განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.07.2019
საქმის ნომერი
210210017001915479
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №210210017001915479

საქმე №2ბ/6572-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - ნ-----–- ჯ-----–---–ი

წარმომადგენლები - ლ---–- ჯ-----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები - ბ------ გ----–---–ი

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე ნ-----–- ჯ-----–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ბ------ გ----–---–ის მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ბ------ გ----–---–ს მოსარჩელე ნ-----–- ჯ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 48 460 ლარის და 1750 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელზე წარმოდგენილი სესხის მიღების შესახებ ხელწერილები მის მიერ არის დაწერილი და ეთანხმება მასში მოყვანილ ჩანაწერებს, მაგრამ ძირითადი ვალი მას დაბრუნებული აქვს, მაგრამ სარგებელის დაბრუნების საშუალება არ გააჩნია. ასევე განმარტა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან გასულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც ითხოვა სარჩელზე უარის თქმა.

 

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ-----–- ჯ-----–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

5. სააპელაციო საჩვარი ეფუნება შემდეგ გარემოებებს:

 

5.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი ასაჩივრებს, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებას და მოითხოვს გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

აპელანტის ძირითადი პრეტენზია, არის ის რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სრულიად უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, რომ ნ-----–- ჯ-----–---–ის სარჩელი არის ხანდაზმული. აპელანტს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება არის უკანონო და ეფუძნება მოსამართლის პირად სუბიექტურ დამოკიდებულებას (დამატებით იხილეთ სააპელაციო საჩივარი ტომი I, ს.ფ. 80-106).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ-----–- ჯ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად და აქედან გამომდინარე, არასწორად დაასკვნა, რომ სარჩელი ხანდაზმული არ იყო.

 

7. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ-----–- ჯ-----–---–ის მოთხოვნა ბ------ გ----–---–ის მიმართ ხანდაზმულია შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ-----–- ჯ-----–---–ის და მოპასუხე ბ------ გ----–---–ს შორის დადებული იყო სესხის მარტივი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც გამოხატული იყო მსესხებლის მიერ შედგენილი ხელწერილის ფორმით. ხელშეკრულება უვადოდ დაიდო, რადგან სესხის დაფარვის კონკრეტული ვადა მხარეთა მიერ შეთანხმებული არ იყო. მხარეთა შეთანხმებით მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა ძირი თანხის ერთი პროცენტი, რაც აისახებოდა ხელწერილებში. მხარეები ადასტურებენ, რომ ნ-----–- ჯ-----–---–ისაგან 2012 წლის 14 თებერვალს ისესხა 600 ლარი, 2012 წლის 29 თებერვალს - 200 ლარი, 2012 წლის 7 მარტს - 100 ლარი, 26 მარტს - 200 აშშ დოლარი და 600 ლარი. ამ დროისათვის მოპასუხეს სულ ნასესხები ჰქონდა 1500 ლარი და 200 აშშ დოლარი. 2012 წლის 19 აპრილს დააბრუნა 1600 ლარი. 2012 წლის 24 აპრილს დააბრუნა 200 აშშ დოლარი თავისი სარგებლით, სულ 260 აშშ დოლარი. 2012 წლის 26 აპრილს ნ-----–- ჯ-----–---–ისაგან კიდევ ისესხა 200 ლარი, 27 აპრილს - 100 ლარი, 2012 წლის 14 მაისს - 800 ლარი და 100 აშშ დოლარი, სულ: 1100 ლარი და 100 აშშ დოლარი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ სესხად მიღებული ძირითადი თანხა არასრულად დაუბრუნა, ხოლო ამ თანხის სარგებელი არ გადაუხდია.

 

8. ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რაც არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი. თუმცა, მისი ზოგადი სამართლებრივი არსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".

 

ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).

 

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება, შესაბამისად, გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებიდან დგინდება, რომ ვალდებულება დარღვევა 2012 წლის 15 მაისიდან. სესხის ხელწერილით გათვალისწინებული იყო დღეში 1%-ს გადახდა, გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველდღიურად, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა ვალდებულების შესრულება ვალდებულების დარღვევის დღიდან.

 

დადგენილია, რომ ბ------ გ----–---–მა სესხის დაბრუნების ვალდებულება დაარღვია 2012 წლის მაისიდან. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 15 მაისიდან და ნ-----–- ჯ-----–---–ის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 2015 წლის 15 მაისს ამოიწურა. მოსარჩელე ნ-----–- ჯ-----–---–მა კი სარჩელით სიღანაღის რაიონულ სასამართლოს მიმართა 2017 წლის 4 მაისს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, ხოლო მოპასუხე ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად ხანდაზმულობის ვადის გასვლას მიუთითებს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი წინაპირობაა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის სააპელაციო საჩივარი სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

11. ვინაიდან გამოვლინდა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი გარემოება, აპელანტის სხვა პრეტენზიებზე სააპელაციო სასამართლო აღარ იმსჯელებს.

 

სააპელაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ნ-----–- ჯ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

ოთარ სიჭინავა