განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.05.2019
საქმის ნომერი
200310018002326254
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200310018002326254 (№3ბ/873-19)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - თელავის მუნიციპალიტეტის მერია

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ------------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, ნ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N75 ბრძანება მობილობის შეუძლებლობის გამო ნ------------ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ნ------------ის თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (ამჟამად - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ასევე თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნატა ომანიძეს სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 12 აგვისტოს N28 ბრძანებით ნ------------ე დაინიშნა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლად.

 

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 12 თებერვლის N181 ბრძანებით ნ------------ე დაინიშნა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

 

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 29 ივნისის N568 ბრძანებით თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 12 თებერვლის N181 ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება და ნ------------ის თანამდებობის დასახელება ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: განყოფილების უფროსი- მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

 

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 მარტის N494 ბრძანებით, დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისათვის მოსარჩელე წახალისებული იქნა ფულადი პრემიით. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

 

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციებზე დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგად ნ------------ეს მიეცა შეფასება - კარგი (ს.ფ. 16-18, 36-37, 158, 164).

 

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის N51 განკარგულებით დამტკიცდა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის თანამდებობა განისაზღვრა - განყოფილების უფროსი,- მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მეორე რანგი.

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N13 განკარგულებით დამტკიცდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა.

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N28 განკარგულებით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N13 განკარგულებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" შეტანილი იქნა ცვლილება დანართის შესაბამისად.

 

აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური ჩამოყალიბდა სამი განყოფილებით: 1) მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, რომელიც განისაზღვრა 16 საშტატო ერთეულით, მათ შორის - მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1 საშტატო ერთეულით; 2) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება, რომელიც განისაზღვრა 3 საშტატო ერთეულით, მათ შორის - მეორადი სტრუტურული ერთეულის ხელმძღვანელი , მეორე რანგი -1 საშტატო ერთეულით; 3) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება, რომელიც განისაზღვრა 34 საშტატო ერთეულით, მათ შორის- განყოფილების უფროსი - მეორე რანგი, მეორადი სტრუტურული ერთეულის ხელმძღვანელი - 1 საშტატო ერთეულით (ს.ფ. 27-35, 54-56, 65-83);

 

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის N16 დადგენილებით დამტკიცდა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობა. აღნიშნული დადგენილების დანართი N2-ის შესაბამისად განისაზღვრა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები, მათ შორის - განყოფილების უფროსი- მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის -810 ლარი.

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N25 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N05 დადგენილებაში და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განყოფილების უფროსის - მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 950 ლარით.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებებით და საგადახდო დავალებით ასევე დადგენილია, რომ ნ------------ეს უკანასკნელი თანამდებობრივი სარგო ხელფასის სახით 2017 წლის 11 დეკემბერს ჩაერიცხა. დადგენილია, რომ მას დაერიცხა 2017 წლის ნოემბრის თვის თანამდებობრივი სარგო 2017 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდისათვის 277.71 ლარის ოდენობით (ს.ფ. 57-65, 157).

 

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 10 ოქტომბრის N1167 ბრძანებით ,,თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების გაფრთხილების შესახებ" თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტისგამგეობის ყველა პროფესიულ მოხელეს ეცნობა - თელავის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გათავისუფლების შესახებ, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მათი მობილობა (ს.ფ. 19).

 

2017 წლის 28 ნოემბრის აქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა გაუქმებულ მუნიციპალიტეტების მერიის და გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მობილობის მიზნით განახორციელა გასაუბრება პროფესიულ საჯარო მოხელეებთან. აქტის თანახმად, მერის გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტის მოქმედი საშტატო ნუსხის რაოდენობიდან გამომდინარე და შესაბამისი კომპეტენციების და უნარების არქონის გამო ნატა ომანიძის მიმართ ვერ განხორციელდა მობილობ,ა რადგან მისი სამუშაო უნარები ვერ აკმაყოფილებს მისი პოზიციის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს (ს.ფ. 138).

 

2017 წლის 19 დეკემბერს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს გადაუგზავნა მობილობით გადაყვანილ თანამშრომელთა სია და ასევე, იმ საჯარო მოხელეების სია, რომელთა მობილობაც ვერ განხორციელდა შესაბამისი ტოლფასი თანამდებობის ან უფრო დაბალი თანამდებობების არარსებობის გამო. აღნიშნული წერილის დანართში რეორგანიზაციის დროს გათავისუფლებულ მოხელეთა სიაში, რომელთა მობილობაც ვერ იქნა განხორციელებული, ასევე მითითებულია ნ------------ეც რანგისა და თანამდებობის მითითებით.

 

სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 04 იანვრის წერილით თელავის მუნიციპალიტეტის მერს გადაეგზავნა ბიუროს მიერ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან მოძიებული ინფორმაცია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შესახებ.

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 08 იანვრის მომართვების პასუხად თელავის მუნიციპალიტეტის მერს სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის მუნიციპალიტეტების მერიიდან და საკრებულოდან, ასევე, გურჯაანის რაიონული სასამართლოდან ეცნობა ვაკანტური ადგილების არარსებობის შესახებ (ს.ფ. 84-132)

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N75 ბრძანებით მობილობის შეუძლებლობის გამო გაუქმებული თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ნატა ომანიძე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (ს.ფ. 20, 156).

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 თებერვლის წერილით ნ------------ეს ეცნობა, რომ მობილობის პროცესის დასრულების შემდგომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოცხადდა ღია საჯარო კონკურსი შტატით გათვალისწინებულ 43 ვაკანსიაზე, მათ შორის - ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ამავე წერილით მოსარჩელეს მიეწოდა ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში საშტატო ნუსხასთან დაკავშირებით.

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 მარტის წერილით ნ------------ეს ეცნობა რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა ამა წლის 04 იანვარს, განცხადების წარდგენის ვადა შეადგენდა 10 დღეს, კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებოდა ხმათა უმრავლესობის საფუძველზე განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში. ასევე, ეცნობა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დაინიშნა 2018 წლის 08 თებერვალს, შესაბამისად, აღნიშნულიპოზიცია დღეის მდგომარეობით არ არის ვაკანტური (ს.ფ.21-22, 160-161, 165);

 

მხარეთა ახსნა-განმარტებებით, საშტატო ნუსხებით და წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური ჩამოყალიბდა სამი განყოფილებით: მათ შორის, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება, რომელიც განისაზღვრა 34 საშტატო ერთეულით, მათ შორის- განყოფილების უფროსი - მეორე რანგი, მეორადი სტრუტურული ერთეულის ხელმძღვანელი - 1 საშტატო ერთეულით. დადგენილია, რომ აღნიშნული შტატის ფუნქციური დანიშნულება არის იგივე, რასაც მოსარჩელე იკავებდა რეზერვში ჩარიცხვამდე. შესაბამისად, მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის შტატი არ გაუქმებულა და შტატის ფუნქციური დანიშნულება არ შეცვლილა და მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა არის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ტოლფასი. ასევე, ახსნა- განმარტებებით და ცნობებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს არ გამოუთქვამს წერილობითი ან ზეპირი თანხმობა მის მობილობაზე, და არც შეთავაზება არ ყოფილა მის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, არც ტოლფას და არც უფრო დაბალ თანამდებობაზე, ასევე, არ გამოუთქვამს წერილობითი ან ზეპირი თანხმობა მის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვასა და კომპენსაციის მიღებაზე. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის საბანკო ანგარიშზე დარიცხული თანხა მას არ აუღია , ვინაიდან არ დაეთანხმა გასაჩივრებულ ბრძანებას. მოსარჩელისა და მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელისათვის არ ყოფილა შეთავაზებული დაბალი ან ტოლფასი თანამდებობა. მოპასუხე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან გაუქმების შესახებ წერილობით გამოცემულ ბრძანებას, ასევე, მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის შტატის ფუნქციური დანიშნულების შეცვლას, ამჟამად შტატზე სამუშაო აღწერილობის ფორმას, როგორც იყო დამტკიცებული გამგეობაში მოსარჩელის მუშაობის პერიოდში, საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმების შემოღებას ანდა კრიტერიუმის ცვლილებას. მოსარჩელის მიერ გამოთქმულ თანხმობას მობილობაზე, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვასა და კომპენსაციის აღებაზე. მოპასუხე მხარის განმარტებით, ასეთი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია (ს.ფ. 149).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით ,,თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების გაფრთხილების შესახებ მოსარჩელეს ეცნობა - თელავის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გათავისუფლების შესახებ, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მათი მობილობა. ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტი.

 

ასევე, დადგენილია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 105-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტები და პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი. ამავე ბრძანებაში მითითებულია, რომ ნ------------ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა მოხდა გაუქმებული თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელის მობილობის შეუძლებლობის გამო.

 

დადგენილია, რომ შტატი, რომელზედაც მოსარჩელე მუშაობდა, არ გაუქმებულა (არ შემცირებულა) და ფუნქციური დანიშნულება არ შეცვლილა. ასევე, დადგენილია, რომ აღნიშნულ საშტატო ერთეულზე თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული იქნა კონკურსი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ნ------------ე არ წარმოადგენდა მობილობას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეს. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაწესის თანახმად, იმისათვის, რომ განხორციელდეს მობილობა, უნდა არსებობდეს შემდეგი პირობები ერთდროულად, კუმულაციურად: ა. უნდა არსებობდეს დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმა, ბ. რეორგანიზაციას, ლიკვიდაციას ან/და შერწყმას თან უნდა სდევდეს შტატების შემცირება, გ. უნდა არსებობდეს შესაბამისი მოხელის თანხმობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არც ერთი კანონით დადგენილი კრიტერიუმი მოსარჩელის შემთხვევაში არ არსებობს. არ მომხდარა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია/გაუქმება, ასევე, არ მომხდარა საშტატო ერთეულის გაუქმება ან შემცირება, და არ არსებობს ნ------------ის თანხმობა მობილობასთან დაკავშირებით. საშტატო ერთეული იგივე ფუნქციური დანიშნულებით ისევ არსებობს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში. ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტის საშტატო ერთეულს, სახელწოდება აქვს შეცვლილი, არ გულისხმობს, რომ საშტატო ერთეული იქნა გაუქმებული.

 

სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის თანამდებობა დღემდე არსებობს უწყებაში, თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი იქნა გამოცხადებული დაუსაბუთებელია, თუ რატომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული მოსარჩელის მობილობის შეუძლებლობის გამო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის შტატი არსებობდა და არ შეცვლილა არც კრიტერიუმი და ფუნქციური დანიშნულება, და ასევე, მოსარჩელეს არ ჰქონია დისციპლინური სახდელი, საქმიანობის პერიოდში იყო წახალისებული ფუნქცია- მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისათვის, მიეცა შეფასება - კარგი, დაუსაბუთებელი და გაუგებარია, რის საფუძველზე მიიღო და გამოსცა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა 2017 წლის 28 ნოემბრის აქტი, რომლის თანახმადაც მოსარჩელის მიმართ დადგენილი იქნა შესაბამისი კომპეტენციის და უნარ-ჩვევების და ცოდნის არქონა დაკავებულ თანამდებობაზე, და რატომ ვერ იქნა განხორციელებული მობილობა, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის პოზიციაზე გამოცხადდა კონკურსი 2018 წლის 04 იანვარს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. სადავო საკითხზე არავითარ დასაბუთებას მოცემული აქტი არ შეიცავს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N75 ბრძანება მობილობის შეუძლებლობის გამო ნ------------ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ, არ შეეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც იგი ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლოს მითითებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაკმაყოფილდა მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N75 ბრძანება მობილობის შეუძლებლობის გამო ნ------------ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულს შეეცვალა სახელწოდება და დღეის მდგომარეობით იგი არ არის ვაკანტური, დაკმაყოფილდა მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ნ------------ე აღდგენილ იქნას თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (ამჟამად - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის) ტოლფას თანამდებობაზე. ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

3.1. თელავის მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს განმარტავს, რომ ნ------------ე თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 12 აგვისტოს N28 ბრძანების საფუძველზე დანიშნული იქნა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 12 თებერვლის N181 ბრძანების საფუძველზე იგი დანიშნული იქნა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უფროსად. 2017 წლის 19 ივნისის N568 ბრძანების საფუძველზე ცვლილება იქნა შეტანილი 2015 წლის 12 თებერვლის N181 ბრძანებაში და ნ.ომანიძის თანამდებობა ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: განყოფილების უფროსი-მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987 -II დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად განხორციელდა ,,თვითმმართველის ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის და თელავის მუნიციპალიტეტის გაერთიანება ერთ თვითმმართველ ერთეულად- ,,თელავის მუნიციპალიტეტად," რომელიც არის ახალი მუნიციპალიტეტი, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს N416 დადგენილების პირველი მუხლის "ბ"ქვეპუნქტისა "ახალი მუნიციპალიტეტი-საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2017 წელს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად შესაქმნელი მუნიციპალიტეტი."

 

აპელანტის მითითებით, არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული განმარტება იმის თაობაზე, რომ ,,თელავის მუნიციპალიტეტის მერია სრულიად ახალი ორგანიზაციული წარმონაქმნი არ არის,თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა, იგი კვლავ იმ ფუნქცია-მოვალეობებისა და მიზნების განმახორციელებელ ადმინისტრაციული ორგანოა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" მაშინ, როდესაც თელავის მუნიციპალიტეტში ნაწილობრივ განხორციელდა შესაბამისი სტრუქტურული ცვლილება, რაც განპირობებული იყო საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად "გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ადგილობრივ თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობაა არანაკლებ 30 ერთეულისა. იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 45000-ზე ნაკლებია, საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული)შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დდგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 3.2. კოეფიციენტზე ნამრავლსა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრილებულ ყოველ 450 ამომრჩეველზე 1 საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს. იმ მუნიციპალიტეტში,სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 45000-ზე მეტია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული)შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს არჩევნებისათვის დადგენილ მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 2.3.კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრილებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე 1 საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს." აპელანტის მითითებით, სწორედ აღნიშნულმა განაპირობა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საშტატო ერთეულის განსაზღვრა 182 საშტატო ერთეულით, მაშინ როდესაც თითმმართველი თვთმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საშტატო ერთეული განისაზღვრებოდა 80 საშტატო ერთეულით, ხოლო თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საშტატო ერთეული - 134 ერთეულით.

 

აპელანტის მითითებით, საშტატო ერთეულის შემცირების შედეგად ყველა საჯარო მოხელის დატოვება მათ მიერ დაკავებულ თანამდებობაზე შეუძლებელი იყო,რის გამოც საჯარო დაწესებულებაში განხორციელდა საჯარო მოხელეთა მობილობის წესი. საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" მე-52 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად "საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი საჯარო მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილი იქნეს იმავე ან და სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი მანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით." იმის გათვალისწინებით, რომ ნ------------ის სამუშაო უნარები ვერ აკმაყოფილებდა მისი პოზიციის მიმართ წაყენებულ მოთსოვნებს და ამასთან არ გააჩნდა შესაბამისი კომპეტენცია უფრო დაბალ თანამდებობაზე გადასაყვანად, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაგზავნილი იქნა მიმართვები ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით სხვადასახვა საჯარო დაწესებულებებში ვაკანტური თანამდებობის მოსაძიებლად. აღნიშნულ დაწესებულებებში ვაკანსიის არ არსებობის გამო განხორციელდა ნ------------ის მიმართ გატარებული ღონისძიებანი - მობილობის შეუძლებლობის გამო მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა და შესაბამისი კომპენსაციის მიცემა.

 

აპელანტის მითითებით, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს მოსარჩელის თანხმობის გაცხადებას მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, ვინაიდან უარის გაცხადების შემთხვევაში, იგი მაინც ჩაირიცხებოდა მოხელეთა რეზერში და მიეცემოდა სამი თვის კომპენსაციის ნაცვლად, ერთი თვის კომპენსაცია. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილების ,,პროფესიულ საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა ,,მოხელის ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელის სურვილის გათვალისწინებით, იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით", ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად" თუ მოხელე უარს განაცხადების შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით." აპელანტის მითითებით, აღნიშნული სადაოდ არ გაუხდია ნ------------ეს, ვინაიდან მას ჩაერიცხა კომპენსაცია 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ იგი თანახმა იყო, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვაზე.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 12 აგვისტოს N28 ბრძანებით ნ------------ე დაინიშნა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლად. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 12 თებერვლის N181 ბრძანებით ნ------------ე დაინიშნა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის პოზიციაზე, ხოლო ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 29 ივნისის N568 ბრძანებით თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 12 თებერვლის N181 ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება და ნ------------ის თანამდებობის დასახელება ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: განყოფილების უფროსი-მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N75 ბრძანებით მობილობის შეუძლებლობის გამო გაუქმებული თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ნატა ომანიძე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხოლო ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს ზემოაღნიშნული მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პროფესიული საჯარო მოხელე არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ორგანულ კანონზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.

 

ამავე კანონის მესამე მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტებში − თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველ თემში. თვითმმართველი ქალაქი არის ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი. თვითმმართველი თემი არის რამდენიმე დასახლების ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი.

 

ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების საფუძველია: ა) მუნიციპალიტეტის გაყოფა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტად; ბ) ორი ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტის გაერთიანება ერთ მუნიციპალიტეტად. ხოლო, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება ამოქმედდება მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს და შესაბამის მუნიციპალიტეტში არჩევნები გაიმართება მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგ არჩევნებთან ერთად. ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე და მუნიციპალიტეტის მერის არჩევამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება არჩევნებამდე არსებული საკრებულოს და მერის უფლებამოსილებანი. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის შექმნისა და გაუქმების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის დადგენისა და შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის წარდგინებით, დადგენილებით იღებს საქართველოს პარლამენტი.

 

პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987-IIს დადგენილების მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − თელავის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი თელავი. ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს N416-ე დადგენილების პირველ მუხლზე, რომლითაც განიმარტა: ა) გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2017 წელს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი; ბ) ახალი მუნიციპალიტეტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2017 წელს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად შესაქმნელი მუნიციპალიტეტი; ამავე დადგენილებით განმარტებულია, რომ, ახალი მუნიციპალიტეტი არის უფლებამონაცვლე გაერთიანებული გასაუქმებელი მუნიციპალიტეტებისა.

 

განსახილველ შემთხვვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის ადგილობრივ თვითმმარველობაში განხორცილებელი ცვლილებების შედეგად, მოხდა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბება, რომლის თანახმად, ჩამოყალიბდა თელავის მუნიციპალიტეტი და იგი არის გაერთიანებული მუნიციპალიტეტების უფლებამონაცვლე და არა სრულიად ახალი მუნიციპალიტეტი, როგორც ამას ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს სააპელაციო საჩივარში.

 

შესაბამისად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერია სრულიად ახალი ორგანიზაციული წარმონაქმნი არ არის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა, იგი კვლავ იმ ფუნქცია - მოვალეოებებისა და მიზნების გამახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ“.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე, რომელიც მუშაობდა გაუქმებული თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N75 ბრძანებით ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში. დადგენილია, რომ რეორგანიზაციის, ლიკიდაციის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ არ მიღებულა და გამოცემულა წერილობითი სახის გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 53-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად. მოხელის შეფასების პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით. მოხელის შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა: ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ - ჩვევებით; ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ- ჩვევებით; დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ - ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. მოხელის შეფასება ხდება დოკუმენტური მასალების შეფასებით და მოხელესთან გასაუბრებით.

 

საქართველოს მთვარობის 2017 წლის 01 სექტემბრის N417 დადგენილების 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, შეფასების კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას “ა” პუნქტი საუკეთესო შეფასება - შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და გააჩნია მაღალი თანამდებობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ - ჩვევები. ამავე წესის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 2017 წლის შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/ საკრებულოების აპარატებში მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგები.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციებზე დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგად ნ------------ეს მიეცა შეფასება - კარგი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლზე რომლის თანახმად, ხალხისა და სახელმწიფოს ერთგულების პრინციპის დაცვის ხელშესაწყობად საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება მოხელის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები.

 

ამავე კანონის 52-ე მუხლში დეტალურადაა მითითებული მობილობის პირობები. კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. მეორე პუნქტის თანახმად, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. დაუშვებელია მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომლის დასაკავებლადაც დაწყებულია ამ კანონის 34-ე და 48-ე მუხლებით განსაზღვრული პროცედურები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია. თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

 

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 102-ე, 103-ე, 104-ე მუხლებზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. ლიკვიდაცია არის საჯარო დაწესებულების გაუქმება. შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება.

 

საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბიუროს, საჯარო დაწესებულების მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე. ამავე კანონის 105-ე მუხლის თანახმად, თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. მოხელეთა რეზერვში ირიცხება ასევე მოხელე, რომელიც პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მიზნით თავისუფლდება თანამდებობიდან. მოხელე მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით ირიცხება. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ამ კანონით დადგენილი წესით საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით გამოცხადებულ დახურულ კონკურსში. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელის მიერ შრომითი საქმიანობის დაწყება არ იწვევს რეზერვიდან მის ვადაზე ადრე ამორიცხვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის კონკურსის საფუძველზე საჯარო დაწესებულებაში მოხელის თანამდებობაზე დაინიშნება. მოხელეთა რეზერვის მართვას ახორციელებს ბიურო.

 

პალატა მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 108-ე მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებზე რომლის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს პირადი განცხადების საფუძველზე, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ასევე საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებაზე, რომლითაც პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ გასაზღვრულია შემდეგი: მუხლი 1. რეგულირების სფერო 1. პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს. 2. ეს წესი ასევე არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს. მუხლი 2. მობილობის მიზანი - მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მობილობა – საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე; ბ) საჯარო დაწესებულება – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულება; გ) რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია/შერწყმა – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა; დ) მოხელეთა რეზერვი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირთა წრე, რომლებიც ინარჩუნებენ მოხელის სტატუსს და სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით; ე) შტატების შემცირება – საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირება ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმება. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული. მუხლი 4. მობილობის საფუძველი და მობილობას დაქვემდებარებული პირები 1. მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება. 2. მობილობას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.

 

ამავე წესის მე-5 მუხლის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეულის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ინიციირება ხდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი გამოსცემს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის დაწყების შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში - ბიურო). საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია სრულდება ამ საჯარო დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტში ან/და საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილებების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით. ამ მუხლით გათვალისწინებულ რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ვაკანტური შტატების გადაადგილება ან/და შემცირება და მასზე არ გავრცელდება ამ წესით დადგენილი რეგულაციები.

 

ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია გულისხმობს ამ საჯარო დაწესებულების გაუქმებას. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ინიცირება ხდება იმავე წესებისა და პროცედურების დაცვით, რაც განსაზღვრულია საჯარო დაწესებულების დაფუძნებისათვის. საჭიროების შემთხვევაში, ლიკვიდაციის აქტით განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ლიკვიდაციის პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებები. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, რომელიც, როგორც წესი, არის ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება ბიუროს. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია ხორციელდება მისი დაფუძნების სამართლებრივი აქტის თანაბარი ან იერარქიულად ზემდგომი იურიდიული სამართლებრივი აქტით და სრულდება ამ აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ლიკვიდაციის აქტში სავალდებულოა, აღინიშნოს ლიკვიდირებული საჯარო დაწესებულების სრული ან ნაწილობრივი უფლებამონაცვლე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.

 

პალატა ყურაღებას ამახვილებს ზემოაღნიშნული წესის მე-7 მუხლზე რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა გულისხმობს 2 ან 2-ზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანებას. ამავე წესის მე-12 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ხოლო მე-13 მუხლის თანახმად, მოხელის ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელის სურვილის გათვალისწინებით, იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით ,,თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების გაფრთხილების შესახებ მოსარჩელეს ეცნობა - თელავის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გათავისუფლების შესახებ, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მათი მობილობა. ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტი. დადგენილია, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს გადაუგზავნა რეორგანიზაციის დროს გათავისუფლებული ნ------------ის მონაცემი, რომლის მობილობაც ვერ იქნა განხორციელებული.

 

საქმის მასალებისა და მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის შდეგად პალატა მიიჩნევს, რომ ნ------------ე არ წარმოადგენდა მობილობას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაწესის თანახმად, იმისათვის, რომ განხორციელდეს მობილობა, უნდა არსებობდეს შემდეგი პირობები ერთდროულად, კუმულაციურად: ა. უნდა არსებობდეს დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმა, ბ. რეორგანიზაციას, ლიკვიდაციას ან/და შერწყმას თან უნდა სდევდეს შტატების შემცირება, გ. უნდა არსებობდეს შესაბამისი მოხელის თანხმობა.

 

განსახილველ შემთხვევაში კი პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ არც ერთი კანონით დადგენილი კრიტერიუმი მოსარჩელის შემთხვევაში არ არსებობს. არ მომხდარა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია/გაუქმება, ასევე, არ მომხდარა საშტატო ერთეულის გაუქმება ან შემცირება, და არ არსებობდა მოსარჩელის თანხმობა მობილობასთან დაკავშირებით. საშტატო ერთეული იგივე ფუნქციური დანიშნულებით ისევ არსებობს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში. ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტის საშტატო ერთეულს, სახელწოდება აქვს შეცვლილი, პალატის მოსაზრებით არ გულისხმობს, რომ საშტატო ერთეული იქნა გაუქმებული.

 

მოცემულ საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება შტატების შემცირებასა და მათ გაუქმებასთან დაკავშირებით არსებულ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებაში (საქმეზე Nბს-449-442 (კ-15) განმარტავს: საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობის იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციულ ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში, ბ)ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის, გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორეგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად. დ) ზოგიერთ შემთხვევაში, შრომის ანაზღაურება. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე Nბს-683-675(2კ-15), საკასაციო სასამართლო განმარტავს:

 

„საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, რომ ახალი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ, ხოლო ის გარემოება რომ პირის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ამგვარი სახელწოდებით აღარ არსებობს, არ წარმოადგენს საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ფუნქციურად სხვა საშტატო ერთეული რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სტრუქტურაში, იმავე სახის უფლება-მოვალეობებით არ არის აღჭურვილი.“

 

შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის თანამდებობა დღემდე არსებობს უწყებაში, თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი იქნა გამოცხადებული, დაუსაბუთებელია, თუ რატომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული მოსარჩელის მობილობის შეუძლებლობის გამო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შ-------------–-–---–ის მიერ 2017 წლის 28 ნოემბერს შედგენილ აქტზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიმართ ვერ განხორციელდა მობილობა შესაბამისი კომპეტენციის და უნარ - ჩვევების არქონის გამო და აღნიშნავს: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება, გამოიცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად არ უნდა მიიღოს. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი, უპირველესად, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. მართალია, სასამართლოს კომპეტენციას სცილდება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს, შეამოწმოს საკითხის გადაჭრის ყველაზე მისაღები გზის არჩევის მიზანშეწონილობა, მაგრამ სასამართლო ზედამხედველობს ასეთი აქტების დასაბუთებულების სათანადოობას, რაც საკითხის გადაჭრის დროს კანონიერების, გამჭირვალობის, ობიექტურად შეფასების თანაბარზომიერების, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად არის მიღებული.

 

პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მი მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა სწორად შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო სამართალურთიერთობა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის № ბს-301-292 (2კ-13) განჩინება).

 

გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო, უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. მას უნდა შეეძლოს, იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ამასთან, სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება - დასაბუთებულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის № ბს-201-199 (კ- 14) განჩინება).

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის შტატი არსებობდა და არსებობს, არ შეცვლილა არც მისი დაკავებისათვის საჭირო კრიტერიუმი დაუსაბუთებელი და გაუგებარია, რის საფუძველზე მიიღო და გამოსცა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა 2017 წლის 28 ნოემბრის აქტი, რომლის თანახმადაც, ნ------------ის მიმართ დადგენილი იქნა შესაბამისი კომპეტენციის და უნარ - ჩვევების არქონა დაკავებულ თანამდებობასთან. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციებზე დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგად ნ------------ეს მიეცა შეფასება - კარგი. მოსარჩელის კომპეტენტურობასა და კვალიფიციურობას ასევე ადასტურებს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 მარტის N494 ბრძანებაც, რომლის შესაბამისადაც დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისათვის მოსარჩელე წახალისებული იქნა ფულადი პრემიით. გარდა ამისა, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მიღებული არ ჰქონია დისციპლინური სახდელი. სააპელაციო პალატისათვის ასევე გაუგებარია რატომ ვერ იქნა განხორციელებული მობილობა ნ------------ის მიმართ, იმ პირობებში, როდესაც 2018 წლის 04 იანვარს, მოსარჩელის პოზიციაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცხადებულ იქნა კონკურსი, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციულ წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. ასევე პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ გასაჩივრებული თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N75 ბრძანება მობილობის შეუძლებლობის გამო ნ------------ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ, არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივი საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

 

პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ჩარიცხვა მოხელეთა რეზერვში ფაქტობრივად უტოლდება მის სამსახურიდან გათავისუფლებას, ვინაიდან მოსარჩელე ვერ ახორციელებდა მისთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლების ფაქტობრივ რეალიზებას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაკმაყოფილდა მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N75 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, აღნიშნულის გათვალისწინებით, თელავის მერიას უნდა დაევალოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და ნ------------ე აღდგენილ იქნას თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (ამჟამად - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) ტოლფას თანამდებობაზე.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მართებულად გადაწყვიტა საკითხი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და მართებულად მიიჩნია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ნ------------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.

 

6. პროცესის ხარჯები:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII 3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი