განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
330100119003141095
ინსტანცია
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003141095

საქმე №1ბ/1602-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 ნოემბერი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------–-----------–---------------ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ დაბადებულის 1----–-–-----------ს, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენით ა---------–----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ა---------–----------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 18 ივნისს, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლის მიერ, ლ--------–------–---–ის მოთხოვნის საფუძველზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყოფილი მეუღლის ა---------–----------ის მიმართ გამოცემულ იქნა #------ შემაკავებელი ორდერი, ერთი თვის (30 დღე) ვადით. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, ა---------–----------ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, ა---------–----------მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 12 ივლისს დროის სხვადასხვა მონაკვეთში - ტელეფონის საშუალებით დაურეკა და მისწერა მოკლეტექსტური შეტყობინება მსხვერპლს ლ--------–------–---–ს.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–----------–--ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათთან. ისეთი ძალადობრივი დანაშაულისთვის, როგორიცაა ოჯახში ჩადენილი ძალადობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული მსგავსი მსუბუქი სასჯელი და შემდგომ უკვე მისი ძალაში დატოვება ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის და მან კვლავ განახორციელოს ძალადობრივი დანაშაული, მით უმეტეს, რომ ამის საფრთხე, ოჯახური ძალადობის ბუნებიდან გამომდინარე, ყოველთვის არსებობს. ასევე გასათვალისწინებელია დანაშაულის სპეცეფიკა. მან არაერთხელ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. ამდენად მსჯავრდებულს შესაძლებელია გაუჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ მის მიმართ დანიშნულ იქნას უფრო მკაცრი სასჯელი, რათა მიღწეულ იქნას სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების სახით.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა---------–----------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა---------–----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ლ--------–------–---–ის, მოწმე - ი-------------–---–ისა და ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებით, #------ შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, ,,სქრინშოთის” დათვალიერების ოქმით და ასევე საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, სასამართლოს მიერ ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ჩადენილი დანაშაულის შედარებით მცირედი მასშტაბი, მართალია, 2019 წლის 12 ივლისს ა---------–---------მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, თუმცა დარღვევა იყო მცირე მასშტაბის, იგი არ მისულა მსხვერპლის სახლში დებოშის, აყალმაყალის მოსაწყობად, არ დაუმყარებია დაზარალებულთან უშუალო კონტაქტი, მხოლოდ დაურეკა და მისწერა მოკლეტექსტური შეტყობინებები, გათვალისწინებული იქნა ასევე ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულს გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მისი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა---------–----------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ ა---------–----------ისათვის სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს, ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენი ა---------–----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ა---------–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით ა---------–----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი