განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2019
საქმის ნომერი
120210018002720829
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3165-19 9 ივლისი, 2019 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან გვარამია

მოსამართლეები: გელა ქირია

დ----- ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი _ დ----- შ-----–-–---–-;

წარმომადგენელი _ ე--------------–---;

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ-----–- ფ------–---–-;

წარმომადგენელი _ გ-----------------;

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი;

წარმომადგენელი _ მაკა მანჯავიძე;

დავის საგანი _ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება;

 

1. აპელანტის მოთხოვნა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ნ-----–- ფ------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ----- შ-----–-–---–ს (პ/ნ 4----------) არასრულწლოვან ლ----- ფ------–---–-ს (დაბ.23.09.2016წ.) მიმართებაში შეეზღუდოს მშობლის შემდეგი უფლება-მოვალეობები ბავშვის სრულწლოვანებამდე: პასპორტის გაცემისას კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, ესპანეთის სახელმწიფოდან საქართველოში და საქართველოდან ესპანეთის ქვეყანაში გამგზავრებაში კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. ნ-----–- ფ------–---–- 2015 წლის 28 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე დ----- შ-----–-–---–თან.

 

2.2. ნ-----–- ფ------–---–ს და დ----- შ-----–-–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2016 წლის 23 სექტემბერს დაბადებული ლ----- ფ------–---–-.

 

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ-----–- ფ------–---–სა და დ----- შ-----–-–---–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

 

2.4. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ლ----- ფ------–---–- ცხოვრობს დედასთან ნ-----–- ფ------–---–თან ერთად ესპანეთში.

 

2.5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით დ----- შ-----–-–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის ლ----- ფ------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდნეობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 07.02.2018 წლიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

2.6. მოსარჩელე ნ-----–- ფ------–---–მა ესპანეთში საქართველოს საელჩოს მიმართა ლ----- ფ------–---–-სთვის პასორტის მიღების მოთხოვნით, თუმცა მამის თნხმობის არარსებობის გამო ლ----- ფ------–---–-სთვის პასპორტის აღება ვერ მოხერხდა.

 

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- ლ----- ფ------–---–-ს დაბადების მოწმობა;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.11.2017წ. გადაწყვეტილება;

- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.7. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. სასამართლომ განმარტა, რომ „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: “მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.”

 

სასამართლომ აგრეთვე მიუთითა მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

 

კანონი პატივს სცემს რა მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიონ შვილებთან, აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთ უფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სამოქალაქო კოდექსის 1198.1 მუხლი).

 

ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანხმად მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი/მცირეწლოვანის, როგროც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის განვითარებაში. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, როდესაც იგი არასრულწლოვანის უფლებებს შეეხება, მიუხედავად კანონით რეგლამენტირებული ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპისა, ამოსავალი დებულება ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომლის მიზნით დაიშვება, როგროც ერთ-ერთი, ისე ორივე მშობლის უფლების შეზღუდვა, თუკი მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულები არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

ამავე კოდექსის 1205-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ-----–- ფ------–---–- 2015 წლის 28 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე დ----- შ-----–-–---–თან. შეეძინათ ერთი შვილი - 2016 წლის 23 სექტემბერს დაბადებული ლ----- ფ------–---–-. მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყვეტილია და მხარეები ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი ლ----- ფ------–---–- ცხოვრობს დედასთან ნ-----–- ფ------–---–თან ერთად ესპანეთში. ლ----- ფ------–---–- 6 თვის ასაკიდან დადის საბავშვო ბაღში. ბავშვი შეგუებულია ესპანურ გარემოს და ოჯახს. დედას ნ-----–- ფ------–---–ს სურს არასრულწლოვანი შვილი პერიოდულად ჩამოიყვანოს საქართველოში, შემდეგ ისევ დაბრუნდეს. იმის გამო, რომ ლ----- ფ------–---–ს არ აქვს პასპორტი იგი ამ უფლებით ვერ სარგებლობს. გარდა ამისა, ლ----- ფ------–---–- ვერ სარგებლობს ესპანეთში დაწესებული სოციალური შეღავათებით და აღნიშნულიც დაკავშირებულია პასპორტის უქონლობასთან. მას მოპასუხისგან წინააღდეგობა შეექმნა შვილის პასპორტის აღებასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ ითხოვს ნ-----–- ფ------–---–- მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას - არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გაყვანასთან და საზღვარგარეთის პასპორტის მიღებაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, რათა შეძლოს მცირეწლოვანი ლ----- ფ------–---–-ს პერიოდულად ჩამოიყვანოს საქართველოში, შემდეგ ისევ დაბრუნდეს, ამასთან, ისარგებლოს ესპანეთში ბავშვისათვის დაწესებული სოციალური შეღავათებით.

 

მოპასუხე დ----- ფ------–---–- განმარტავს, რომ თანახმაა მისცეს თანხმობა, მათი არასრულწლოვანი შვილის ლ----- ფ------–---–-სათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებაზე, ასევე საზღვარგარეთ გაყვანაზე. თუმცა სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე რამდენჯერმე შეეცადა აღნიშნული თანხმობის მიღებას მოპასუხისაგან, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხე ჯერ ჰპირდება, რომ მისცემს თანხმობას, თუმცა მოგვიანებით უარს აცხადებს. დღეის მდგომარეობით მხარეთა შორის მეტად დაძაბულია ურთიერთობა, მხარეებს არ აქვს კომუნიკაცია, ყოველივე აღნიშნულით კი შესაძლოა დაზიანდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები, რაც უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის მე-5(4) მუხლიც, რომლითაც სახელწიფო ზრუნავს ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამოიკვეთა რაიმე საფრთხის შემცველი ან ზიანის მომტანი გარემოება მოპასუხისათვის არასრულწლოვანის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. მოპასუხის მხრიდან არსებული დამოკიდებულებით იზღუდება არასრულწლოვანი ლ----- ფ------–---–-ს ინტერესები და უფლებები, რაც მის სამომავლო კეთილდღეობას ზიანს აყენებს. დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, საკითხი გადაწყდეს ისე, რომ ბავშვს არ მიადგეს რაიმე სახის ზიანი და მის განვითარებას არ შეეშალოს ხელი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოპასუხე მხარეს, თავისი შვილის, ლ----- ფ------–---–-ს მიმართ, შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, რაც შეესაბამება არასრულწლოვანის უპირატესად დასაცავ ინტერესებს და ემსახურება მის სამომავლო კეთილდღეობას.

 

სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. სურვილის შემთხვევაში, მოპასუხე დ----- შ-----–-–---–ს უნარჩუნდება შვილთან, როგორც პირადი, ისე კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით ურთიერთობის უფლება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი(Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეში - „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გაკეთებულ განმარტებაზე - ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესების შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ-----–- ფ------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე მხარისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რათა საფრთხე არ შეექმნას ბავშვის საუკეთესო ინტერესს და მისი უფლებების განხორციელებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, მოსამართლემ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიუთითა, რომ „მოსარჩელე ნ-----–- ფ------–---–მა ესპანეთში საქართველოს საელჩოს მიმართა ლ----ნე ფ------–---–-სათვის პასპორტის მიღების მოთხოვნით, თუმცა მამის თანხმობის არარსებობის გამო ლ----- ფ------–---–-სათვის პასპორტის აღება ვერ მოახერხა“ ნ-----–- ფ------–---–-ს სარჩელს არ ახლავს არცერთი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ნამდვილად მიმართა ლ----- ფ------–---–-ს პასპორტის ასაღებად საქართველოს საელჩოს ესპანეთში და სარწმუნოდ მიიჩნია მოსარჩელის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტება, რითაც სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნები.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილლების გამომტანისა მიუთითა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე რომ დაეკმაყოფილებინა ნ-----–- ფ------–---–-ს მოთხოვნა, რითაც სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს კონსტიტუციით მე-14 მუხლით დაცული უფლებები.

 

სასამართლომ უგულველყო დ----- შ-------–-–---–ის მამის, როგორც მშობლის კანონით მინიჭებული უფლება რაც განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლით. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა "ბავშვთა უფლებების შესახებ " კონვენციის მე-9 მუხლი "მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება" და ასევე გადაწყვეტილებაში მიუთითა "მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს".

 

აპელანტის მითითებით, საინტერსოა როდესაც მოსამართლემ გადაწყვეტილებით შეუზღუდა დ----- შ-----–-–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილის ლ----- ფ------–---–-ს მიმართებაში, რა გარემოებით და მტკიცებულებით იქნა დადატურებული ის გარემოება რომ მშობელს, რომელიც არ იყო წინააღმდეგი მის არასრულწლოვან შვილის ლ---- ფ------–---–ს ჰქონოდა საქართველოს პასპორტი და ჩამოეყვანათ საქართველოში, რითაც საშუალება მიეცემოდა ან კანონით მოიპოვებდა რაზეც მოსამართლემ თავისი განჩინებით უარი უთხრა ენახა თავისი შვილი რომელიც დაიბადა და დღემდე იზრდება ესპანეთში და მისი ნახვის საშუალება მოსარჩელის მხრიდან არ მისცემია.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202- მუხლზე და იქვე აღნიშნა, რომ ამავე კოდექსის 1205 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების გამოიტანისას მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1197-ე და 1199-ე მუხლებზე და „ბავშვთა უფლებების“ კონვენციაზე თუმცა კონვევციიასა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით არ მომხდარა არასრულწლოვანი ბავშვის უფლებების სრული მოცულობით დაცვის მიზნით გამოყენება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. ნ-----–- ფ------–---–ს და დ----- შ-----–-–---–ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი 2016 წლის 23 სექტემბერს დაბადებული ლ----- ფ------–---–-.

 

ნ-----–- ფ------–---–- და დ----- შ-----–-–---–- ცხოვრობენ ცალკე ოჯახებად. არასრულწლოვანი - ლ----- ფ------–---–- ცხოვრობს დედასთან ნ-----–- ფ------–---–თან ერთად ესპანეთში (ტ.1, ს.ფ. 2-23).

 

მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით (ტ.1, ს.ფ. 24-31).

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით, დ----- შ-----–-–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის ლ----- ფ------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდნეობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 07.02.2018 წლიდან მის სრულწლოვანებამდე (ტ.1, ს.ფ. 33-40).

 

4.2. მოსარჩელემ მიმართა საქართველოს საელჩოს ესპენეთში, ლ----- ფ------–---–-ს პასორტის მიღების მოთხოვნით, თუმცა მისთვის პასპორტის აღება ვერ მოხერხდა, ვინაიდან არ არსებობდა მამის თანხმობა (იხ. აღნიშნულის თაობაზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები ტ.2.).

 

4.3. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს - არასრულწლოვან ლ----- ფ------–---–თან მიმართებაში მოპასუხე დ----- შ-----–-–---–ს შეეზღუდოს მშობლის უფლება-მოვალეობები, კერძოდ, პასპორტის გაცემისას კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, ესპანეთის სახელმწიფოდან საქართველოში და საქართველოდან ესპანეთის ქვეყანაში გამგზავრებაში კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

 

გასაჩვრებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ გამოიკვეთა რაიმე საფრთხის შემცველი ან ზიანის მომტანი გარემოება მოპასუხისათვის არასრულწლოვანის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან არსებული დამოკიდებულებით იზღუდება არასრულწლოვანი ლ----- ფ------–---–-ს ინტერესები და უფლებები, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლის, ასევე სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან დგინდება და აღნიშნულის შესახებ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მიეთითა, რომ დ----- შ-----–-–---–- თანახმაა მისცეს თანხმობა შვილის ლ----- ფ------–---–-ს პასპორტის ასაღებად, ასევე საქართვლოში და საქართველოდან ესპანეთში გასვლაზე, თუმცა წინაღმდეგია რომ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება.

 

მითითებული ფაქტის დადასტურების მიზნით, აპელანტის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაბამისი მტკიცებულება - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული მიღების ბარათი „არასრულწლოვნის პასპორტზე მამის თანხმობის“ შესახებ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 09.07.2019წ. სხდომის ოქმი; მიღების ბარათი ტ. 2)

 

შესაბამისად, უდავოდ დგინდება, რომ მოპასუხე არ არის წინააღმდეგი გასცეს თანხმობა არასრულწლოვნი შვილის ლ----- ფ------–---–-ს მიმართ პასპორტის გაცემაზე.

 

4.4. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ფაქტი, მოპასუხის მხრიდან მამის უფლების რაიმე სახით ბოროტად გამოყენების შესახებ. ასეთი დასკვნის გასაკეთებლად, მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ მამა აჭიანურებს თანხმობის გაცემას, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არასრულწლოვანის საზღვარგარეთ გაყვანას უკავშირდება, პალატის შეფასებით საკმარისი არ არის.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის განხილვის შედეგად დადგენილ გარემოებაზე, იმის შესახებ, რომ მოპასუხე არ არის წინააღმდეგი გასცეს შესაბამისი თანხმობა, რაც დაკავშირებულია ბავშვის პასპორტის გაცემასა და მის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა მოპასუხის მხრიდან ასეთი მოქმედებების განხორციელების გაჭიანურება უკავშირდება იმ ნეგატიურ მოლოდინებს, რომელის წინაშეც შესაძლოა მომავალში ის აღმოჩნდეს. კერძოდ, მამას აქვს გონივრული ეჭვი იმისა, რომ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის და შესაბამისად ასეთი თანხმობის გაცემის შემთხვევაში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეეზღუდება მშობლის ყველა იმ უფლება-მოვალეობების განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც მინიჭებული აქვს კანონმდებლობის საფუძველზე, რაც პირველ რიგში ბავშვთან ურთიერთობას და მასთან კომუნიკაციის გამყარებას გულისხმობს. ამ მხირვ ასევე საყურადღებოა სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიცია, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მცირეწლოვან შვილსა და მამას შორის ურთიერთობის დეფიციტზე და სამომავლოდ მისგან მომდინარე უარყოფით შედეგებზე.

 

4.5. ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორცილებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ“ კონვენციის შესაბამისად, ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება. სწორედ აღნიშნული ღირებულებების შეფასებით და ბავშვის ინტერესების შესაბამისად, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მშობლებისათვის შვილების აღსაზრდელად გადაცემის საკითხები. ამავე კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას. კერძოდ, პასპორტის გაცემის, ესპანეთიდან საქართველოში და საქართველოდან ესპანეთში გაყვანაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. სკ-ის 1205-ე მუხლის მიხედვით, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. სკ-ის 1197-ე მუხლით, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, ხოლო სკ-ის 1198-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლისუფლება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

პალატის შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნის უსაფუძვლობას სწორედ ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული წინაპირობების არ არსებობა განაპირობებს.

 

4.6. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართოგანმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამსაზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (სუსგ №ას-1112-1047-2015, 04.03.2016).

 

სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები არ მოიცავს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების ნორმატიულ აღწერილობას, რაც მოგვცემდა კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების კვლევას. ამდენად, ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება „ბავშვის ინტერესების“ განსაზღვრას, სასამართლო პრაქტიკისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით.

 

„სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ (იხ. სუსგ # ას 967-916-2015, 15.12.2015წ).

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატის შეფასებით არ დასტურდება, რომ მამის თანხმობის გარეშე, არასრულწლოვანი ბავშვის მოქალაქის პასპორტის მიღებისა და მისი საზღვარგარეთ გაყვანის უფლების გაცემაზე დ----- შ-----–-–---–-სათვის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, წარმოადგენს ბავშვის ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

4.7. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს აპელანტის პოზიციას, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის მოთხოვნის დაუსაბუთებლობის შესახებ, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ მეორე მშობელი, არასრულწლოვანის მამა ბოროტად იყენებს მშობლის უფლებებს ბავშვთან მიმართებაში, და მშობლის უფლების შეზღუდვა იქნება საუკეთესო გამოსავალი „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ გათვალისწინებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ნ-----–- ფ------–---–-სათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ნ-----–- ფ------–---–-სათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

განსახილველ შემთხვევაში დ----- შ-----–-–---–-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სააპელაციო საჩივარზე გადახდილია 150 ლარი (იხ. ტ. 2). იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 150 ლარის ანაზღაურება.

 

რაც შეეხება სარჩელზე გადახდილ ბაჟს უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად, ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარის ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ასევე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა 20 ლარის ოდენობით (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4 პუნქტი)

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დ----- შ-----–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება

და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ-----–- ფ------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ანგარიშში ნ-----–- ფ------–---–ს დ----- შ-----–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

5. ნ-----–- ფ------–---–ს დაუბრუნდეს 13.11.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 120 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 20 (ოცი) ლარი.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ლევან გვარამია

 

მოსამართლეები: გელა ქირია

 

დ----- ახალბედაშვილი