განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002670995
საქმე №3ბ/1742-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
30 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
წარმომადგენელი - ხ-------------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ხ---- უ----–--ა;
წარმომადგენელი - ა-----–---------ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის და ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 31 აგვისტოს №M---------------- ბრძანება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2018 წლის 7 სექტემბრის №M------------------- წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე ხ---- უ----–--ასთვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ხ---- უ----–--ას, 2019 წლის 14 თებერვლიდან თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ;
1.4. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ხ---- უ----–--ასთვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის გაანგარიშების თაობაზე;
1.5. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოსარჩელე ხ---- უ----–--ას აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური ხელფასი 2018 წლის 1 სექტემბრიდან, 2019 წლის 14 თებერვლამდე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხ---- უ----–--ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 31 აგვისტოს №M---------------- ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2018 წლის 7 სექტემბრის №M---------------- წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე ხ---- უ----–--ასთვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ხ---- უ----–--ას, 2018 წლის 1 სექტემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მხოლოდ პირადი სურვილით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ხ---- უ----–--ასთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის გაანგარიშების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1. მოსარჩელე ხ---- უ----–--ა 1--- წლიდან მსახურობს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა სამხედრო თანამდებობებზე, ხოლო 2014 წელს იგი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 1---ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის შტაბის S-1-ის უფროსის თანამდებობაზე და 2014 წლის 13 თებერვალს მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება (კონტრაქტი) 5 წლის ვადით.
3.2.2. მოსარჩელე ხ---- უ----–--ამ, 2018 წლის 20 აგვისტოს, პატაკით მიმართა შესაბამისი ბატალიონის მეთაურს და ითხოვა უფლებამოსილ თანამდებობის პირთან შუამდგომლობა მისი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის მიზნით.
3.2.3. პატაკის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, 2018 წლის 31 აგვისტოს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ხ---- უ----–--ას თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ხოლო ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა პირადი სურვილი და კონტრაქტის პირობების დარღვევა.
3.2.4. მოსარჩელე ხ---- უ----–--ამ, 2018 წლის 6 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს და მოითხოვა მისი სამხედროს სამსახურში ნამსახურები წლების გაანგარიშება, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშნვის მიზნით.
3.2.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2018 წლის 7 სექტემბრის M---------------- წერილით, ხ---- უ----–--ას ეცნობა, რომ "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. განემარტა, რომ ვინაიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 31 აგვისტოს N5179 ბრძანების თანახმად, დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან რეზერვში კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოთხოვნა წელთა ნამსახურეობის დაანგარიშების შესახებ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და განმარტა, რომ სამხედრო მოსამსახურეს აქვს უფლება პირადი სურვილით შეწყვიტოს სამხედრო სამსახური და დათხოვნილი იქნეს სამხედრო სამსახურიდან, თუ მას, სამხედრო სამსახურში აქვს ნამსახურები არანაკლებ 10 წელი, როგორც ოფიცერს.
საქმის განმხილველმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ხ---- უ----–--ამ კანონით მინიჭებული უფლების საფუძველზე გამოხატა საკუთარი სურვილი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის და შრომითი - სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, რასაც დაეთანხმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შესაბამისად, მათ შორის შრომითი - სამართლებრივი ურთიერთობა (კონტრაქტის პირობების მოქმედება) შეწყდა კანონის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით, მითითებულ ბრძანებაში, თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად კონტრაქტის პირობების დარღვევა არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნული ნორმების პირობებს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის ის განმარტება, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ უნდა გამოეცა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ხ---- უ----–--ას თანამდებობიდან 2018 წლის 1 სექტემბრიდან დათხოვნის თაობაზე, რადგან მას პატაკით არ განუსაზღვრავს ვადა სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას, ადმინისტრაციულ ორგანოს იმპერატიულად განუსაზღვრავს კანონი მიუხედავად იმისა, განმცხადებელმა მიუთითა, თუ არა ვადა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი - თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 31 აგვისტოს №M---------------- ბრძანება გამოსცა კანონით დადგენილ ვადაში, თუმცა, კანონთან შეუსაბამო საფუძვლით. ამდენად, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა, მისი თანამდებობიდან 2019 წლის 14 თებერვლიდან გათავისუფლების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
ვინაიდან, სასამართლოს მიერ უკანონოდ არ იქნა მიჩნეული მოსარჩელე ხ---- უ----–--ას 2018 წლის 1 სექტემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლება და 2019 წლის 14 თებერვლამდე იგი არ ჩაითვალა თანამდებობაზე აღდგენილად, ასევე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელის მოთხოვნა 2018 წლის 1 სექტემბრიდან, 2019 წლის 14 თებერვლამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების თაობაზე.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სრულად.
6. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
6.1. აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხ---- უ----–--ას 2014 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით უკვე ჰქონდა სამხედრო სამსახურში ნამსახურები 10 წელზე მეტი, მან იკისრა ვალდებულება, რომ სამხედრო სამსახურში კონტრაქტის პირობების საფუძველზე იმსახურებდა კიდევ ხუთი წელი.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს "სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილების მე-18 თავის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტი ჩაეთვლება დარღვევულად და ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ კონტრაქტით სხვა რამ არ არის დადგენილი) ქვეპუნქტების საფუძველზე.
აპელანტი უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ ხ---- უ----–--ამ საკუთარი ინიციატივით, ცალმხრივად მოითხოვა კონტრაქტის შეწყვეტა და "სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე სამსახურიდან დაითხოვეს. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ საფუძვლით დათხოვნის შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურეს სამინისტროსთან გაფორმებული აქვს კონტრქატი, კონტრაქტი ეთვლება დარღვეულად და მას წარმოეშვება ვალდებულება აანაზღაუროს კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მისივე განმარტებით, ხ---- უ----–--ამ იკისრა რა ვალდებულება ემსახურა 5 წლის ვადით სამხედრო სამსახურში, თუმცა მისი მხრიდან ვადაზე ადრე მოხდა ამ ვალდებულების შეწყვეტა, ეს ცალსახად წარმოადგენს კონტრაქტის პირობების დარღვევას და წარმომადგენელს მიაჩნია, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის "თ" ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევით) საფუძველზე კანონიერად განხორციელდა მისი დათხოვნა.
სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს გენერალური შტაბის 2018 წლის 7 სექტემბრის N8----- წერილის ბათილად ცნობის ნაწილშიც და განმარტავს, რომ ვინაიდან, ხ---- უ----–--ამ დაარღვია თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული კონსტრაქტის პირობები ის კანონიერად იქნა დათხოვნილი სამსახურიდან. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან ამგვარი ქმედება წარმოადგენს არამართლზომიერ ქმედებას, იმდენად რამდენადაც სამინისტრომ მის მომზადებაზე და პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურედ ჩამოყალიბებისათვის გასწია გარკვეული ხარჯები. გააჩნდა ნდობის ფაქტორი, რომ ხუთი წლის განმავლობაში ის იმსახურებდა სამხედრო სამსახურში და მონაწილეობას მიიღებდა დაგეგმილ და განსახორციელებელ პროგრამებში. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ამ სახით ძალაში დატოვება, პრეცედენტული იქნება იმ პირებისათვის ვინც ამავე მუხლით დათხოვნილნი იქნენ და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება. ასევე მათთვისაც, ვინც სამომავლოდ ანალოგიური საფუძვლით მოისურვებენ კონტრაქტის პირობების დარღვევას.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
პირველყოვლისა პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაჩივრებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 31 აგვისტოს №M---------------- ბრძანებისა და 2018 წლის 7 სექტემბრის №M------------------- წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობის, ასევე ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების (მოსარჩელე ხ---- უ----–--ას, 2018 წლის 1 სექტემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მხოლოდ პირადი სურვილით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ხ---- უ----–--ასთვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის გაანგარიშების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) გამოცემის დავალების ნაწილში, ხოლო სარჩელის დანარჩენ მოთხოვნებზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, პალატა მსჯელობს მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგენდეს, ხ---- უ----–--ას მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი კონტრაქტის პირობების დარღვევას.
საქმის მასალებით დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე ხ---- უ----–--ა 1--- წლიდან მსახურობს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა სამხედრო თანამდებობზე, ხოლო 2014 წელს იგი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 1---ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის შტაბის S-1-ის უფროსის თანამდებობაზე. 2014 წლის 13 თებერვალს მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება (კონტრაქტი) 5 წლის ვადით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ხ---- უ----–--ამ, 2018 წლის 20 აგვისტოს, პატაკით მიმართა შესაბამისი ბატალიონის მეთაურს და მოითხოვა საპენსიო სტაჟის შესრულების გამო უფლებამოსილ თანამდებობის პირთან შუამდგომლობა მისი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის მიზნით. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მოქმედებით ხ---- უ----–--ამ განახორციელა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება და გამოხატა საკუთარი სურვილი დათხოვნილიყო სამხედრო სამსახურიდან საპენსიო სტაჟის შესრულების გამო.
მიუხედავად პატაკით დაფიქსირებული მოთხოვნისა, ხ---- უ----–--ა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი იქნა სულ სხვა საფუძვლით, კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 31 აგვისტოს M---------------- ბრძანებით, მოსარჩელე ხ---- უ----–--ა დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2018 წლის 1 სექტემბრიდან, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" (პირადი სურვილით, თუ მან როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი), "თ" (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) (პირადი პატაკით) ქვეპუნქტების, ასევე "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის NM---------------- ბრძანების პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე - პირადი სურვილი და კონტრაქტის პირობების დარღვევა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი. ცალსახაა, რომ მითითებული ნორმის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს აქვს უფლება პირადი სურვილით შეწყვიტოს სამხედრო სამსახური და დათხოვნილი იქნეს სამხედრო სამსახურიდან, თუ მას, სამხედრო სამსახურში აქვს ნამსახურები არანაკლებ 10 წელი, როგორც ოფიცერს. რაც შეეხება "თ" ქვეპუნქტს, ნორმა მიუთითებს, რომ სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებას საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება და მხარეთა წერილობითი შეთანხმება. პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს სასამართლოს იმ განმარტებას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ხ---- უ----–--ამ კანონით მინიჭებული უფლების საფუძველზე გამოხატა საკუთარი სურვილი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის და შრომითი - სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, რასაც დაეთანხმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შესაბამისად, მათ შორის შრომითი - სამართლებრივი ურთიერთობა (კონტრაქტის პირობების მოქმედება) შეწყდა კანონის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით, მითითებულ ბრძანებაში, თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად კონტრაქტის პირობების დარღვევა არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნული ნორმების პირობებს.
პალატა აქვე მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში. ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სახედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო - სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ხ---- უ----–--ას შორის გაფორმებულ, ოფიცრების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ 2014 წლის 13 თებერვლის N4--- კონტრაქტზე, რომლის მე-7 მუხლით დარეგულირებულია კონტრაქტის შეწყვეტის, პასუხისმგებლობის შემთხვევები და ოდენობა. უფრო კონკრეტულად კი, 7.1.1 პუნქტით დადგენილია, რომ სამინისტროს ინიციატივით, მოსამსახურის წინასწარი ინფორმირების გარეშე მასთან კონტაქტი ცალმხრივად შეიძლება შეწყდეს თუ მოსამსახურეს წარმოეშვა და გამოიყენა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება განთავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან.
პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ხ---- უ----–--ამ (დაბადებული 1--------- წელს) 2018 წლის 20 აგვისტოს პატაკით მიმართა 1---ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის მეთაურს და ვინაიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა 1994 წლიდან, საპენსიო სტაჟის (20 წლის) შესრულების გამო მოითხოვა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ პერიოდში არ იყო დასრულებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ხ---- უ----–--ას შორის 2014 წლის 13 თებერვლს გაფორმებული N4--- კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა - 5 წელი, ამავე კონტრაქტის 7.1.1. მუხლზე არგუმენტირებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ხ---- უ----–--ას წარმოეშვა და გამოიყენა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება (შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი) გათავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან, რაც იმთავითვე გამორიცხავს კონტრაქტის პირობების დარღვევას და შესაბამისად, გამორიცხავს მისი მხრიდან არამართლზომიერი ქმედების ჩადენას.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 31 აგვისტოს M---------------- ბრძანებაში მოსარჩელე ხ---- უ----–--ას გათავისუფლების საფუძვლად "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის "თ" (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) (პირადი პატაკით) ქვეპუნქტების მითითების საფუძველი.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1--.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა ნ ა ჩ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -