლიციის შენობაში მიყვანის შემდეგ დაიწყო მის მიმართ ფსიქიკური ზეწოლა, ვინ რას ეკითხებოდა და ეუბნებოდა ვეღარ იგებდა, წნეხის ქვეშ იყო. ეუბნებოდნენ, რომ ან უნდა ეღიარებინა თითქოს მან შეასხა ჯ------–ის ის ნივთიერება, ან ციხეში გაუშვებდნენ. ადვოკატის მოითხოვნაზე, სასტიკი უარი განუცხადეს. შემდეგ გაიყვანეს პატარა ოთახში, სადაც შევიდა შმაგი იაკობაძე, მის უკან - ორი პიროვნება, ექსპერტები. თავისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს რ----- ქ---–--ის თანხმობით. საცხოვრებელი სახლიდან პოლიციამ მიუტანა თავისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ექსპერტებს მისცა ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი რაც ეცვა და მათი მოცემული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კი ჩაიცვა. ამის შემდეგ უთხრეს, რომ თავისუფალი იყო და წასულიყო. 25-ში პოლიციელებმა გადიყვანეს ახალციხეში, უთხრეს რომ წინააღმდეგობა არ გაეწია და როგორც მიუთითებდნენ ყველაფერი ისე გაეკეთებინა. რაც შეეხება ჯ------– ქ-------ეს, იგი მხოლოდ 22-ში, დილით, ბიჭებთან ერთად ნახა, შემდეგ არსად არ უნახავს და არც არსად შეხვედრია. ჯ------– ქ-------ის დისშვილი გატაცებული იყო ასპინძის რაიონში, მირაჩხანში. გოგო უკან დაბრუნდა. მასზე ჰქონდათ ეჭვი, თითქოს მან წამოიყვანა გოგონა იმ ოჯახიდან, რადგან მას უნდა მოეყვანა ცოლად. ჯ------– ქ-------ე ადრე როდესაც ყანაში, ან სხვაგან, განმარტოებით შეხვდებოდა, ეუბნებოდა, რომ მას დააჭერინებდა და ციხეში ჩასვამდა. იგი ფიქრობდა, რომ ეხუმრებოდა და ყურადღებასაც არ აქცევდა ამ სიტყვებს, არც არავისთან უთქვამს ამის შესახებ. ჯ------– ქ-------ე თავისი გარდაცვლილი ბიძაშვილის ქმარი იყო. ჯ------– ქ-------ეს ჰყავს 6 ცოლის ძმა, მ------- ქ---–--ის ბიძაშვილები, რომლებსაც ყველას ჰყავს მანქანები და ტრაქტორი. ჯ------– ქ-------ის სიძეებსაც ჰყავთ მანქანები. ახლო წარსულში ჯ------– ქ-------ემაც იყიდა, როდესაც ხანდახან ხვდებოდა სულ ,,აკუმულატორს“ აკეთებდა და ზოგჯერ ამბობდა, რომ გრადუსი აკლდა და ამატებდა სითხეს, ზოგჯერ კი ტყვია სჭირდებოდა და შლიდა. მან არ იცის სად და რა შეემთხვა ჯ------– ქ-------ეს. ჯ------– ქ-------ე, როდესაც ამბობს, ბოთლი ეჭირა და ჭიქაში დაასხაო, ეს აბსურდია, რადაგან იგი არსად არ უნახავს, გარდა სასამართლო პროცესისა. 22-ში მისცა ჩვენება პოლიციაში. 25-ში წაიყვანეს ახალციხეში. ფურცლებზე იყო დაწერილი, რაზედაც აწერინებდნენ ხელს, სადაც ეტყოდნენ იქ აწერდა ხელს. არ წაუკითხავს, რაზეც მოაწერა. საგამოძიებო ექსპერიმენტში იძულებით მიაღებინეს მონაწილეობა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ------- ქ---–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
კერძოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ ჯ------– ქ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს, ტყეში, აპირებდა წასვლას შეშაზე. ვინაიდან მას ბილეთი არ ჰქონდა, დილით, მივიდა მეზობელთან და სთხოვა ბილეთი. მეზობელის სახლთან მ-------------------ე და მ------- ქ---–--ე იდგნენ, რომლებიც საუბრობდენენ. თავაც ჩავიდა მათთან, დაიწყო საუბარი. ერთი საათი ილაპარაკეს მეურნეობაზე, მშვიდად საუბრობდნენ. ამის შემდეგ წავიდა და საქონელი გარეკა საბალახოდ. მეზობლის, ნ------- გ-----ის, სახლს როდესაც გაუსწორდა, იგი მიდიოდა ზემოდან ქვემოთ, ხოლო ქვემოდან ზემოთ ამოდიოდა მ------- ქ---–--ე. მან დაინახა, რომ მ------- ქ---–--ეს შუშის ბოთლი ეკავა ხელში და ჭიქა. მას როდესაც მიუახლოვდა მ------- ქ---–--ემ ჭიქაში ჩაასხა რაღაც ნივთიერება, სითხე და როდესაც გაუსწორდა, შემოიქნია დაზარალებულის მიმართულებით. ჯ------– ქ-------ემ იფიქრა, რომ იგი გაეხუმრა და წყალი იყო. სითხის უმეტესი ფეხზე დაესხა. დაზარალებულის შემობრუნებაზე მ------- ქ---–--ემ მეორედ აავსო ჭიქა და კვლავ გადაასხა მთლიანად, ცეცხლივით დაეწვა. დაზარალებული გაიქცა, გაქცევის დროს მესამედაც შეასხა. ჯ------– ქ-------ის აზრით, მ------- ქ---–--ეს მისი ადგილზე მოკვლა სურდა. დაზარალებული ღრიალებდა, ისე ეწვოდა. მან 400 მეტრი ირბინა, მდინარესთან მივიდა და დაიბანა წყლით. ამ ღრიალზე მეზობლები: ნ---- ზ-----ე და მისი მეუღლე გამოცვივდნენ. მეზობლები ვერ ეკარებოდენენ. მან მათ უთხრა, რომ მის რძალთან და სასწრაფოში დაერეკათ. სასწრაფოთი მიიყვანეს ადიგენში, შემდეგ გამოიძახეს სხვა სასწრაფოს მანქანა და გადაიყვანეს თბილისში. გზადაგზა ტკივილის გამაყუჩებელს უკეთებდნენ, წვალებით ჩაიყვანეს თბილისში, დამწვრობის ცენტრში. პირდაპირ გადაიყვანეს რეანიმაციაში. რვა დღე იყო რეანიმაციაში. ექიმებმა გადაარჩინეს, შემდეგ გადაიყვანეს პალატაში, სადაც თვე და 25 დღე მკურნალობდა, როდესაც ამოეწურა დაფინანსება, გადავიდა სართიჭალაში. იქ 18 დღე დარჩა, შემდეგ წავიდა იაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც მკურნალობდა ნაწიბურებზე. ამჟამად ყურზე აქვს პრობლემები, დაფინანსებაზე. მოწმემ განმარტა, რომ სოფელში სპეციალურად ისეთ ადგილას დახვდა მ------- ქ---–--ე, რომ არავის დაენახა, რადგან აღნიშულ ადგილზე დილით და საღამოს თუ ჩაივლის ხალხი. მ------- ქ---–--ესთან პრობლემები არ ჰქონია. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც მ------- ქ---–--ემ მას მის დისშვილზე უთხრა, რომ მისი ცოლად მოყვანა სურდა. დაზარალებულს არაფერი არ უთქვამს. მან დისშვილს უთხრა, რომ თუ რამეს გაბედავდნენ, ორივეს ციხეში მოახვედრებდა, სულ ეს იყო. მ------- ქ---–--ეს უთხრა, რომ თავისი დის ოჯახისთვის თავი დაენებებინა, ვინაიდან დისშვილის ტოლი შვილები ჰყავდა. მოწმე განმარტავს, რომ ფული აღარ აქვს, ყური ულპება, ოპერაციას მხოლოდ საზღვარგარეთ აკეთებენ, სახსრები არ აქვს რომ იმკურნალოს. მ------- ქ---–--ის ძმას უთხრა, რომ ვალდებული იყვნენ სამკურნალო სახსრები მოეძიათ და ემკურნალათ. შემდეგ მ-------ის ძმა მივიდა დაზარალებულთან და ჰკითხა, რომ ფულის მიცემის შემთხვევაში, თუ აპატიებდა მ------- ქ---–--ეს, რაზეც უარი უთხრა. დაზარალებული განმარტავს, რომ ეს დაზიანებები მასზე მძიმედ მოქმედებს, მისთვის სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს, ვერ მუშაობს, ვერ მკურნალობს, რაც საქონელი ჰყავდა გაყიდა, აღარაფერი აღარ აქვს.
მოწმე დ----- ბ--–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, დილით, დაახლოებით 9 საათზე, გამოვიდა ეზოდან. მეზობელთან - დ. ვ------------ესთან ავიდა სიგარეტზე. ეზოდან გასვლისას ,,ა--–--ი“ შევიდა ჭიშკარში, ისიც ზევით მიდიოდა. წავიდნენ ერთად, გამოართვეს სიგარეტი და თუთუნის შესახვევი მ-------------------ეს, გაახვიეს, მოუკიდეს ცეცხლი. მას ეჩქარებოდა და ,,ა--–--ი“, მ-----ი და ჯ------– ქ-------ე დატოვა მ-----ი ვ------------ის სახლის წინ. თავად წავიდა ადიგენში. ისინი ჩვეულებრივად საუბრობდნენ წყნარად. ჩხუბის შესახებ არაფერი არ გაუგია. თუთუნიც კი გაუხვია ჯ------–მა ,,ა--–--ს“ და მ-----ს. ამ ფაქტის შემდეგ, არც მ------- ქ---–--ე და არც დაზარალებული უნახავს. კონფლიქტს არ შესწრებია, მოგვიანებით გაიგო რაც მოხდა, რომ ,,ა--–--“ ქ---–--ეს რაღაც მჟავა შეუსხამს სახეში ჯ------– ქ-------ისათვის.
მოწმე ი----- ნ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს, დილის საათებში, იყო სახლში. ნ----მ დაურეკა 10 საათზე, რომელმაც უთხრა, რომ მისი მამამთილი ცუდად იყო და მისულიყო. ის და თავისი მეუღლე წავიდნენ, ჩავიდნენ ნ----ს სახლთან. ხიდთან იყო თავისი მამამთილი, რომელიც ყვიროდა: ,,მიშველეთ, ვიწვიო“. მას შეეშინდა, დაზარალებული ძალიან ცუდი შესახედავი იყო. ჰკითხა მას, თუ რა მოხდა, რაზეც უპასუხა ,,ა--–--მა" რაღაც შემასხაო. ,,ა--–--ს" ნამდვილი სახელი მ-------ი ჰქვია. დაზარალებული ყვიროდა, ძალიან საშინელი დამწვრობა ჰქონდა, სახეზე იყო ძალიან გაშავებული, ორ წუთში სასწრაფოც მივიდა. სასწრაფომ გადაიყვანა ადიგენის საავადმყოფოში. ა----------ნ კი რეანომობილით გადაიყვანეს თბილისში. იქ პირველადი დახმარება გაუწიეს, როდესაც იგი ავიდა სანახავად, ჰკითხა, თუ რატომ შეასხა, რაზეც დაზარალებულმა უპასუხა, რომ დილით იყო ჩასული ქვედა უბანში ა----- ბ--–---–---–ის სახლთან, იქ იყო მისული: ,,ა--–--ი“, დ----- ბ--–---–---–ი, მ-------------------ე და საუბრობდნენ, არანაირი ზედმეტი საუბარი არ ყოფილა, სიგარეტი მოწია და წავიდა სახლში, რადგან საქონელი უნდა გამოეშვა, წაეყვანა საბალახოდ. გზად შეხვედრია ,,ა--–--ი", რომელმაც ამოიღო ჯიბიდან ბოთლი, ჭიქაში ჩაასხა და სახეში შეასხა რაღაც სითხე, დაეწვა და სახეზე ხელები აიფარა, შემდეგ კი ორჯერ-სამჯერ კიდევ შეასხა. ამის შემდეგ წავიდა და წყალი შეისხა სახეზე. მისი ყვირილი გაიგონა ნ----მ და შემდეგ დაურეკა მას. დაზარალებულის დისშვილს აწუხებდა მ------- ქ---–--ე და ჯ------–ს უთქვამს, რომ თავი დაენებებინა. დაზარალებული მ------- ქ---–--ის ქმედებას აღნიშნულს უკავშირებდა. მან არაფერი არ იცის. დაზარალებულს ჰქონდა საშინელი დამწვრობა. იგი დღემდე ძალიან ცუდი შესახედავია სახეზე. სჭირდება მკურნალობა. დღევანდელი მდგომარეობით სჭირდება ისევ ოპერაცია თვალზე, ყელზე, ყურზე, თვალები აქვს დეფორმირებული, კისერი- მოგრეხილი და არ გასწორდება, აქვს ტკივილები, ყური აღარ აქვს. უშუალოდ რა ვითარებაში მიიღო დაზიანება, ამას არ შესწრებია, მამამთილისაგან იცის ყველაფერი.
მოწმე ნ---- ზ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს, დილის საათებში, იყო სახლში, რა დროსაც მოესმა ყვირილის ხმა, მაგრამ თავიდან ვერ მიხვდა ადამიანის ხმა იყო თუ არა. შემდეგ ავიდა მეორე სართულზე და ისევ შემოესმა განწირული ხმა, რომ შველას ითხოვდა მამაკაცი. თავისი სახლიდან შორს იყო ის ადგილი, სადაც ეს პიროვნება იდგა და გაეკიდა, ეძახდა ჯ------–ს თუ რა სჭირდა, რადგან იგი ყვიროდა: ,,მიშველეთ, ვიწვიო“. ძველი ფერმების ტერიტორიაზე, ქვემოთ მირბოდა მისგან მოშორებით, მ-----ის ფერმის მხარეს ღობესთან. იგი შებრუნდა სახლში, რათა ტელეფონი აეღო და სასწრაფოში დაერეკა. დაზარალებული იძახდა, რომ ბოთლიდან რაღაც შეასხეს, გამწარებული ყვიროდა. ტელეფონი აიღო და დარეკა ,,112-ში“. ჯ------–ი ძალიან ცუდი შესახედავი იყო, შეეშინდა და მოშორებით დადგა. შემდეგ ისევ სთხოვდა შველას, ი-----სთვის - დარეკვას. შეატყობინა ჯ------–ის რძალს. იქ პატარა წყალი ჩადის და დაზარალებული გამწარებული ისხამდა წყალს. მივიდა სასწრაფო და წაიყვანეს. რძლისგან გაიგო, რომ ეს ყველაფერი ,,ა--–--ის“ გაკეთებული იყო, პირადად არ შესწრებია.
მოწმე მ-------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს, დილის საათებში, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დაუძახა მეზობელმა დ----- ბ--–---–---–მა, სიგარეტი ესაჭიროებოდა, გავიდა, გაიტანა სიგარეტი, დახვდნენ დ----- ბ--–---–---–ი და ,,ა--–--“ ქ---–--ე, შემდეგ მიაწოდა სიგარეტი და ამ დროს ჩავიდა ჯ------– ქ---–--ე თავისი სახლიდან. მათ მოწიეს სიგარეტი, რაღაც საკითხებზე საუბრობდნენ და შემდეგ დ----- ბ--–---–---–ი ძალიან მალე წავიდა. სიგარეტის მოწევა ბოლომდე არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ჯ------– ქ---–--ეც წავიდა თავის სახლისკენ. ,,ა--–--" ქ---–--ე თავის საქმეზე საპირისპირო მიმართულებით წავიდა. ამ დროს მეზობელი მ-------ი მ----------- მიდიოდა თავისი სახლიდან და გაჩერდნენ, ნახევარ საათზე მეტს ლაპარაკობდნენ, შემდეგ შევიდა სახლში და ტელევიზორს უყურებდა, როდესაც რაღაც ხმა მოესმა. ამ ხმაზე ჩაიცვა და გავიდა გარეთ, სასწრაფოს მანქანა დაინახა, მანქანის კარები ღია იყო და ჯ------– ქ---–--ე იჯდა. სამედიცინო პერსონალი მას რაღაც ქაფს ასხამდა. მალევე დაიძრა მანქანა და წაიყვანეს საავადმყოფოში. იქ იყვნენ თავისიანები - რძალი, შვილი და მეზობელი -ნ----. მეორე დღეს ჯ------–ის შვილი შეხვდა და ჰკითხა, თუ როგორ იყო მამამისი. მან უპასუხა, რომ თბილისში ჰყავდათ საავადმყოფოში, სახე ჰქონდა დამწვარი, რადგან ხსნარი შეასხა ,,ა--–--მა“ იგივე მ-------იმ.
მოწმე გ------- წ--------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს, კლინიკაში რეანომობილით გადაყვანილი იქნა პაციენტი სხეულის ქიმიური დამწვრობით. იყო ღრმა დამწვრობა. დამწვრობა ჰქონდა სახის არეში, კისერზე, ყურზე. ვინაიდან ყურის ნიჟარას სჭირდებოდა მონიტორინგი მთავარი ფუნქციების, ამიტომ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში. 25-ში მდგომარეობა სტაბილური იყო და გადაიყვანეს ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც გაუგრძელდა მკურნალობა. ქირურგიულ განყოფილებაში, გაუკეთდა რამდენიმე ოპერაცია და 21 ნოემბერს გაეწერა სახლში. ოთხის ნახევარზე შეიყვანეს კლინიკაში. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც საუბარია სრულ შრეობრივ დაზიანებაზე და კანის სამივე შრე არის დაზიანებული ბოლომდე, ის ითვლება უკვე ღრმა დაზიანებად. მესამე შრე, მეოთხე და ის ცალკე დიაგნოზით გამოიყოფა და კეთდება პროგნოზი სიცოცხლისათვის. ამ შემთხვევაში მათ გააკეთეს პროგნოზი რამდენად შეთავსებადი იყო ეს დაზიანება სიცოცხლესთან, შეთავსებადი ითვლება 90%-მდე. ამ შემთხვვაში ,,ფრანკის ინდექსი“ შეადგენდა 21 ერთეულს. პროგნოზულად სიცოცხლისათვის საშიში არა. როდესაც იყო სახის და კისრის დაზიანება, ამ შემთხვევაში ქიმიურ დამწვრობაზეა საუბარი, ეს ლოკალიზაცია მძიმედ ითვლება, ესაჭიროება ინტენსიური დაკვირვება და მონიტორინგი რეანიმაციულ განყოფილებაში, ვიტალური მონიტორინგი ანუ სასიცოცხლო ფუნქციების, ჰემოდინამიკის, გულსისხლძარღვთა სისტემის მონიტორინგი, სუნთქვა, ჟანგბადის მომარაგება და სხვა, რადაგან გაღრმავების პროცესი არ გაგრძელდეს. პარალელურად უტარდებოდა ადეკვატური სიმპტომური თერაპია. ვინაიდან დამწვრობა იყო კისრის და სახის არეში, გართულებები დამწვრობითი დაავადების დროს, რომელიც ვითარდება შეიძლება გახდეს უკვე საშიში ჯანმრთელობისათვის მკურნალობის გარეშე. პირველ ადგილზე არის დამწვრობითი სეფსისი. ძალიან სწრაფდ შეიყვანეს, ადეკვატურად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და ასევე გადაყვანაც ოპერატიულად მოხერხდა. 3 დღე დასჭირდა რეანიმაციას მონიტორინგისთვის და შემდეგ გააგრძელა მკურნალობა ქირურგიულ განყოფილებაში. დამწვრობა ზოგადად შეიძლება იყოს ქიმიური და თერმული, თერმული ცხელი წყლით ან ცეცხლით, ქიმიური მჟავაც შეიძლება იყოს, სხვა ქიმიური აქტიური ნივთიერებებიც და ასე შემდეგ. დინამიკაში აქვს განსხვავება, სერიოზულად განსხვავდება ქიმიური დამწვრობა თერმული დამწვრობისაგან, რადგან ძალიან ლოკალიზებულია და კუნძულივითაა, ის არეა დაზიანებული, რომელსაც შეესხა მჟავა. დინამიკაში ხდება ნეკროზის ჩამოყალიბება მაშინვე, როგორც კი ხვდება სხეულს მჟავა და დინამიკაში ხდება აშრევება. ეს ნამდვილად იყო ქიმიური დამწვრობა. დაზარალებულს გაუკეთდა უკვე რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია. იმ მომენტში ეს სიცოცხლისათვის შეუთავსებელი არ იყო. მკურნალობის გარეშე ამხელა ფართზე განვითარდებოდა სეფსისი.
მოწმე ლ--–- ბ--–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ადიგენის რაიონული საავადმყოფოს როგორც მენეჯერი, ასევე პროფესიით ექიმი-თერაპევტი, მორიგე ექიმი. აღნიშნული შემთხვევის დროს, დილის საათებში, იყო მორიგე. ზუსტ დრო არ ახსოვს სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის მიერ შეყვანილი იქნა უმძიმესი ავადმყოფი - ჯ------– ქ-------ე, რომელსაც პირველივე შეხედვისთანავე აღენიშნებოდა ქიმიური დამწვრობა, იყო საშინელი შესახედავი, გაუსაძლისი ტკივილის მქონე დამწვრობა ჰქონდა, კანი იყო გადაგვარებული, ნეკროზს განიცდიდა, დაზიანებული იყო თვალის ლორწოვანი, ყურის ნიჟარა და ვითარდებოდა ნეკროზი. შემოსვლისთანავე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება, რაც გულისხმობდა ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს და ადგილობრივ ანესთეზიას, ხოლო შემდეგ მოხდა გამოკითხვა აღნიშნული პაციენტის, თუ რა ვითარებაში მიიღო დამწვრობა, რადგან აინტერესებდა გაერკვია ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო დამწვრობა იყო, რომელიც გამოიწვია დაუდევრობამ, თუ შეიცავდა რაიმე დანაშაულის ნიშანს. პაციენტის მდგომარეობა იყო უმძიმესი, პერიოდულად დაგვიანებით შედიოდა კონტაქტში, მაგრამ მაინც გასარკვევად აუხსნა ექიმებს, რომ თავისმა სოფლელმა, მეზობელმა ,,ა--–--მა", ბოთლით გაურკვეველი სითხე შეასხა. მაშინვე გამოიძახეს რეფერალური ბრიგადა, რადგან არ შეიძლებოდა ამ პაციენტის დაყოვნება. ძალიან დაჩქარებული წესით ავადმყოფი გადაიყვანეს ქალაქ თბილისში, რეფერალური ბრიგადის მიერ, დამწვრობის ცენტრში. ზოგადად არსებობს ორი სახის დამწვრობა, ესენია: ქიმიური და თერმული სახის დამწვრობები. ზოგადი თვალითაც კი ხილული იყო, რომ ეს იყო ქიმიური დამწვრობა, იმიტომ რომ თერმული დამწვრობის დროს აღინიშნება ჰიპერთერმია - სითხის შემცველი ბუშტუკები, რასაც კუაგულაციური დამწვრობა ეწოდება, ხოლო ქიმიური დამწვრობა რომელიც ვითარდება ან მჟავა, ან ტუტოვანი სითხის მიღების შედეგად, ამ დროს კანის კუაგულაციური დამწვრობა ვითარდება ანუ კანი არის დეფორმირებული, სტრუქტურა არის შეცვლილი და ვითარდება კანის ნეკროზი, გარდა ამისა, მიმდინარეობს კანის ღრმა ფენებში დამწვრობის პროცესი, რომელიც არის შეუქცევადი პროცესი და სასწრაფოდ საჭიროებს დახმარებას. ეს იმდენად იშვიათი შემთხვევა იყო, ასეთი მძიმე სახის დამწვრობა ნანახიც კი არ ჰქონდა, როდესაც დაარეკა ცხელ ხაზზე და გადასცეს, რომ ქიმიურ დამწვრობაზე იყო საუბარი, დაუყოვნებლივ მოხდა რეფერალური ბრიგადის გამოძახება. იმდენად შეუქცევადი პროცესები მიმდინარეობდა ამ დროს ორგანიზმში, მიუხედავად ძლიერი ტკივილისა, სრულად გონება პაციენტს აღნიშნულ კლინიკაში და არც გადაყვანისას გონება არ დაუკარგავს, საღ გონებაზე იყო, ითხოვდა შველას. ექიმების ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ავადმყოფის მდგომარეობა, იმიტომ, რომ იმდენად სწრაფად მიმდინარეობს ამ დროს ქიმიური წვა, რომ შინაგან ორგანოებში არ მომხდარიყო გულის გაჩერება.
მოწმე ჯ---- ყ------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 ოქტომბერს მორიგე იყო. 22-ში, სადღაც 9 საათიდან 10-ის ნახევრამდე, შევიდა შეტყობინება, გამოძახება იყო კ---------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰესთან ახლოს, ადგილზე რომ მივიდნენ დახვდათ ქაოსი, თვითონ პაციენტი მანქანის გაჩერებისთანავე ადგილზე იყო. ადგილზე იყო პანიკა, ტირილი, ყვირილი. პაციენტი იყო დამწვარ მდგომარეობაში, ანუ გაწითლებული ჰქონდა გულმკერდი და სახის მიდამო, ასევე ყურის მიდამო. ამბობდა, რომ შეასხეს ცხელი სითხე და ჩაუტარდა პირველადი დახმარება, პაციენტი დააწვინეს მანქანაში, გადაიყვანეს კლინიკაში.
2018 წლის 22 ოქტომბრის რ----- ქ---–--ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გაჩხრეკილი იქნა ა--------------------------–----------–ი მცხოვრებ რ----- ქ---–--ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსო. საცხოვრებელ სახლი იყო ორსართულიანი, ქვის კონსტრუქციით აგებული, რომელიც დეტალურად იქნა გაჩხრეკილი. სახლის პირველ სართულზე განლაგებული იყო საცხოვრებელი ოთახები, სამზარეულო, სარდაფი და აბანო, სადაც საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან/და ნივთიერება არ უნანახავთ და ამოუღიათ, ხოლო სახლის მეორე სართულზე ბეტონის კიბეებით იყო ასასვლელი, სადაც იყო აივანი, ხოლო სახლის შუა ნაწილში - ხის კარები, რომლითაც შედიან ოთახში. ოთახი იყო მოწყობილი და გარშემო მიმოფანტული სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებით, სადაც ასევე რაიმე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან/და ნივთიერება არ უნანახავთ და ამოუღიათ, ხოლო შესასვლელი კარებიდან ხელმარჯვნივ იყო ოთახი, რომელსაც შესასვლელი კარები არ ჰქონდა. ოთახში განთავსებული იყო სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები და ა/მანქანის ნაწილები, ასევე - შესასვლელში მომწვანო ფერის გობი (ე.წ. ტაშტი), რაშიც იყო ჩალაგებული ერთი ცალი თეთრი შუშის დიდი ბოთლი, რაშიც იყო ჩასხმული მოყვითალო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე სითხე. ასევე იყო პატარა ზომის მოშავო ფერის შუშის ბოთლი, რაშიც იყო სითხე ჩასხმული და თავსახური ჰქონდა მოთეთრო ფერის რკინის, რომელიც დალუქული იყო ქარხნულად, ასევე - პატარა ზომის თეთრი ფერის პლასტმასის ბოთლი, რომელშიც იყო ჩასხმული სპეციფიკური სუნის მქონე სითხე. ყველა მათგანი ჩხრეკის დროს ამოიღეს და დალუქეს სპეციალურ საექსპერტო პაკეტებში.
2018 წლის 23 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ადიგენის რაიონის სოფ.კახარეთში ნ------ გ-----ის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელ გზაზე. ჯ------–ი ქ-------ის საცხოვრებელი სახლიდან გზა ჩადის სოფ.კ---------- ბაღებში, გზა იყოფა 2 ნაწილად, ერთი გზა მიდის ნ------ გ-----ის სახლის მიმართულებით, ხელმარჯვნივ ან სამხრეთით, ხოლო მეორე გზა მიდის სოფლის ბოლოსაკენ აღმოსავლეთით, გზაზე და გარშემო არის მინდორი და ხე-ბუჩქნარი, ასევე გზის ქვედა მხარეზე ჩრდილოეთით არის სანაგვე, შემთხვევის ადგილიდან ნ------ გ-----ის სახლამდე მანძილი იყო 200 მეტრი.
2018 წლის 26 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე შემოწმდა მ------- ქ---–--ის ჩვენება, ბრალდებული მ------- ქ---–--ე გაეცნო მისი ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემულ ჩვენებას და მიეცა წინადადება გამოძიებას აჩვენოს ის ადგილი, სადაც ჰქონდა შენახული ა/მანქანის დენის წყაროდან ე.წ. ,,აკუმულატორიდან“ გადმოღებული სითხე ე.წ. ,,კისლატა“ და ის ადგილი, სადაც ბოთლი მოიშორა, რაზედაც გამოთქვა თანხმობა. მ------- ქ---–--ე საგამოძებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებთან ერთად წავიდა ადიგენის რაიონ სოფელ კახარეთში, როდესაც სოფელ კ---------- ცენტრალურ საავტომობილო გზაზე არსებული ხიდი გაიარეს 100 მეტრში, მან მიუთითა მარცხენა მხარეს გადახვევაზე და განმარტა, რომ აღნიშნული გზა თავის საცხოვრებელ სახლთან მიდიოდა. ამის შემდეგ წაიყვანა სოფელ კ----------ა და უდეს დამაკავშირებელ გზაზე. მ-------------------ის საცხოვრებელი სახლის წინ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სადაც მან აჩვენა ის ადგილი, სადაც თავდაპირველად შეხვდა ჯ------– ქ-------ეს, რის შემდეგაც წაიყვანა უკან მისივე საცხოვრებელი სახლის მისამართით. შემდეგ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებული პირველივე შესასვლელ ოთახში მიუთითა ხის ყუთზე, სადაც ჩალაგებული იყო ქაღალდები და სხვადასხვა ნივთები და განმარტა, რომ აღნიშნულ სითხეს, რომელიც სახეში შეასხა ჯ------– ქ-------ეს იგი ინახავდა აღნიშნულ ყუთში. ამის შემდეგ მ------- ქ---–--ის სახლის კედლის დასასრულს, სადაც 1.5 მეტრი სიგრძის ხის მორები იყო და მორებთან - შავი ფერის ა/მანქანის დენის მკვებავი წყარო ე.წ. აკუმულატორი და განმარტა, რომ აღნიშნული სითხე მან გადმოასხა მითითებული დენის წყაროდან. დენის წყაროს ზედა მხარე მთლიანად მოჭრილი ჰქონდა და შიგნით ჩალაგებული იყო თავისი ფირფიტები, ხოლო სითხე არ იყო. აღნიშნული დენის მკვებავი ე.წ. აკუმულატორი ამოღებული და დალუქული იქნა შესაბამისი ლუქით, რის შემდეგაც მ------- ქ---–--ემ წაიყვანა კვლავ სოფელ კახარეთსა და სოფელ უდეს დამაკავშირებელი გზისკენ, როდესაც გავიდნენ ასფალტიან გზაზე, მან წაიყვანა სოფელ კ----------კენ და გ------- ჩ--------ის სახლის შესასვლელში გზასთან მიუთითა ფერდობისკენ, სადაც იყო საცალფეხო გზა და განმარტა, რომ აღნიშნული გზა სოფლის ცენტრში ასასვლელი მოკლე გზა იყო და სწორედ ამ გზით ავიდა იგი, რის შემდეგაც აღნიშნული გზით მიიყვანა ნ----- გ-----ის სახლის ქვემოდან, სადაც იყო მინდორი და გარშემო - ხე-ბუჩქნარი, აღნიშნულ გზაზე მიუთითა ადგილი მის ძმასთან, სადაც ჰყავდა ა/მანქანა, სწორედ აღნიშნულ ადგილას შეხვდა ზემოდან ქვემოთ მომავალი ჯ------– ქ-------ე, რომელიც მირეკავდა პირუტყვს და მის დანახვაზე ჯ------– ქ-------ემ უთხრა, რომ აქაც შენ ხარო და შეაგინა დედის მისამართით, რის შემდეგაც მ------- ქ---–--ემ განმარტა, რომ ვერ მოითმინა გინება დედის მისამართით. მან შეაგინა ჯ------–ს დედის მისამართით. შემდეგ კი ბოთლს მოხსნა თავსახური და ორჯერ სახეში შეასხა ბოთლში არსებული სითხე. ამის შემდეგ ჯ------– ქ-------ე გაიქცა ქვემოთ, თუ სად წავიდა არ იცის. ცოტა ხნის შემდეგ კი თავადაც დაბრუნდა უკან და ფერდობის დასასრულს არსებულ არხში, სადაც მიედინება მდინარე ჩააგდო ბოთლი, მოშორების მიზნით და წავიდა თავის მიწის ნაკვეთში. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მ------- ქ---–--ის მიერ მითითებული ადგილებიდან, გარდა ა/მანქანის დენის წყაროს. სხვა რაიმე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან/და ნივთიერება აღმოჩენილი და ამოღებული ვერ იქნა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა შსს სამინისტროს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მასში მონაწილეობის სისწორე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N9--------- დასკვნით დადგენილია, რომ ჯ------– ქ-------ეს აღენიშნებოდა სხეულის ქიმიური დამწვრობა 10%(7)II-IIIა-IIIბ ხარისხი, ორივე თვალის ქუთუთოების და ლორწოვანას დამწვრობა II-IIIხ. მარჯვენა თვალის რქოვანას დამწვრობა I-IIხ. მარცხენა თვალის რქოვანას დამწვრობა I ხარისხის. აღნიშნული დამწვრობა მიყენებულია რაიმე ქიმიური ნივთიერებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ჯ------– ქ-------ეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სახის მიდამოში აღენიშნებოდა ნაწიბურები, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ამ მიდამოებში არსებული დამწვრობითი უბნების შეხორცების შემდგომ კვალს. ისინი წარუხოცელია და თავისით არ გამოსწორდება, იწვევენ სახის ასიმეტრიას და მიმიკის შეცვლას.
საქართველოს შსს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 27 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის N3------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ჯ------– ქ-------ის ქურთუკზე, სვიტერზე, შარვალზე და ფეხსაცმელებზე დაფიქსირდა ძლიერი მჟავა არე და SO42, რაც მიუთითებს გოგირდმჟავის არსებობაზე. ჯ------– ქ-------ის დამწვრობის ადგილიდან აღებულ ანაწმენდზე რაიმე სახის მჟავის არსებობა არ დაფიქსირდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა დაადსტურეს მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის სისწორე.
2018 წლის 26 ოქტომბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით ჯ------– ქ-------ე ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ მ------- ქ---–--ის საქმის მასალები და შეამოწმა დაცვისა და ბრალდების მხარის წარმომადგენელთა სააპელაციო საჩივრებში ჩამოყალიბებული მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი პოზიცია მ------- ქ---–--ის უდანაშაულობის თაობაზე არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან და მას არ გააჩნია დასაბუთებული საფუძველი. აპელანტი თავის საჩივარში მიუთითებს რამდენიმე მოტივზე, რომლებზედაც ის აფუძნებს თავის მოთხოვნას მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე და რომლებსაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვემოთ განხილული გარემოებების გამო.
აპელანტი საჩივარში მსჯელობს იმის თაობაზე, რომ მ------- ქ---–--ეს არავითარი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია დაზარალებულ ჯ------– ქ-------ის მიმართ, საამისო საფუძვლად უთითებს მისთვის შერაცხული ქმედების დასადასტურებლად საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების არარსებობაზე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. არასწორია აპელანტის მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქმეში მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულება არსებობს დაზარალებულ ჯ------– ქ-------ის ჩვენების სახით მსჯავრდებულის დანაშაულში მხილებისათვის, ისიც პირადი წყენით გამოწვეული და საეჭვო.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქმეში არსებული მტკიცებულებების ბაზისა და დაზარალებულის ჩვენების ამგვარ შეფასებას. დაზარალებულ ჯ------– ქ-------ეს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება პირდაპირ უთითებს სწორედ იმ ქმედებებზე, რაც მ------- ქ---–--ემ განახორციელა მის მიმართ, დაწყებული მასთან კონტაქტში შესვლიდან, გაგრძელებული მათი ფეხით გადაადგილებისას და დასრულებული მასთან ურთიერთობის შეწყვეტის მომენტით. დაზარალებული დეტალურად აღწერს მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებულ ყველა გარემოებასა და მოვლენათა თანმიმდევრობას, ამასთან, მას არცერთხელ არ უარყვია თავის ჩვენებაში მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. დაცვის მხარე ცდილობს ამ ჩვენებაში დაზარალებულის მიერ ნათქვამი ცალკეული, შეფასებითი შინაარსის მქონე ფრაზა გამოიყენოს მისი ჩვენების ნეგატიური შეფასებისათვის, მაგრამ საქმე ისაა, რომ ხსენებული გამონათქვამები საერთოდ არ ეხება იმ ქმედებებს, რომლებიც მსჯავრდებულმა მ------- ქ---–--ემ რეალურად ჩაიდინა დაზარალებულ ჯ------– ქ-------ის მიმართ და რომელთა შესახებ მან დაწვრილებით ისაუბრა მსჯავრდებულის მამხილებელ ჩვენებაში.
უსაფუძვლოა აგრეთვე აღნიშნული აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მ------- ქ---–--ის საქმეში, დაზარალებულის ჩვენების გარდა, მისი დანაშაულების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები არ მოიპოვება. საქმეში არსებობს სხვა კანონიერი მტკიცებულებებიც, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ მსჯავრდებულის მონაწილეობას განხილულ დანაშაულში.
სააპელაციო პალატას დაზრალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია და არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმეზე არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, მართალია, მოწმეები არ არიან იმ ფაქტის უშუალო თვითმხილველი, თუ როგორ შეასხა მსჯავრდებულმა მ------- ქ---–--ემ ჯ------– ქ-------ეს გოგირმჟავა, მაგრამ სასამართლოში განაცხადეს ის, რაც პირადად ნახეს და მოისმინეს, დეტალური ინფორმაცია მისცეს, თუ სად და რა ვითარებაში ნახეს დაზრალებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მათ უშუალოდ ჯ------– ქ-------ისგან იციან, რომ მას მ------- ქ---–--ემ შეასხა რაღაც სითხე, მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ასევე - დაზარალებულის ჩვენებასთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, ხოლო სხვა მტკიცებულება, რაც საკმარისი იქნებოდა მათი ჩვენებების გაუზიარებლობისთვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
მხედველობაშია მისაღები ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიც, რომელიც ასახავს 2018 წლის 26 ოქტომბერს ექსპერტის მონაწილეობით მსჯავრდებულ მ------- ქ---–--ის შემთხვევის ადგილზე გაყვანისა და მისი ჩვენების ადგილზე შემოწმების შედეგებს. მართალია, შემდგომში მან უარყო აღნიშნული ჩვენება, მაგრამ ამ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებით მნიშვნელობას იძენს ის გარემოება, რომ სწორედ მსჯავრდებულის მითითებით მოხდა ექსპერიმენტის მონაწილეთა შემთხვევის ადგილზე მისვლა. მსჯავრდებული ასეთ მითითებას ვერანაირად ვერ მისცემდა აღნიშნული ექსპერიმენტის სხვა მონაწილეებს იმ მოვლენებში მისი მონაწილეობის გარეშე, რომლებიც მიმდინარეობდა შემთხვევის ადგილზე და რომლებიც დეტალურად აღწერა დაზარალებულმა თავის ჩვენებაში.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (აღნიშნული ოქმის გმოკვლევისას დაცვის მხარეს არ გამოთქვამს რაიმე სახის პრეტენზია), დადგენილ იქნა, რომ შემთხვევის დღეს, მ------- ქ---–--ემ, შურისძიების ნიადაგზე, როგორ და რა ვითარებაში შეასხა ჯ------– ქ-------ეს გოგირდმჟავა სახისა და გულმკერდის არეში. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველ ოქმს, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ვერსიას, რომ მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის შემდეგაც მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში, აღნიშნული არ გამომდინარეობს, საქმეში არსებული მტკიცებულებიდან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებიდან, რომლებმაც უშუალოდ აწარმოეს გამოძიება, ჩაატარაეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის, მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე და თავად მ------- ქ---–--ის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დადასტურებული ფაქტები და წარმოდგენილი მტკიცებულებები მეტყველებენ, რომ მსჯავრდებულის ქმედებას წინ უძღოდა მას და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობა, რასაც მოჰყვა მ------- ქ---–--ის მხრიდან გოგირდმჟავის შესხმა ჯ------– ქ-------ისთვის, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სხეულის, სახისა და გულმკერდის, ქიმიური დამწვრობა.
გარდა პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობისა, მსჯავრდებულ მ------- ქ---–--ის მონაწილეობას დაზარალებულ ჯ------– ქ---–--ის მიმართ ჩადენილ ქმედებებში ადასტურებს ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც – მოწმეთა არაპირდაპირი ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, ნივთმტკიცებები.
ამრიგად, სააპელაციო პალატის დასკვნით, საქმეში არსებული პირდაპირი და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობის გათვალისწინებით, გასაჩივრებულ განაჩენში სასამართლოს მიერ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია მსჯავრდებულ მ------- ქ---–--ის იმ ქმედებასთან, რაც მან ჩაიდინა დაზარალებულ ჯ. ქ-------ის მიმართ 2018 წლის 22 ოქტომბერს, დადგენილია სწორად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების თავისებური ერთ-ერთი სახეა - სახის წარუშლელი დამახინჯება. ეს თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ იგი არ ხასიათდება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისათვის აუცილებელი ნიშნებით. კერძოდ, არაა სახიფათო სიცოცხლისათვის და არც იმ მძიმე შედეგს იწვევს, რაც ჩამოთვლილია 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილში: არაა დაკარგული რომელიმე ორგანო ან მისი ფუნქცია, არ ხდება ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა და ა.შ., მაგრამ საქმე ისაა, რომ სახის წარუშლელი დამახინჯება ძლიერ მორალურ ტრავმას აყენებს დაზარალებულს, იწვევს დიდ შინაგან განცდებს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე თან დაჰყვება.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ორივე მხარე ადასტურებს, რომ მსჯავრდებულ მ------- ქ---–--ესა და დაზარალებულ ჯ------– ქ-------ეს შორის წარსულში არსებობდა კონფლიქტური ურთიერთობა. განვითარებულმა მოვლენებმა კი განსაზღვრა მ------- ქ---–--ის მიზანმიმართული მოქმედება, რაც მეტყველებს განზრახვაზე და არა გაუფრთხილებლობაზე ან მის უდანაშაულობაზე. მ------- ქ---–--ემ შეგნებულად შესახა დაზარალებულს გოგირდმჟავა. ჯ------– ქ-------ის სახის, გულმკერდის ქიმიური დამწვრობა, დაზიანება სწორედ მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულმა განზრახმა ქმედებამ გამოიწვია. წინაპირობა, რომ მ------- ქ---–--ე შურისძიების სურვილით მოქმედებდა, სახეზეა. მან შეგნებულად შეასხა გოგირდმჟავა დაზარალებულს და შესაბამისად, იგი ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას.
პალატა სრულად იზიარებს მ------- ქ---–--ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციის სისწორეს, რამდენადაც მის ქმედებას შედეგად მოჰყვა დაზარალებულის სახის წარუშლელი დამახინჯება, რაც ცალსახად დაადასტურა ჩატარებულმა ექსპერტიზის დასკვნებმა.
პალატა განმარტავს, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს შედეგის დადგომა, ,,სახის წარუშლელი დამახინჯება“, რა დროსაც წინაა წამოწეული სამი ნიშანი: 1. დაზიანება უნდა იყოს სახეზე, 2. დაზიანება უნდა იყოს წარუშლელი (ეს იმას ნიშნავს, რომ თერაპიული მკურნალობით შეუძლებელია მისი გაქრობა. მის მოსაცილებლად საჭროა ქირურგიული ჩარევა (თუმცა ზოგჯერ ესეც შედეგოა)) დამახინჯება ითვლება წარუშლელად; 3. დაზიანება უნდა ამახინჯებდეს სახეს.
დაზარალებულ ჯ------– ქ-------ის მიმართ არსებულ დაზიანებები დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნებით, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N9--------- დასკვნით დადგენილია, რომ ჯ------– ქ-------ეს აღენიშნებოდა სხეულის ქიმიური დამწვრობა 10%(7)II-IIIა-IIIბ ხარისხი, ორივე თვალის ქუთუთოების და ლორწოვანას დამწვრობა II-IIIხ. მარჯვენა თვალის რქოვანას დამწვრობა I-IIხ. მარცხენა თვალის რქოვანას დამწვრობა I ხარისხის. აღნიშნული დამწვრობა მიყენებულია რაიმე ქიმიური ნივთიერებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ჯ------– ქ-------ეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სახის მიდამოში აღენიშნებოდა ნაწიბურები, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ამ მიდამოებში არსებული დამწვრობითი უბნების შეხორცების შემდგომ კვალს. ისინი წარუხოცელია და თავისით არ გამოსწორდება, იწვევენ სახის ასიმეტრიას და მიმიკის შეცვლას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა განმარტა, რომ ეს დაზიანებები მასზე მძიმედ მოქმედებს, მისთვის სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს, ვერ მუშაობს, ვერ მკურნალობს. მოწმე ი----- ნ--------–---–ის განმარტებით კი დაზარალებულს ჰქონდა საშინელი დამწვრობა. იგი დღემდე ძალიან ცუდი შესახედავია სახეზე, სჭირდება მკურნალობა. დღევანდელი მდგომარეობით, სჭირდება ისევ ოპერაცია თვალზე, ყელზე, ყურზე, თვალები აქვს დეფორმირებული, კისერი- მოგრეხილი და არ სწორდება, აქვს ტკივილები, ყური აღარ აქვს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დგინდება, ჯ------– ქ-------ის სახის რა ნაწილში მდებარეობს დაზიანებები, რითიც არის იგი გამოწვეული (ქიმიური ნივთირებით), რა სიღრმისა და სიგრძისაა ნაწიბურები და ასევე იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ჯ------– ქ-------ის სახეზე არსებული ნაწიბურები იწვევს სახის ასიმეტრიასა და მიმიკის მოშლას, ამასთან, ესთეტიკურად იწვევს, შეცოდებას ან რაიმე მსგავს განწყობას, ან ემოციებს როგორც დაზარალებულის, ასევე სხვა ობიექტური მესამე პირისათვის, პალატის მოსაზრებით, ითვლება სახის წარუშლელ დამახინჯებად. აღნიშნული კი მიზეზობრივად უკავშირდება მ------- ქ---–--ის მხრიდან ჯ------– ქ-------ისთვის სახისა და გულმკერდის არეში გოგირდმჟავის შესხმას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება.
პალატას მიაჩნია, რომ სწორედ მ------- ქ---–--ის ქმედებით განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა და რომ არა მისი მხრიდან განხორციელებული განზრახი ქმედება, სახეზე არ იქნებოდა შედეგი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების, ჯ------– ქ-------ის სახის წარუშლელი დამახინჯების სახით.
სამართლებრივი შეფასება
პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი მ------- ქ---–--ის მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული. საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა საფუძველი გახდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ------- ქ---–--ის დამნაშავედ ცნობისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ------- ქ---–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორის გ------- ა---–---–---–ის სააპელაციო საჩივარი და განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს სასჯელის ნაწილშიც, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი, წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომელიც სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიური პირობების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ მ------- ქ---–--ის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული. ზემოაღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულის მიმართ პირველივე შემთხვევაში მაქსიმალური, ან მასთან მიახლოებული საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის ერთ-ერთ არგუმენტს მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის გამკაცრების თაობაზე, რომ მ------- ქ---–--ეს არ უღიარებია ჩადენილი დანაშაული, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებებით სარგებლობა ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი.
ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ სასჯელის დანიშვნის დროს არ მოხდა დანაშაულის ხასიათისა და დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის გათვალისწინება, პალატა ვერ მიიჩნევს სასჯელის დამძიმების საფუძვლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის N611აპ-10 განჩინება). პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნეს მოაზრებული როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
შესაბამისად, ის გარემოება, რომ მ------- ქ---–--ეს ანაზღაურებული არ აქვს ზიანი, ვერ გახდება დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ დაზარალებულს უფლება აქვს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მსჯავრდებულის პიროვნების და მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
სააპელაციო პალატის აზრით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ------- ქ---–--ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი მ------- ქ---–--ის მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, სსკ-ის 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილის გ------- ა---–---–---–ის, მსჯავრდებულ მ------- ქ---–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების-ი-----–-----------ის და ნ------- ა------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ------- ქ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ მ------- ქ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -2018 წლის 25 ოქტომბრიდან;
მ------- ქ---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
-ჯ------– ქ-------ის ტანსაცმელი, მ------- ქ---–--ის ტანსაცმელი, ერთი ცალი დენის
წყარო დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
-კანის ანაწმენდები, შუშისა და პლასტმასის ბოთლები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.გველესიანი