განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2019
საქმის ნომერი
330100118002364032
ინსტანცია
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002364032

საქმე №1ბ/808-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ოთარ ჯუგაშვილის მდივნობით,პროკურორ - რ--------------ის,ადვოკატ - ლ-------------–---–ის მონაწილეობით,თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მ-----------–-----------–-------------ის მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - საქართველოს მოქალაქე, პირადი N4----------, დაბადებული 1----–-–----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ც-------------------------–---–---–-–ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------------ში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის განაჩენით:

 

მ------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მ------------------მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 7 აპრილს, მ------------------ი მაღაზია „გ--------------ს“ თანამშრომლებს გაეცნო და მოატყუა, თითქოს ქ------–--–---–-------–---------------ში ჰქონდა სარეაბილიტაციო ცენტრი, რომლის საქმიანობისთვისაც ესაჭიროებოდა მაღაზიაში არსებული გასაყიდი სხვადასხვა დასახელების პროდუქცია და შესთავაზა ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც ის ყოველთვიურად წაიღებდა გარკვეულ პროდუქტს, ხოლო ღირებულებას ყოველი თვის ბოლოს გადაიხდიდა. მაღაზია „გ--------------ს“ ხელმძღვანელი პირები ენდნენ მ------------------ს და გააფორმეს მასთან ხელშეკრულება. 2017 წლის 10 აპრილს მ------------------ი მივიდა ქ.თბილისში, ვაშლიჯვარში, ს-------–---–------------ში მდებარე მაღაზია „გრინ მარკეტში“ და თვალთმაქცური ხელშეკრულების საფუძველზე, იმ პირობით, რომ მოგვიანებით გადაიხდიდა პროდუქტების ღირებულებას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა 1301 ლარის ღირებულების ალკოჰოლურ სასმელს, სიგარეტსა და სხვა საკვებ პროდუქტს, რის შემდეგაც გაწყვიტა შპს „გრინ მარკეტთან“ ყოველგვარი კავშირი ისე, რომ მათი ღირებულება არ გადაუხდია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-----------–---მა და ითხოვა მასში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ მ------------------ისათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, თუმცა სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი და აშკარად ლმობიერია. პროკურორის განმარტებით, დანიშნული სასჯელი არ გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და სპეციფიკიდან.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა რ--------------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულ მ------------------ის ადვოკატმა ლ-------------–---–მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----------–---ის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მ------------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლის ხ-----------------------–----------------------------------------------------ის ჩვენებებით; 2011 წლის 17 ოქტომბრის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; 2017 წლის 27 აპრილის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; მოძრავი ნივთის ნასყიდობის 2017 წლის 8 აპრილის ხელშეკრულებით; 2018 წლის 17 იანვრით დათარიღებული შპს „გ--------------ს“ დირექტორის დავით ბაღდავაძის გამომძიებლისადმი მიმართვით; 2018 წლის 2 თებერვლის შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ლ--------------ის მიმართვის წერილით და საქმეში არსებული სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ მ------------------ის მიზანი თავიდანვე იყო მოტყუებით და დაზარალებულის შეცდომაში შეყვანის გზით დაუფლებოდა შპს ,,გ--------------ს“ კუთვნილ პროდუქციას, რაც განახორციელა კიდეც და დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. შესაბამისად, მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშული და პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისათვის.

 

რაც შეეხება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა, ვინაიდან პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე. მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან, შვიდ წლამდე.

 

მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს პალატა ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გაითვალისწინა კანონმდებლობის ზემოთაღნიშნული მოთხოვნები; შეაფასა მ------------------ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; მხედველობაში მიიღო ასევე დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და განსაზღვრა სასჯელი ჯარიმის სახით. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მ------------------ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, ზიანი სრულად აქვს ანაზღაურებული, ყავს ერთი შვილი, არ არის ნასამართლევი, ჩადენილი დანაშაულისათვის დადგენილი სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, სასამართლოს მიერ დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მ------------------ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი - ჯარიმა 2 500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

მ------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით.

 

მ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით ბრალდებულ მ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 3 000 (სამიათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: მევლუდი დავითაიას (პირადი N3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე, ქ----------------------------------------- (საკადასტრო კოდით 4------------------ - ძველი საკადასტრო კოდი N4------------------) იმ წილს, რაც ეკვივალენტურია შეფარდებული გირაოს თანხისა;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე