განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001014864
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08ოქტომბერი,2019წელი თბილისი
საქმე №2ბ/5380-18
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: გოდერძი გიორგიშვილი, მიხეილ გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტები - ე---------- თ-----–---–ი, მ--–---- გ----------ი
წარმომადგენლები - შ----- კ----------ე (ე---------- თ-----–---–ი), მ----- ა-------–- (მ--–---- გ----------ი)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ--- მ--------
წარმომადგენელი - გ----------------–--–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება
აპლანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე---------- თ-----–---–ის და მ--–---- გ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2010 წლის 30 აგვისტოს, რ----- ბ----–---–ს და ნ--- მ--------ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე რ----- ბ----–---–მა ნ--- მ--------ს მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, კ--------- მე-2 შესახვევი, #1ა, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0------------------.5--.
2010 წლის 30 აგვისტოს, რ----- ბ----–---–ს და ნ--- მ--------ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე რ----- ბ----–---–მა ნ--- მ--------ს მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, კ--------- მე-2 შესახვევი, #1ა, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0------------------------
ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ--- მ--------ს საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 40-41)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 42-43)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 5-6)
2.2. 2010 წლის 06 ნოემბერს, რ----- ბ----–---–ს და ნ--- მ--------ს შორის გაფორმდა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ნ--- მ--------მ იკისრა ვალდებულება რ----- ბ----–---–ის მიმართ არსებული ვალი - 46 000 აშშ დოლარი გადაეხადა 2011 წლის 01 აპრილამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2010 წლის 06 ნოემბრის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 44-46)
2.3. ნ--- მ--------ს 2010 წლის 06 ნოემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 29-30)
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2018 წლის 24 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმი
2.4. რ----- ბ----–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის 31 ივლისს. სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით რ----- ბ----–---–ი შეიცვალა უფლებამონაცვლეებით - ე---------- თ-----–---–ით და მ--–---- გ----------ით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების აქტის ჩანაწერი (ტომი 1, ს.ფ. 217)
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.5. მოსარჩელეების მოთხოვნა ხანდაზმულია.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის 2010 წლის 06 ნოემბრის ხელშეკრულებით აღიარებული ვალის - 46 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
დადგენილია, რომ 2010 წლის 30 აგვისტოს, რ----- ბ----–---–ს და ნ--- მ--------ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც რ----- ბ----–---–მა ნ--- მ--------ს მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული ორი ერთეული უძრავი ქონება.
2010 წლის 06 ნოემბერს, რ----- ბ----–---–ს და ნ--- მ--------ს შორის გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ--- მ--------მ აღიარა რ----- ბ----–---–ის მიმართ ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილის - 46 000 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების არსებობის ფაქტი და იკისრა ვალდებულება, რომ აღნიშნულ თანხას კრედიტორს გადაუხდიდა 2011 წლის 01 აპრილამდე. 2010 წლის 06 ნოემბრის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ,,ვალი წარმოადგენს 2010 წლის 30 აგვისტოს მხარეთა შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილს".
სასამართლომ განმარტა, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. ვალის აღიარების ხელშეკრულება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2010 წლი 06 ნოემბრის ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ 2010 წლის 30 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის ვადაზე. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის საფასურის დარჩენილ ნაწილს მოპასუხე დაფარავდა 2011 წლის 01 აპრილამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს შემდეგს - ,,სასარჩელო მოთხოვნა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და იგი არ არის მიმართული ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული გარიგების ბათილად ცნობისაკენ, რომლითაც განიკარგა უძრავი ნივთი, პალატის მოსაზრებით, სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა უნდა იქნას გამოყენებული" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე #ას-1264-1204-2014).
მოცემულ შემთხვევაშიც, მართალია დავა გამომდინარეობს უძრავი ქონების ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, თუმცა სარჩელით მოსარჩელე ითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებას. შესაბამისად, ნასყიდობის საგნის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
2010 წლის 06 ნოემბრის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს ნასყიდობის საგნის ღირებულება უნდა გადაეხადა 2011 წლის 01 აპრილამდე. შესაბამისად, მოთხოვნის უფლება ნ--- მ--------ს მიმართ წარმოიშვა 2011 წლის 02 აპრილიდან. სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლაც დაიწყო აღნიშნული თარიღიდან და დასრულდა 2014 წლის 02 აპრილს.
დადგენილია, რომ რ----- ბ----–---–ს 2014 წლის 02 აპრილის ჩათვლით სასამართლოში სარჩელი არ წარუდგენია. მოსარჩელემ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით სასამართლოს მიმართა 2015 წლის 10 ივნისს, ხოლო სარჩელი აღძრა 2015 წლის 22 ივნისს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, ე---------- თ-----–---–ის და მ--–---- გ----------ის მოთხოვნა ხანდაზმულია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.6. სასამართლოს მითითებით საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,უწინარესად, მოწმდება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა, ხოლო შემდეგ მისი განხორციელებადობა, თუკი მოპასუხეს წარდგენილი აქვს ხანდაზმულობის, ანუ მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე #ას-679-633-2017).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2010 წლის 30 აგვისტოს რ----- ბ----–---–ს და ნ--- მ--------ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე, რ----- ბ----–---–მა ნ--- მ--------ს მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული ორი ერთეული უძრავი ქონება.
2010 წლის 06 ნოემბერს, რ----- ბ----–---–ს და ნ--- მ--------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც ნ--- მ--------მ აღიარა, რომ რ----- ბ----–---–ისთვის გადასახდელი ჰქონდა ნასყიდობის საფასურის ნაწილი 46 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული თანხა ნ--- მ--------ს რ----- ბ----–---–ისთვის უნდა გადაეხადა 2011 წლის 01 აპრილამდე.
სადავო არ გამხდარა, რომ ნ--- მ--------ს 2010 წლის 06 ნოემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. შესაბამისად, ნ--- მ--------ს რ----- ბ----–---–ის უფლებამონაცვლეების მიმართ გააჩნია ფულადი ვალდებულება.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხოციელების შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზულობაზე. კერძოდ, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის საგნის ღირებულების დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. მოსარჩელემ კი სარჩელით სასამართლოს მიმართა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
საბოლოოდ სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი ნასყიდობის საგნის ღირებულების დავალიანების დაკისრების თაობაზე აღძრულია მოთხოვნის წარმოშობიდან (ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებიდან) სამი წლის გასვლის შემდეგ. მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნული გარემოება კი, მოპასუხეს უფლებას აძლევს უარი განაცხადოს ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდაზე, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლისა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც არასწორია. აპელანტის განმარტებით მოთხოვნა გამომდინარეობს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს უძრავი ნივთის ნასყიდობის ფასის გადახდა, შესაბამისად, ამ მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება - 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:
- 2010 წლის 30 აგვისტოს, რ----- ბ----–---–ს და ნ--- მ--------ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე რ----- ბ----–---–მა ნ--- მ--------ს მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, კ--------- მე-2 შესახვევი, #1ა, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0------------------.5--.
- 2010 წლის 30 აგვისტოს, რ----- ბ----–---–ს და ნ--- მ--------ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რ----- ბ----–---–მა ნ--- მ--------ს მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, კ--------- მე-2 შესახვევი, #1ა, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0------------------------
ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ--- მ--------ს საკუთრებად.
- 2010 წლის 06 ნოემბერს, ერთი მხრივ რ----- ბ----–---–ს და მეორე მხრივ ნ--- მ--------ს შორის გაფორმდა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება, სადაც მხარეებმა დააფიქსირეს, რომ 46 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალი წარმოადგენდა 2010 წლის 30 აგვისტოს მხარეთა შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალე კრედიტორს ვალს 2011 წლის 01 აპრილამდე გადაუხდიდა. მითითებულ ვადაში ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში კრედიტორს (გამყიდველს) მოვალისთვის (მყიდველისთვის) უძრავი ქონების ნასყიდობის მომენტისთვის გადახდილი 120 000 აშშ დოლარი, ხოლო მოვალეს კრედიტორისთვის იპოთეკის ვალდებულებისგან თავისუფალი ნივთი უნდა დაებრუნებინა.
- რ----- ბ----–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის 31 ივლისს. სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით რ----- ბ----–---–ი შეიცვალა უფლებამონაცვლეებით - ე---------- თ-----–---–ით და მ--–---- გ----------ით.
- ნ--- მ--------ს 2010 წლის 06 ნოემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.
4.1.2. განსხილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას სასარჩელო მოთხოვნის ხანაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ე---------- თ-----–---–ის და მ--–---- გ----------ის სასარჩელო მოთხოვნა ნ--- მ--------სთვის 46 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ ხანდაზმული არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ მისი უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე ას-664-635-2016.)
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მოპასუხისთვის 46 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრებას მათ ულებრივ წინამორბედს და მოპასუხეს შორის 2010 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ გარიგების და ამ გარიგების საფუძველზე მათ შორის 2010 წლის 06 ნოემბერს გაფორმებულ ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებაზე მითითებით მოითხოვს. მოსარჩელე აპელანტების განმარტებით იმ პირობებში, როდესაც 2010 წლის 06 ნოემბრის ხელშეკრულებაში ამ ხელშეკრულების ხელმომწერი პირების მიერ მკაფიოდ არის გამოხატული ნება მასზედ, რომ 46 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალი წარმოადგენს 2010 წლის 30 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის ღირებულების ნაწილს, 2010 წლის 06 ნომებრის ხელშეკრულება წარმოადგენს არა დამოუკიდებელ გარიგებას, არამედ უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაგრძელებას, რომლითაც მხარეებმა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი თანხის ოდენობა და მისი გადახდის ვადა განსაზღვრეს. მოსარჩელე აპელანტების აზრით იმ პირობებში, როდესაც მათი მოთხოვნა მოპასუხისთვის 46000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ ხელშკრულებიდან გამომდინარეობს, აღნიშნულ მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ექვს წლიანი ვადა, როგორც უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნაზე.
აპელანტების უფლებრივ წინამორბედს და მოწინააღმდეგე მხარეს შორის 2010 წლის 06 ნოემბერს გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების დადგენის მიზნით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს ამ ხელშეკრულებაში მხარეების მიერ გამოვლენილ ნებაზე და იმ უფლება-მოვალეობებზე, რომლითაც ხელშემკვრელმა მხარეებმა თავი შეიბოჭეს. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 06 ნოემბრის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ მასზე ხელმომწერმა პირებმა დააფიქსირეს რა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი თანხის ოდენობა, მოვალემ გამოხატა ნება ხელშეკრულბაში მითითებული თანხის, როგორც ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილის ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში გადახდის შესახებ. მოვალის მიერ ვალდებელების აღიარებასთან მიმართებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენასი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე. კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: ,,ვალდებულების არსებობის აღიარების საკითხი განსხვავებულადაა მოწესრიგებული სამოქალაქო კოდექსის 137-ე, 144-ე და 341-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნება მოვალის იმგვარი ქმედება, როდესაც იგი (ვალდებული პირი) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას (იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი). სამართლის თეორიაში გაბატონებული შეხედულების თანახმად, ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და, ბუნებრივია, უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტს, ამასთან იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა). როგორც მარტივი, ისე - კაუზალური აღიარება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კერძო შემთხვევას წარმოადგენს და შედეგად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა დაიწყება თავიდან. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა. ... რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლს, უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ თავად ამ ნორმით მოწესრიგებული ვალის არსებობის აღიარება 137-ე და 144.3 მუხლებით გათვალისწინებული აღიარებისგან აბსტრაქტული ბუნებით განსხვავდება, იგი თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. ვალის აღიარების ხელშეკრულება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ. სუსგ №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013 წელი). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების უფლებრივ წინამორბედს და მოწინააღმდეგე მხარეს შორის გაფორმებული 2010 წლის 06 ნოემბრის ხელშეკრულება თავისი შინაარსით ვალის კაუზალურ აღიარებას წარმოადგენს, რადგან ამ ხელშეკრულებით დგინდება, რომ 1. მხარეებმა დაადასტურეს რა მათ შორის არსებული სამართალურთობის ფაქტი (2010 წლის 30 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ გარიგების დადება), 2. მოვალემ გამოხატა ნება მათ შორის მანამდე არსებული სამართალურთიერთობის საფუძველზე არსებული ვალდებულების (46 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში) დამატებით ვადაში გადახდის შესახებ (2011 წლის 01 აპრილამდე).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.
საართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
სააპელაციო პალატა ხაზგასმით შენიშნავს, რომ მოპასუხის მოწინააღმდეგე მხარის ერთადეთი პრეტენზია სარჩელთან დაკავშირებით სარჩელის ხანდაზმულობას შეეხება, რომელიც პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებათა ცალმხრივად და ორმხრივად კლასიფიცირება ხდება იმის მიხედვით, ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულება ეკისრება ორივე მხარეს, თუ იგი მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს წარმოეშობა. პირველ შემთხვევაში სახეზეა ორმხრივმავალდებულებელი, ხოლო მეორე შემთხვევაში კი - ცალმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება. (იხ., დამატებით: ლ.ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 1997, 319.) ორმხრივ ხელშეკრულებში თითოეულ მხარეს გააჩნია უფლებებიც და მოვალეობებიც, ე.ი. თითოეული მხარე კრედიტორიცაა და მოვალეც.
საკასაციო პალატამ თავის ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ ორმხრივ ხელშეკრულებებში შესასრულებელი ვალდებულებების ობიექტები ერთმანეთთან გარკვეულ ურთიერთკავშირში იმყოფებიან, რამეთუ ასეთი ხელშეკრულებების ეკონომიკური არსი მდგომარეობს მატერიალური სიკეთეების გაცვლაში. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ურთიერთკავშირს გამყიდველის შესრულების ნაწილსა (საქონლის გადაცემა) და მყიდველის შესრულების ნაწილს (ფასის გადახდა) შორის, რომელიც შემდეგნაირი შეიძლება იყოს: ა) საქონლის (ქონების) გადაცემა წინ უსწრებს ფასის გადახდას; ბ) ფასის მთლიანად ან ნაწილობრივ (ბე, ავანსი) გადახდა წინ უსწრებს საქონლის (ქონების) გადაცემას. კონტრაჰენტებიდან რომელმა უნდა შეასრულოს პირველმა ვალდებულება, თუ ხელშეკრულებით თანმიმდევრობა გათვალისწინებული არ არის? მიიჩნევა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჯერ გამყიდველმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება (გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) და შემდეგ კი მყიდველმა უნდა გადაიხადოს ფასი ქონების გადაცემისთანავე. ასეთი მიდგომა განპირობებული იმით, თუ რა ინტერესია ჩადებული ქონების სამოქალაქო და სავაჭრო ბრუნვაში. ქონება, ფართო გაგებით, ფულისაგან განსხვავებით არ წარმოადგენს გაცვლის საყოველთაო საშუალებას. ქონების რეალიზაციისათვის საჭიროა მყიდველის მოძებნა. გამყიდველი კონკურენციის კანონების ძალით დაინტერესებულია იმით, რომ გაყიდოს თავისი საქონელი, ამიტომაც გამართლებულია, რომ მას დაეკისროს ორმხრივი ვალდებულების შესასრულებლად პირველი ნაბიჯის გადადგმა, ანუ მყიდველისათვის ქონების (საქონლის) გადაცემა.
აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივმავალდებულებელი ხელშეკრულება, რადგან ხელშეკრულების თითოეულ მხარეს (როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს) გააჩნიათ უფლება-მოვალეობები, ანუ ნასყიდობაში ადგილი აქვს მხარეთა შემხვედრი ვალდებულებების არსებობას: გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნივთისა და ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა და მყიდველის მიერ შეთანხმებული ფასის გადახდა. ეს ორი ვალდებულება ერთმანეთს განაპირობებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა მოთხოვნებთან დაკავშირებით (მყიდველისათვის ნაყიდი ნივთისა და ამ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა, ხოლო მყიდველის მიერ შეთანხმებული ფასის გადახდა) ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომლის დაწყებისათვის დაცული უნდა იქნეს სსკ-ის 130-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესები. (იხ.სუსგ #საქმეზე №ას-1344-2018, 05 აპრილის, 2019 წ.) .
ზემოთ მითითბული მსჯელობის და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ 2010 წლის 06 ნოემბერს ე---------- თ-----–---–ის და მ--–---- გ----------ის უფლებრივ წინამორბედს (რ----- ბ----–---–ი) და ნ--- მ--------ს შორის დამოუკიდებელი გარიგება, რაც 2010 წლის 30 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებებისგან დამოუკიდებლად კრედიტორის მოთხოვნის უფლებას წარმოშობდა, არ გაფორმებულა და მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის 46 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. პალატა იზიარებს იმ პოზიციას, რომ 2010 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულება წარმოადგენს 2010 წლის 30 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებების გაგრძელებას და მათ შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნასყიდობის ფასის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის უფლებაზე უნდა გავრცელდეს უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა - ექვსი წელი.
4.1.3. დადგენილია, რომ 2010 წლის 30 აგვისტოს და 2010 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გამყიდველისთვის გადასახდელი დავალიანების - 46 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით თანხა, ნ--- მ--------ს აპელანტების უფლებრივი წინამორბედისთვის (რ----- ბ----–---–ი) 2011 წლის 01 აპრილამდე უნდა გადაეხადა (რაც არ განუხორციელებია). შესაბამისად, აპელანტების უფლებრივ წინამორბედს 2010 წლის 30 აგვისტოს და 2010 წლის 06 ნოემბრის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ანუ ნასყიდობის ფასის ნაწილის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2011 წლის 02 აპრილიდან. ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლაც დაიწყო აღნიშნული თარიღიდან და დასრულდა 2017 წლის 02 აპრილს. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მ--–---- გ----------ის და ე---------- თუთაშილის უფლებრივმა წინამორბედმა უძრავი ნივთის ნაყიდობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სასამართლოს 2015 წლის ივნისში მიმართა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის პერიოდის და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების მიმართ ხანდაზმულობის ვადა ექვს წელს შეადგენს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტიელბის 4.1.2. პუქნტი), პალატა მიდის დასკვანმდე, რომ მ--–---- თ-----–---–ის და ე---------- გ----------ის მოთხოვნა ნ--- მ--------სთვის 46 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ ხანდაზმული არ არის. პალატა ხაზგასმით შენიშნავს, რომ მოპასუხე მხარეს გარდა მოთხოვნის ხანდაზმულობისა, სარჩელის წინააღმდეგ სხვა გარემოებაზე არ მიუთითებია. უფრო მეტიც, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ფაქტი მასზედ, რომ ნ--- მ--------ს 2010 წლის 06 ნოემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნ--- მ--------ს, როგორც მყიდველს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ნასყიდობის ფასის დარჩენილი დავალიანების - 46 000 აშშ დოლარის გადახდა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება და ნ--- მუქრიას ე---------- თ-----–---–ის მ--–---- გ----------ის სასარგებლოდ დაეკისრება 46000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
გათვალისწინებით იმისა, რომ ე---------- თ-----–---–ის და მ--–---- გ----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ--- მ--------ს ე---------- თ-----–---–ის და მ--–---- გ----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელთა მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელზე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე და სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში - 3 000 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარის, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 4811,78 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე---------- თ-----–---–ის და მ--–---- გ----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ე---------- თ-----–---–ის და მ--–---- გ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ნ--- მ--------ს ე---------- თ-----–---–ის და მ--–---- გ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 46 000 აშშ დოლარის გადახდა;
5. ნ--- მ--------ს ე---------- თ-----–---–ის და მ--–---- გ----------ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში დაეკისროს 3 000 ლარის გადახდა; ასევე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში დაეკისროს 50 ლარის გადახდა;
6. ნ--- მ--------ს ე---------- თ-----–---–ის და მ--–---- გ----------ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში დაეკისროს 4811,78 ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /მიხეილ გოგიშვილი/
/გოდერძი გიორგიშვილი/