განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2019
საქმის ნომერი
330100119002837391
ინსტანცია
თარიღი
25.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002837391

საქმე №1ბ/1374-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოსსახელით

 

25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ნა-----------–---–ის

ადვოკატ - ირ------------ის

მონაწილეობით,გამართლებულ - თ-----------------ის მონაწილეობის გარეშე

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

თ-----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 20 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------- რეგისტრირებულის თელავი, ს------–-----------–-----------------------–-----------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------–----------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის განაჩენით თ-----------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ-----------------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

მანვე, ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თ-----------------ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ. თბილისში, ე. წ. ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ-----------------მა მეუღლეს, ფ----–-----------ას მუშტი დაარტყა მარჯვენა ყურის არეში და წიხლი ჩაარტყა მარცხენა ბარძაყის არეში, რა დროსაც ფ----–-----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–------------------------------–----------------------------ში, თ-----------------მა, არასრულწლოვანი შვილის - რ----------------ის თანდასწრებით, მეუღლეს, ფ----–-----------ას ხელები მოუჭირა კისრის არეში, რა დროსაც ფ----–-----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–------------------------------–----------------------------ში, თ-----------------ი მეუღლეს, ფ----–-----------ას დანის საშუალებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ფ----–-----------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული ქმედებებისათვის თ-----------------ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა-----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, თ-----------------ის დამნაშავედ ცნობა 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, ბრალდებულ თ-----------------ის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულმა ფ----–-----------ამ და რ----------------მა გამოიყენეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლება და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. თუმცა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით დადასტურდა თ-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა. აპელანტის განმარტებით, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს მოწმეებმა: ნ------------–---მა, ნ---------------------მა, ს--------------ამ გამოძიების დროს მიცემული ინფორმაცია შეცვალეს, რომელიც ბრალდებულს ამხელდა დანაშაულის ჩადენაში და შეეცადნენ ამ გზით აერიდებინათ თ-----------------ისათვის მოსალოდნელი მკაცრი სასჯელი. თუმცა, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოწმეთა ის ინფორმაცია, რაც მათ გამოძიების ეტაპზე მიაწოდეს გამომძიებელს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული ფ----–-----------ას განცხადება, რაც გამოძიების დაწყებას დაედო საფუძვლად, ადასტურებს, რომ თ-----------------ის მხრიდან ფ----–-----------ას მიმართ ადგილი აქვს მუდმივად ფიზიკურ ძალადობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ მიმართავდა პოლიციას დასახმარებლად და არც სხვა მოწმეები მიაწოდებდნენ გამოძიებას თ-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ინფორმაციას. ასევე, მოცემულ საქმეზე გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, დაზარალებული გაეცნო დაზარალებულად ცნობის დადგენილებას და მას რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამს არც შემაკავებელი ორდერის გამოცემასა და არც დაზარალებულად ცნობის ფაქტზე.

აპელანტმა მიუთითა, რომ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ დანაშაულთა უმრავლესობა ლატენტური ხასიათისაა და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მსხვერპლისა და მოძალადის ხილვადობისა და სმენის არეალში ხორციელდება, რაც სახელმწიფოს უჩენს პოზიტიურ ვალდებულებას, რომ მსხვერპლის უფლებები ეფექტურად იქნეს დაცული. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გვერდის ავლით გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო, ნაცვლად იმისა, რომ სასჯელის მიზნების მიღწევას შეუწყოს ხელი, ფართო ასპარეზს უტოვებს მოძალადეებს, რომელთაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ოჯახის წევრებზე ძალადობრივი ქმედებების შედეგად ისედაც მიაღწიეს მსხვერპლთა კონფორმიზმს და ნაცვლად იმისა, რომ შემგუებლური ხასიათის დაზარალებულებს ჰქონდეთ განცდა, რომ მათ მიმართ ძალადობის შემთხვევაში სახელმწიფო შესაბამის, ადეკვატურ კანონისმიერ ბერკეტს აამუშავებს, მათ გაუჩნდებათ სტიმული იმისა, რომ უფრო მეტად დამალონ მათ მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულ თ-----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ირ------------ემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას თ-----------------ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ჩადენაში, კერძოდ:

თ-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ პირდაპირ მტკიცებულებებს, როგორიცაა დაზარალებულ ფ----–-----------ასა და მოწმე რ----------------ის გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმები, რომლებიც თ-----------------ს ამხელდნენ მის მიერ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას აღნიშნულმა პირებმა ისარგებლეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მეუღლისა და მამის − თ-----------------ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ თ-----------------ის ახლო ნათესავების მხრიდან მათთვის მინიჭებული პროცესუალური უფლებით სარგებლობის მიუხედავად, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მათ მიერ გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაციის შინაარსით, ვინაიდან გამოკითხვის ოქმებში მათ ერთხმად დაადასტურეს თ-----------------ის მიერ ოჯახური ძალადობისა და მუქარის ჩადენის ფაქტები. პალატა მიუთითებს, რომ ასეთი მსჯელობა მხოლოდ თეორიულ ხასიათს ატარებს, რაც თანხვედრაში არაა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან, რომელიც განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ სტანდარტს და ადგენს მტკიცებულებათა გამოკვლევისა და გაზიარების წესს.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ დასახელებული პირების მიერ ჩვენებების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებობს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ თ-----------------მა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულები და მიუთითებს ფ----–-----------ას განცხადებაზე, რომელიც საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას, ასევე შემაკავებელ ორდერზე, ფ----–-----------ას დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაზე, გამომძიებელ მარი ტოკლიკიშვილის ჩვენებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ მითითებული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ისინი არ არის გამყარებული არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით და მსჯელობა იმის თაობაზე, რომ თ-----------------ის მხრიდან დანაშაულებრივი ფაქტები რომ არ ყოფილიყო, დაზარალებული არ მიმართავდა პოლიციას დასახმარებლად და არ შეიქმნებოდა დასახელებული წერილობითი მტკიცებულებები, რომელზეც პრეტენზია არ განუცხადებია თავად დაზარალებულს, არ წარმოადგენს სამართლებრივად არგუმენტირებულ მსჯელობას და დამყარებულია ვარაუდებზე. მოწმე მარი ტოკლიკიშვილის ჩვენებით დადასტურებულია მხოლოდ მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და იგი არ წარმოადგენს თ-----------------ის მხრიდან დანაშაულებრივი ფაქტის თვითმხილველ პირს.

 

თ-----------------ის ბრალის დასადასტურებლად აპელანტი ასევე მიუთითებს სამ მოწმეზე - ნ------------–---აზე, ნ---------------------სა და ს--------------აზე და განმარტავს, რომ მათ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებები შეცვალეს თ-----------------ისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, რის გამოც სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მათ მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი, რასაც პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, როგორც თავად აპელანტი სამართლიანად აღნიშნავს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საპროცესო კანონმდებლობის ამგვარი დანაწესი, მტკიცებულებით საფუძველს აცლის მოწმეთა მიერ წინასწარი გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას /იგულისხმება მოცემული შემთხვევა/ და შესაბამისად, მათზე დაყრდნობით სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ თ-----------------მა განახორციელა ოჯახში ძალადობა და მუქარა არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ გამომძიებლის ირიბი ჩვენება და წერილობითი მტკიცებულებები საკმარისია თ-----------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. დასახელებულ მუხლის მიხედვით, ფაქტობრივი გარემოებები იმავდროულად უნდა შეფასდეს მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პალატას არასაკმარისად მიაჩნია თ-----------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა თ-----------------ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება თ-----------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი თ-----------------ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციონაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და

დაადგინა:

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

თ-----------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

გამართლებულ თ-----------------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე