განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.10.2019
საქმის ნომერი
330210018002717724
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა, სამოქალქო
თარიღი
07.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002717724

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5370-19 07 ოქტომბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - შპს „ს-----–-------ი“

 

წარმომადგენელი - გ---–--–-----

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „დ-------------------–-------------------------“

 

წარმომადგენელი - ა-------------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სს „დ-------------------–-------------------------მ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - შპს „ს-----–-------ისა“ და ო------------–---- მიმართ სარჩელი აღძრა და მათთვის ზიანის ანაზღაურების სახით, სოლიდარულად, 12 999.99 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს სოლიდარულად 12 999.99 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ს-----–-------მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2018 წლის 24 აპრილს ო---- გ------–--ემ, რომელიც შპს „ს-----–-------ის“ (რეორგანიზაციამდე შპს „ე--------–--------------–------) საკუთრებაში არსებულ „ოპელის“ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებას სახ. ნომერი Z------, მართავდა, მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა ვერ შეძლო და შეჯახება, სს „დ-------------------–-------------------------ში“ დაზღვეულ - ა-------------------- კუთვნილ „ფორდის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მოახდინა (ს.ფ 21, 16, 20, 76-77).

 

6. ავტოსაგზაო შემთხვევა ო------------–---- მართლსაწინააღმდეგო ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია (ს.ფ. 14-15).

 

7. ა-------------------- „ფორდ მუსტანგის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ - 13 000 ლარი შეადგინა (ს.ფ 22-24).

 

8. სს „დ-------------------–-------------------------მ“ სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება სრულად შეასრულა და დამზღვევს 12 999,99 ლარის ოდენობით ზიანი აუნაზღაურა (ს.ფ. 25-26).

 

9. შპს „დ-------------------–-------------------------ს“ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში მომსახურების საფასურის სახით 21 ლარი აქვს გადახდილი (ს.ფ 27).

 

10. სააპელაციო პალატა საქმეზე წარმოდგენილი უდავო მტკიცებულების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ „ოპელის“ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალება, სახ. ნომრით Z------, აპელანტი კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა (ს.ფ. 20).

 

11. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ო---- გ------–--ე - უფლებამოსილ მძღოლს წარმოადგენდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შპს „ს-----–-------სა“ და ო---- გ------–--ეს, სოლიდარულად, მართებულად დაეკისრათ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ან/და ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, ბრალის მიუხედავად აგოს პასუხი.

 

უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია, შედეგად, ბრალის მიუხედავად, დგება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მეოთხე ნაწილის პირველი წინადადება გამორიცხავს მფლობელის პასუხისმგებლობას, თუკი ნივთი მისი მფლობელობიდან გავიდა თავისი ნებართვისა და ბრალის გარეშე. მფლობელის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საწინააღმდეგო დანაწესს ამკვიდრებს ამავე მუხლის ბოლო წინადადება. იგი დისპოზიციური ხასიათის დებულებაა, რომლის მიხედვით, მფლობელის პასუხისმგებლობის წარმოშობის ერთ-ერთ წანამძღვარს წარმოადგენს მფლობელის მიერ ნივთის მოსარგებლისათვის გადაცემა. ამასთან, ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელობა არა აქვს, მფლობელობა პირდაპირია თუ არაპირდაპირი. მთავარია, რომ ნივთის გადაცემა მფლობელის მიერ უნდა ხორციელდებოდეს მართლზომიერ საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ო------------–---- ბრალეულობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მომხდარ ავარიასთან მიმართებით დადგენილია და ამ მიმართებით სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი არ არის, რაც თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მულის პირველი ნაწილისა, ნიშნავს, რომ პალატა უფლებამოსილი არ არის აღნიშნული საკითხი შინაარსობრივად გამოიკვლიოს და სხვაგვარი სამართლებრივი მსჯელობა განავითაროს.

 

რაც შეეხება აპელანტის, ანუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელის, პასუხისმგებლობის საკითხს, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი), სხვას აყენებს ზიანს ამ სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ პირს (არამართლზომიერ მფლობელს) და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადება სწორედ ასეთ რეგულირებას შეიცავს. ამასთან, მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო, რასაც 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მეორე წინადადება ითვალისწინებს. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის მიერ მოსარგებლისათვის სატრანსპორტო საშუალების გადაცემა მართლზომიერია და სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვება ზიანი. ასეთ შემთხვევებში 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადება მიჯნავს მფლობელის ნებით სატრანსპორტო საშუალების სამართავად დანიშნული პირის მიერ ზიანის მიყენებას და მფლობელის მიერ პირისათვის სხვა საფუძვლით გადაცემული სატრანსპორტო საშუალებით ზიანის მიყენებას. მითითებული ნორმის თანახმად, მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოიშობა, თუ იგი სატრანსპორტო საშუალებას გადასცემს სხვა პირს ან, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია ავტომანქანის სამართავად, ანდა, მფლობელის ბრალის გამო, შესაძლებელი გახდა მისი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება. აქედან გამომდინარე, მფლობელის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (სამოქალაქო პასუხისმგებლობა) წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას, ე.ი. არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ მართავს სატრანსპორტო საშუალებას. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა არ დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან მისი ნებართვის გარეშე (სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით). აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობის სუბიექტის განსაზღვრა ეფუძნება იურიდიულ და არა ფიზიკურ მფლობელობას.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ო---- გ------–--ე ავარიის დროს აპელანტთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა, კერძოდ, იგი ორგანიზაციის შესყიდვებისა და სამეურნეო განყოფილების სპეციალისტი/მძღოლი იყო, თუმცა, სააპელაციო საჩივარში შედავებულია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ო---- გ------–--ე ავტოავარიის დროს სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ახორციელებდა (ს.ფ. 66-77). საქმის მასალებში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია შრომის ინდივიდუალური ხელშეკრულება N----------- რომელიც 2018 წლის 1 მარტსაა გაფორმებული, ასევე, წარმოდგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოში თანამოპასუხე ო------------–---- ახსნა-განმარტება საიდანაც დგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება „ოპელი“, სახ. ნომერი Z------ მას სამართავად მუდმივად ჰქონდა გადაცემული. აღნიშნული მტკიცებულებების საპირწონედ საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ ავარიის დროს ო---- გ------–--ე უფლებამოსილ მძღოლს არ წარმოადგენდა, ამასთან, საქმის მასალებითა და თანამოპასუხეების ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ ო---- გ------–--ეს კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება დღე-ღამის განმავლობაში, მართალია სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნებისთვის, მაგრამ მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდა გადაცემული. საქმის მასალებით ასევე, არ იკვეთება გარემოება მასზედ, რომ ო---- გ------–--ეს ყოველდღიურად, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მაგ. 18:00 საათზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების გასაღების დამსაქმებლისთვის დაბრუნების ვალდებულება გააჩნდა, ასევე, უარყოფილ ვერ იქნა გარემოება მასზედ, რომ უფლებამოსილ მძღოლს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება საღამოს საათებში ხშირად უწევდა.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების საფუძველზე, აპელანტი კომპანია, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირია. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დაზარალებულ პირს არ ეკრძალება სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე. ამ შემთხვევაში არსებობს მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, ვალდებულებათა ერთიანობა, როდესაც ყოველ მოვალეს თავისი საკუთარი ვალდებულება აკისრია კრედიტორის წინაშე, მაგრამ ისინი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ ქმნის სოლიდარულ ვალდებულებას. ამავე კოდექსის 8433-ე მუხლის თანახმად კი, თუ დაზღვეულ პირს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირს წარუდგინოს, ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი დაზღვეულ პირს ზიანს ის უნაზღაურებს. საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ შპს „დ-------------------–-------------------------მ“ ავტოავარიის შედეგად დაზარალებულ პირს ზიანი სრულად აუნაზღაურა, შესაბამისად მასზე გადავიდა ავტომობილის მფლობელისა და მისი მოსარგებლის მიმართ სუბროგაციის წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მასზე გადავიდა, რაც მთლიანობაში აპელანტი კომპანიის ვალდებულ პირად მოაზრების სამართლებრივ წინაპირობას ქმნის.

 

12. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.

 

ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა სარწმუნო და შეუდავებელი მტკიცებულებების წარმოდგენის გზით ემტკიცებინა, რომ ო---- გ------–--ე ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს კომპანიის ავტომანქანას არამართლზომიერად მართავდა. კერძოდ, საქმის მასალებით ვერ დასტურდება, რომ მძღოლს დამსაქმებლის მიერ, სამუშაო საათების დასრულების შემდგომ ავტომანქანის სადგომზე გაჩერებისა და გასაღების დატოვების ვალდებულება ჰქონდა დაკისრებული, ამასთან სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 07 ოქტომბერს გამართულ ზეპირ მოსმენაზე აპელანტის წარმომადგენელმა ცალსახად და არაორაზროვნად განმარტა, რომ უფლებამოსილი მძღოლის მიერ სამართავად გადაცემული ავტომანქანის თვითნებურ გატაცებას, დაუკითხავად გასაღების აღებას ან/და სხვა გარემოებას, რომელიც მას არამართლზომიერ მფლობელად აქცევდა, ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მასალებში არსებობს თანამოპასუხეებს შორის გაფორმებული შრომით-სამართლებრივი ხელშეკრულება, ო------------–---- ახსნა-განმარტება და ავტომანქანის საწარმოსადმი კუთვნილების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ, რომ ავარიის დროს ო---- გ------–--ე უფლებამოსილ მძღოლს წარმოადგენდა. ყოველივე აღნიშნულის შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ ვინაიდან აპელანტი საკუთარ მოსაზრებას მხოლოდ იმ გარემოებას ამყარებდა, რომ ავარიის დროს მძღოლი სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ახორციელებდა და ხსენებულის სამტკიცებლად ვერცერთი წონადი მტკიცებულება ვერ წარადგინა, მარტოოდენ აპელანტი მხარის ზეპირსიტყვიერი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაედება. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ, აპელანტი პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეა და შესაბამისად, მისი ახსნა-განმარტება, თუ გამყარებული არაა სხვა რელევანტური მტკიცებულებებით, სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის მართებულად გადანაწილებით მხარეთათვის უზრუნველყოფილი იქნა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპზე დაყრდნობით საქმის გამოკვლევა და შესწავლა, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რაც აპელანტის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 520 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „ს-----–-------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი