განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001803142
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3194-19 27 სექტემბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - ს----------–---------–-–-----------------------------------
წარმომადგენელი - გ------- გ--------
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ნ----------ი“
წარმომადგენელი - ნ----- გ------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის ჯარიმისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ს----------–---------–-–-----------------------------------ა შპს „ნ----------ის“ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის ჯარიმის - 11 745 ლარისა და საქონლის მიწოდების ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 5783,35 ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ნ----------ს“, მოსარჩელეს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით 578,34 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა, სასარჩელო მოთხოვნა ჯარიმის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ს----------–---------–-–-----------------------------------ა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. ს----------–---------–-–-----------------------------------ს მიერ 2015 წელს 27 ნოემბერს ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით G---------- ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. აღნიშნული სატენდერო წინადადებით შესყიდვის ობიექტს 1 000 ცალი შარვალი, 1 000 ცალი თხელი ქურთუკი, 1 000 ცალი ქურთუკი, 1 000 ცალი პულოვერი და 1 000 ცალი კეპი წარმოადგენდა. სატენდერო წინადადებით შესასყიდი ობიექტის, მათ შორის, ქურთუკისა და პულოვერის მახასიათებლები განისაზღვრა (ს.ფ. 18-24).
6. ს----------–---------–-–-----------------------------------ს მიერ გამოცხადებული G---------- ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, შპს „ნ----------მა“ შემკვეთს მისაწოდებელი პროდუქტის (შარვალი, თხელი ქურთუკი, ქურთუკი, პულოვერი, კეპი) ნიმუშები მიაწოდა. ს----------–---------–-–-----------------------------------ს 2016 წლის 09 იანვრის პატაკის თანახმად, მოპასუხის მიერ წარდგენილი ნიმუშები და სატენდერო წინადადება მოთხოვნილ სატენდერო პირობებს შეესაბამებოდა (ს.ფ. 36).
7. 2015 წლის 27 ნოემბერს, ს----------–---------–-–-----------------------------------ს მიერ გამოცხადებულ G---------- ელექტრონულ ტენდერში, გამარჯვებულად შპს „ნ----------ი“ გამოცხადდა. ტენდერის ფარგლებში, 2----–-–-------------- მოსარჩელეს, როგორც შემსყიდველს, და მოპასუხეს, როგორც მიმწოდებელს, შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №4- ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანია წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული საველე უნიფორმის შესყიდვა.
ხელშეკრულების დანართი №1-ით საქონლის დასახელება, ტექნიკური მახასიათებლები, ბრენდი და მოდელი, მწარმოებელი ქვეყანა, განზომილება, რაოდენობა, ერთეულის ფასი, ჯამური ღირებულება, მიწოდების ვადა, მიწოდების ადგილი, საგარანტიო ვადა განისაზღვრა. ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება 234 900 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მიწოდებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები, ხელშეკრულების 2.2 პუნქტით განსაზღვრულ დანართი №1-ში მითითებული ხარისხის შესაბამისი უნდა ყოფილიყო.
ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი, ასევე, საქონლის ტექნიკური დათვალიერება, ს----–-–-----------------------------------ს ეკონომიკური დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს მომარაგების სამსახურის მთავარ სპეციალისტს - ც--–----–---–-------- უნდა განეხორციელებინა. ხელშეკრულების 6.3 პუნქტით, შემსყიდველის სამსახურის წარმომადგენელს (წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტი) ხარისხის კონტროლის შემოწმების უფლებამოსილება მიენიჭა. წუნდებული საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელს, წერილობითი შეტყობინებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში, წუნის გამოსწორების ვალდებულება დაეკისრა.
ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ წუნის გამოსწორება ობიექტური მიზეზით იქნებოდა შეუძლებელი და შემსყიდველის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულების ანგარიშსწორება დროულად მოხდებოდა, მიმწოდებელს შემსყიდველისთვის გადახდილი ღირებულების უკან დაბრუნების ვალდებულება ეკისრებოდა. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული დანართი №1-ით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში, ან 6.3. პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევისას, მიმწოდებელს პირგასამტეხლოს (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი ან/და წუნდებული საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით) გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა.
ამავე ხელშეკრულების 9.3. პუნქტით, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის ან ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებლისთვის ჯარიმის (ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით), დაკისრების შესახებ დებულება განმტკიცდა.
ხელშეკრულების დანართი №1-ით სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისი მიწოდების ვადა განისაზღვრა, რომლის თანახმად, მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2016 წლის 25 თებერვალს უნდა განხორციელებულიყო (ს.ფ. 25-29).
8. 2016 წლის 25 თებერვლის N------ მიმართვით, შპს „ნ----------ს“ ს----------–---------–-–-----------------------------------ს ეკონომიკური დეპარტამენტისგან ეცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4- ხელშეკრულების საფუძველზე, მიწოდებული თხელი ქურთუკის, შარვლის, კეპის დასამზადებელი ქსოვილი და აგრეთვე ქურთუკის ტექნიკური მახასიათებლები (ფერი) ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებს არ შეესაბამებოდა. ამავე მიმართვით, მოპასუხეს წუნდებული საქონლის შესაცვლელად 5 დღიანი ვადა მიეცა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების თაობაზე იქნა გაფრთხილებული. აღნიშნული წერილის პასუხად, შპს „ნ----------მა“ მოსარჩელეს აცნობა, რომ მიწოდებული საქონელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებს სრულად შეესაბამებოდა და საქონლის შეცვლაზე უარი განუცხადა (ს.ფ. 30-31).
9. 2016 წლის 31 მარტის №------ მიმართვით, შპს „ნ----------ს“ ს----------–---------–-–-----------------------------------ს ეკონომიკური დეპარტამენტისგან, 2016 წლის 27 იანვრის ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად, ვალდებულების სრულად შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული ჯარიმის - 11745 ლარის დაკისრების თაობაზე ეცნობა (ს.ფ. 55).
10. ს----------–---------–-–-----------------------------------ა და შპს „ნ----------ს“ შორის 2----–-–-------------- დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება სს „ს----------–----------“ მიერ 2016 წლის 26 იანვარს გაცემული საბანკო გარანტით იქნა უზრუნველყოფილი. საბანკო გარანტიის ოდენობა 11 745 ლარს შეადგენდა.
ს----------–---------–-–-----------------------------------ა, 2016 წლის 31 მარტის წერილის საფუძველზე, სს „ს----------–---------“ მიმართა და 2016 წლის 26 იანვრის N---------- საბანკო გარანტიის თანხის - 11745 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. 2016 წლის 07 აპრილს სს „ს----------–----------“ მიერ ბენეფიციარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ს----------–---------–-–-----------------------------------ს საბანკო ანგარიშზე, საგარანტიო თანხა - 11 745 ლარი, ჩაირიცხა. თავის მხრივ, შპს „ნ----------მა“ სს „ს----------–----------თვის“ საგარანტიო თანხის 11 745 ლარის დაბრუნება უზრუნველყო (ს.ფ. 80-82, 83, 84-85).
11. შპს „ნ----------მა“ შემკვეთს ხელშეკრულებით შეთანხმებული საქონლის ნაწილი ვადის დარღვევით მიაწოდა, მიწოდება შემდეგნაირად განხორციელდა: ა) თხელი ქურთუკი, შარვალი და კეპი (ღირებულება 54663 ლარი) 2016 წლის 24 მარტს - 28 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2016 წლის 25 თებერვალი); ბ) თხელი ქურთუკი, შარვალი და კეპი (ღირებულება 40949,3 ლარი) 2016 წლის 29 მარტს - 33 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2016 წლის 25 თებერვალი); გ) თხელი ქურთუკი, შარვალი და კეპი (ღირებულება 287,7 ლარი) 2016 წლის 30 მარტს - 34 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2016 წლის 25 თებერვალი).
შპს „ნ----------ს“, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქონლის ნაწილის მიწოდების ვადის დარღვევის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2%, ჯამში - 5783,35 ლარი, დაეკისრა. ს----------–---------–-–-----------------------------------, საქონლის მიწოდების ვადის დარღვევისათვის დაკისრებული, პირგასამტეხლოს შესახებ მოპასუხისათვის არ უცნობებია (ს.ფ. 58-64, 67).
12. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ შპს „ნ----------ისთვის“ ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმის - 11 745 ლარის, დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.
მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება იურიდიული ბუნებით სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. უდავოა ის გარემოება, რომ მხარეები ხელშეკრულებით ანაზღაურების ოდენობასა (სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლი) და წესზე (სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლი) შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრეს, რომ შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის ან ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელისთვის ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით ჯარიმა დაეკისრებინა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მენარდემ ხელშეკრულების ფარგლებში დამზადებული პულოვერის ნიმუში შემკვეთს წარუდგინა, მისი ვიზუალური დათვალიერება ს----–-–-----------------------------------ს ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მიერ განხორციელდა, რომელმაც N----- დასკვნით აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ნიმუში ვიზუალურად სატენდერო პირობებთან შესაბამისობაში იყო. ხელშეკრულების დადების შემდეგ, შპს „ნ----------ის“ მიერ, ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნა პულოვერი, რის შემდგომაც ს----------–---------–-–-----------------------------------ა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა, რათა სასაქონლო ექსპერტიზის საფუძველზე, თავდაპირველ და ბოლოს წარმოდგენილ ნიმუშებსა და სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს შორის შესაბამისობა დადგენილიყო. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ პულოვერების ნიმუშები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად იყო განსხვავებული (ს.ფ. 37-55).
პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენა შემკვეთისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მენარდეს უნაკლო შესრულების წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა. სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლი კი ადგენს, თუ რა მიიჩნევა ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობად/შესრულებად, კერძოდ, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად, მიწოდებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები ამავე ხელშეკრულების დანართ N1-ში ჩამოთვლილ მაჩვენებლებთან და ხარისხთან შესაბამისი უნდა ყოფილიყო. მართალია დანართ N1-ში მხოლოდ მისაწოდებელი საქონლის რაოდენობის შესახებ დათქმა გაკეთდა, თუმცა სასამართლო ეთანხმება მითითებას, მასზედ, რომ ხარისხზე შეთანხმებას მენარდის მიერ საქონლის ნიმუშების გაგზავნა და ამ ნიმუშის მენარდის მიერ მოწონება უთანაბრდება. როგორც, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, ექსპერტიზის ჩატარება, სწორედ, მენარდის მიერ თავდაპირველად გაგზავნილ ნიმუშებისა და საბოლოოდ წარდგენილ საქონელზე მოხდა. ექსპერტიზის მიზანს შესადარებელ პროდუქტებს შორის ხარისხის იდენტურობის დადგენა წარმოადგენდა, რაზეც ექსპერტიზამ უარყოფითი დასკვნა დადო. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მენარდის მხრიდან ხელშეკრულების პირობების არაჯეროვან შესრულებას ადგილი ჰქონდა, რაც ჯარიმის დაკისრების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას.
შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს და მისი ჯარიმის-სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის.
მოცემულ შემთხვევაში, ს----------–---------–-–-----------------------------------ა და შპს „ნ----------ს“ შორის 2----–-–-------------- დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება სს „ს----------–----------“ მიერ 2016 წლის 26 იანვარს გაცემული საბანკო გარანტით იქნა უზრუნველყოფილი. საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით, გარანტიის თანხის ოდენობად 11 745 ლარი განისაზღვრა. როგორც მტკიცებულებებით დგინდება, ს----------–---------–-–-----------------------------------ა 2016 წლის 31 მარტის წერილის საფუძველზე, სს „ს----------–---------“ მიმართა და 2016 წლის 26 იანვრის N---------- საბანკო გარანტიის თანხის - 11745 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. სს „ს----------–----------“ მიერ ბენეფიციარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ს----------–---------–-–-----------------------------------ს საბანკო ანგარიშზე საგარანტიო თანხა, 11 745 ლარი, ჩაირიცხა. თავის მხრივ, შპს „ნ----------მა“ სს „ს----------–----------თვის“ საგარანტიო თანხის 11 745 ლარის დაბრუნება უზრუნველყო (ს.ფ. 80-82, 83, 84-85).
განსახილველ შემთხვევაში, ს----–-–-----------------------------------, ხელშეკრულებით შეთანხმებულისგან განსხვავებული პროდუქტის მიწოდების, ანუ ნაკლიანი შესრულების გამო, შეთანხმებული ჯარიმის დაკისრებას მოითხოვდა. როგორც წინამდებარე განჩინებაში განვითარებულმა მსჯელობამ ცხადყო, არაჯეროვანი შესრულებისთვის ჯარიმის დაკისრების წინაპირობები იკვეთება, თუმცა, სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპი, რომელიც კერძო სამართლის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს, ერთიდაიმავე დარღვევის გამო ორმაგი ფინანსური სანქციის დაკისრების მართლზომიერებას გამორიცხავს. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობაში საბანკო გარანტიის არსებობა შემკვეთისთვის შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწეული ზიანის მყისიერად ანაზღაურების მიზანს ემსახურება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც შემკვეთმა ბანკისგან საბანკო გარანტია გამოითხოვა, აღნიშნულით შემკვეთის მიზანი არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ მიღწეულია და იმავე დარღვევისთვის დამატებით ჯარიმის დაკისრების მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის მე-8 და 115-ე მუხლებით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპს ეწინააღმდეგება.
14. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ოდენობა, 578,34 ლარამდე, მართებულად იქნა შემცირებული.
კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე, პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს. სასამართლოსთვის აღნიშნული უფლების მინიჭების მნიშვნელობაზე სააპელაციო სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს, მანამდე კი პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებასა და მისი მოვალისთვის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებზე გაამახვილებს ყურადღებას.
15. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ვინაიდან სადავო ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არსებობს და იგი ფულადი სახითაა გამოსახული (ს.ფ. 18-31).
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა სადავოდ არ არის გამხდარი. სააპელაციო საჩივრით აღნიშნულ ხელშეკრულებასთან მიმართებით მხოლოდ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს ოდენობაა შედავებული, საჩივრით აპელანტი სასამართლოს მიერ ათჯერ შემცირებული პირგასამტეხლოს სრულად დაკისრებას მოითხოვს. შესაბამისად, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებათა წრეს სასამართლოს მიერ, პირგასამტეხლოს 578,34 ლარამდე, შემცირების მართებულობის შემოწმება წარმოადგენს.
საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება იყო შეთანხმებული. კერძოდ, ხელშეკრულების მე-9 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული დანართი №1-ით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში, ან 6.3. პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევისას, მიმწოდებელს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი ან/და წუნდებული საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, დაეკისრებოდა.
დადგენილია, რომ შპს „ნ----------ის“ მიერ სამუშაოების შესრულების ვადები სამჯერ, კერძოდ, 28, 33 და 34 დღით დაირღვა. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულადაა შესრულებული, მათ შორის, ეს სახელშეკრულებო ურთიერთობა აღარ არსებობს. გარდა ამისა, აპელანტმა სასამართლოში ვერ წარმოადგინა დასაბუთებული ახსნა-განმარტება, გამტკიცებული რელევანტური მტკიცებულებებით, რომლითაც უსაფრთხოების სამსახურისთვის ვადაგადაცილების შედეგად, ზიანის მიყენება დადასტურდებოდა. მართალია, პირგასამტეხლოს დაკისრება ზიანის მიყენების მიუხედავად ხდება, თუმცა, ზიანის არსებობის ფაქტს დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შეუსაბამობასთან მიმართებით შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.
16. რაც შეეხება დაკისრებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ ათჯერ შემცირებას, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.
პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.
პალატა განმეორებით განმარტავს, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს. ანუ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანხმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს, ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატამ მხედველობაში მიიღო რა, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა და მოცულობა, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება შემსრულებლის (მენარდის) მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს. აქვე, პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ ვადაგადაცილება, რა თქმა უნდა, არის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა, თუმცა, როდესაც ვადაგადაცილება მცირე ხნით გრძელდება და ვალდებულება სრულადაა შესრულებული, ასეთ დროს, პირგასამტეხლოს მხარისთვის დაკისრება ყოველთვის გონივრულობის კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს და არ უნდა იყოს იმგვარი, რომ მენარდისთვის არსებითი ზიანის მიყენება გამოიწვიოს.
17. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალში აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის ფარგლებშიც სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები შეჯიბრებითობის პრინციპი წარმოადგენს რა, სამოქალაქო საქმის გადაწყვეტის ქვაკუთხედს, მისი არა მხოლოდ მხარეთა, არამედ, სასამართლოს მხრიდან განუხრელი დაცვა პირდაპირ და უშუალო ინდიკატორად გვევლინება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა. სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ხდება მხარეთა შედავების საფუძვლიანობის კვლევა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სადავო და უდავო ფაქტებად კვალიფიცირება. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გარემოება მასზედ, რომ შემკვეთის მიერ, საბანკო გარანტიის გამოთხოვის მიუხედავად, ხელშეკრულებით შეთანხმებული ჯარიმის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობდა, ვერ დგინდება. აპელანტმა სასამართლოს წინაშე ხსენებული გარემოების სამტკიცებლად რელევანტური მტკიცებულების ან/და დამაჯერებელი ახსნა-განმარტების წარმოდგენა ვერ შეძლო. გარდა ამისა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით შემცირებული პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების წინაპირობებიც არ იკვეთება. მენარდის მიერ ვალდებულება სრულადაა შესრულებული, ვადაგადაცილებას შემკვეთისთვის არსებითი ხასიათის ზიანი არ გამოუწვევია, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ამ მიმართებითაც ვერ წარმოადგინა დასაბუთებული შედავება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა შეიძლებოდა გამხდარიყო.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში, ასევე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს----------–---------–-–-----------------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი