განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210019002868073
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/3589-19 17 სექტემბერი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან გვარამია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი – ზ----------–----–-–---;
წარმომადგენელი – გ-------------–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე – მ----------;
დავის საგანი _ ალიმენტის ოდენობის შემცირება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ----------–----–-–---ს სარჩელი.
შემცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა და ზ----------–----–-–--ს დაეკისრა შვილების - 2--- წლის 2- ო----------ს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ისა და 2--- წლის 1- მ---- დაბადებული გ---–- კ--–----–-–--ის სასარგებლოდ თითოეულისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად - 160-160 ლარის გადახდა 2019 წლის 26 თებერვლიდან.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ზ----------–----–-–--ს და მ----------ს ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი, - 2--- წლის 2- ო----------ს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ი და 2--- წლის 1- მ---- დაბადებული გ---–- კ--–----–-–--ი. მხარეები დაშორდნენ შეუთანხმებლობის გამო და შვილები ცხოვრობენ დედასთან. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებით ზ----------–----–-–--ს შვილების სასარგებლოდ თითოეულისთვის 100-100 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისრა. იმ პერიოდში იგი მუშაობდა ს------------ დ-–--- პ---–-–-ის ს-----------–--–ი და მის ხელფასი შეადგენდა 566.40 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 21-22).
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ზ----------–----–-–--ს შვილების სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გაეზარდა და დაეკისრა თითოეულისათვის 140-140 ლარის გადახდა. იმ პერიოდისთვის გაზრდილი იყო ზ----------–----–-–---ს ხელფასი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება (ს.ფ. 23-24).
2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ----------–----–-–--ს შვილების - 2--- წლის 2- ო----------ს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ისა და 2--- წლის 1- მ---- დაბადებული გ---–- კ--–----–-–--ის სარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად - 190-190 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 25-40).
2.4. 2018 წლის 01 აგვისტოს ზ------ კ--–----–-–--ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გაემგზავრა საზღვარგარეთ სამუშაოდ. იმავე წლის 22 დეკემბერს იგი დაბრუნდა საქართველოში და ამ პერიოდიდან არის უმუშევარი, არ გააჩნია არანაირი შემოსავალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
პასპორტის ასლი ( ს.ფ. 41-42).
2.5. ზ----------–----–-–--მა მოპასუხესთან დაშორების შემდგომ შექმნა ახალი ოჯახი და ყავს ორი შვილი - 2--- წლის 1- ა-----–- დაბადებული დ---- კ--–----–-–--ი და 2--- წლის 2- ა-----–- დაბადებული მ---- კ--–----–-–--ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
დაბადების მოწმობები ( ს.ფ.43-44).
2.6. ალიმენტის დაკისრების შემდგომ მოსარჩელის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა შეცვლილია, იგი არის უმუშევარი, მეორე მეუღლესთან შეძენილი ორივე შვილი დაავადებულია სხვადასხვა დაავედებებით, რაც საჭიროებს ფინანსებს, აქვს ფინანსური ვალდებულებები, ყავს პენსიონერი და ავადმყოფი მშობლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ბავშვების დაბადების მოწმობები, მშობლების საპენსიო ცნობები, ავადმყოფობის ცნობები, სესხის ხელშეკრულებ (ს.ფ. 46-60, 62, 63).
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.7. ზ------ კ--–----–-–--ის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა გაურესებულია ამჟამად, თუმც ალიმენტის ოდენობის შემცირება 190 ლარიდან 70 ლარამდე (130 ლარით თითოეული ბავშვისთვის) შეუსაბამოა ალიმენტის მიმღები პირების ინტერესებთან და მოთხოვნილებებთან. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ----------–----–-–---სთვის შვილების - 2--- წლის 2- ო----------ს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ისა და 2--- წლის 1- მ---- დაბადებული გ---–- კ--–----–-–--ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა ყოველთვიურად - 190-190 ლარის ოდენობით უნდა შემცირდეს ნაწილობრივ და განისაზღვროს თითოეულისათვის 160 – 160 ლარის ოდენობით ე.ი. შემცირდეს 30 -30 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოსარჩელემ ნაწილობრივ შეძლო თავისი მოთხოვნის დასაბუთება, რის შესაბამისად, სარჩელიც ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ------ კ--–----–-–--ს შვილების - 2--- წლის 2- ო----------ს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ისა და 2--- წლის 1- მ---- დაბადებული გ---–- კ--–----–-–--ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად - 190-190 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში N14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის
განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას, ანუ ცვლილების - ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, ალიმენტის მინიმალური ოდენობა უნდა იქნეს დადგენილი თუ შენარჩუნებული.
სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ გ------- და გ---–- კ--–----–-–--ები არიან არასრულწლოვნები, ასაკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნილებებით. ისინი ცხოვრობენ დედასთან, მ----------სთან ერთად, გ-------ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რაც დამატებით სახსრებს საჭიროებს მკურნალობისათვის.
მოპასუხე არ იმყოფება ქორწინებაში. იგი დაკავებულია არასრულწლოვანი შვილების აღზრდით.
მოსარჩელეს ყავს ორი შვილი მეორე ქორწინებიდან, რომლებიც არიან მის კმაყოფაზე, ამჟამად არის უმუშევარი.
ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ორივე მშობლის ვალდებულება იზრუნონ შვილზე. ორივე მშობელია ვალდებული, არასრულწლოვანი უზრუნველყონ სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით.
ამდენად, მხარემ ნაწილობრივ შეძლო დადასტურება იმ გარემოებისა, რომ გადაწყვეტილებით ალიმენტის დადგენის შემდეგ გაუარესდა მისი მდგომარეობა (როგორც მატერიალური ისე ოჯახური) და აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ალიმენტი 190-190 ლარის ოდენობით. თუმც ამ თანხის შემცირება 70-70 ლარამდე შეუთავსებელია ბავშვების (ალიმენტის მიმღები პირების) ინტერესებთან.
სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით შემცირება, იმ ფონზე, როდესაც შეცვლილი არ არის ალიმენტის მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, შესაძლებელია შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.
სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
მოპასუხე თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის თანახმა არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის მიიღოს შემცირებული ალიმენტის ოდენობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ბავშვს აქვს ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე მხარე, ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანურ სახსრებს.
ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 70-70 ლარი, მცირეა დღეის მდგომარეობით არასრულწლოვნებისთვის აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით, უდავოა ბავშვის ინტერესის დაცვის პრიორიტეტი, რომელიც სამართლით დაცულ სიკეთეთა შორის, უპირატესი და აღმატებული ღირებულებაა.
მინიმალური ზღვრის ქვემოთ ალიმენტის დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ გამონაკლის გარემოებებში, როდესაც სარწმუნოობის მაღალი სტანდარტით შეფასებისას, მშობლის ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთობლიობაში ობიექტურად გამორიცხავს მისთვის ალიმენტის თუნდაც მინიმალური ოდენობით გადახდის შესაძლებლობას. ფაქტობრივ გარემოებათა ასეთი ერთობლიობა მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ რადიკალურად არ შეცვლილა ალიმენტვალდებული პირის, ასევე ალიმენტის მიმღების ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობა, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის საფუძველზე, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის ნაწილობრივ შემცირების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ზ----------–----–-–---ს ოჯახური და ფინანსური მდგომარეობა ნეგატიურად შეიცვალა 2010 წლის 3 მაისის მდგომარეობასთან შედარებით, რაც იმ დროისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის (100 ლარი თითოეულ ბავშვზე) შემცირების უპირობო საფუძველი უნდა გამხდარიყო. სასამართლომ კი ფაქტობრივად 60 ლარით გაზარდა ალიმენტის ოდენობა. ასეთი გადაწყვეტილება კი, აპელანტის მოსაზრებით არ გამომდინარეობს საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორი ანალიზიდან.
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის დღევანდელი მდგომარეობა, რაც რადიკალურად განსხვავდება 2010 წლის 3 მაისის მდგომარეობისაგან. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, ზ----------–----–-–--- დასაქმებული არ არის, მან შექმნა მეორე ოჯახი და ჰყავს ორი შვილი, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მისი მშობლები დაავადებული არიან მძიმე ავადმყოფობით, პრობლემური საკრედიტო ვალდებულებების გამო დაყადაღებულია მისი ანგარიშები. შესაბამისად, ასეთ პირობებში, 160 ლარის დაკისრება თითოეულ ბავშვზე მოკლებულია გონივრულ ლოგიკას და ასეთი გადაწყვეტილება წინასწარვე განწირულია აღუსრულებლობისთვის.
3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სწორად არ შეაფასა ის ნეგატიური განსხვავება, რაც სახეზეა 2010 წლის 3 მაისის მდგომარეობასა და დრეის მდგომარეობას შორის და ალიმენტის თანხის შემცირების მაგივრად მოსარჩელეს დააკისრა თითოეული ბავშვისათვის 160 ლარი, ე.ი. 60 ლარით მეტი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება
4.1.1. დადგენილია, რომ მხარეებს რეგისტრირებული ქორწინების პერიოდსი შეეძინათ ორი შვილი - 2--- წლის 2- ო----------ს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ი და 2--- წლის 1- მ---- დაბადებული გ---–- კ--–----–-–--ი.
ასევე დადგენილია, რომ ზ----------–----–-–--- და მ---------- ერთად აღარ ცხოვრობენ, არასრულწლოვანი გ------- კ--–----–-–--ი და გ---–- კ--–----–-–--ი ცხოვრობენ დედასთან მ----------სთან.
4.1.2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებით, ზ----------–----–-–--ს მ--- ხ----ის სასარგებლოდ, 2--- წლის 2- ო----------ს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ისა და 2--- წლის 1- მ---- დაბადებული გ---–- კ--–----–-–--ის რჩენისათვის დაეკისრა ალიმენტი თითოეულისათვის 100 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 21-22).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მ----------მ კვლავ მიმართა სასამართლოს ალიმენტის ოდენობის გაზრდის მოთხოვნით. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაზრდილი ალიმენტის ოდენობა, კერძოდ, თითოეულ ბავშვზე 140-140 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 23-24);
4.1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2010 წლის 03 მაისის გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოსარჩელე დასაქმებული იყო და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 566.40 ლარს, ხოლო ალიმენტის ოდენობის 140 ლარამდე გაზრდის პერიოდისათვის (2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება) ზ----------–----–-–---ს შრომის ანაზღაურება იყო გაზრდილი (იხ. გადაწყვეტილების 3.1.1.; 3.1.2. პუნქტები);
4.1.4. დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ზ----------–----–-–--ს შვილების - 2--- წლის 2- ო----------ს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ისა და 2--- წლის 1- მ---- დაბადებული გ---–- კ--–----–-–--ის სარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად - 190-190 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 25-40).
4.1.5. სადავოდ არ ხდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხესთან დაშორების შემდგომ შექმნა ახალი ოჯახი და ჰყავს შვილები - 2--- წლის 1- ა-----–- დაბადებული დ---- კ--–----–-–--ი და 2--- წლის 2- ა-----–- დაბადებული მ---- კ--–----–-–--ი.
საქმის განხილვის დროისათვის ზ------ კ--–----–-–--ი არის უმუშევარი და არ გააჩნია შემოსავალი (იხ. საქმის მასალები)
4.1.6. საქმის მასალებში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ არასრულწლოვნებს ბავშვებს აქვთ, ჯანმრთელობის პრობლემები და საჭიროებენ მკურნალობას (იხ. საქმის მასალები)
4.1.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
განსახილველ შემთხვევაში, ზ----------–----–-–--- აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ 2010 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობა თითოეულ ბავშვზე განსაზღვრული იყო 100 ლარის ოდენობით, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე ჯერ 140, ხოლო შემდგომ 190 ლარამდე გაიზარდა, რაც აპელანტის გაზრდილმა ხელფასმა განაპირობა, მოცემულ შემთხვევაში კი, 2010 წლის 3 მაისის მდგომარეობასთან შედარებით გაუარესდა მისი ფინანსური მხარე, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ალიმენტის ოდენობა რეალურად არ შემცირებულა და ის 2010 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილ ოდენობას 60 ლარის აღემატება (თითოეულ ბავშვზე). სააპელაციო პალატა აღნიშნულ პოზიციას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა უკვე დაკისრებული ალიმენტის 190 ლარის შემცირების შესახებ მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმება. კერძოდ, პალატა მიუთითებს, რომ მართალია მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა 2010 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების შემდგომ შეიცვალა და მას აღარ გააჩნია სამსახური, თუმცა ეს მოცემულობა არსებობდა ასევე 20.11.2018 წ. გადაწყვეტილების მიღების დროსაც, რა დროსაც სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია, მ--- ხ----ის სარჩელი და დაკისრებული ალიმენტის ოდენობა ნაცვლად 140 ლარისა განსაზღვრა 190 ლარის ოდენობით. აპელანტს არ წარმოუდგენია იმის მტკიცებულება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ - საქმის განხილვის დროისათვის, გაუარესდა მხარის მატერიალური მდგომარეობა. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში დაყენებული მოთხოვნა 20.11.2018 წ. გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის თითოეული ბავშვისათვის - 190 ლარის - 70 ლარამდე შემცირების შესახებ, პალატის შეფასებით, მოკლებულია დასაბუთებას და გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, დაკისრებული ალიმენტის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ოდენობამდე შემცირება, ვერ უზრუნველყოფს ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება
4.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
4.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
4.2.3. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
4.2.4. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
4.2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები; კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე _ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის გათვალისწინებით, (ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვის და შესაბამისად, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები), ასევე განსახილველ შემთხვევაში ბავშვების ასაკის მხედველობაში მიღებით (კერძოდ, დგინდება, რომ არასრულწლოვანი გ------- კ--–----–-–--ი არის 13 წლის, გ---–- კ--–----–-–--ი 10 წლის, რომელთა ასაკის ზრდასთან ერთად მატულობს მათი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ოდენობაც), მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაკისრებული ალიმენტის თითოეულისათვის 70 ლარამდე შემცირების შესახებ, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა თითოეულისათვის ყოველთვიურად 160-160 ლარის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს გონივრულ ოდენობად, ვინაიდან, სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული აუცილებელია არასრულწლოვნებისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ასევე, ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა ექცევა გონივრული და სამართლიანი შეფასების ფარგლებში და აღარ არსებობს მისი დამატებით შემცირების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მისი სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებს.
საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შესთავაზა სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საკმარის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ----------–----–-–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლევან გვარამია