განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2019
საქმის ნომერი
330100117001782906
ინსტანცია
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001782906

საქმე №1ბ/718-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოსსახელით

 

11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის, მერი ლაბარტყავას მდივნობით,პროკურორ - ხა----------------ის

ადვოკატ - ზუ--------------–---–ის

გამართლებულ - რო-------–----–-–---–ის

მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ხა----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

რო-------–----–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 22 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ქ. თბილისი, ლ------------------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 მარტის განაჩენით რო-------–----–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რო-------–----–-–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

რო-------–----–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 13:20 საათზე, რო-------–----–-–---–ი მართავდა „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილს და მოძრაობდა ქ. თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე, ავჭალის დასახლების მხრიდან, მეტროსადგურ სარაჯიშვილის მიმართულებით. აღნიშნულ საავტომობილო გზაზე მსვლელობისას, №99-ე ელ/განათების ბოძის მიმდებარედ, მარცხნივ მანევრის შესრულებისას და საპირისპირო სავალ გზაზე გადასვლის დროს ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და მას შეეჯახა თავისივე სამოძრაო ზოლში მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც მართავდა გი-------------–---–ი. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მძღოლმა გი-------------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

აღნიშნული ქმედებისათვის რო-------–----–-–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 13:20 საათზე ქ. თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე, ავჭალის დასახლების მხრიდან, მეტროსადგურ სარაჯიშვილის მიმართულებით მსვლელობისას მომხდარ ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში, რო-------–----–-–---–ის ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ხა----------------ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, რო-------–----–-–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადგენილი რო-------–----–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. აღნიშნული მოსაზრების დასადასტურებლად აპელანტს აღწერილი აქვს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებები სრულად, კერძოდ, დაზარალებულ გი-------------–---–ის ჩვენება, მოწმეების - და----------–--------–ის, ირ---–-----ის, იო----------–---–ის ჩვენებები, ექსპერტების - კო------------–-----–---–ის, გი--------------ის, თე---------------ის, კო------------–----------–---–ის ჩვენებები და მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნები. აპელანტი არ დაეთანხმა სასამართლოს განმარტებას, რომ ექსპერტების მიერ დასკვნები გაიცა სავარაუდო მონაცემებზე დაყრდნობით და მიუთითა, რომ შსს საექსპერტო კრიმინალური მთავარი სამმართველოს ექსპერტ თე---------------ის და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ კო------------–----------–---–ის მიერ დასკვნები გაცემულია საქმის მასალებზე დაყრდნობით. აპელანტის აზრით, ყველა მტკიცებულება ურთიერთ თანხვედრაშია და მათ შორის ლოგიკური ბმა ნამდვილად ადასტურებს რო-------–----–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო, გამართლებულ რო-------–----–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზუ--------------–---–მა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გაანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს რო-------–----–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რო-------–----–-–---–ის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტს. აპელანტის მიერ რო-------–----–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებლად მიჩნეული საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში ვერ ადასტურებენ რო-------–----–-–---–ის ბრალეულობას.

 

უპირველეს ყოვლისა პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს 2016 წლის 08 ოქტომბერს, დაახლოებით 13:20 საათზე, ქ. თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე, ავჭალის დასახლების მხრიდან, მეტროსადგურ სარაჯიშვილის მიმართულებით საავტომობილო გზაზე მსვლელობისას, №99 ელ/გაყვანილობის ბოძის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი. ასევე უდავოა, რომ აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეები არიან ავტომანქანა ,,მიცუბიში კოლტი“ სახელმწიფო ნომრით X-------- მძღოლი რო-------–----–-–---–ი და ავტომანქანა ,,მერსედესი“ სახელმწიფო ნომრით Y------ მძღოლი გი-------------–---–ი. სადავო გარემოებას წარმოადგენს მოცემული ავტოსაგზაო შემთხვევისას რო-------–----–-–---–ის ბრალეულობის საკითხი, რის დასადგენადაც უნდა შეფასდეს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში, კერძოდ, სასამართლოში ბრალდების მხარემ წარადგინა შემთხვევის სამი თვითმხილველი: გი-------------–---–ი, რო-------–----–-–---–ი და მისი მგზავრი და----------–--------–ი, მათი ჩვენებებით დადგენილია შემდეგი:

 

დაზარალებულ გი-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს მოძრაობდა ქ. თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე ავჭალის დასახლების მხრიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით, დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით. მოსახვევთან, დაახლოებით 80 მეტრის მანძილზე გაჩერებული ავტომანქანა „მიცუბიში“ შენიშნა, განაგრძო მოძრაობა და დაინახა, რომ მასთან მიახლოებისას ამ ავტომობილის მძღოლმა დაიწყო სვლა, საჭე მაქსიმალურად მარცხნივ აიღო, რათა შეჯახება აეცილებინა, თუმცა ჯერ ავტომობილს და შემდეგ ელ. განათების ბოძს შეეჯახა. შეჯახებების შემდგომ ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა, ხოლო თვითონ გონება დაკარგა და გონზე საავადმყოფოში მოვიდა. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო, ფეხი დაუზიანდა, სამ ადგილას მოტყდა და ყავარჯნებით მოძრაობს.

 

ხოლო, რო-------–----–-–---–მა, ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 13:20 საათზე მოძრაობდა ქ. თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე ავჭალის დასახლების მხრიდან მეტრო სადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით, დაახლოებით 30კმ/სთ სიჩქარით. მსვლელობისას, როდესაც მიუახლოვდა ერთ-ერთ მოსახვევს, სადაც მარცხნივ მოხვევა ნებადართული იყო, შეანელა მოძრაობა დაახლოებით 15 კმ/სთ-მდე, მოსახვევთან ჩართო მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი, გაიხედა მარჯვნივ - საპირისპირო სავალ გზაზე, სადაც ავტომობილები არ დაუნახავს (გზა იყო თავისუფალი) და დაიწყო მანევრის შესრულება. ამის შემდეგ გააგრძელა მოძრაობა სიჩქარის შეუცვლელად და გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე, რა დროსაც მოულოდნელად იგრძნო შეჯახება და მისი ავტომობილი ინერციით შეტრიალდა მარცხნივ. ამის შემდეგ გააჩერა ავტომობილი სავალი გზის მარჯვენა მხარეს. დაინახა, რომ ,,მერსედესის’’ მარკის ავტომობილი შეჯახებული იყო ელექტრო ბოძს და ცეცხლი ეკიდა.

 

მსგავსი ჩვენება აქვს მიცემული და----------–--------–ს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა, კერძოდ, მოწმე და----------–--------–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს, და----------–--------–ი რო-------–----–-–---–თან ერთად ავტომობილით მოძრაობდა ქ. თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე ავჭალის დასახლების მხრიდან. ავტომობილს მართავდა რო-------–----–-–---–ი, ხოლო თვითონ მძღოლის გვერდითა სავარძელზე იჯდა. მსვლელობისას რო-------–----–-–---–ი მიუახლოვდა ერთ-ერთ მოსახვევს, სადაც მოხვევა ნებადართული იყო, შეანელა მოძრაობა, ჩართო მოხვევის მაჩვენებელი და სიჩქარის შეუცვლელად დაიწყო მარცხნივ მოხვევა. მოწმის განმარტებით, საპირისპირო სავალი გზისკენ გაიხედა რო-------–----–-–---–მაც და თვითონაც, ორივე მათგანმა დაინახა, რომ საპირისპირო სავალ ნაწილზე ავტომობილები არ მოძრაობდნენ, შესაბამისად, რო-------–----–-–---–მა გააგრძელა საპირისპირო სავალ გზაზე გადასვლა, რა დროსაც მოულოდნელად მარჯვენა მხრიდან გაიგო ხმოვანი სიგნალი და ავტომობილის წინა მარჯვენა მხარეს იგრძნო შეჯახება. მოწმის განმარტებით, გზის სავალ საპირისპირო მხარეს გადასვლისთანავე გაიგო ხმოვანი სიგნალის ხმა და იგრძნო შეჯახება. მანამდე ავტომობილი, რომელიც შეეჯახათ არ დაუნახავს, მხოლოდ შეჯახების შემდეგ დაინახა, რომ იყო „მერსედესის“ მარკის ავტომობილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ მოწმეების სახით ასევე დაკითხა გამომძიებლები: გიორგი ქიტიაშვილსა და ირ---–-----ე, რომლებმაც დაადასტურეს მოცემულ საქმეზე მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

პალატა განმარტავს, რომ დასახელებული მოწმეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტის დადასტურება, ხოლო, გამომწვევი მიზეზებისა და რო-------–----–-–---–ის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტების დადგენა უნდა მოხდეს საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, შესაბამისად პალატა შეფასებას მისცემს აღნიშნულ მტკიცებულებებს, კერძოდ:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე, №99-ე ელ. განათების ბოძის მიმდებარედ. გზის გასწვრივ, ასფალტი არის ჰორიზონტალური, გზის ფენილობა ასფალტირებული, მშრალი, უდეფექტო. ავტომობილების სამოძრაო გზა განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის მეტრო სადგურ „სარაჯიშვილის“ მხრიდან ავჭალის დასახლების მიმართულებით და პირიქით, რომელსაც ერთმანეთისგან ჰყოფს გზის გამყოფი გაზონი, სადაც მოთავსებულია საგზაო ნიშანი მარცხნივ მოხვევა ნებადართულია, დაუთმე გზა და მოძრაობა მარცხნივ მეტრო სადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით. ავტომობილების სამოძრაო გზას მარჯვენა მხარეს ახლავს ტროტუარი. ასევე მარჯვენა მხრიდან უერთდება ჭედიას ქუჩა და სასაფლაოების შესასვლელი გზა, რომელთა დასაწყისში, ტროტუარზე მოთავსებულია საგზაო ნიშანი მოძრაობა მარჯვნივ და დაუთმე გზა. ავჭალის დასახლების მიმართულებით ავტომობილების სამოძრაო გზის სიგანე 9,50 მეტრია, რომელსაც მარჯვენა მხარეს ესაზღვრება ტროტუარი, სადაც განთავსებულია საგზაო ნიშანი მთავარი გზა, მოძრაობა პირდაპირ და მარჯვნივ, რომლის შემდგომ სავალ გზას მარჯვენა მხარეს უერთდება იპოლიტოვ ივანოვის ქუჩა. ქუჩის დასაწყისში ასფალტზე არის ჰორიზონტალური მონიშვნა ქვეითთა გადასასვლელი, რომლის წინაც სარაჯიშვილის გამზირზე გზის გამყოფი გაზონი წყდება 24,50 მეტრში, სადაც ავტომობილების მოხვევა ნებადართულია. იპოლიტო ივანოვის ქუჩის შემდეგ, ავჭალის დასახლების მხარეს ტროტუარზე დგას №99-ე ელ. განათების ბოძი, რომლიდანაც 24,50 მეტრის დაშორებით, მეტრო სადგურ „სარაჯიშვილის“ მხარეს ტროტუარზე მოთავსებულია დაზიანებული ელექტრო განათების ბოძი, რომელზეც შეჯახებულია ავტომობილი მერსედესი სახელმწიფო ნომრით Y------. ავტომობილის წინა მარჯვენა ნაწილი მოთავსებულია ტროტუარზე და რადიუსიდან დაშორებულია 0,50 მეტრით, ხოლო უკანა მარჯვენა ნაწილი მოთავსებულია სავალ გზაზე და ბორდიურიდან დაშორებულია 2,0 მეტრით. №99-ე ელ. განათების ბოძიდან 36,50 მეტრის დაშორებით, ავჭალის დასახლების მხარეს, სავალ გზაზე გაჩერებულია ავტომანქანა „მიცუბიში“ სახელმწიფო ნომრით, X--------, რომლის წინა და მარჯვენა კუთხე ბორდიურიდან დაშორებულია 1,20 მეტრით. გზის გამყოფი გაზონის კუთხიდან 8,30 მეტრის დაშორებით სავალ გზაზე აღინიშნება საბურავის კვალი, რომლის დასაწყისი ბორდიურიდან დაშორებულია 2,70 მეტრით, იგი სიგრძით არის 11,0 მეტრი და მთავრდება ავტომობილი მერსედესის უკანა მარცხენა საბურავთან, ხოლო ბორდიურიდან დაშორებულია 3,0 მეტრით. აღნიშნული საბურავის კვლის დასაწყისიდან 8,0 მეტრის დაშორებით ავჭალის დასახლების მხარეს სავალ გზაზე აღინიშნება კიდევ ერთი საბურავის კვალი, რომლის დასაწყისი ბორდიურიდან დაშორებულია 3,80 მეტრით, იგი სიგრძით არის 2,90 მეტრი და მისი ბოლო დაზიანებული ელ. განათების ბოძიდან ჰორიზონტალურად დაშორებულია 1,40 მეტრით, ხოლო ბორდიურიდან 4,0 მეტრით და ავტომობილ ,,მერსედესის’’ უკანა მარცხენა კუთხიდან 0,90 მეტრით. №99-ე ელ. განათების ბოძიდან 12,50 მეტრის დაშორებით მეტრო სადგურ „სარაჯიშვილის“ მხარეს ასფალტზე აღინიშნება მინის წვრილი ნაწილაკების ჩამონაყარი. შემთხვევის ადგილზე, ბორდიურის გასწვრივ აღინიშნება სითხის ჩამონაღვარი, ასევე მიმოფანტულია შემთხვევის ადგილზე მინისა და პლასტმასის ჩამონაყარი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს თან ერთვის სქემატური ნახაზი და ფოტოილუსტრაცია.

 

ის ფაქტი, რომ შემთხვევის შედეგად გი-------------–---–მა მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, დასტურდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კო------------–-----–---–მა. აღნიშნულს არც მხარეები ხდიან სადავოდ.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გაეზიარებინა სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის სისწორე დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმაც და რომლის თანახმად დასტურდებოდა რო-------–----–-–---–ის ბრალეულობა.

აპელანტის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, ექსპერტების მიერ აღებული სავარაუდო მონაცემების საფუძველზე კატეგორიული დასკვნის გაცემასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ასეთი პირობების არსებობისას შეუძლებელია დადგინდეს, რომელი ავტომობილის მძღოლის მიერ განხორციელებულმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. ვინაიდან, ექსპერტების მიერ საორიენტაციოდ აღებული ავტომანქანა „მერსედესის“ სიჩქარე - 70 კმ/სთ არ დასტურდება არც ერთი სხვა მტკიცებულებით, თავად დაზარალებულ გი-------------–---–ის ჩვენების გარდა, რაც აღნიშნულ დასკვნას არასანდოს ხდის. საეჭვოა ასევე ის გარემოება, რომ ექსპერტებმა, ერთი მხრივ, 11 მეტრიანი მუხრუჭის კვალის მიხედვით არ გამოთვალეს ავტომანქანა ,,მერსედესის“ სიჩქარე, ხოლო მეორე მხრივ, 11 მეტრიან მუხრუჭის კვალი გამოიყენეს იმის გამოსათვლელად, თუ რა მანძილით იქნებოდა დაშორებული ავტომანქანა ,,მერსედესი“ საფრთხის შექმნის მომენტიდან და შეძლებდა თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილებას. პალატა, ეთანხმება რა გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, აღნიშნავს, რომ ფორმულაში, რომლითაც ექსპერტებმა დაითვალეს, რა მანძილით იყო დაშორებული გი-------------–---–ი საფრთხის შექმნის მომენტიდან შეჯახების ადგილამდე, გამოიყენეს ორი ცალსახად სავარაუდო მონაცემი - ავტომანქანა ,,მერსედესის“ მოძრაობის სიჩქარე - 70 კმ/სთ და 11 მეტრი მუხრუჭის კვალი. ასეთ პირობებში კატეგორიული დასკვნის გაცემა და აღნიშნული დასკვნის გამამტყუნებელი განაჩენისათვის საფუძვლად დადება სცდება სამართლებრივ სტანდარტს, კერძოდ:

 

სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, მოცემულ პირობებში, ავტომობილ „მერსედეს“ Y-------ის მძღოლ გი-------------–---–ს, ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ავტომობილ ,,მიცუბიშ“-ზე შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა აღნიშნული ავტო-საგზაო შემთხვევა, არ აღინიშნება. კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა ავტომობილ ,,მიცუბიში’’, X-------- მძღოლ რო-------–----–-–---–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის დანართის N1-ის პრიორიტეტის ნიშნის 2.3. ,,დაუთმე გზა’’, მოთხოვნათა უგულებელყოფამ.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს მოცემული დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ გარემოებებზე, კერძოდ, მასში აღნიშნულია, გამომდინარე იქიდან, რომ მუხრუჭის კვლების დატოვების შემდეგ ავტომობილი ,,მერსედესი’’ შეეჯახა ავტომობილ ,,მიცუბიშს’’, რის შემდეგაც ავარდა ტროტუარზე და შეეჯახა ელექტრო განათების ბოძს, რაზედაც დაიხარჯა გარკვეული სიდიდის კინეტიკური ენერგია, სავალ ნაწილზე დატოვებული მუხრუჭის უგრძესი - 11 მ. სიგრძის კვალის მიხედვით, ავტომობილის ,,მერსედესის’’ სიჩქარის განსაზღვრას აზრი არ აქვს, რადგან მივიღებთ გაცილებით ნაკლებ სიჩქარეს, ვიდრე სინამდვილეში განვითარებული ჰქონდა ავტომობილ ,,მერსედესს’’ და აქედან გამომდინარე საექსპერტო კვლევებში ექსპერტებმა იხელმძღვანელეს საქმის მასალებში, კერძოდ, დაკითხვის ოქმში დაფიქსირებული ავტომობილ ,,მერსედესის’’-ის სიჩქარით - 70 კმ/სთ. საქმის მასალებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმის ამსახველი სხვა მონაცემი არ არის.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა კო------------–----------–---–მა და თე---------------ემ. ამასთან, მოწმე კო------------–----------–---–მა განმარტა, რომ ავტომანქანა ,,მერსედესის“ სიჩქარე აიღო მოწმის (გი-------------–---–ის) ჩვენებიდან, ვინაიდან მუხრუჭის კვალი არ ასახავდა ავტოსაგზაო შემთხვევის რეალურ სურათს. ასევე იხელმძღვანელა სავალ ნაწილზე დატოვებული მუხრუჭის (უგრძესი - 11 მ. სიგრძის) კვალის მიხედვით და ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, თუ რა მანძილით იქნებოდა დაშორებული 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი „მერსედესი“ შეჯახების ადგილიდან საფრთხის შექმნის მომენტში. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა თე---------------ემ განმარტა, რომ ავტომობილი ,,მერსედესის’’ მძღოლი ზუსტად რა სიჩქარით მოძრაობდა, გამოთვლა შეუძლებელია, რადგან ორი შეჯახება მოხდა და, შესაბამისად, არ იციან, რამდენით ჩაიხშო სიჩქარე „მიცუბიშთან“ და ბოძთან შეჯახების დროს. იმ შემთხვევაში თუ ის სიჩქარეს გამოთვლიდა უგრძესი 11 მ. მუხრუჭის კვალის მიხედვით მიიღებდა 45 კმ/სთ სიჩქარეს, რაც არარეალური იქნებოდა. ვინაიდან ,,მერსედესის’’ მძღოლი ორჯერ მეტს ამბობდა თავის ჩვენებაში. იხელმძღვანელა მოწმის ჩვენებით.

 

აპელანტი სააპელაციო საჩივარში ასევე აპელირებს ავტოტექნიკური ექსპერტიზის №1505/ა დასკვნაზე, რომლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, მძღოლ რო-------–----–-–---–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი, საგზაო პრიორიტეტის ნიშანი 2.3-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მძღოლ გი-------------–---–ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა, რამაც გამოიწვია მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება. დასკვნა გაცემულია ექსპერტ თე---------------ის მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ითვალისწინებს, რომ ექსპერტი გამოთვლების გასაკეთებლად იყენებს ავტომანქანა „მერსედესის“ მოძრაობის სავარაუდო, მხოლოდ დაზარალებულის მიერ მითითებული სიჩქარე - 70 კმ/სთ-ს, რაზეც პალატამ უკვე იმსჯელა კომისიური ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №2------- დასკვნას, რომლის თანახმად, წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული მექანიკური დაზიანებები განვითარებულია მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისას. ავტომობილზე ,,მერსედესი’’ სახ. №Y------ გარდა მექანიკური დაზიანებებისა ასევე აღინიშნება ძლიერი თერმული ზემოქმედების კვლები. /ავტომობილზე არსებული დაზიანებები იხილეთ დასკვნის კვლევით ნაწილში/. წარმოდგენილი ავტომობილის ,,მერსედესი’’ სახ. №Y------ საჭით მართვის მექანიზმისა და სამუხრუჭე სისტემის შემოწმება ვერ მოხერხდა, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო. ავტომობილი ,,მიცუბიში’’ სახ. №X-------- სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. წარმოდგენილი ავტომობილების გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხის (შეჯახების კუთხის) დადგენა მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა, ექსპერტმა გი--------------ემ, რომელმაც განმარტა, რომ ავტომანქანა „მერსედესის“ საჭით მართვის მექანიზმისა და სამუხრუჭე სისტემის ყველა კვანძი და დეტალი განადგურებულია ძლიერი თერმული ზემოქმედების გამო, ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმისა და სამუხრუჭე სისტემის შემოწმება ვერ მოხერხდა. შესაბამისად აღნიშნული დასკვნა ვერც ადასტურებს და ვერც უარყობს რო-------–----–-–---–ის ბრალეულობას.

 

ამასთან, გასათვალისწინებელია დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის „ალტერნატივა“ 2017 წლის 24 თებერვლის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №0---- დასკვნა, რომლის თანახმად, ავტომობილ ,,მერსედესი’’-ს Y------ მძღოლის გი-------------–---–ის მოქმედება არ შეესაბამებოდა საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს. მოცემულ პირობებში ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლს გი-------------–---–ს უნდა ემოქმედა საგზაო მოძრაობის წესების ნორმებით, რომლებიც მითითებულია კვლევით ნაწილში. საგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს გი-------------–---–ს შეეძლო ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება. მძღოლს რო-------–----–-–---–ის არ შეეძლო ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვა-–------------------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ „მიციბუშის“ მძღოლს რო-------–----–-–---–ს მხოლოდ გზის დათმობის ვალდებულება ჰქონდა და არა ავტომობილის სრულად გაჩერების, იმ შემთხვევაში თუ გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი არ მოდიოდა, შეეძლო მოძრაობა გაეგრძელებინა. ავტომობილ ,,მერსედესის’’ მოძრაობის სიჩქარე 70 კმ/სთ არასწორადაა მითითებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 მარტის №0-------- დასკვნაში და ,,მერსედესის’’ მძღოლი 70 კმ/სთ სიჩქარის ნაცვლად მისი გამოთვლებით მოძრაობდა 120 კმ/სთ სიჩქარით და სწორედ მის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ გამოიწვია აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა.

 

ურთიერთსაწინააღმდეგო და სავარაუდო მონაცემებზე დაყრდნობით გაცემული ექსპერტიზის დასკვნების ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება რო-------–----–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ცალმხრივი ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ რო-------–----–-–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, არ წარმოუდგენია არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რო-------–----–-–---–ის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტს. მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებდა მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ეყრდნობა სავარაუდო მონაცემებს, მიწოდებულს დაზარალებულ გი-------------–---–ის მიერ, რომელიც გამყარებული არ არის საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი სხვა მტკიცებულებით. ასეთი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არც სააპელაციო სასამართლოში წარმოუდგენია.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ რო-------–----–-–---–მა განახორციელა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა რო-------–----–-–---–ის დამნაშავეობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი რო-------–----–-–---–ის ბრალეულობის დასადგენად, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციონაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ხა----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

რო-------–----–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, რო-------–----–-–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ავტომობილი ,,მიცუბიში’’ სახელმწიფო ნომრით X--------, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე