განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
150210118002669401
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 150210118002669401

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 2019 წ. ქ.თბილისი

საქმე №2ბ/2094-19

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

 

აპელანტი - ხა------------------ნ

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თი---------ი”

 

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2015 წლის 05 თებერვალს ს.ს. ,,თი---------სა” და პო--------------ს შორის დაიდო N0--------------1 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი და მხარეები შეთანხმდნენ საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესსა და პირობებზე.

 

2. 2017 წლის 16 ივნისს სს ,,თი---------სა" და პო--------------ს შორის დაიდო N3-------------3 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 19000 (ცხრამეტიათასი) ლარი 22 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 18%-ის გადახდევინებით.

 

3. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 16 ივნისს სს ,,თი---------სა" და არ------------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N12----------3, რის საფუძველზეც არ------------მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის მიმართ, N3-------------3 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 24700 (ოცდაოთხიათასშვიდასი) ლარის ფარგლებში.

 

4. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 16 ივნისს სს ,,თი---------სა" და ხა------------------ნს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N12----------6, რის საფუძველზეც ხა------------------ნმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის მიმართ, N3-------------3 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 24700 (ოცდაოთხიათასშვიდასი) ლარის ფარგლებში.

 

5. 2017 წლის 16 ივნისს სს ,,თი---------------ას" მიერ განხორციელდა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა. სადაზღვევო პოლისით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა სადაზღვევო თანხის წლიურ 1%-ს.

 

6. მსესხებელმა პო--------------მა არ შეასრულა N3-------------3 სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ აწარმოა სესხის გადახდა დადგენილი გრაფიკის მიხედვით, რის გამოც მას დაუგროვდა ვადამოსული დავალიანება სს ,,თი---------ის" მიმართ, რაც დღეის მდგომარეობით N3-------------3 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 21363,50 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15200 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 1677,80 ლარს, ჯარიმა 4436,43 ლარია, ხოლო დაზღვევის პრემია შეადგენს 49,27 ლარს.

 

7. იმის გამო, რომ არ შესრულდა ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, მსესხებელს მისი განცხადების საფუძველზე გახსნილ ელ. ფოსტაზე 2018 წლის 18 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება (გამაფრთხილებელი წერილი) სესხის გადაუხდელობის გამო მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ, ხოლო თავდებებს 2018 წლის 01 აგვისტოს საცხოვრებელ მისამართზე მიუტანეს და იქ მყოფ მათი ოჯახის წევრებს - მეუღლეებს ჩააბარეს შეტყობინებები (გამაფრთხილებელი წერილები), თუმცა უშედეგოდ, მაინც არ მომხდარა მიმდინარე დავალიანების დაფარვა, რის გამოც მსესხებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შემდგომმა გაგრძელებამ აზრი დაკარგა და ბანკი იძულებული შეიქმნა თავის უფლებათა დასაცავად მიემართა სასამართლოსათვის.

 

8. ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს „თი---------მა“ და მოითხოვა მოპასუხეებს პო--------------ს, არ------------ს და ხა------------------ნს N3-------------3 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომიდნარე ს.ს. ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანებული თანხიდან 19000 (ცხრამეტიათასი) ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15200 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 1677,80 ლარს, დაზღვევის პრემია შეადგენს 49,27 ლარს, ხოლო ჯარიმის სახით ბანკის მოთხოვნა შეადგენს 2072,93 ლარს).

 

9. სარჩელის საფუძვლები:

9.1. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 05 თებერვალს ს.ს. ,,თი---------სა” და პო--------------ს შორის დაიდო N0--------------1 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი და მხარეები შეთანხმდნენ საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესსა და პირობებზე. 2017 წლის 16 ივნისს სს ,,თი---------სა" და პო--------------ს შორის დაიდო N3-------------3 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 19000 (ცხრამეტიათასი) ლარი 22 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 18%-ის გადახდევინებით. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 16 ივნისს სს ,,თი---------სა" და არ------------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N12----------3, რის საფუძველზეც არ------------მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის მიმართ, N3-------------3 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 24700 (ოცდაოთხიათასშვიდასი) ლარის ფარგლებში. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 16 ივნისს სს ,,თი---------სა" და ხა------------------ნს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N12----------6, რის საფუძველზეც ხა------------------ნმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის მიმართ, N3-------------3 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 24700 (ოცდაოთხიათასშვიდასი) ლარის ფარგლებში.საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების მე-7 მუხლის, N3-------------3 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების და გადახდის გრაფიკის თანახმად, მსესხებელს უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი, თუმცა პო--------------მა დაარღვია ხელშეკრულების პირობები არ გადაიხადა სესხის თანხა, რის გამოც მსესხებელსმოპასუხეებს პო--------------ს, არ------------ს და ხა------------------ნს N3-------------3 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომიდნარე ს.ს. ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დააკისროთ დავალიანებული თანხიდან 19000 (ცხრამეტიათასი) ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15200 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 1677,80 ლარს, დაზღვევის პრემია შეადგენს 49,27 ლარს, ხოლო ჯარიმის სახით ბანკის მოთხოვნა შეადგენს 2072,93 ლარს). 2018 წლის 18 სექტემბერს ელექტრონული ფოსტით ჩაბარდა გამაფრთხილებელი წერილი, ხოლო თავდებებს 2018 წლის 01 აგვისტოს საცხოვრებელ მისამართზე მივუტანეთ და იქ მყოფ მათი ოჯახის წევრებს - მეუღლეებს ჩავაბარეთ გამაფრთხილებელი წერილები თუმცა უშედეგოდ, მაინც არ მომხდარა მიმდინარე დავალიანების დაფარვა, რის გამოც მსესხებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შემდგომმა გაგრძელებამ აზრი დაკარგა და ბანკი იძულებული შეიქმნა თავის უფლებათა დასაცავად მოემართა სასამართლოსათვის.

 

10. მოპასუხის შესაგებელი:

 

10.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი სარჩელი არ ცნეს, თუმცა დავალიანების ფაქტი არ უარყვეს, ამასთან მოსარჩელის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ. მათი განმარტებებით, ცუდი ეკონომიური მდგომარეობის გამო სესხის დაფარვისათვის შესაძლებლობა არ გააჩნიათ. მოპასუხეებმა ვალის დაფარვის მიზნით ითხოვეს ახალი გრაფიკის შედგენა, ასევე ჯარიმისა და დაზღვევის თანხის შემცირება.

 

11. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „თი---------ის“ სარჩელი პოღოს კაროიანის, არ------------ის და ხა------------------ნის მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს პოღოს კაროიანს, არ------------ს და ხა------------------ნს N3-------------3 საბანკო კრედის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანებული თანხიდან 19000 (ცხრამეტი ათასი) ლარის გადახდა, საიდანაც: სესხის ძირი თანხაა - 15200 ლარი, დასაფარი პროცენტი - 1677.80 ლარი, დაზღვევის პრემია - 49.27 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო (ჯარიმის)- 2072.93 ლარი; (იხ. გადაწყვეტილება)

11.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განჩინებით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ სამოქალაქო #2/197-18 საქმეზე 2019 წლის 07 თებერვალს გამოტანილ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში და დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ განჩინების აღწერილობით ნაწილში შევიდა შესწორება, კერძოდ პოღოს კაროიანის ნაცვლად მიეთითა პო--------------;

 

12. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ხა------------------ნმა. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

12.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ მათთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა მოტყუებით დადებულ გარიგებას და სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის მოთხოვნები, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი.

აღნიშნულის საფუძველზე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება და უარი ეთქვას სს „თი---------ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი

 

13. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

14. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტი) და სასამართლოს დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

15. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დაკისრება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი /საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით/, 873-ე მუხლი /კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა./ 417-ე მუხლი /პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის/ 895-ე მუხლი /თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა/.

 

16. პალატა უპირველესად განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებელით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, თუმცა დავალიანების ფაქტი არ უარყვეს, ამასთან მოსარჩელის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ. მათი განმარტებებით, მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები შედგენილი იყო მათთვის გაუგებარ ენაზე და მისი შინაარსი მათთვის უცნობი იყო. მოსარჩელემ გამოიყენა თავის დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე და მათთან გააფორმა თავდებობის ხელშეკრულებები კაბალური პირობებით. მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო სესხის დაფარვისათვის შესაძლებლობა არ გააჩნიათ. მოპასუხეებმა ვალის დაფარვის მიზნით ითხოვეს ახალი გრაფიკის შედგენა, ასევე ჯარიმისა და დაზღვევის თანხის შემცირება. (იხ. შესაგებელი, 07.02.2019 წლის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი)

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ხა------------------ნი აღნიშნავს, რომ მათთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა მოტყუებით დადებულ გარიგებას და სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის მოთხოვნები.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა სესხის ხელშეკრულებიდან, ასევე, სესხის ძირითადი თანხისა, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, რაც გამორიცხავს მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან მოპასუხის სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული პრეტენზია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოტყუებით დადებულ გარიგებად მიჩნევასთან დაკავშირებით ვერ გახდება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, ვინაიდან ამ ფაქტებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით შედავება არ განუხოციელებია, არც აპელანტს და არც დანარჩენ მოპასუხეებს რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოში მათი განხილვის შესაძლებლობას.

 

17. პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი შეეხება სესხისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების დარღვევის საფუძველზე წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულებას.

 

18. პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ არ იცის ქართული ენა და მისთვის უცნობი იყო ხელშეკრულებების შინაარსი, რადგან საქმეში წარმოდგენილი თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მოპასუხის მიერ შესრულებულია ქართულ ენაზე და ივარაუდება, რომ მისთვის ხელშეკრულების შინაარსი და პირობები ცნობილია. პალატა მიიჩნევს განმარტოს, რომ იმ შემთხვევაში თუ აპელანტი სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლში მოიაზრებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც მითითებულია შესაგებელში, სადაც აღნიშნავს, რომ არ იციან ქართული ენა და მათთვის უცნობი იყო ხელშეკრულებების შინაარსი, აღნიშნულიც ვერ იქნება გაზიარებული, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში სწორედ აპელანტის (მოპასუხის) ინტერესის სფეროს წარმოადგენს იმის მტკიცება, რომ მათ მიერ გამოვლენილი ნება არ შეესაბამებოდა მათ ნამდვილ ნებას და გარიგების დადების მიზნით მოატყუეს. სამოქალაქო სამართალში აღიარებული მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით, მოპასუხემ ვერ შეძლო სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით გაექარწყლებინა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ვერ შეძლო მითითება დოკუმენტების (ხელშეკრულებების) შეუსაბამობის თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

19. საპროცესო ხარჯები

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით აპელანტი ხა------------------ნი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ხა------------------ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი