განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210015001015282
საქმე №2ბ/3889-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - ვ------- ჯ-----–---–ი
წარმომადგენლები - ე-–--- ჯ------ე
მოწინააღმდეგე მხარეები - სს ,,თ--–--ი“
წარმომადგენელი - ა---- ა-----–-----–ი
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელე ვ------- ჯ-----–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სს ,,თ--–--ის“ მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა სს "თ--–--ის" 2015 წლის 22 აპრილის Nკ-231-ის ბრძანების (ვ------- ჯ-----–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ) ბათილად ცნობა; ვ------- ჯ-----–---–ის აღდგენა პირვანდელ სამუშაო ადგილზე სს ,,თ--–--ის“ ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს გამანაწილებელი ქსელის სამსახურის მაღალი ძაბვის ქსელის განყოფილების მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლუატაციის ჯგუფის ,,მ------ს“ ქვესადგურების სექტორის ქ/ს ,,ზ------------ის“ სატრანსფორმატორო ქვესადგურების მომსახურებისა და რემონტის მე-4 თანრიგის ელექტრომონტიორის თანამდებობაზე; სს ,,თ--–--ისთვის“, ვ------- ჯ-----–---–ის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, მისი ყოველთვიური ხელფასის _ 1060 ლარის გათვალისწინებით, 2015 წლის 18 თებერვლიდან სარჩელის აღძვრამდე, სულ _ 4240 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მიიჩნია ის უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, ამასთან, ხანდაზმულად, რის გამოც მოითხოვა ვ------- ჯ-----–---–ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ვ------- კჯ-----–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. სააპელაციო საჩივარი ეფუნება შემდეგ გარემოებებს:
5.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი ასაჩივრებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებას და მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, რომ ვ------- ჯ-----–---–ის სარჩელი არის ხანდაზმული ამით სასამართლომ არც სასარჩელო მოთხოვნები დააკმაყოფილა და თავი აარიდა სამართლებრივ დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტის მოთხოვნები იყო და არის სრულიად საფუძვლიანი და კანონიერი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ------- ჯ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად. აქედან გამომდინარე, არასწორად დაასკვნა, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო.
7. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ------- ჯ-----–---–ის მოთხოვნა სს ,,თ--–--ის მიმართ ხანდაზმულია შემდეგ გარემოებათა გამო:
სშკ-ს 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს შრომის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა. გათვალისწინებით იმისა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მომწესრიგებელ ნორმაში ცვლილებები განხორციელდა 12.06.2013წ., რაც ამოქმედდა 04.07.2013წ., ხოლო მოსარჩელე ვ------- ჯ-----–---–თან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 3 აპრილიდან, წინამდებარე დავის გადასაწყვეტად გამოყენებული იქნება კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად ამოქმედებული ნორმები. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დაწესება დაუკავშირა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გარკვეულ პროცედურებს, რა პროცედურებიც განსახილველ შემთხვევაში, ბუნებრივია, დაცული უნდა ყოფილიყო.
8. ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რაც არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი. თუმცა, მისი ზოგადი სამართლებრივი არსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".
ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო. განსახილველ შემთხვევაში, ვ------- ჯ-----–---–მა სს ,,თ--–--ს“ 2015 წლის 24 აპრილს მოთხოვა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლების წერილობითი დასაბუთება. მოპასუხისგან წერილობითი დასაბუთება მოსარჩელეს არ ჩაბარებია 7 დღის ვადაში - 2015 წლის 1 მაისის ჩათვლით პერიოდში. სადავო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მე-8 დღიდან, 2015 წლის 2 მაისიდან. ვ------- ჯ-----–---–ს სასამართლოსთვის უნდა მოემართა 2015 წლის 2 მაისიდან, 30 კალენდარული დღის ვადაში, 2015 წლის 2 ივნისამდე, ნაცვლად ამისა, მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2015 წლის 10 ივნისს. ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს სარჩელის აღძვრის დროისათვის სარჩელის წარდგენის 30 - დღიანი ვადა (სშკ-ის 38.6), ჰქონდა გაშვებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის სააპელაციო საჩივარი სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. ვინაიდან გამოვლინდა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი გარემოება, აპელანტის სხვა პრეტენზიებზე სააპელაციო სასამართლო აღარ იმსჯელებს.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ------- ჯ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე