განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002699316
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2019 წ. ქ.თბილისი
საქმე №2ბ/4500-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა, მიხეილ გოგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
აპელანტი - მი----–--------–---–ი, მა-----------ძე
წარმომადგენელი - რუ--------–---–--ძე
მოწინააღმდეგე მხარე - სს „მი----------------------------–-----------------------–ი“
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი
1. 2016 წლის 22 აპრილს სს „მი----------------------------–-----------------------–ს“ მა-----------ძესა და მი----–--------–---–ს შორის დაიდო N4054 სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, კრედიტის საერთო მოცულობა განისაზღრა 8 200 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 60 თვე, თვიური საპროცენტო განაკვეთი 2.5% თვეში, პირგასამტეხლო ვადაგადაცილების შემთხვევაში - გადასახდე-ლი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მა-----------ძის საკუთრე-ბაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: რუ--------------------–------------------------–---------------------------------------------------------4.
2. 2018 წლის 09 ოქტომბერს კრედიტორ სს „მი----------------------------–-----------------------–ი“-ს მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა თე--------–---–მა გასცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე მი----–--------–---–ის მიმართ, 22.04.2016 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით, შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: ძირითადი ვალდებულება 7 186.49 აშშ დოლარი, ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი 2.5% - გადაუხდელი თანხა 851.59 აშშ დოლარი 2018 წლის 03 ოქტომბრისათვის, პირგასამტეხლო - 2 870.57 აშშ დოლარი, აღსრულების ხარჯი 126.72 ლარი.
3. კერძო აღმასრულებელ ნი-------------ის 09.10.2018 წლის NA---------------- გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების თანახმად, მოვალე მი----–--------–---–ს განესაზღვრა 7 დღის ვადა, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სარჩელით მიმართეს მი----–--------–---–მა და მა-----------ძემ, რომლებმაც სს „მი----------------------------–-----------------------–ის“ სასარგებლოდ მოითხოვეს გაუქმდეს უკანონოდ გაცემული 2018 წლის 9 ოქტომბრის N18------2 სააღსრულებო ფურცელი, უსაფუძვლოდ დაკისრებული 8 176.56 აშშ დოლარის ამოსაღებად, ვინაიდან, რეალურად მა-----------ძისა და მი----–--------–---–ის დავალიანება სს „მი----------------------------–-----------------------–ი“-ს მიმართ შეადგენს 5 885.74 აშშ დოლარს.
5. სარჩელის საფუძვლები:
5.1. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 22 აპრილს სს „მი----------------------------–-----------------------–ს“, მა-----------ძესა და მი----–--------–---–ს შორის გაფორმდა N4054 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მა-----------ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ იქნა მი----–--------–---–ის სესხის გადახდის ვალდებულება. სესხის საერთო მოცულობაა 8 200 აშშ დოლარი, თვიური საპროცენტო განაკვეთი 2.5%, პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულებას თან ერთვის გადახდის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც მი----–--------–---–ი ვალდებულია სესხი დაფაროს ყოველი თვის 26 რიცხვში, 2021 წლის 22 აპრილამდე, თვეში გადასახდელი თანხის ოდენობაა 265 აშშ დოლარი. მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, 2018 წლის 3 ოქტომბრისათვის მოსარჩელის მიერ დაფარული უნდა ყოფილიყო 7685 აშშ დოლარი. რეალურად 2018 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით, მა-----------ძესა და მი----–--------–---–ს სს „მი----------------------------–-----------------------–ი“-ს ანგარიშზე შეტანილი აქვთ 7 414 აშშ დოლარი, რამდენადაც 2016 წლის 24 იანვრიდან 2017 წლის 25 მარტამდე, ასევე 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, მა-----------ძე და მი----–--------–---–ი სესხს ფარავდნენ ყოველი თვის 26 რიცხვში. მართალია, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 00------4 სესხზე ამონაწერის თანახმად, სესხზე გადახდის შეთანხმებული გრაფიკი დარღვეულია სულ ოთხჯერ, 2017 წლის მარტის თვეში, 2017 წლის ივნისის თვეში, 2017 წლის სექტემბრის თვეში და 2017 წლის ნოემბრის თვეში.
2017 წლის 6 ოქტომბრის წერილით, მა-----------ძეს ეცნობა არსებული დავალიანების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც 2017 წლის 25 ოქტომბერს გადახდილ იქნა 500 აშშ დოლარი, რომლიდანაც სესხის ძირითადი თანხიდან დაიფარა მხოლოდ 31.67 აშშ დოლარი, დანარჩენი თანხა მოპასუხემ მიმართა ვადაგადაცილებული პროცენტის 423.57 აშშ დოლარი და ჯარიმა 44.76 აშშ დოლარის დასაფარად. 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრამდე, მოსარჩელეები იხდიდნენ სესხის თანხას შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ მოპასუხის მიერ აღნიშნული თანხით სრულად იფარე-ბოდა 2017 წლის ნოემბრის თვის ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხული პირგასამ-ტეხლო, რის თაობაზეც მა-----------ძეს და მი----–--------–---–ს არ შეატყობინეს.
2018 წლის 3 ოქტომბერს სს „მი----------------------------–-----------------------–მა“ მი----–--------–---–ზე გასცა ცნობა, სადაც მოსარჩელეების დავალიანების თანხა განისაზღვრა 8 176.56 აშშ დოლარით, მათ შორის დარჩენილი ძირითადი თანხა შეადგენს 7 186.49 აშშ დოლარს, დარიცხული და მიუღებელი პროცენტები 851 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 138.48 აშშ დოლარი.
მოსარჩელის განმარტებით, ისიც არ იყო ცნობილი, რომ სს „მი----------------------------–-----------------------–ს“ რაიმე სახის პრეტენზია ქონდა მათ მიმართ. მას შემდეგ რაც წერილი მიიღო მა-----------ძემ, მოსარჩელეები მივიდნენ მოპასუხესთან და სრულად დაფარეს არსებული დავალიანება. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე მხოლოდ ერთი თვის დავალიანების არსებობის პირობებში, ისე რომ მას არც უცდია რაიმე სახის კონსენსუსისათვის მიეღწია მოსარჩელე მხარესთან. ამასთან, 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით გადახდილი სესხის თანხა სრულად მიმართა დარიცხული ჯარიმების დასაფარად, ისე, რომ ძირითადი სესხის თანხა რჩებოდა უცვლელი.
გარდა ამისა, მოპასუხემ დაარღვია 2016 წლის 22 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულების 7.1 პუნქტი, მის მიერ არ იქნა შესრულებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსს 873-ე მუხლის მოთხოვნები. მოსარჩელის განმარტებით, მი----–--------–---–ი 2016 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 3 ოქტომბრამდე თითქმის ყოველთვიურად იხდიდა სესხის დავალიანებას და მის მიერ გადახდის ზედიზედ ორი თვის ვადაგადაცილების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აღნიშნულს ადასტურებს თავად სს „მი----------------------------–-----------------------–ი“-ს მიერ წარმოდგენილი ამონაწერი.
სს „მი----------------------------–-----------------------–ი“-ს მიერ ბოროტად იქნა გამოყენებული კრედიტორის უფლებამოსილება, რამდენადაც მას შეეძლო კიდევ ერთხელ მიემართა მოსარჩელეთათვის და განემარტა ის გარემოება, რომ მათ მიერ არსებული დავალიანების სრულად დაფარვის მიუხედავად, კიდევ ერიცხებოდათ ვადაგადაცილებული დავალიანება ერთი თვის გადასახდელი თანხის ოდენობით და იმ შემთხვევაში თუ დაიფარებოდა აღნიშნული თანხა, მათ ზედმეტად არ დაერიცხებოდათ ჯარიმა, პროცენტი და სარგებელი.
2018 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, მი----–--------–---–ს დაფარული უნდა ქონდეს 7 685 აშშ დოლარი. 2018 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით, არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე დაფარული აქვს 7 414 აშშ დოლარი. ამასთან, სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, სხვაობა გადახდილ და გადასახდელ თანხებს შორის არის 271 აშშ დოლარი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულებით დადგე-ნილი სესხის თანხა იფარება ყოველთვიურად, უკანასკნელად მი----–--------–---–მა სესხი გადაიხადა 2018 წლის 25 სექტემბერს 265 აშშ დოლარის ოდენობით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილი აღსასრულებელი თანხის ოდენობა არ შეესაბამება არსებულ დავალიანებას, რაც დარიცხული პროცენტისა და ჯარიმის გათვალისწინებით 2018 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით უნდა შეადგენდეს 5 885.74 აშშ დოლარს, ნაცვლად 8 176.56 აშშ დოლარისა. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მი----–--------–---–ს გადახდილი აქვს 7 414 აშშ დოლარი, საიდანაც თანხის უმეტესი ნაწილით დაფარულია ვადაგადაცილებული სესხის პირგასამტეხლო, რაც ჯამში შეადგენს 2 870.57 აშშ დოლარს, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი 7 414 აშშ დოლარიდან 2018.98 აშშ დოლარი ჩაითვალა პირგასამტეხლოს დაფარვად.
6. მოპასუხის შესაგებელი:
6.1. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ ვინაიდან, გადახდები ხდებოდა დაგვიანებით, მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხებიდან დაფარულია ძირი - 1013.51 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებელი - 2 390.41 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე, ვადაგადაცილებული სარგებელი 2018.98 აშშ დოლარის ოდენობით და ჯარიმა 1991.10 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, საერთო ჯამში მოსარჩელის მიერ გადახდილი 7 414 აშშ დოლარიდან დარიცხულ ჯარიმებზე წავიდა მხოლოდ 1991.10 აშშ დოლარი და ძირითადად დაიფარა სარგებელი 4 409.39 აშშ დოლარის ოდენობით და ძირი 1013.51 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის - 2018 წლის 3 ოქტომბრისთვის დავალიანება შეადგენდა დარჩენილ ძირ თანხას 7 186.49 აშშ დოლარს, სარგებელს - 851.59 აშშ დოლარს და ჯარიმას 138.48 აშშ დოლარს, სულ დავალიანება შეადგენდა 8 176.56 აშშ დოლარს, რაც მითითებულია კიდეც გასაჩივრებულ სააღსრულებო ფურცელში.
მოპასუხის განმარტებით, სარჩელი უსაფუძვლოა, არ ემყარება არანაირ მტკიცებულებებს. სესხი ვადაგადაცილებაშია ჯერ კიდევ 2017 წლის 05 ივლისიდან, ხოლო გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხის გადახდა საერთოდ აღარ მომხდარა 2018 წლის 01 იანვრიდან, რის გამოც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები რეგულარულად შეუსრულებელია 2017 წლის ივლისიდან, საიდანაც თვეების განმავლობაში ზედიზედ არ ხდებოდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, ხოლო არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების შედეგად ვერ ხდებოდა ვადამოსული გადასახადების დაფარვა. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება შეწყვეტილია კანონიერად და ასევე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მი----–--------–---–ისა და მა-----------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც შეჩერდა ნოტარიუს თე--------–---–ის მიერ 2018 წლის 09 ოქტომბერს გაცემული N18------2 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება. (იხ. გადაწყვეტილება)
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მი----–--------–---–მა და მა-----------ძემ. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
8.1. აპელანტების განმარტებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ #00------4 სესხზე ამონაწერის თანახმად, სესხზე გადახდის შეთანხმებული გრაფიკი დარღვეულია სულ 4 ჯერ, 2017 წლის მარტის თვეში, 2017 წლის ივნისის თვეში, 2017 წლის სექტემბრის თვეში და 2017 წლის ნოემბრის თვეში.2017 წლის 4 ოქტომბერს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილი, რომლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მოვალემ დაფარა არსებული დავალიანება 500 აშშ დოლარის ოდენობით. სს „მი----------------------------–-----------------------–ი“-ს წარმომადგენელს არ მიუთითებია ის გარემოება, რომ დამატებით გადასახდელი იყო მიმდინარე თვის ანუ 2017 წლის ნოემბრის დავალიანება.გადახდის გრაფიკში ჩანს, რომ 2017 წლის დეკემბრის თვიდან 2018 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით ყოველთვიურად იხდიდნენ სესხის დავალიანებას, თუმცა აღნიშნული თანხით არ იფარებოდა სესხის ძირითადი თანხა და იფარებოდა ყოველთვიურად გაზრდილი პროცენტი. 2018 წლის 3 ოქტომბრიდან არ გადაუხდიათ ხელშეკრულების გრაფიკით დადგენილი თანხა იმ მიზეზით, რომ მიუხედავად ერთი წლის განმავლობაში გრაფიკით დადგენილი თანხების დაფარვისა, სს „მი----------------------------–-----------------------–მა“ შეწყვიტა ხელშკრულება და მიმართა კერძო აღმასრულებელს. მოსარჩელეების მხრიდან დაბალი იყო ნდობის ფაქტორი და არ გააგრძელეს შეწყვეტილი ხელშკრულების საფუძველზე თანხების გადახდა.
8.2. აპელანტების განმარტებით, მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, 2018 წლის 3 ოქტომბრისთვის მოსარჩელის მიერ დაფარული უნდა ყოფილიყო 7685 აშშ დოლარი. რეალურად 2018 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით, მა-----------ძისა და მი----–--------–---–ის სს „მი----------------------------–-----------------------–ის“ ანგარიშზე შეტანილი აქვთ 7414 აშშ დოლარი, რამდენადაც 2016 წლის 24 იანვრიდან 2017 წლის 25 მარტამდე, ასევე 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, მა-----------ძე და მი----–--------–---–ი სესხს ფარავდნენ ყოველი თვის 26 რიცხვში. 2017 წლის 6 ოქტომბრის წერილით, მა-----------ძეს ეცნობა არსებული დავალიანების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც 2017 წლის 26 ოქტომბერს გადახდილი იქნა 500 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხიდან დაიფარა მხოლოდ 31.67 აშშ დოლარი, დანარჩენი თანხა მოპასუხემ მიმართა ვადაგადაცილებული პროცენტის 423.57 აშშ დოლარი და ჯარიმა 44.76 აშშ დოლარის დასაფარად. 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრამდე, მოსარჩელეები იხდიდნენ სესხის თანხას შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ მოპასუხის მიერ აღნიშნული თანხით სრულად იფარებოდა 2017 წლის ნოემბრის თვის ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლო, რის თაობაზეც მა-----------ძეს და მი----–--------–---–ს არ შეატყობინეს. სს „მი----------------------------–-----------------------–მა“ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე მხოლოდ ერთი თვის დავალიანების არსებობის პირობებში, ისე რომ არ უცდია რაიმე სახის კონსესუსისთვის მიეღწია. 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით გადახდილი სესხის თანხა სრულად მიმართა დარიცხული ჯარიმების დასაფარად, ისე რომ ძირითადი სესხის თანხა რჩებოდა უცვლელი.
8.3. აპელანტების განმარტებით, სს „მი----------------------------–-----------------------–ის“ მიერ არ იქნა შესრულებული სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი, რადგან 2016 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 3 ოქტომბრამდე თითქმის ყოველთვიურად იხდიდა სესხის დავალიანებას და მის მიერ გადახდის ზედიზედ ორი თვის ვადაგადაცილების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ამასთან არავითარი დამატებითი ვადა გადახდისთვის განსაზღვრული არ ყოფილა. მოპასუხემ ბოროტად გამოიყენა კრედიტორის უფლებამოსილება, რადგან მას შეეძლო მიემართა მოვალეებისთვის და განემარტა, რომ მათ მიერ არსებული დავალიანების დაფარვის მიუხედავად, კიდევ ერიცხებოდათ ვადაგადაცილებული დავალიანება ერთი თვის გადასახდელი თანხის ოდენობით და იმ შემთხვევაში თუ დაიფარებოდა აღნიშნული თანხა, მათ ზედმეტად არ დაერიცხებოდათ ჯარიმა, პროცენტი და პირგასამტეხლო.
8.4. აპელანტების განმარტებით, კერძო აღმასრულებლის ნი-------------ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილი აღსასრულებელი თანხის ოდენობა არ შეესაბამება არსებულ დავალიანებას, რაც დარიცხული პროცენტისა და ჯარიმის გათვალისწინებით 2018 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით უნდა შეადგენდეს 5885.74 აშშ დოლარს, ნაცვლად 8176.56 აშშ დოლარისა.
სამოტივაციო ნაწილი
9. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
10. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტი) და სასამართლოს დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და დამატებით განმარტავს შემდეგს:
11. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს: გაუქმდეს უკანონოდ გაცემული 2018 წლის 9 ოქტომბრის N18------2 სააღსრულებო ფურცელი, უსაფუძვლოდ დაკისრებული 8 176.56 აშშ დოლარის ამოსაღებად, ვინაიდან, რეალურად მა-----------ძისა და მი----–--------–---–ის დავალიანება სს „მი----------------------------–-----------------------–ი“-ს მიმართ შეადგენს 5 885.74 აშშ დოლარს.
12. აპელანტების განმარტებით, 2018 წლის 3 ოქტომბრისთვის მოსარჩელის მიერ დაფარული უნდა ყოფილიყო 7685 აშშ დოლარი. 2018 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით, მა-----------ძისა და მი----–--------–---–ის სს „მი----------------------------–-----------------------–ის“ ანგარიშზე შეტანილი აქვთ 7414 აშშ დოლარი, რამდენადაც 2016 წლის 24 იანვრიდან 2017 წლის 25 მარტამდე, ასევე 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, მა-----------ძე და მი----–--------–---–ი სესხს ფარავდნენ ყოველი თვის 26 რიცხვში. 2017 წლის 6 ოქტომბრის წერილით, მა-----------ძეს ეცნობა არსებული დავალიანების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც 2017 წლის 26 ოქტომბერს გადახდილი იქნა 500 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხიდან დაიფარა მხოლოდ 31.67 აშშ დოლარი, დანარჩენი თანხა მოპასუხემ მიმართა ვადაგადაცილებული პროცენტის 423.57 აშშ დოლარი და ჯარიმა 44.76 აშშ დოლარის დასაფარად.
პალატა აღნიშნავს, რომ სესხის ამონაწერის თანახმად მსესხებლის მიერ გადახდები 2016 წლის ივნისიდან ხდებოდა დაგვიანებით, ხოლო ზოგჯერ საერთოდ თვეების გამოტოვებით. სესხი ვადაგადაცილებაშია 2017 წლის 25 ივნისიდან, რის შემდგომაც გადახდილი თანხებით მხოლოდ ორჯერ მოხდა სესხის ძირითადი თანხის დაფარვა 31.67 აშშ დოლარის და 27.34 აშშ დოლარის, სულ 59.01 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად გადახდილი თანხებიდან დაფარულია ძირი - 1013.51 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებელი - 2 390.41 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე, ვადაგადაცილებული სარგებელი 2018.98 აშშ დოლარის ოდენობით და ჯარიმა 1991.10 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, საერთო ჯამში მოსარჩელის მიერ გადახდილი 7 414 აშშ დოლარიდან დარიცხულ ჯარიმებზე დაიფარა მხოლოდ 1991.10 აშშ დოლარი და ძირითადად დაიფარა სარგებელი 4 409.39 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ძირი 1013.51 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის - 2018 წლის 3 ოქტომბრისთვის დავალიანება შეადგენდა დარჩენილ ძირ თანხას 7 186.49 აშშ დოლარს, სარგებელს - 851.59 აშშ დოლარს და ჯარიმას 138.48 აშშ დოლარს, სულ დავალიანება შეადგენდა 8 176.56 აშშ დოლარს, რაც მითითებულია კიდეც გასაჩივრებულ სააღსრულებო ფურცელში.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მოსარჩელეს ეკისრება. სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, მისცეს მოვალეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს, თუმცა კანონმდებელი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ მოითხოვოს ხსენებული საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. დოკუმენტის (ვალის გადახდის თაობაზე საბუთის) ფლობა აუცილებელია მოვალისათვის, რადგან მას მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე კრედიტორისაგან არ ითხოვს საბუთს ვალდებულების შესრულების შესახებ, უნდა ითქვას, რომ ამით ის იჩენს გარკვეულ წინდაუხედაობას ან ზედმეტ ნდობას კრედიტორის მიმართ. საბოლოოდ, ეს ფაქტორი მთლიანად უკავშირდება მის რისკს და განაპირობებს მისი მხრიდან ვალდებულების არსებობა-არარსებობის ფაქტს. იმავე შინაარსს აყალიბებს კანონმდებელი სსკ-ის 431-ე მუხლშიც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების მიღების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია, კრედიტორისაგან მოითხოვოს სავალო საბუთის დაბრუნება ან გაუქმება, შეუძლებლობის შემთხვევაში კი-ვალდებულების შეწყვეტის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა.(შდრ. სუსგ 11.11.2015, №ას-570-541-2015). ამდენად, კანონის თანახმად, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რამაც შესაძლოა, განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. (ას-241-241-2018)
მოცემულ შემთხვევაში აპელანტების მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ იქნა, რის საფუძველზეც პალატა მიიჩნევს, რომ მი----–--------–---–ის მიერ 2016 წლის 22 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.
13. როგორც თავად აპელანტები განმარტავენ, სესხზე გადახდის შეთანხმებული გრაფიკი დარღვეულია სულ 4 ჯერ, 2017 წლის მარტის თვეში, 2017 წლის ივნისის თვეში, 2017 წლის სექტემბრის თვეში და 2017 წლის ნოემბრის თვეში.2017 წლის 4 ოქტომბერს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილი, რომლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაფარა არსებული დავალიანება 500 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა სს „მი----------------------------–-----------------------–ი“-ს წარმომადგენელს არ მიუთითებია ის გარემოება, რომ დამატებით გადასახდელი იყო 2017 წლის ნოემბრის დავალიანება. 2018 წლის 3 ოქტომბრიდან არ გადაუხდიათ ხელშეკრულების გრაფიკით დადგენილი თანხა იმ მიზეზით, რომ მიუხედავად ერთი წლის განმავლობაში გრაფიკით დადგენილი თანხების დაფარვისა, სს „მი----------------------------–-----------------------–მა“ შეწყვიტა ხელშკრულება და მიმართა კერძო აღმასრულებელს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მოიხმოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებას საქმეზე ას-145-135-2015, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით განსაზღვრულ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას, რომლის დაბრუნებაც გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, როგორც სესხის ხელშეკრულების ნაირსახეობა, მოწესრიგებულია სპეციალური ნორმებით, ამ ნორმათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია, რომ კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული.
როგორც საქმის მასალებით დგინდება, 2016 წლის 22 აპრილს სს „მი----------------------------–-----------------------–ს“ მა-----------ძესა და მი----–--------–---–ს შორის დაიდო N4054 სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, კრედიტის საერთო მოცულობა განისაზღრა 8 200 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 60 თვე, თვიური საპროცენტო განაკვეთი 2.5% თვეში, პირგასამტეხლო ვადაგადაცილების შემთხვევაში - გადასახდე-ლი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მა-----------ძის საკუთრე-ბაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: რუ--------------------–------------------------–---------------------------------------------------------4.
როგორც ზემოთ აღინიშნა აპელანტები განმარტავენ, რომ სესხზე გადახდის შეთანხმებული გრაფიკი დარღვეულია 2017 წლის მარტის თვეში, 2017 წლის ივნისის თვეში, 2017 წლის სექტემბრის თვეში და 2017 წლის ნოემბრის თვეში.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. განსახილველი მუხლი ეხება საბანკო-საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტას კრედიტის არა მიმღების, არამედ გამცემის მიერ. ეს შესაძლებელია კანონიერი საფუძვლის არსებობისას. ასეთ საფუძვლად კი მიჩნეულია კრედიტის ამღების მხრივ კრედიტის ნაწილის, სულ ცოტა, ორი ვადით გადახდის გადაცილება მაშინ, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება განსაზღვრულ ვადაში. დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტის გამცემს უფლება აქვს მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა, თუკი კრედიტის ამღები ზედიზედ ორჯერ არ შეასრულებს კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნების ვალდებულებას. ხელშეკრულების დადების უფლება, ისევე როგორც ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება, თავისუფალი კონტრაგირების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი თავად წყვეტს, მიუხედავად კონტრაგენტის მიერ ვალდებულებების დარღვევისა, დარჩეს ხელშეკრულებაში, თუ შეწყვიტოს მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობა. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოადგენს კრედიტის გამცემის უფლებას და არა მის ვალდებულებას. ხელშეკრულება შესრულების ზედიზედ ორჯერ ვადის გადაცილებით ავტომატურად არ წყდება. მხარეებმა უნდა გამოხატონ ნება ხელშეკრულების შეწყვეტაზე. კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა ან გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი წარმოადგენს კრედიტორის უფლებას და არა ვალდებულებას, და მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული.
ამდენად, აპელანტების მიერ მითითებული გარემოება, რომ მათ მიერ გადახდის ზედიზედ ორი თვის ვადაგადაცილების შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ბანკის მხრიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა უსაფუძვლოა.
14. რაც შეეხება აპელანტების მიერ მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ ბოროტად გამოიყენა კრედიტორის უფლებამოსილება, რადგან მას შეეძლო მიემართა მოვალეებისთვის და განემარტა, რომ მათ მიერ არსებული დავალიანების დაფარვის მიუხედავად, კიდევ ერიცხებოდათ ვადაგადაცილებული დავალიანება ერთი თვის გადასახდელი თანხის ოდენობით და იმ შემთხვევაში თუ დაიფარებოდა აღნიშნული თანხა, მათ ზედმეტად არ დაერიცხებოდათ ჯარიმა, პროცენტი და პირგასამტეხლო, პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით რეგლამენტირებულია უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობის პრინციპი, კერძოდ, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, უფლების ბოროტად გამოყენებას მაშინ აქვს ადგილი, თუ პირი მოქმედებს არამართლზომიერად, ამასთან, ქმედება მიზნად ისახავს მხოლოდ სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას და არ ემსახურება საკუთარი უფლების დაცვას ან აღდგენას. ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევიდან დაუყოვნებლივ არ წარადგინა სარჩელი სასამართლოში, არ შეიძლება განვიხილოთ უფლების ბოროტად გამოყენებად, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მოსარჩელემ საკუთარი უფლების რეალიზაცია მოახდინა კანონით დადგენილ ხანდაზმულობის ვადაში და მისი ქმედება კანონიერ მიზნებს ემსახურება“ (იხ. სუსგ №ას-1385-1307-2012, 7 თებერვალი, 2013 წელი, სუსგ № ას-145-135-2015).
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
15. საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მი----–--------–---–ის და მა-----------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა
მიხეილ გოგიშვილი