განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030310518002561234 (3/ბ-107-2019წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ივნისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ს------–----------------–-- ე----ი“ (უფლებამონაცვლე სს „ე---------–------ი“)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, პირგასამტეხლოს შემცირება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტების მოთხოვნა: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სს „ს------–----------------–-- ე----ის“ სარჩელის უარყოფა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს „ს------–----------------–-- ე----მა“ (ს/ნ 4--------) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და მოითხოვა:
- ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 მარტის N2--------- აქტი, კერძოდ, 7.3 პუნქტი სრულად, გარდა ქვემოთ მოცემული დარღვევისა, რომელთა ფარგლებში დაკისრებული ჯარიმა ჯამში შეადგენს 32. 81 ლარს (საიდანაც, 9.65 ლარი შეადგენს უკან დასაბრუნებელ თანხას, ხოლო 23.16 ლარი კი დამატებით დაკისრებულ სანქციას) და ბათილად იქნას ცნობილი, სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N0------- გადაწყვეტილება წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, სრულად დაკმაყოფილდეს 2018 წლის 01 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნები.
- გონივრულ ფარგლებში შემცირდეს გასაჩივრებული აქტის 7.3, - 7.7 პუნქტების ფარგლებში გამოყენებული მაღალი პირგასამტეხლო, შესაბამისად, ბათილად იქნას ცნობილი, სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N0------- გადაწყვეტილება წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სრულად დაკმაყოფილდეს 2017 წლის 30 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნები. მოპასუხეს დაეკისროს, მოსარჩელის მიერ, სახ. ბაჟის სახით გადახდილი ხარჯის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენელთა მიერ განხორციელდა სს „ს------–----------------–-- ე----ის“, კერძოდ, მისი ერთ-ერთი ბიზნეს ერთეულის - ფ-------------–-----------–ი ცენტრის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით გათვალისწინებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურეობის მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის და სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმება. შემოწმებას დაექვემდებარა, პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურეობის მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 01 იანვრამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობა, რომლის შედეგად, სააგენტოს მიერ 2018 წლის 29 მარტს შედგენილი იქნა N2--------- აქტი, რომელიც მოსარჩელეს გასაცნობად გადაეცა 2018 წლის 02 აპრილს.
გასაჩივრებული აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ გამოუყენებელი საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 80 931,34 ლარი, საიდანაც 27 655,94 ლარი წარმოადგენს ჯარიმას უკვე ანაზღაურებადი შემთხვევების უკან დასაბრუნებელ თანხას, ხოლო 53 275,40 ლარი კი წარმოადგენს დამატებითი ფინანსური ჯარიმის სახით გადასახდელ თანხას.
მოსარჩელემ 2018 წლის 01 მაისს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა N2--------- აქტი და მოითხოვა მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რაზეც სააგენტომ, 2018 წლის 15 ივნისს მიიღო N0------- გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელეს გასაცნობად 2018 წლის 02 აპრილს გადაეცა.
„საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურეობის მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 02 აგვისტოს N01-50/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულია, რომ მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეავსოს სრულყოფილად, დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და /ან მოშორება კორექტორის დახმარებით. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2017 წლის 03 აგვისტოს. მას არ აქვს უკუმოქმედების ძალა. 2018 წლის 01 იანვრამდე ნანახია მხოლოდ 1 შემთხვევა, რომელზეც სასარჩელო მოთხოვნა არ არის, წინა შემთხვევებს ეს ცვლილება არ ეხება და კორექტორის გამოყენება აკრძალული არ იყო. გასაჩივრებულ აქტში ასევე მითითებულია: -108 შემთხვევაში (46 მკაცრი აღრიცხვის ბარათი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ახლავს პირადობის მოწმობის ასლი; - 232 შემთხვევაში (59 მკაცრი აღრიცხვის ბარათი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები წარმოდგენილია არასრულფასოვნად, კერძოდ, ფორმებში მითითებული მონაცემების სისწორე არ არის დადასტურებული ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით, 18 წლამდე მოსარგებლის შემთხვევაში არ არის მითითებული მისი მშობლის ან მეურვის/მზრუნველის მონაცემები; -70 შემთხვევაში (30 მკაცრი აღრიცხვის ბარათი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები შევსებულია სხვა პიროვნებაზე; - 242 შემთხვევაში (82 მკაცრი აღრიცხვის ბარათი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები შევსებულია 2013 წლით (ამ პერიოდისთვის მკაცრი აღრიცხვის ბარათი არ არსებობდა) თუმცა შესაბამისი არამკაცრი აღრიცხვის ბარათებიც არ იქნა წარმოდგენილი; ყველა შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრა თანხების უკან დაბრუნება და დამატებითი ფინანსური ჯარიმები.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა, სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნები მთავრობის დადგენილებაში არ არის გათვალისწინებული, რის გამოც სახეზეა უკანონოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის განჩინების საფუძველზე სს „ს------–----------------–-- ე----ის“ სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.
მოპასუხეებმა, სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტომ, ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მისი უარყოფა, რადგან შემოწმებას დაქვემდებარებული 2013 წლის 28 თებერვლიდან - 2017 წლის 03 ივლისამდე პერიოდში გამოვლენილი დარღვევები არსებითი ხასიათისაა და გამოყოფილი თანხები ექვემდებარება დაბრუნებას შესაბამისი დაჯარიმებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
- ბათილად იქნა ცნობილი: - სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 მარტის N2--------- აქტი 7.3 პუნქტის ნაწილში (გარდა იმ დარღვევისა, რომელთა ფარგლებში დაკისრებული ჯარიმა ჯამში 32.81 ლარს შეადგენს);
- სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N0------- გადაწყვეტილება მოსარჩელის 2018 წლის 01 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 მარტის N2--------- აქტის 7.3 პუნქტის ნაწილში;
- სს „ს------–----------------–-- ე----ს“ 2018 წლის 01 მაისის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო;
- სასარჩელო მოთხოვნა - გასაჩივრებული აქტების 7.3, 7.4, 7.5, 7.6, და 7.7 პუნქტების ფარგლებში გამოუყენებელი შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებში შემცირების შესახებ, შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N0------- გადაწყვეტილება წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის 2017 წლის 30 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნები, დაკმაყოფილდა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებული 7.3 პუნქტის ნაწილში 10230,02 ლარის პირგასამტეხლოს (რადგან მოთხოვნა მხოლოდ პირგასამტეხლოს ეხება) დაკისრების გაუქმების თაობაზე;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები წარმოდგენილი არ არის და მხარეთა შორის სადავოა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- სს „ს------–----------------–-- ე----ი“ - ფ-------------–-----------–ი ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმების 2018 წლის 29 მარტის აქტი;
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N0------- წერილით სს „ს------–----------------–-- ე----ის“ წარმომადგენელს გაეგზავნა საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 25 მაისის N2--------- საოქმო გადაწყვეტილებაა;
- საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის ნიმუშები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სადავო ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და უნდა შემოწმდეს მათი ფორმალური და მატერიალური კანონიერება. ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოიცეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით. ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
გასაჩივრებული აქტის 7.3 პუნქტში აღნიშნულია, რომ სააგენტოს შეფასებით, მიმწოდებლის მიერ 260 შემთხვევაში (113 მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმებში) მონაცემები გადასწორებულია, რისთვისაც მიმწოდებელს ჯამში დაეკისრა 15 182.49 ლარი, საიდანაც 4 952. 47 ლარი წარმოადგენს უკან დასაბრუნებელ თანხას, ხოლო 10230.02 ლარი კი დამატებით ფინანსურ ჯარიმას.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ „საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურეობის მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 02 აგვისტოს N01-50/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულია: "მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად. დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და /ან მოშორება კორექტორის დახმარებით". აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2017 წლის 03 აგვისტოს, მას არ აქვს უკუმოქმედების ძალა. 2018 წლის 01 იანვრამდე ნანახია მხოლოდ 1 შემთხვევა, რომელზეც სასარჩელო მოთხოვნა არ არის, წინა შემთხვევებს ეს ცვლილება არ ეხება და კორექტორის გამოყენება აკრძალული არ იყო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული ცვლილების შეტანა განაპირობა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებში კორექტორის საშუალებით შესწორებების თუ ჩასწორებების განხორციელების მასიურმა შემთხვევებმა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა პრაქტიკულ საქმიანობაში და ამ მოქმედების აკრძალვის ნორმა არ არსებობდა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ბრძანების ძალაში შესვლამდე განხორციელებული ამ სახის მოქმედებები დარღვევად ვერ მიიჩნევა (საუბარია მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებზე, რომლებიც შინაარსობრივად და მონაცემებით სწორია, მაგრამ არის ჩასწორებები ან შესწორებები განხორციელებული კორექტორით).
რაც შეეხება 108 შემთხვევას (46 მკაცრი აღრიცხვის ბარათი), როცა მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ახლავს პირადობის მოწმობის ასლი; 232 შემთხვევას (59 მკაცრი აღრიცხვის ბარათი), როცა მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები წარმოდგენილია არასრულფასოვნად, კერძოდ, ფორმებში მითითებული მონაცემების სისწორე არ არის დადასტურებული ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით, 18 წლამდე მოსარგებლის შემთხვევაში არ არის მითითებული მისი მშობლის ან მეურვის/მზრუნველის მონაცემები; 242 შემთხვევას (82 მკაცრი აღრიცხვის ბარათი), როცა მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები შევსებულია 2013 წლით (ამ პერიოდისთვის მკაცრი აღრიცხვის ბარათი არ არსებობდა), თუმცა შესაბამისი არამკაცრი აღრიცხვის ბარათებიც არ იქნა წარმოდგენილი; 70 შემთხვევას (30 მკაცრი აღრიცხვის ბარათი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები შევსებულია სხვა პიროვნებაზე, _ დარღვევები თავისი ბუნებით, ხარისხითა და ხასიათით იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საპატიოდ მიჩნევა ყოვლად დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელს კანონშესაბამისად დაეკისრა თანხების უკან დაბრუნება და დამატებითი ფინანსური ჯარიმები, რომლებიც დადგენილია სამართლებრივი აქტით და რომელიც გასაჩივრებული არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლო მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამოცემულია აქტის კანონიერებისათვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების დარღვევით
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სს „ს------–----------------–-- ე----ის“ სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
აპელანტების განმარტებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ "საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიურ ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანების მე–5 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად: "მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად. დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და/ან მოშორება კორექტორის დახმარებით". აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2017 წლის 03 აგვისტოს. ვინაიდან ნორმატიულ აქტს არა აქვს უკუქმედების ძალა და 2018 წლის 01 იანვრამდე ნანახია მხოლოდ ერთი შემთხვევა, რომელზეც სასარჩელო მოთხოვნა არ არის, წინა შემთხვევებს ეს ცვლილება არ ეხება და კორექტორის გამოყენება აკრძალული არ იყო. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული ცვლილების შეტანა განაპირობა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებში კორექტორის საშუალებით შესწორებების თუ ჩასწორებების განხორციელების მასიურმა შემთხვევებმა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა პრაქტიკულ საქმიანობაში და ამ მოქმედების აკრძალვის ნორმა არ არსებობდა. შესაბამისაად, ზემოაღნიშნული ბრძანების ძალაში შესვლამდე განხორციელებული ამ სახის მოქმედებები დარღვევად ვერ მიიჩნევა (საუბარია მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებზე, რომლებიც შინაარსობრივად და მონაცემებით სწორია, მაგრამ არის ჩასწორებები ან შესწორებები განხორციელებული კორექტორით). შესაბამისად, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა სააგენტოს გასაჩივრებული აქტის 7.3. პუნქტის ნაწილში, კერძოდ 10 230,02 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრების გაუქმების თაობაზე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 26 თებერვლის N04-69/ო ბრძანებით დამტკიცებული "2013 წლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმისა და მისი შევსების წესის" მესამე პუნქტის თანახმად, "თანხმობა ივსება მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ, სრულყოფილად და დაუშვებელია მასში შესწორებები. თანხმობაში ასახული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი."
"საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმების მიღება–ჩაბარების, შენახვისა და მათი მოძრაობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ" სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 28 მარტის N04-71/ო ბრძანების მესამე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: "შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების დაბრუნება დეპარტამენტისათვის და/ან ტერიტორიული ერთეულისათვის წარმოებს მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებით." ამავე მუხლის მე–2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის მიზნებისათვის გამოსაყენებლად უვარგისია მკაცრი აღრიცხვის ფორმები შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო.
შესაბამისად, სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ 2017 წლის 03 აგვისტოს შემდეგ შევსებულ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებთან მიმართებაში არის შესაძლებელი ამ წესის გამოყენება, საფუძველსაა მოკლებული. დოკუმენტაციის უშეცდომოდ, სათანადო წესით შევსების ვალდებულება მიმწოდებელს სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებისთანავე ეკისრებოდა. 2017 წლის 03 აგვისტოდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილება, სადაც ჩაიწერა, რომ დოკუმენტში კორექტორით ჩასწორება ითვლება შეცდომად, ზემოაღნიშნული N04-69/ო ბრძანების მესამე მუხლის მოთხოვნას ავსებს და აკონკრეტებს, ვინაიდან, როგორც სასამართლო თავის შეფასებაშიც განმარტავს, მსგავსი ტიპის ქმედებებს მასიური ხასიათი ჰქონდა მომსახურების მიმწოდებლების მხრიდან.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილება შეცდომით შევსებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემთხვევაში აწესებს საჯარიმო სანქციებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო–ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ შედგა 2018 წლის 29 მარტის N2--------- აქტი, სადაც 7.3. პუნქტში განისაზღვრა საჯარიმო სანქციები, რაც ძალაში დატოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, "ე----ის" ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტებს, მიაჩნიათ, რომ სამართლებრივად არასწორია ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ის ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს, შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო–ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 მარტის N2--------- აქტის 7.3. პუნქტი, ასევე სსიპ სოციალური მომსახსურების სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N0------- გადაწყვეტილება მოსარჩელის 2018 წლის 01 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს სამეგრელო–ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 მარტის N2--------- აქტის 7.3. პუნქტის ნაწილში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს შემდეგს:
სააპელაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით სადავოა 29.03.2018 წ. შემოწმების აქტის 7.3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სს „ს------–----------------–-- ე----ის“ ფ-------------–-----------–ი ცენტრის მიერ 260 შემთხვევაში შევსებული 113 მკაცრი აღრიცხვის ბარათი, მოსარგებლის თანხმობის ფორმა გადასწორებულია, რითაც მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით სარგებლობისათვის შესაბამის მიმწოდებელთან რეგისტრაციის მიზნით, მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსების წესის“ (თანხმობა ივსება მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ სრულყოფილად და დაუშვებელია მასში შესწორება, თანხმობაში ასახული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი) მოთხოვნები, შესაბამისად დარეგისტრირებული ბენეფიციარი არ შეიძლება ჩაითვალოს პროგრამის მოსარგებლედ, რის გამოც მიმწოდებელის მიერ 2018 წლის იანვრამდე ზედმეტად ჩარიცხული თანხა 4 952.47 ლარი პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ექვემდებარება უკან დაბრუნებას, ამასთან ერთად მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად დარიცხული ჯარიმის თანხა შეადგენს 10 230.02 ლარს.
სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულების) მოსაზრებას 29.03.2018 წ. შემოწმების აქტის 7.3 პუნქტის უკანონობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი განისაზღვრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 17.03.2014 წ. №01-19/ნ ბრძანებით. აღნიშნული ბრძანებით საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა მკაცრი აღრიცხვის ფორმად განისაზღვრა და დადგინდა მისი მოხმარების, გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
ხსენებული ბრძანების ამოქმედებამდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებები, მისი განმახორციელებელი სუბიექტები და მათი უფლება-მოვალეობები განსაზღვრული იყო საქართველოს მთავრობის 21.10.2013წ. №36 დადგენილებით. კერძოდ, დადგენილება აწესრიგებდა ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაციის; ბ) შემთხვევის შესახებ შეტყობინების; გ) შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის შერჩევითი შემოწმების (შერჩევითი შემოწმება); დ) ანგარიშის წარდგენის; ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების; ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ან ანაზღაურებაზე უარის; ზ) გაწეული მომსახურების კონტროლის და ვალდებულებების ინსპექტირების (შესრულებული სამუშაოს რევიზია) წესს. დადგენილების მე-2 მუხლით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 28 თებერვალი. დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, შემთხვევათა ზედამხედველობა სხვა ეტაპებთან ერთად მოიცავდა პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაციას, ხოლო მე-10 მუხლი (პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია) განმარტავდა, რომ პროგრამაში პირის მოსარგებლედ ცნობა ხდებოდა პირის მიერ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოსარგებლის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და მიმწოდებლის მიერ განხორციელებული შეტყობინების დროს ან ანგარიშგების წარდგენის შემთხვევაში, როგორც ეს იყო განსაზღვრული პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით, პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებს პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განეხორციელებიათ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა ყოფილიყო მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით. 23-ე მუხლს, 13.03.2014 N 228 ცვლილებებით, დაემატა 41 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის 1 აპრილიდან პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებს 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის ახალი მოსარგებლეების რეგისტრაცია უნდა განეხორციელებიათ სპეციალური სააღრიცხვო (მკაცრი აღრიცხვის) დოკუმენტით (მოსარგებლის თანხმობის ფორმა), რომლის ფორმას და გამოყენების წესს ამტკიცებდა სამინისტრო, ხოლო 2014 წლის 1 აპრილამდე დარეგისტრირებული მოსარგებლეების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით ხელახალი რეგისტრაციის ვადებს განსაზღვრავდა განმახორციელებელი სამინისტროსთან შეთანხმებით. ამასთან, მოსარგებლის თანხმობის ფორმის ბეჭდვას, ტირაჟირებას, აღრიცხვასა და სამედიცინო დაწესებულებებისათვის უსასყიდლო გადაცემას უზრუნველყოფდა განმახორციელებელი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 17.03.2014 წ. №01-19/ნ ბრძანებით დამტკიცდა: „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა (დანართი №1-ის შესაბამისად) და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №2-ს შესაბამისად). ბრძანების მე-5 მუხლით განისაზღვრა ბენეფიციარის რეგისტრაციის წესი, სადაც მიეთითა, რომ მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსებას უზრუნველყოფს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება. მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსება ხდება თითო ბენეფიციარზე ინდივიდუალურად. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ექვემდებარება აღრიცხვას სპეციალურ ჟურნალში სააგენტოსა და შესაბამისი გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ. გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ბენეფიციარის რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მკაცრი აღრიცხვის ფორმის სათანადო წესით შევსებისა და მის საფუძველზე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში რეგისტრაციის შემდეგ. ბენეფიციარის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება პირველადი რეგისტრაციისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტმა ცვლილება განიცადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 30.10.2014წ №01/77ნ ბრძანებით და სავალდებულო გახდა მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსებისას, რომელიც თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალურად ივსებოდა, ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის დართვა, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 02.08.2017 წლის №01-50/ნ ბრძანებით, 17.03.2014 წ. №01-19/ნ ბრძანების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით დადგინდა, რომ მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად. დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და/ან მოშორება კორექტორის დახმარებით. ამავდროულად 17.03.2014წ. №01-19/ნ ბრძანებას დაემატა მე-8 მუხლი, რომლითაც განისაზღვრა პასუხისმგებლობა ამ წესით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის. კერძოდ, დადგინდა, რომ პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი პირობების დარღვევისათვის, მათ შორის, შევსებული ან შეუვსებელი თანხმობის ფორმების დაკარგვის, განადგურების, დაზიანების ან სხვა სახით ხელყოფისათვის, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 და/ან მე-20 მუხლების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებით ან შესაბამის ფაქტზე მესამე პირების მიმართ დაწყებულია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება (უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაზიარებელია მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულების პოზიცია, რომ მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები შემოღებული იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 17.03.2014წ. №01-19/ნ ბრძანებით. აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 02.08.2017 წლის №01-50/ნ ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა, რომ მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად, დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება ან/და მოშორება კორექტორის დახმარებით, ძალაში შევიდა 2017 წლის 03 აგვისტოდან. შესაბამისად, ამ პერიოდიდან უნდა გავრცელდეს მისი მოქმედება სამართალურთიერთობის სუბიექტებზე, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს განხორციელებული ცვლილებით, განისაზღვრა პასუხისმგებლობა 17.03.2014 წ. №01-19/ნ ბრძანებით განსაზღვრული პირობების დარღვევისათვის.
გასაჩივრებული აქტის ფარგლებში შემოწმებულია სამედიცინო დაწესებულების მიერ 2013 წლის 28 თებერვლიდან - 2018 წლის 01 იანვრამდე პერიოდში გაწეული მომსახურება და ვინაიდან 2017 წლის 03 აგვისტოდან - 2018 წლის 01 იანვრამდე სულ გამოვლენილია 1 გადასწორებული დოკუმენტი (თანხმობის ფორმა N0088888, უკან დასაბრუნებელი თანხა შეადგენს - 9.65 ლარს, ხოლო ჯარიმა 23.16 ლარს), (რაც აღიარებულია მოსარჩელის მხრიდან), ამდენად, 2017 წლის 03 აგვისტომდე პერიოდში წარმოებული დოკუმენტების (ე.წ. თანხმობის ფორმებზე) შესწორების გამო მოსარჩელე დაწესებულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება (კანონიერების პრინციპი), 53.5 მუხლით კი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოებს ავალდებულებს საქმის გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევას, კერძოდ, 96.1 და 96.2 მუხლების თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ხსენებული ნორმების დანაწესები დარღვეულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რაც 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე ქმნის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილისა;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში;
3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილისა;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე