განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.10.2019
საქმის ნომერი
330310019002955120
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/2330-19, 330310019002955120

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტი)

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ალ---------ე აბ---–--ლი

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ალ---------ე აბ---–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს ალ---------ე აბ---–--ლის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების გადახდა - 523,05 ლარის ოდენობით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 15 აპრილის №955900 წერილით ალ---------ე აბ---–--ლს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა ანგარიშგების განყოფილებაში ელ. ვერსიით შემოსული №912201, 10.04.2019 წ. განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებული იქნეს 2019 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ასიგნებები, იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანებების წარმოქმნა, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის ორგანიზაციას. აღნიშნული მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ასიგნებების დამატებით გამოყოფის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ მოახდენს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვას.

 

ალ---------ე ე-–-----ას ძე აბ---–--ლის 1998-2003 წლებში წარმოქმნილი დავალიანების ოდენობის შესახებ ინფორმაციის თანახმად, მის მიმართ, 1998 წლის (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი), 1999 წლის (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი), 2000 წლის (მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი) დარიცხული სახელფასო დავალიანება (თან. წოდ. ნამ. ულუფა.) სულ შეადგენს - 1354,45 ლარს, სულ ხელზე ასაღები თანხა შეადგენს - 1095,90 ლარს. მათ შორის ხელზე ასაღები ულუფა შეადგენს - 572,85 ლარს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად ყველას აქვს გარანტირებული უფლება თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო- სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

მოცემულ შემთხვევაში ალ---------ე აბ---–--ლის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე და მოითხოვს, რომ მოპასუხეს დაევალოს მის სასარგებლოდ 1998-2003 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც შეადგენს - 523,05 ლარს, კვებითი ულუფის ღირებულების გამოკლებით.

 

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 15 აპრილის №955900 წერილით ალ---------ე აბ---–--ლს, მისი 2019 წლის 10 აპრილის №912201 წერილის პასუხად გაეგზავნა ინფორმაცია სახელფასო დავალიანების შესახებ, სადაც ასევე მითითებულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ასიგნებების დამატებით გამოყოფის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყონებლივ მოახდენს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან. შესაბამისად, ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ხოლო, მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს.

 

ამდენად, აღნიშნული მუხლი ასევე მიუთითებს, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რაც თავისთავად გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერ ვალდებულებას გასცეს შრომითი გასამრჯელო, ხელფასი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა და სწორედ ამ კანონის 57-ე მუხლით ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოხელეთა შრომითი გასამრჯელოს ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.

 

ამასთან, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც მოიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს. ასეთივე დანაწეს შეიცავდა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის, №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 55-ე მუხლი, რომლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდა), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს, კომპენსაციებს და ფორმის ტანსაცმელს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით, ისევე როგორც ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ” დებულების შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვას. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მის შესაბამისად ხელფასი მოიცავს მხოლოდ თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული, დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რომელსაც საქართველო შეუერთდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის N655 დადგენილებით აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარება მოითხოვს ამ ფორმას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.

 

ვალის აღიარება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლისთვისაც, სავალდებულოა მარტივი ან რთული წერილობითი ფორმის დაცვა. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას.

 

ვალის არსებობის აღიარება წარმოადგენს ცალმხრივ ხელშეკრულებას, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით იმ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. შესაბამისად, ვალის აღიარების ხელშეკრულებით, მოვალე არამხოლოდ უნდა ადასტურებდეს ვალის არსებობას, არამედ უნდა კისრულობდეს ვალდებულებას მის შესრულების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი 2019 წლის 15 აპრილის წერილის შინაარსის მიხედვით, მოპასუხე მხარემ აიღო ვალდებულება მოსარჩელე მხარის მიმართ სახელფასო დავალიანების გადახდის შესახებ. სასამართლოს შეფასებით, ამ წერილით იკვეთება მოვალის ერთმნიშვნელოვანად გამოვლენილი ნება მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი თანხის 523,05 ლარის გადახდის მზაობის შესახებ (ს.ფ. 12).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული გარიგება თავისი სამართლებრივი ბუნებით მიჩნეულ უნდა იქნეს ვალის აღიარების ხელშეკრულებად. სასამართლო, ასევე, მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება არის აბსტრაქტული ხელშეკრულება და იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ძირითადი ვალდებულების არსებობა სადავოა. ამდენად, ვალის აღიარების ხელშეკრულება თავად წარმოადგენს მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველს. მოცემულიდან გამომდინარე უდავოა, რომ ვინაიდან სადავო გარიგება წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას, ამდენად, ვალდებულების წარმოშობის განსაზღვრისათვის, მნიშვნელოვანია არა იმ გარემოების დადგენა, მხარეთა შორის მითითებული გარიგების დადებამდე არსებობდა თუ არა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი არის თუ არა შესაბამისი ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, არამედ ის ფაქტი, იყო თუ არა სახეზე მოპასუხე მხარის მხრიდან ნების გამოვლენა ვალის არსებობის აღიარების თაობაზე.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხისს მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.

 

ამავე კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის საფუძველზე განხორციელებული ვალის აღიარების სამართლებრივი ურთიერთობიდან. ვალის აღიარება მოხდა 2019 წლის 15 აპრილს, ხოლო მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მომართა 2019 წლის 19 აპრილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის პრეტენზია ხანდაზმულობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 15 აპრილის წერილით მოხდა სახელფასო ვალდებულების არსებობის აღიარება. ასევე დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნული თანხა მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია ადმინისტრაციული ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა (მოსარჩელის სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ დასახელებული ნორმებიდან და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე ვალდებულია, მოსარჩელეს გადაუხადოს 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანება - 523,05 ლარის ოდენობით, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატისაგან.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან 2017 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონი და ამავდროულად ძალადაკარგულად გამოცხადდა ძველი, რომლის თანახმად, 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 134-ე პრიმა მუხლის, თანახმად საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო ცალსახად განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელი იყო, თუმცა ახალი კანონი აღარ ითვალისწინებს აღნიშნულ დანაწესს და შესაბამისად აღნიშნული რეგულაცია აღარ არსებობს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ: სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე არ შეიძლება აღნიშნული გარემოება ჩაითვალოს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძვლად, ყოველ შემთხვევაში ახალი რეგულაციის მიღების მომენტიდან სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადაში მაინც. შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის დებულებები. აღნიშნულ განმარტებას არ ეთანხმება შინაგან საქმეთა სამინისტრო და მიიჩნევს რომ, სასამართლო წესით უფლების დაცვა და გნხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონდებლობა ვადებით ზღუდავს გასაჩივრების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად ხანდაზმულობის ვადების უგულებელყოფა და ზოგადი პრინციპებით ხელმძღვანელობა აზრს უკარგავს სამართლებრივ სტაბილურობას და პირის უფლებების დროულად განხორციელების გამოხატვას, რადგან ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში, უფლება უსასრულოდ იქნება გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგება. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ მათი უფლებების განხორციელებაზე და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს.

 

ამდენად, ვინაიდან ალ---------ე აბ---–--ლი სარჩელი თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით შეიტანა 2019 წლის 19 აპრილს, მასზე ვრცელდება ახალი "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი, რომელშიც ძველი სახელფასო დავალიანებები აღარ არის აღიარებული, შესაბამისად აღნიშნულ უფლებაზე ვრცელდება საერთო ხანდაზმულობის ვადები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის მიმართ ხელფასის, პრემიის, დანამატისა და კვების კომპენსაცია წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვნილი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მიუღებელ ხელფასს 1998-1999-2000 2003 წლების პერიოდის, შესაბამისად გასულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალ---------ე აბ---–--ლის მოთხოვნა ხანდაზმულია და შესაბამისად უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი სააპელაციო საჩივრის ფარგლები მოიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის საფუძვლიანობის შემოწმებას, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ალ---------ე აბ---–--ლის სასარგებლოდ, მისთვის 1998, 1999, 2000, 2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების - 523.05 ლარის ანაზღაურება.

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37.1 მუხლის თანახმად, ?? ??????? ?? 9 ?????? საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან და იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად. ალ---------ე აბ---–--ლის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის 1998-2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება, 523,05 ლარის ოდენობით. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუძლებლად მიიჩნევს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროზე სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში არ არის წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხები, ამდენად, სამინისტროს ამ ეტაპზე არ შეუძლია დააკმაყოფილოს შს ორგანოებიდან დათხოვნილ ყოფილ თანამშრომელთა მოთხოვნა თანხის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისი დაფინანსების მიღებამდე.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხების გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში და წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, შესაბამისად, მისთვის სახელფასო დავალიანების გაუცემლობა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას.

 

საქალაქო სასამართლომ მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში სწორად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. იმავე კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. მოცემულ შემთხვევაში, ხანაზმულობის ვადის დენა დაიწყო 10.04.2019წ., როდესაც ალ---------ე აბ---–--ლმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოახდინა უფლების რეალიზაცია. სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 19.04.2019წ. წერილის მიღებიდან სარჩელის აღძვრამდე გასული არ არის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ალ---------ე აბ---–--ლის მოთხოვნა 1998, 1999, 2000, 2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ, საფუძვლიანია, ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქმედების განუხორციელებლობა - მოსარჩელის სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. ამდენად, სამინისტრო ვალდებულია, მოსარჩელეს გადაუხადოს 1998, 1999, 2000, 2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანება - 523.05 ლარის ოდენობით.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

საპროცესო ხარჯები:

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი