განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002257352
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/1773-19 24 სექტემბერი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: გელა ქირია
ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი _ ო--------------------;
წარმომადგენელი _ მ------------–-–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე _ გ--–-------–-------, შ---------–---, შ-----–-----–--;
წარმომადგენელი _ ი-------------------;
დავის საგანი _ პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, საწარმოს დოკუმენტაციის გაცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება;
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით, ო--------------------ს სარჩელი გ--–--- ხ--–-------ს, შპს „ა----–-ას“ და შპს „ლ-----–-ს“ მიმართ 2017 წლის 22 დეკემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მოპასუხე გ--–--- ხ--–------მა, 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით 2014 წლის 4 მარტს დააფუძნა შ---------–---, რომლის დირექტორადაც დაინიშნა შ--–-- ჩ----–---–-.
2.2. შპს „ა----–-ას“ წესდების 3.1.-3.2. პუნქტების თანახმად, საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება. საწარმოს ყოველ პარტნიორს ან/და დირექტორს, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნ---ციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს.
2.3. წესდების თანახმად (3.3. პუნქტი), კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები), თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).
2.4. წესდების 3.8.-3.9. პუნქტების მიხედვით, პარტნიორთ კრების გადაწყვეტილება მიიღება მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არ არის გადაწყვეტილების ერთხმად მიღება და, თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს. პარტნიორთა საერთო კრებაზე პარტნიორებს აქვთ მათი წილის პროპორციული ხმათა რაოდენობა.
2.5. წესდების 3.7 პუნქტის შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას.
2.6. გამონაკლისი, რა დროსაც არ არის სავალდებულო პარტნიორთა კრების მოწვევა საწარმოს შიდა გადაწყვეტილების მისაღებად არის შემთხვევა, როდესაც ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. წერილობითი თანხმობა კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
2.7. წესდების 4.1 მუხლის თანახმად, საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება აქვს დირექტორს. საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება მიენიჭა - შ--–-- ჩ----–---–ს.
2.8. წესდების 4.2 მუხლის შესაბამისად, დირექტორი საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერად, ის უნდა მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ის ჯეროვნად არ შეასრულებს აღნიშნულ მოვალეობას, პასუხს აგებს კომპანიის წინაშე წარმოშობილი ზიანისათვის, პირადად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
2.9. შპს „ა----–-ას“ წესდების 4.3 პუნქტის მიხედვით, დირექტორის ხელმძღვანელობის უფლება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილების მიღების უფლებას, ხოლო 4.4 პუნქტის თანახმად, დირექტორი უფლებამოსილია მინდობილობის გარეშე დამოუკიდებლად იმოქმედოს საზოგადოების სახელით და წარმოადგინოს საზოგადოება მესამე პირებთან ურთიერთობაში.
2.10. ამავე წესდების 4.5 პუნქტით განისაზღვრა ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესაძლებლობა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. შპს „ა----–-ას“ წესდების 5.1. პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, პარტნიორებს მინიჭებული აქვთ საზოგადოების მართვაში მონაწილეობის მიღების უფლება და საზოგადოების საქმიანობაზე კონტროლის გაწევის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 60-61);
- შპს „ა----–-ის“ წესდება (ს.ფ. 54-59);
2.11. 2014 წლის 24 ივნისს, გ--–--- ხ--–------მა, როგორც შპს „ა----–-ას 100% წილის მფლობელმა მიიღო გადაწყვეტილება დაეფუძნებინა შპს „ლ-----–-“. ამავე თარიღში ნ--- გ---–---–მა გამოხატა თანხმობა გამხდარიყო შპს „ლ-----–-ს“ დირექტორი. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება გახდა შპს „ლ-----–-ს“ რეგისტრაციის საფუძველი.
2.12. შ-----–-----–-- საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია, რომელიც სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2014 წლის 25 ივნისს. კომპანიის პარტნიორები არიან შპს „ა----–-ა“ - 75% წილის მესაკუთრე და გ------- გ-----------
- 25% წილის მესაკუთრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 24.06.2014წ. გადაწყვეტილება (ს,ფ, 96);
- 24.06.2014წ. თანხმობა (ს.ფ. 97);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 98-99);
2.13. შპს „ლ-----–-ს“ წესდების 14.1 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების უმაღლესი ორგანოა დამფუძნებელთა კრება. 14.6. პუნქტის თანახმად, კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება არანაკლებ 100% წილის მფლობელი დამფუძნებელი/პარტნიორები. 14.8. პუნქტის თანახმად, კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარი დაუჭირა არანაკლებ 100% წილის მფლობელმა დამფუძნებელმა პარტნიორებმა.
2.14. წესდების 15.1 პუნქტით განსაზღვრულია დამფუძნებელთა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები, მათ შორის - საზოგადოების დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა (15.1.4. პუნქტი).
2.15. წესდების 16.1 პუნქტის შესაბამისად საზოგადოების საქმიანობას ხელმძღვანელობს საზოგადოების დირექტორი, რომელიც ინიშნება დამფუძნებელთა საერთო კრების მიერ. 16.3 პუნქტის თანახმად, დირექტორს ენიჭება საზოგადოების სრული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ლ-----–-ს“ წესდება (ს.ფ. 89-94);
- 24.06.2014წ. პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ. 95);
2.16. 2014 წლის 27 ივნისს, შპს „ა----–-ის“ 100% წილის მესაკუთრე გ--–--- ხ--–------სა და მოსარჩელე ო---- მ------------ვს შორის დაიდო შეთანხმება, რომლითაც ო---- მ------------ვს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა გ--–-------–-------ს კუთვნილი 100% წილიდან 49% წილი შპს „ა----–-აში“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეთანხმება (ს.ფ. 64);
2.17. 2014 წლის 8 სექტემბერს გაიმართა შპს „ა----–-ას“ პარტნიორთა კრება, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც, დირექტორის თანმდებობიდან გათავისუფლდა შ--–-- ჩ----–---–- და მის ნაცვლად დირექტორად დაინიშნა ო--------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 08.09.2014წ. კრების ოქმი (ს.ფ. 76);
2.18. 2014 წლის 21 ნოემბერს გაიმართა შპს „ლ-----–-ს“ პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც შ---------–--- (წარმოდგენილი დირექტორის - ო---- მ------------ვის სახით), ასევე გ------- გ-----------. პარტნიორებმა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „ლ-----–-ს“ დირექტორი - ნ--- გ---–---–ი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და მის ნაცვლად კომპანიის დირექტორად დანიშნეს ო--------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 21.11.2014წ. პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ. 102);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 103-104);
2.19. მოსარჩელე ო---- მ------------ვმა 2016 წლის 12 სექტემბერს, 100% წილობრივი მონაწილეობით, დააფუძნა შპს „ლ-----–--ს-–--–--–-- ე-–-------“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 22-23);
2.20. 2017 წლის 3 სექტემბერს შპს „ა----–-ას“ დირექტორი ო---- მ------------ვი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მის ნაცვლად დირექტორად დაინიშნა გ--–-------–-------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 03.09.2017წ. კრების ოქმი (ს.ფ. 82);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 86-87);
2.21. 2017 წლის 22 დეკემბერს გაიმართა შპს „ლ-----–-ს“ პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდა, საწარმოს ორივე პარტნიორი - შ---------–--- (წარმოდგენილი გ--–-------–-------ს სახით) და გ------- გ-----------.
2.22. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „ლ-----–-ს“ დირექტორი ო-------------------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ახალ დირექტორად დაინიშნა გ--–--- ხ--–-------. კრებაზე აღინიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.12.2017წ. კრების ოქმი (ს.ფ. 17);
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.23. 2017 წლის 22 დეკემბერს შპს „ლ-----–-ს“ 100% წილის მესაკუთრე პარტნიორებმა ერთობლივი ნების გამოვლენის პირობებში მიიღეს გადაწყვეტილება დირექტორის ცვლილებასთან მიმართებით, რაც გამორიცხავს მითითებული კრების ოქმის ბათილობას. კერძოდ, დადგენილია, რომ შპს „ლ-----–-ს“ პარტნიორთა კრებაზე წარმოდგენილი იყო საწარმოს 100% წილის მესაკუთრე პარტნიორები, რომლებმაც ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს საწარმოს დირექტორის ცვლილებასთან მიმართებით. სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას და სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძვლად ვერ მიიჩნევს გარემოებას, რომ კრებაზე მოწვეული არ იყო დირექტორი, რადგანაც პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილების მისაღებად არ არის სავალდებულო დირექტორის მონაწილეობა, ამგვარი დათქმა არც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის განსაზღვრული და არც შპს „ლ-----–-ს“ წესდება შეიცავს კანონმდებლობისაგანს განსხვავებულ ჩანაწერს. საწარმოს დირექტორს ევალება ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა, რაც არ გულისხმობს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს პარტნიორთა კრებაში, იგი არ არის აღჭურვილი ხმის უფლებით და შესაბამისად დირექტორს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შესაბამისად იმ გარემოებაზე აპელირება, რომ ო-------------------- არ იყო მიწვეული პარტნიორთა კრებაზე უსაფუძვლოა და ვერ განიხილება სადავო კრების ოქმის ბათილობის საფუძვლად.
სასამართლომ ასევე, არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება და კრების ოქმის ბათილობის საფუძვლად არ მიიჩნია გარემოება, რომ შპს „ლ-----–-ს“ პარტნიორთა კრებაზე შპს „ა----–-ას“, როგორც 75% წილის მესაკუთრე პარტნიორს, წარმოდგენილი მისი დირექტორის გ--–-------–-------ს სახით არ ჰქონდა უფლება მიეღო გადაწყვეტილება, თავად შპს „ა----–-ას“ პარტნიორების ნებართვის გარეშე, რამეთუ აღნიშნული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, მოითხოვდა პარტიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების არსებობას, წინააღმდეგ შემთხვევაში დამოუკიდებლად შპს „ა----–-ას“ დირექტორის მიერ გამოვლენილი ნება ვერ ჩაითვლება ნამდვილად, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შპს „ლ-----–-ს“ 2017 წლის 22 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმი.
სასამართლომ შპს „ა----–-ას“ მიერ შპს „ლ-----–-ს“ პარტნიორთა კრებაზე ნების გამოვლენა არ მიიჩნია იმგვარ ქმედებად, რასაც ესაჭიროებოდა თავის მხრივ მის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების არსებობა, რამეთუ შპს „ა----–-ას“, როგორც სხვა საწარმოს პარტნიორსა და შესაბამისად წილის მესაკუთრეს, ამავე საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება დირექტორის ცვლილებასთან მიმართებით. სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „ა----–-ას“, როგორც შპს „ლ-----–-ს“ პარტნიორის და 75% წილის მესაკუთრეს არ ესაჭიროებოდა პარტნიორთა კრების თანხმობა იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რაც შეეხებოდა შპს „ლ-----–-ს“ დირექტორის ცვლილებას, რამეთუ ამ ვითარებაში შ---------–--- მოქმედებდა არა როგორც მეწარმე სუბიექტი, არამედ, როგორც ქონების (წილის) მესაკუთრე და აღნიშნული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე ვერ მიიჩნევა იმგვარ გადაწყვეტილებად, რაც სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას. გარდა აღნიშნულისა საყურადღებოა, რომ შპს „ა----–-ას“ დირექტორი ამავდროულად არის ამავე საწარმოს 51% წილის მესაკუთრე, რომელსაც გააჩნდა ბერკეტი მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც დაფიქსირებულია სადავო კრებაზე მის მიერ და მტკიცება იმისა, რომ გადაწყვეტილება არის კანონსაწინააღმდეგო უსაფუძვლოა.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47.1 მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია განისაზღვრება კანონით ან/და საწარმოს წესდებით. ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება კანონით ან/და საწარმოს წესდებით. ამავე კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.
111.1 მუხლის შესაბამისად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.
უნდა განიმარტოს, რომ სამეწარმეო საზოგადოებაში, კერძოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში მმართველობის თავისებურებიდან გამომდინარე მართალია პარტნიორებს გააჩნიათ უფლება მართონ საწარმო, თუმცა აღნიშნული არ მოიაზრებს დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვას მიიღოს გადაწყვეტილება და წარმოადგინოს საწარმო მესამე პირებთან ურთიერთობაში. ამავდროულად, ბათილობის საფუძვლად დირექტორის უფლებამოსილების ნაკლზე მითითება, მეტად საფრთხილოა მესამე პირების ინტერესებიდან გამომდინარე. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, შ---------–--- და შ-----–-----–--, ასევე მისი პარტნიორი გ------- გ----------- არიან დამოუკიდებელი სუბიექტები, რომლებთან ურთიერთობებშიც შპს „ა----–-ას“ წარმოადგენს მისი დირექტორი გ--–-------–-------, რომელიც ამავდროულად საწარმოს 51% წილის მესაკუთრე პარტნიორია, შესაბამისად გაუმართლებელია სადავო კრებაზე შპს „ა----–-ას“ მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობის სადავოდ გახდომა მესამე პირების ინტერესებიდან გამომდინარე იმ საფუძვლით, რომ დირექტორს არ ჰქონდა მიღებული საწარმოს პარტნიორთა თანხმობა. მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც თავად დირექტორი წარმოადგენს აღნიშნული საწარმოს 51% წილის მესაკუთრეს და შესაბამისად მესამე პირს არ ექნებოდა არავითარი საფუძველი ევარაუდა, დირექტორის არაუფლებამოსილებასთან მიმართებით. კრების ოქმის ბათილობის მოთხოვნა, მხოლოდ იმ ვითარებაში შესაძლოა ყოფილიყო გამართლებული, თუ უტყუარად დადასტურდებოდა დირექტორისა და მესამე პირთა შეთანხმებული მოქმედება საწარმოსათვის ზიანის მისაყენებლად. გარიგების ბათილად მიჩნევისათვის გადამწყვეტია, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის წინაპირობების არსებობა, რომლის თანახმადაც, თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაგენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით. ამდენად, მოხმობილი ნორმების საფუძველზე გარიგების ბათილობისათვის განმსაზღვრელია კონტრაგენტის სუბიექტური დამოკიდებულება გარიგებისადმი, კერძოდ რამდენად იყო მისთვის ცნობილი დირექტორის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ.
საყურადღებოა, ასევე ის გარემოება, რომ შპს „ა----–-ას“ დირექტორის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვლობა სადავოდ გახადა მხოლოდ მისმა 49% წილის მესაკუთრე პარტნიორმა ო---- მ------------ვმა, შესაბამისად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს ო--------------------ს, როგორც შპს „ა----–-ას“ 49% წილის მესაკუთრე პარტნიორის უფლებამოსილება სადავოდ გახადოს საწარმოს ნების გამოვლენის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების ნამდვილობა, მაშინ როდესაც 51% წილის მესაკუთრე პარტნიორისათვის მისაღებია ამგვარი ნების გამოვლენა. საგულისხმოა, ის გარემოებაც, რომ მიუხედავად მოსარჩელის მიერ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციისა, სასამართლო არსებულ ვითარებაში ვერ ხედავს მის გამართლებულ ინტერესს უხელმძღვანელოს იმ საწარმოს, რომლის პარტნიორებსაც 100% წილობრივი შემადგენლობით არ სურთ მისი დირექტორობა, აღნიშნულ ფაქტს არ ამართლებს არც ის გარემოება, რომ იგი არის შპს „ა----–-ას“ 49% წილის მესაკუთრე, რამეთუ იმავე საწარმოს 51% წილის მესაკუთრეს, ანუ ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორს არ სურს მისი დირექტორობა შპს „ლ-----–-ში“ რაც ერთობლიობაშ ამყარებს მოპასუხის პოზიციის მართებულობას.
გარდა აღნიშნულისა, საყურადღებოა, ასევე ის გარემოებაც, რომ თავად ო-------------------- ანალოგიური წესით დაინიშნა შპს „ლ-----–-ს“ დირექტორად და არც მის შემთხვევაში ჩატარებულა შპს ა----–-ას პარტნიორთა კრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.12.2017წ. კრების ოქმი (ს.ფ. 17);
- 21.11.2014წ. პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ. 102);
- შპს „ლ-----–-ს“ წესდება (ს.ფ. 89-94);
- შპს „ა----–-ის“ წესდება (ს.ფ. 54-59);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.24. ო-------------------- წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში ითხოვს 2017 წლის 22 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობას, რომლითაც შპს „ლ-----–-ს“ დირექტორობიდან გათავისუფლდა ო-------------------- და დაინიშნა გ--–-------–-------. რამდენადაც სახეზეა აღიარებითი სარჩელი, მოთხოვნის სპეციფიკიდან გამომდინარე სასამართლოს უპირველესად მიზანშეწონილად მიაჩნია შეაფასოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დასაბუთებულობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა- არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. იურიდიული ინტერესი არის სამართლებრივი სიკეთე, რაც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ბუნებრივია, აღნიშნული არ გულისხმობს მხოლოდ ქონების გადაცემას. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. ამასთან, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ მხარე დაადასტურებს, რომ ეს აღიარება სასამართლო წესით უნდა მოხდეს, უფრო ზუსტად კი, სასამართლო წესით უფლების აღიარების აუცილებლობა უნდა გამოირკვეს და ამ აღიარებას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი შედეგი. აღნიშნული პირობა ობიექტური გარემოებაა და არ აქვს მნიშვნელობა, თავად მხარე რა სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას. აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად მხარისათვის სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. საყურადღებოა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობაზე არსებით გავლენას, იურიდიული ინტერესის ნამდვილობის თვალსაზრისით, ახდენს ის ფაქტი, რომ სხვა სახის სარჩელის (მაგ: მიკუთვნებითი სარჩელის) აღძვრის გზით გადაწყვეტა არ უნდა იყოს შესაძლებელი.
აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
აღიარებითი მოთხოვნის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად ნამდვილი ინტერესი გააჩნია ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს და თუნდაც მის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა იურიდიული ინტერესი - დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა, ანუ აღიარებითი სარჩელის წარმატებულობა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლისა.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ო-------------------- ითხოვს პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობას, რომლითაც შპს „ლ-----–-ს“ დირექტორობიდან გათავისუფლდა ო-------------------- და დაინიშნა გ--–-------–-------. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ო---- მ------------ვს გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, სადავო პარტნიორთა კრების ოქმის ბათილობასთან მიმართებით, რამდენადაც მითითებული კრების ოქმის ბათილობა გამოიწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას და შესაბამისად მოსარჩელის აღდგენას შპს „ლ-----–-ს“ დირექტორის თანამდებობაზე.
2.25. მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დადგენის შემდგომ სასამართლოს შეფასების საგანია პარტნიორთა კრების ოქმის ბათილობის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების კვლევა.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. უნდა განიმარტოს, რომ გარიგების საფუძველი - ნება, როგორც სუბიექტური კატეგორია, გარიგების აუცილებელი ელემენტია. სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები (მატერიალური და ფორმალური). ნების გამოვლენის მიზანი უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომა, რომელიც გამოიხატება სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაში, შეცვლასა და შეწყვეტაში.
იურიდიული პირის წევრების მიერ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს მრავალმხრივი გარიგების ნიმუშს, რომელზეც გადაწყვეტილების მისაღებად ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, არაა სავალდებულო ამ გარიგების მონაწილე ყველა პირის თანხმობა, არამედ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ უმრავლესობის ნების არსებობის პირობებში, რასაც ადგენს კიდეც შპს „ა----–-ის“ წესდება. რაც შეეხება, შპს „ლ-----–-ს“ წესდებას, იგი კანონმდებლობისაგან განსხვავებით გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს 100% წილის მესაკუთრე პარტნიორთა თანხმობას (წესდების 14.8 პუნქტი).
სკ-ს 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სკ-ს 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. 111.1 მუხლის შესაბამისად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი შპს „ლ-----–-ს“ 2017 წლის 22 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმის ნამდვილობა, მისი 75% წილის მესაკუთრე პარტნიორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლზე მითითების საფუძვლით.
2.26. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. მოხმობილი ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის, ლიკვიდატორის, მეურვის, რეაბილიტაციის მმართველის ან გაკოტრების მმართველის, ასევე სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
კანონის 91 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). მოხმობილი ნორმის, მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, კრება იღებს გადაწყვეტილებებს დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება.
44.1 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. მე-4 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს მართვის ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი წესდებით, ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაგენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. ამავე კანონის 47.1 მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია განისაზღვრება კანონით ან/და საწარმოს წესდებით. ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
მნიშვნელოვანია მოხმობილი იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 29.01.2014 წლის გადაწყვეტილება N1/1/543, სადაც განმარტებულია, რომ „...მეწარმე სუბიექტთან გარიგების დადება მუდმივად არ უნდა იყოს დაკავშირებული რისკთან, რომ დირექტორის უფლებამოსილება შესაძლოა შეზღუდული აღმოჩნდეს. მესამე პირი, რომელიც შედის საწარმოსთან სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში, არ არის ვალდებული, შეამოწმოს საწარმოს შიდა კორპორაციული დოკუმენტები. მესამე პირებს უნდა შეეძლოთ დამატებითი შემოწმებებისა და დოკუმენტაციის მოძიების გარეშე მიიჩნიონ, რომ საწარმოს დირექტორი უფლებამოსილია, დადოს გარიგება საწარმოს სახელით. შეუძლებელი იქნებოდა ეფექტიანი სამოქალაქო ბრუნვის არსებობა, თუ ყველა კონტრაგენტს მოვთხოვდით გარკვეულიყვნენ კონკრეტული საწარმოს შიდა პროცედურებში და საწარმოს ორგანოებს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაში. ასეთი მიდგომა დააბრკოლებდა გარიგებების მარტივად და ეფექტიანად დადების შესაძლებლობას და მნიშვნელოვნად გაზრდიდა მხარეების ტრანზაქციულ ხარჯებს...“.
შპს „ლ-----–-ს“ წესდების 14.1 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების უმაღლესი ორგანოა დამფუძნებელთა კრება. 14.6. პუნქტის თანახმად, კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება არანაკლებ 100% წილის მფლობელი დამფუძნებელი/პარტნიორები. 14.8. პუნქტის თანახმად, კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარი დაუჭირა არანაკლებ 100% წილის მფლობელმა დამფუძნებელმა პარტნიორებმა. წესდების 15.1 პუნქტით განსაზღვრულია დამფუძნებელთა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები, მათ შორის - საზოგადოების დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა (15.1.4. პუნქტი).
რაც შეეხება, შპს „ა----–-ას“, მისი წესდების 3.1.-3.2. პუნქტების თანახმად, საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება. საწარმოს ყოველ პარტნიორს ან/და დირექტორს, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წესდების შესაბამისად, კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). წესდების 3.8.-3.9. პუნქტების მიხედვით, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება მიიღება მონაწილეთა ხმების უმრავლესობით. პარტნიორთა საერთო კრებაზე პარტნიორებს აქვთ მათი წილის პროპორციული ხმათა რაოდენობა. წესდების 3.7 პუნქტის შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. ამავე წესდების 4.5 პუნქტით განისაზღვრა ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესაძლებლობა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. შპს „ა----–-ის“ წესდების 5.1. პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, პარტნიორებს მინიჭებული აქვთ საზოგადოების მართვაში მონაწილეობის მიღების უფლება და საზოგადოების საქმიანობაზე კონტროლის გაწევის უფლება.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, 2017 წლის 22 დეკემბერს გაიმართა შპს „ლ-----–-ს“ პარტნიორთა კრება, რომელზეც საწარმოს 100% წილის მესაკუთრე პარტნიორებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება დირექტორის ცვლილებასთან მიმართებით, რაც ამ მხრივ ცალსახად გამორიცხავს ბათილობის წინაპირობის არსებობას. ამასთან, მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი ერთ-ერთი პარტნიორის უფლებამოსილება, მიეღო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცედურაში. კერძოდ, მოსარჩელე არის შპს „ლ-----–-ს“ 75% წილის მესაკუთრე პარტნიორის შპს „ა----–-ას“ 49% წილის მესაკუთრე პარტნიორი და მისი განმარტებით, დირექტორს გ--–--- ხ--–------ს პარტნიორთა კრებაზე მიღეული გადაწყვეტილების გარეშე არ ჰქონდა უფლება მიეღო მონაწილეობა შპს „ლ-----–-ს“ დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
სასამართლო ზემოთ მოხმობილი სამართლებრივი ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად ვერ გაიზიარებს მოსარჩელის კონკრეტულ მტკიცებას, რამეთუ უპირველესად ვერ მიიჩნევს სადავო კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე იმგვარ გადაწყვეტილებად, რაც მოითხოვს პარტნიორთა კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. რასაც ადასტურებს ის გარემოებაც, რომ თავად ო--------------------ც იმგვარად დაინიშნა დირექტორად, რომ შპს „ა----–-ას“ პარტნიორებს აღნიშნულ საკითხზე კრება არ მოუწვევიათ. ამასთანავე, არ არსებობს გარიგების ბათილობის წინაპირობები, რამდენადაც შპს „ა----–-ას“ დირექტორი არის მისი 51% წილის მესაკუთრე და შესაბამისად უფლებამოსილი პირი მიეღო გადაწყვეტილება, რაც გამორიცხავს პარტნიორთა კრების ჩაუტარებლობის საფუძვლით გარიგების ბათილობას, რამდენადაც იმ პირობებში, როდესაც გარიგება მისაღებია საწარმოს 51% წილის მესაკუთრე პარტნიორისათვის აღნიშნულ გარემოებას ვერ შეცვლის მისი 49% წილის მესაკუთრე პარტნიორის ინტერესები. და ბოლოს, მესამე პირის ინტერესებიდან გამომდინარე არ არსებობს კონკრეტული გარიგების ბათილობის წინაპირობები, რადგანაც გ------- გ-----------სათვის, არსებობდა მოლოდინი, რომ შპს „ა----–-ას“ დირექტორის მიერ გამოვლენილი ნება იყო ნამდვილი, რამეთუ გ--–-------–------- ამავდროულად არის კონკრეტული საწარმოს 51% წილის მესაკუთრე და რეალურად ის პირი რომლის ხელშიცაა კონკრეტულ საწარმოში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი.
ამდენად, ო--------------------ს მოთხოვნა შპს „ლ-----–-ს“ 2017 წლის 22 დეკემბრის კრების ოქმის ბათილობასთან მიმართებით უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ არის გამხდარი 2017 წლის 22 დეკემბერს ჩატარებული კრების მოწვევის შესახებ მისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა, როგორც შპს „ა----–-ის“ 49%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის და შპს „ლ-----–-ს“ დირექტორის. იმის მიუხედავად, რომ შპს „ა----–-ის“ 51% წილის მფლობელი პარტნიორი გ--–-------–------- უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეილება, როგორც ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორმა, აღნიშნული მას არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან მოიწვიოს პარტნიორთა კრება, გაუგზავნოს დღის წესრიგი და შეატყობინოს საწარმოს 49% წილის მქონე პარტნიორს შპს „ა----–-ის“ შვილობილ კომპანიაში მისაღები გადაწყვეტილების შესახებ.
3.2. აპელანტის მითითებით, შპს „ლ-----–-ს“ დირექტორის თანამდებობიდან ო--------------------ს გათავისუფლების საკითხი მიჩნეულ უნდა იქნეს იმგვარ გადაწყვეტილებად, რომელიც სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „ლ-----–-ს“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა კომპანიის შპს „ა----–-ის“ 49 % წილის მფლობელი პარტნიორი. შესაბამისად, აღნიშნული ვერ მიიჩნევა საწარმოს ჩვეულებრივ საქმიანობად, როდესაც საქმე ეხება შვილობილ კომპანიაში, მმართველო კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორის, როგორც დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
3.3. აპელანტის მითითებით, შპს „ა----–-ის“ 49 % წილის მფლობელი პარტნიორი არ იყო ინფორმირებული 2018 წლის 22 დეკემბერს მოწვეული პარტნიორთა კრების დღის წესრიგისა და კრების ჩატარების შესახებ, რისი ცოდნის უფლებამოსილებაც მას გააჩნდა, როგორც პარტნიორს.
სასამართლოს არ გამოუკვლევია 2017 წლის 22 დეკემბერს შპს „ლ-----–-ს“ 100% წილის მესაკუთრე პარტნიორების ნების გამოვლენის პირობები. კერძოდ, გ------- გ-----------ს, რომლის თანხმობის გარეშეც მიღებული ვერ იქნებოდა გადაწყვეტილება. შესაბამისად, ფორმალურად ერთობლივი ნების გამოვლენა არ ნიშნავს იმას, რომ 25% წილის მფლობელი პარტნიორი სწორად იყო ინფორმირებული დირექტორი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებზე. თუმცა სასამართლო არ დაინტერესებულა აღნიშნულით და არ მოუსმენია გ------- გ-----------სთვის.
სასამართლოს არ გამოუკვლევია გ------- გ-----------ს, როგორც მესამე პირის ინტერესები, მისაღები იყო, თუ არა მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება ნამდვილად შეესაბამება, თუ არა მესამე პირის რეალურ ინტერესებს.
შპს „ლ-----–-ს“ პარტნიორებს 100% წილობრივი შემადგენლობით არ სურთ ო--------------------ს დირექტორობა. სასამართლოს აღნიშნული საკითხი არ გამოუკვლევია და სასამართლო სხდომაზე არ დაუკითხავს 25% წილის მფლობელი პარტნიორი, რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა, რომ მას სურდა ო--------------------ს დირექტორობა.
3.4. აპელანტის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილება სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, რადგან საქმე გვაქვს შპს „ა----–-ის“ შვილობილ კომპანიაში შპს „ლ-----–-ს“ დირექტორის განთავისუფლებასთან, რომელიც იმავდროულად არის შპს „ა----–-ის“ 49%-იანი წილის მესაკუთრე. ამასთან მითითებული გადაწყვეტილების მიღება არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პარტნიორებს და ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოება არის არა დირექტორის მოწვევის საკითხი, არამედ შპს „ა----–-ის“ 49%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის ოვეს მ------------ვის კრებაზე მოწვევის საკითხი, რომელიც ამავდროულად არის შპს „ლ-----–-ს“ დირექტორი.
3.5. აპელანტმა მიუთითა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47.1. მუხლზე და აღნიშნა, რომ შპს „ა----–-ის“ პარტნიორი, რომელსაც სურდა მის შვილობილ საწარმოში დირექტორის ცვლილება ვალდებული იყო შპს „ა----–-ის“ 49%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი კრებაზე მოეწვია, თუმცა აღნიშნულ ვალდებულებას თავი აარიდა განზრახ, რადგან იცოდა აპელანტის კრებაზე დასწრების შემთხვევაში გ------- გ-----------სათვის ცნობილი გახდებოდა, რომ ოვეს მ------------ვი თავისი ნებით არ ტოვებდა თანამდებობას და არც ავადმყოფობდა.
შ---------–--- და შ-----–-----–-- ერთმანეთთან დაკავშირებული საწარმოებია გ------- გ-----------სთვის არ იყო ცნობილი საქმის გარემოებები სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არ დათანხმდებოდა სადავო წინადადებას, რაც სასამართლოს მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული.
აპელანტის მითითებით, გარიგების ბათილობისათვის განმსაზღვრელია კონტრაჰენტის სუბიექტური დამოკიდებულება გარიგებისადმი. კერძოდ, რამდენად იყო მისთვის ცნობილი დირექტორის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ. მართალია, შპს „ლ-----–-ს“ 25% წილის მფლობელი პარტნიორისათვის ცნობილი არ იყო შპს „ა----–-ას“ დირექორის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, იქიდან გამომდინარე, რომ შპს „ლ-----–-ს“ 25% წილის მფლობელმა პარტნიორმა იცოდა, რომ მითითებული გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო შპს „ა----–-ის“ 49 % წილის მფლობელ პარტნიორთან და სწორედ მისი ინიციატივა იყო თანამდებობის დატოვება. შესაბამისად, შპს „ა----–-ის“ პარტნიორმა და დირექტორმა განზრახ შეცდომაში შეიყვანა გ------- გ----------- და მიაწოდა არასწორი ინფორმაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მითითებით, 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი იყო გ--–-------–-------ს მიერ საკუთარი ინტერესების წინა პლანზე წამოწევა და არა საწარმოსათვის მომგებიანი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლოს მიერ არასწორად არის გამოკვლეული საქმის გარემოებები და მისთვის უცნობია, მესამე პირის ინტერესები, კერძოდ, გ------- გ-----------ს ინტერესებში ნამდვილად ჯდება, თუ არა მითითებული გადაწყვეტილების ძალში დატოვება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. 12.01.2018წ. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „ა----–-ას“ პარტნიორებს წარმოადგენდნენ გ--–--- ხ---–------ი და ო---- მ------------ი. შემდეგი წილობრივი მონაწილეობით - 51%- გ--–--- ხ---–------ი, 49% - ო--------------------. ამონაწერის თანახმად, შპს „ა----–-ას“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს - გ--–-------–------- (იხ. ამონაწერი, შეთანხმება ტ.1, ს.ფ. 18-19; 64-65)
4.2. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შ-----–-----–-- რეგისტრირებულია 25.06.2014 წ. და მისი პარტნიორები არიან შ---------–--- და გ------- გ-----------. შემდეგი წილობრივი მონაწილებით - შ---------–--- 57%, გ------- გ----------- - 25%. საქმის მასალებში წარმოდგენილია 24.06.2014წ. გ--–-------–-------ს, როგორც შპს „ა----–-ას“ 100 % წილის მფლობელის გადაწყვეტილება შპს „ლ-----–-ს“ დაფუძნების შესახებ, ასევე ნ--- გ---–---–ის თანხმობა დაეკავებინა შპს-ს დირექტორის თანამდებობა (იხ. ტ.1, ს.ფ. 96-99)
4.3. დადგენილია, რომ 2014 წლის 8 სექტემბრის შპს „ა----–-ას“ პარტნიორთა კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება შ--–-- ჩ----–---–-ს გათავისუფლებისა და მის ნაცვლად დირექტორის თანამდებობაზე ო--------------------ს დანიშვნის შესახებ (იხ. შპს „ა----–-ას“ დამფუძნებელთა კრების ოქმი, ტ.1, ს.ფ. 76-77)
ასევე, დადგენილია, რომ 2014 წლის 21 ნოემბრის შპს „ლ-----–-ს“ პარტნიორთა კრებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც შ---------–--- (წარმოდგენილი დირექტორის - ო---- მ------------ვის სახით), ასევე გ------- გ-----------, პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება ნ--- გ---–---–ის შპს „ლ-----–-ს“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მის ნაცვლად ო--------------------ს დანიშვნის შესახებ (იხ. ტ.1, ს.ფ. 102; 103-104)
2017 წლის 3 სექტემბრის შპს „ა----–-ის“ პარტნიორთა კრების ომის თანახმად, ო---- მ------------ვი გათვალისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან და მის ნაცვლად დაინიშნა გ--–-------–------- (იხ. ტ. 1, ს.ფ. 82; 86-87)
4.4. მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი შპს „ლ-----–-ს“ 2017 წლის 22 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ო---- მ------------ვი განთავისუფლდა შპს „ლ-----–-ს“ დირექტორის თანამდებობიდან და მის ნაცვლად დირექტორად დაინიშნა გ--–-------–-------. ამასთან, აპელანტის მოსაზრებით, სადავო კრების ოქმის (გარიგება) ბათილია, ვინაიდან ეს გარიგება დაიდო საწარმოს პარტნიორის - შპს „ა----–-ის“ პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე, რაც სავალდებული იყო რამდენადაც მიღებული გადაწყვეტილება, მნიშვნელოვნად სცილდებოდა საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას.
მითითებულ საკითხთან მიმართებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დამატებით მიუთითებს შემდეგზე:
შპს „ლ-----–-ს“ 2017 წლის 22 დეკემბრის კრების ოქმის შინაარსი ცხადყოფს, რომ პარტნიორთა კრებას ესწრებოდა საწარმოს ორივე პარტნიორი, კერძოდ, შ---------–---, მისი წარმომადგენლის გ--–-------–-------ს სახით, და გ------- გ-----------. ასევე, კრების ოქმის საფუძველზე დგინდება, რომ კრებაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთხმად (იხ. ტ.1, ს.ფ. 17)
ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო გარიგების გაფორმებაზე შპს „ა----–-ის“ პარტნიორთა კრებას არც შესაბამისი ნებართვა გაუცია და არც შემდგომ მოუწონებია გარიგება. ამდენად, კვლევის საგანს წარმოადგენს შპს „ა----–-ის“ დირექტორს შეზღუდული ჰქონდა, თუ არა ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებისას.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება - საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მითითებული ნორმის მესამე ნაწილი კი, ადგენს, რომ ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, შპს-ში დირექტორი ახორციელებს ხელმძღვანელობით საქმიანობას, რაც გულისხმობს საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე, საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. საზოგადოების დირექტორის კომპეტენცია, ანუ ხელმძღვანელობის უფლებამოსილების (მათ შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების) ფარგლები, განისაზღვრება კანონით ან საწარმოს წესდებით (სპეციალური კანონის 47.3 მუხლი), შესაბამისად, სწორედ მათ საფუძველზეა შესაძლებელი საზოგადოების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეზღუდვა. აქედან გამომდინარე, სპეციალური კანონის 9.4 მუხლში მითითებული მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვა გულისხმობს კანონით ან საწარმოს წესდებით საწარმოს დირექტორისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვას (იხ. სუსგ #ას-653-620-2014, 24.09.15 წ.).
შპს „ა----–-ის“ წესდების 4.1 მუხლის მიხედვით, საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება აქვს დირექტორს. 4.3 პუნქტის თანახმად, დირექტორის ხელმძღვანელობის უფლება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილების მიღების უფლებას, ხოლო 4.4 პუნქტის თანახმად, დირექტორი უფლებამოსილია მინდობილობის გარეშე დამოუკიდებლად იმოქმედოს საზოგადოების სახელით და წარმოადგინოს საზოგადოება მესამე პირებთან ურთიერთობაში. წესდების 5.1. პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, პარტნიორებს მინიჭებული აქვთ საზოგადოების მართვაში მონაწილეობის მიღების უფლება და საზოგადოების საქმიანობაზე კონტროლის გაწევის უფლება.
ამდენად, შპს „ა----–-ის“ წესდების მიხედვით სპეციალური დათქმა მოცემულ საკითხთან მიმართებით წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე არ არასებობს.
დადგენილია, რომ შ-----–-----–-- რეგისტრირებულია 25.06.2014 წ. და მისი პარტნიორები არიან შ---------–--- და გ------- გ-----------. აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ გულისხმობს, რომ შ---------–---, როგორც შპს „ლ-----–-ს“ პარტნოირი მუდამ მონაწილეობდა პარტნიორთა საერთო კრებაზე ე.ი. იღებდა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში. შესაბამისად, ამ სახის საქმიანობა განხილულ უნდა იქნეს, როგორც საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას მიკუთვნებულ სფეროდ. ამასთან, ყველა ამ შემთხვევაში შპს „ა----–-ას“ ნების გამომვლენი იყო ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ანუ კომპანიის დირექტორი. ხაზგასასმელია, ასევე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მითითებულ შემთხვევებში დირექტორი მოქმედებდა შპს „ა----–-ას“ პარტნიორთა საერთო კრების მიერ წინასწარ გაცემული თანხმობის საფუძველზე. მოცემულიდან გამომდინარე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ამ სფეროში შპს „ა----–-ას“ დირექტორს შეზღუდული არ ჰქონდა ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებებს ისეთ საკითხზე, როგორიცაა დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება. შპს „ლ-----–-ს“ წესდების 14.1 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების უმაღლესი ორგანოა დამფუძნებელთა კრება. 14.6. პუნქტის თანახმად, კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება არანაკლებ 100% წილის მფლობელი დამფუძნებელი/პარტნიორები. 14.8. პუნქტის თანახმად, კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარი დაუჭირა არანაკლებ 100% წილის მფლობელმა დამფუძნებელმა პარტნიორებმა. ამასთან, წესდების 15.1 პუნქტით განსაზღვრულია დამფუძნებელთა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები, მათ შორის - საზოგადოების დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა (15.1.4. პუნქტი).
ამდენად, შპს „ა----–-ას“, როგორც შპს „ლ-----–-ს“ პარტნოირის უფლებამოსილების სფეროში შედიოდა და შედის ისეთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, როგორიცაა საზოგადოების დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, ხოლო რამდენადაც შპს „ა----–-ას“ ნების გამომვლენი პირი იყო და არის კომპანიის დირექტორი, რომელსაც ამ სფეროში შეზღუდული არ ჰქონდა ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, შესაბამისად, პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ შპს „ლ-----–-ს“ 2017 წლის 22 დეკემბრის პარტნიორთა კრებაზე შპს „ა----–-ას“ დირექტორი კომპანიის პარტნიორთა წინასწარი თანხმობის არ არსებობის პირობებში არ იყო უფლებამოსილი საზოგადოების სახელით გამოევლინა ნება ო---- მ------------ვთან, როგორც შპს „ლ-----–-ს“ დირექტორთან ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. თავისმხრივ, ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „ა----–-ას“ დირექტორი მოქმედებდა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და სავალდებულო არ იყო შპს „ა----–-ას“ პარტნიორთა მიერ წინასწარი თანხმობის არსებობა, ასევე დასტურდება თავად ო--------------------ს შპს „ლ-----–-ს“ დირექტორად დანიშვნისას განხორციელებული პროცედურით, კერძოდ, დადგენილია, რომ 2014 წლის 21 ნოემბრის შპს „ლ-----–-ს“ პარტნიორთა კრებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც შ---------–--- (წარმოდგენილი დირექტორის - ო---- მ------------ვის სახით), ასევე გ------- გ-----------, პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება ნ--- გ---–---–ის შპს „ლ-----–-ს“ დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მის ნაცვლად ო--------------------ს დანიშვნის შესახებ. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არ ჰქონდა შპს „ა----–-ას“ პარტნიორთა მხრიდან მითითებულ საკითხზე წინასწარ თანხმობის გაცემის ფაქტს.
ამდენად, აპელანტის მოსაზრება, რომ სადავო კრების ოქმი (გარიგება) ბათილია, ვინაიდან ეს გარიგება დაიდო საწარმოს პარტნიორის - შპს „ა----–-ას“ პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე, პალატის შეფასებით დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს საზოგადოების წესდებიდან და არ შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მითითებული არგუმენტი არ წარმოადგენს სადავო კრების ოქმის ბათილობის საფუძველს.
4.5. აპელანტი სააპელაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებს იმ გარემოებებზე, რომ პარტნიორთა კრება არ ყოფილა მოწვეული სათანადო წესით, გარდა ამისა მოსარჩელეს არ მისცემია შესაძლებლობა გამოეთქვა აზრი და წარედგინა ახსნა-განმარტებები.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებებს ისეთ საკითხზე, როგორიცაა დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა.
„დირექტორის მიერ საწარმოს პარტნიორებთან შეუსაბამობასა და დაპირისპირებაში ყოფნა კანონთან და, ბუნებრივია, პარტნიორებთან შეუსაბამოდ მიიჩნევა. სწორედ დირექტორის უნარ-ჩვევებსა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული საწარმოს განვითარება. ამ რისკის საკომპენსაციოდ კი, პარტნიორებს უფლება აქვთ გაათავისუფლონ დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან და ამ შემთხვევაზე, შრომის კოდექსის მოქმედება არ შეიძლება გავრცელდეს. შრომის კოდექსით მოწესრიგებულია ურთიერთობა საწარმოს დირექტორსა და მის დაქირავებულ მუშაკს შორის, რომელიც ჩვეულებრივი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის საქმიანობა არის სამეწარმეო, მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან უნდა რეგულირდებოდეს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით. შესაბამისად, საზოგადოების დირექტორის ფუნქციათა თავისებურებებიდან გამომდინარე, დავის გადასაწყვეტად საქართელოს შრომის კოდექსით ხელმძღვანელობა კანონმდებლობით ნაკარნახევი არ არის. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ არის ტიპიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის, ეს არის სპეციფიკური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც შრომის კოდექსის გავრცელება არ შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. შრომის კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის შრომითი ურთიერთობა, რომელიც, ჩვეულებრივ, შრომითსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა,ხოლო დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით (სუსგ 2001 წლის 30 მარტის განჩინება საქმეზე №3კ/259-01, სუსგ 2003 წლის 26 ივნისის განჩინება საქმეზე № ას-68-767-03;)“.
პალატა აღნიშნავს, რომ ისეთი სახის საზოგადოებებში როგორიცაა შპს დირექტორების დანიშვნას და მათ გამოწვევას, ასევე კონტროლს მათ საქმიანობაზე ახორციელებს პარტნიორთა საერთო კრება. ამდენად, დირექტორების (გამოწვევის) გათავისუფლების ექსკლუზიური უფლება აქვს პარტნიორთა საერთო კრებას.
ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილების მისაღებად არ არის სავალდებულო დირექტორის მონაწილეობა, ამგვარი დათქმა არც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის განსაზღვრული და არც შპს „ლ-----–-ს“ წესდება შეიცავს კანონმდებლობისგან განსხვავებულ ჩანაწერს. საწარმოს დირექტორს ევალება ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა, რაც არ გულისხმობს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს პარტნიორთა კრებაში, იგი არ არის აღჭურვილი ხმის უფლებით და შესაბამისად დირექტორს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შესაბამისად იმ გარემოებაზე აპელირება, რომ ო-------------------- არ იყო მიწვეული პარტნიორთა კრებაზე უსაფუძვლოა და ვერ განიხილება სადავო კრების ოქმის ბათილობის საფუძვლად.
4.6. სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის, პარტნიორთა გადაწყვეტილება ორმხრივი/მრავალმხრივი გარიგებაა (სკ-ის 50-ე მუხლი), რომელიც სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გარიგების ნამდვილობის ყველა ელემენტს უნდა აკმაყოფილებდეს და სადავოობის შემთხვევაში, პარტნიორი, რომელიც არ ეთანხმება ამ გარიგებას, უფლებამოსილია, ისარგებლოს უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპით, რომელიც ვრცელდება ნებისმიერი დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების მიმართ.
დადგენილია, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს შედგა შპს „ლ-----–-ს“ პარტნიორთა კრება, რომელზედაც საწარმოს 100%-იანი წილის მქონე პარტნიორებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშრებით, კერძოდ - შპს დირექტორის ცვლილების შესახებ. კრებამ დაადგინა, შპს „ლ-----–-ს“ დირექტორი ო-------------------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დირექტორად დაინიშნა გ--–-------–-------. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ რაიმე გარემოების არსებობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმია საფუძველია.
4.4. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შეთავაზა სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო--------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლევან გვარამია
მოსამართლეები: გელა ქირია
ვ. კაკაბაძე