განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001117256
საქმე №1ბ/234-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ქეთევან სუპატაშვილის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორების - ხ-----------------ის, ა----------ის
ადვოკატ - ჯ---------–------–---–ის
გამართლებულ - კ-------------–---–ის
მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
კ-------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 04 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, დ-----------------–-----------------–--–--------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ-------------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
კ-------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 14 მაისს, დაახლოებით 18:05 საათზე, ქ. თბილისში, თიანეთის გზატკეცილზე ელ. განათების №46 ბოძის მიმდებარედ, ა/მანქანა „შკოდა ოქტავია“ (სახელმწიფო ნომრით F------), რომელსაც ვ----–---------–---–ი მართავდა, წინა მარცხენა მხარეს შეეჯახა ა/მანქანა „ჰონდა CRV-ს“ (სახელმწიფო ნომრით O------), რომელსაც კ-------------–---–ი მართავდა და ასრულებდა მარცხნივ მოხვევის მანევრს. აღნიშნულის შემდეგ ა/მანქანა „შკოდა ოქტავია“ შეეჯახა ტროტუართან გაჩერებულ ა/მანქანა „მერსედეს ბენცს“ (სახელმწიფო ნომრით M------). აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ე--------------------ემ და ზ------------–--ემ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები.
აღნიშნული ქმედებისათვის კ-------------–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით კ-------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა კ-------------–---–ის მხრიდან, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ხ-----------------ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის განმარტებით, კ-------------–---–ის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით. აღნიშნული მოსაზრების დასადასტურებლად აპელანტს აღწერილი აქვს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებები სრულად, კერძოდ, დაზარალებულების - ე--------------------ის და ზ------------–--ის ჩვენებები, მოწმეების - ზ---------------–ის, ვ----–---------–---–ის, ბ-------------ის, ე---–----ას, მ--–------------–---–ის, გ----------------ის, დ------------–ის, ლ---------------–---–ის, თ-------------–---–ის, ი-----–------ის და დ----------–-----ის ჩვენებები, ქიმიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- და №0-------- დასკვნები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0--------- და №0-------- დასკვნები, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, კომპლექსური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0------- დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი. აპელანტის აზრით, ყველა მტკიცებულება ურთიერთ თანხვედრაშია და მათ შორის ლოგიკური ბმა ნამდვილად ადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომ კ-------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ კ-------------–---–მა ისე დაძრა ავტომანქანა და დაიწყო მოხვევა, რომ უკან არ გაუხედავს, მაშინ, როდესაც მას უკვე დანახული ჰყავდა მისკენ მიმავალი ავტომანქანა და არ შეაფასა, რამდენად უსაფრთხო იყო მისი მანევრის დაწყება. აპელანტის მითითებით, სასამართლომ სადავოდ მიიჩნია გარემოება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ საპატრულო პოლიციის ავტომანქანა „შკოდა ოქტავიას“ ჰქონდა თუ არა ჩართული ლურჯი და წითელი შუქურა და ხმოვანი სიგნალი. ბრალდების მხარის განმარტებით, მოწმე ე--------------------ის ჩვენებით დადასტურებულია მის მიერ საპატრულო ეკიპაჟის დანახვის ფაქტი დაჯახებამდე; მოწმე ზ---------------–მა განმარტა, რომ ვერ დაადასტურებდა, იყო თუ არა ხმოვანი სიგნალები ავარიის დროს, ვინაიდან აღნიშნული ადგილები გადატვირთულია, გამოირჩევა ხმაურით და მისი ყურადღება არ მიუქცევია რაიმე ხმას, გართული იყო თავისი საქმით. ამასთან, კ-------------–---–მა დაადასტურა შეჯახებამდე ხმოვანი სიგნალის ხმის არსებობა. გარდა აღნიშნულისა, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი, როგორც წინასწარი გამოძიებისას, ისე სასამართლო გამოძიების დროს ადასტურებდნენ იმ გარემოებას, რომ ისინი გზად ყველა გამვლელ მანქანას თუ ქვეითს აფრთხილებდნენ გზა დაეთმოთ, არა მარტო ხმოვანი საძახისით, არამედ მანქანაზე ჩართული ჰქონდათ ლურჯი და წითელი შუქურა და ხმოვანი სიგნალი.
აპელანტის მითითებით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით კონკრეტული სატრანსპორტო შემთხვევა განპირობებულია „შკოდა ოქტავიას“ მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი და 29-ე მუხლის პირველი პუნქტების მოთხოვნათა უგულვებელყოფით, რომელთა დაცვის პირობებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა, ხოლო ავტომობილ „ჰონდა CRV“-ს მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით, აპელანტმა განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის ავტომობილი „შკოდა ოქტავია“ ექსპერტის მიერ განხილულ იქნა, როგორც ჩვეულებრივი ავტომობილი, რომელსაც უნდა ემოძრავა არა უმეტეს ნებადართული 40 კმ/სთ სიჩქარით და მანძილი ავტომობილებს შორის, როდესაც ავტომობილმა „ჰონდა CRV“-მ საპირისპირო მოძრაობის ზოლში შესვლა დაიწყო, იყო დაახლოებით 55 მეტრი, ხოლო „შკოდა ოქტავიას“ სრული გაჩერებისათვის საჭირო მანძილი, თუ ის იმოძრავებდა ნებადართული 40 კმ/სთ სიჩქარით, შეადგენს 25 მეტრს, აღნიშნული მანძილი გაცილებით ნაკლებია მძღოლის განკარგულებაში ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად არსებულ მანძილზე. აპელანტმა მიუთითა, რომ აღნიშნული დასკვნის გამცემი ექსპერტის დ----------–-----ის განმარტებით, დასკვნაში გამოთვლები და ტექნიკური გაანგარიშებები ნაწარმოებია იმ პირობებში, რომ საპატრულო ეკიპაჟს გამოძახება არ ფიქსირდება და მათ უნდა ემოძრავათ იმ სიჩქარით, რაც გზის იმ მონაკვეთშია დასაშვები, მოცემულ შემთხვევაში 40 კმ/სთ. მას დასკვნის გაცემისას სისხლის სამართლის საქმის მასალებში ასახული გარემოებები და ავტო-საგზაო შემთხვევის მექანიზმი არ განუხილავს. აპელანტის აზრით, დაცვის მხარემ შეგნებულად თავი აარიდა ექსპერტს ემსჯელა სისხლის სამართლის საქმით დადგენილ გარემოებებზე, ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმზე, რადგან იცოდა, რომ ვერ მიიღებდა მისთვის სასურველ დასკვნას და მიაწოდა მცდარი ინფორმაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა კ-------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ჯ---------–------–---–მა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გაანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს კ-------------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა კ-------------–---–ის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტს. აპელანტის მიერ კ-------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებლად მიჩნეული საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ვერ ადასტურებენ კ-------------–---–ის ბრალეულობას. სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია თანმიმდევრულად განიხილოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ძირითადი საკითხების თაობაზე.
უპირველეს ყოვლისა პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს 2013 წლის 14 მაისს, დაახლოებით 18:05 საათზე, ქ. თბილისში, თიანეთის გზატკეცილზე ელ. განათების №46 ბოძის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი. ასევე უდავოა, რომ აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეები არიან ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“ სახელმწიფო ნომრით F------, რომელსაც ვ----–---------–---–ი მართავდა და ავტომანქანა „ჰონდა CRV“ სახელმწიფო ნომრით O------, რომელსაც კ-------------–---–ი მართავდა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“ თავის მხრივ შეეჯახა ტროტუართან გაჩერებულ ავტომანქანა „მერსედეს ბენცს“ სახელმწიფო ნომრით M------, რომლის მესაკუთრეა ზ---------------–ი და რომელიც შემთხვევის მომენტში თავის ავტომანქანასთან თავჩახრილი აკეთებდა რაღაცას, რა დროსაც გაიგო შეჯახების ხმა. სადავო გარემოებას წარმოადგენს მოცემული ავტოსაგზაო შემთხვევისას კ-------------–---–ის ბრალეულობის საკითხი, რის დასადგენადაც ერთობლიობაში უნდა შეფასდეს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები.
თავდაპირველად პალატა განიხილავს ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე პირთა ჩვენებებს, კერძოდ: დაზარალებულ ზ------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის 14 მაისის თავის მეწყვილესთან - ვ----–---------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, პატრულირებდა ქ. თბილისში, თიანეთის გზატკეცილზე (ქერჩის ქუჩიდან სოფელი გლდანის მიმართულებით). დაახლოებით 18:00 საათზე, მათ საძახისის მეშვეობით შეიტყვეს, რომ ყოფილ ოცმეთაურს - ბ-------------ეს ქ. თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე სჭირდებოდა დახმარება. მოწმემ და მისმა მეწყვილემ საძახისის მეშვეობითვე დაუდასტურეს, რომ მივიდოდნენ დასახმარებლად, რის შემდეგაც მოატრიალეს ა/მანქანა ქერჩის ქუჩის მიმართულებით, ჩართეს შუქურა (ციმციმა), ხმოვანი სიგნალი, საძახისი და საყვირი, რომლთა ხმა, მოწმის განმარტებით, შეუძლებელია ქუჩაში მყოფი რომელიმე პირისთვის გაუგებარი ყოფილიყო. გზად, დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით ტროტუართან დაინახეს ა/მანქანა „ჰონდა CRV“, რომელშიც ჯდებოდა ქალბატონი. მოწმემ აღნიშნულ ა/მანქანის მძღოლსაც მოუწოდა თავი შეეკავებინა მოძრაობის დაწყებისგან, მოწმის მეწყვილემ კი თავის დაზღვევის მიზნით, ნახევარი ბორბლებით გადაკვეთა წყვეტილი ხაზი, რადგან საპირისპირო მხრიდან მოძრაობა საერთოდ არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ა/მანქანა „ჰონდა CRV“-სთან მიახლოებისას, აღნიშნული ა/მანქანის მძღოლმა დაძრა ა/მანქანა და მოხვევის მიზნით გადავიდა მათ გზაზე, რამაც გამოიწვია ავარია. შეჯახების შემდეგ განვითარებული მოვლენები მოწმეს არ ახსოვს, თუმცა დაადასტურა საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ვ----–---------–---–მაც.
დაზარალებულ ე--------------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2013 წლის 14 მაისს, ქ. თბილისში, თიანეთის გზატკეცილის გავლით, კ-------------–---–თან ერთად მიდიოდა გლდანის სასაფლაოებზე. გზად გაახსენდათ, რომ არ ჰქონდათ სანთლები, რის გამოც კ-------------–---–მა მოატრიალა ა/მანქანა და ერთ ქალბატონს, ისე რომ არ გადმოსულან ა/მანქანიდან, ჰკითხა, თუ სად შეეძლოთ სანთლების შეძენა. მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა ქალბატონმა მიასწავლა სავაჭრო ჯიხური, კ-------------–---–მა მოუხვია მარცხნივ, რის შემდეგაც დაეჯახათ პატრულის ა/მანქანა. მოწმემ დაადასტურა, რომ შეჯახებამდე დაახლოებით 100-150 მეტრის მოშორებით დაინახა გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი პატრულის ა/მანქანა, რომელსაც შუქურა (ციმციმა) ან სიგნალი ჩართული არ ჰქონია. შეჯახების შემდეგ განვითარებული მოვლენები მოწმეს არ ახსოვს, თუმცა დაადასტურა საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი.
ავტოსაგზაო შემთხვევის უშუალო ფაქტის სრულად აღქმის თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია თავად კ-------------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად, 2013 წლის 14 მაისს, ქ. თბილისში, თიანეთის გზატკეცილის გავლით, ე--------------------ესთან ერთად მიდიოდა გლდანის სასაფლაოებზე. მათ გზად გაახსენდათ, რომ არ ჰქონდათ სანთლები, რის გამოც მან მოატრიალა ა/მანქანა და ერთ ქალბატონს, ისე რომ არც თავად და არც მისი მგზავრი გადმოსულან ა/მანქანიდან, ჰკითხა, თუ სად შეეძლო სანთლების შეძენა. მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა ქალბატონმა მიასწავლა იქვე არსებული სავაჭრო ჯიხური, მოწმემ ჩართო მაშუქი და მოუხვია მარცხნივ. იგი მეორე ზოლში გადასული იყო თითქმის ნახევრად, რომ გაიგო ერთჯერადი სიგნალის და პატრულის ა/მანქანის დაჯახების ხმა. მოწმემ დაადასტურა, რომ მანევრის განხორციელებამდე იგი დარწმუნდა მის უსაფრთხოებაში, კერძოდ, გაიხედა როგორც წინ, ისე უკან, რა დროსაც დაინახა შორიდან (დაახლოებით 120-130 მეტრიდან) მომავალი ა/მანქანა, რომელზეც არც შუქურა (ციმციმა) შეუნიშნავს და არც საყვირის ხმა გაუგია, თუმცა მანევრის მომენტში მას ა/მანქანის ფანჯრები ჩაწეული ჰქონდა. მოწმის განმარტებით, იგი ასეთის არსებობის შემთხვევაში არ დაიწყებდა მოძრაობას. შეჯახების შემდეგ, მოწმე და მისი მგზავრი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყვნენ გათიშულ მდგომარეობაში.
მოწმეთა სანდოობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული მოწმეების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ შემთხვევის უშუალო მონაწილე პირებისა და მათი მგზავრების ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობაა საპატრულო ეკიპაჟის მანქანაზე ხმოვანი სიგნალისა და ციმციმას არსებობასთან დაკავშირებით. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მოწმის ზ---------------–ის ჩვენების ის ნაწილი, როდესაც განმარტავს, რომ საპატრულო პოლიციის ხმოვანი სიგნალი არ გაუგია. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო თავის განაჩენში სრულად და ამომწურავად განიხილავს საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებებს, რომელთა მიუკერძოებელი შეფასებით უზრუნველყოფს ობიექტური დამკვირვებლისთვის იმის შესაძლებლობას, რომ ცხადი და უტყუარი წარმოდგენა შეექმნას მხარეების მიერ გამოხატული პოზიციებისა და პრეტენზიების საფუძვლიანობაზე.
ბრალდების მხარე აპელირებას აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ საპატრულო ეკიპაჟი მიდიოდა გამოძახებაზე, რასაც სადავოდ ხდის დაცვის მხარე და განმარტავს, რომ აღნიშნული რეალობას არ შეესაბამება. პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ იმ შემთხვევაშიც კი დადგენილ ფაქტად რომ იქნეს მიღებული საპატრულო ეკიპაჟის გამოძახებაზე გასვლა, ეს გარემოება თავისთავად არ ადასტურებს, რომ ეკიპაჟს ჩართული ჰქონდა ციმციმა და ხმოვანი სიგნალი.
სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს საპატრულო ეკიპაჟის მანქანაზე ხმოვანი სიგნალისა და ციმციმას არსებობა-არარსებობის მნიშვნელობა საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოქმედი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ჰ40 პუნქტის თანახმად, უპირატესობა (პრიორიტეტი) არის საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით. ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი ფერის შუქურა და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაუხვიოს ამ კანონით რეგულირებულ ცალკეულ მოთხოვნებს. ლურჯი ფერის შუქურასთან ერთად შეიძლება ჩაირთოს წითელი ფერის შუქურაც. საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რთავს ლურჯი ფერის შუქურასა და სპეციალურ ხმოვან სიგნალს. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. აღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ საპატრულო პოლიციის მანქანის ეკიპაჟს მოეპოვებინა სიჩქარის გადაჭარბების ან სხვა უპირატესობა, საჭირო იყო ჩართული ჰქონოდა ლურჯი ფერის შუქურა და სპეციალური ხმოვანი სიგნალი.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას დასმული საკითხის ირგვლივ და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად ვერ დადასტურდა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე საპატრულო ეკიპაჟის მანქანაზე შუქურისა და სპეციალური ხმოვანი სიგნალის ჩართვის ფაქტი. მოწმეთა ჩვენებები ამ მიმართებით აშკარად წინააღმდეგობრივია და არც ერთი მხარის პოზიცია არ არის გამყარებული საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულებით. ერთი მხრივ პატრულ-ინსპექტორები მიუთითებენ, რომ მათ ჩართული ჰქონდათ უპირატესობის მიღებისათვის აუცილებელი სანიშნები, ხოლო მეორეს მხრივ კ-------------–---–ი და მისი მგზავრი ე--------------------ე განმარტავენ, რომ მათ საპატრულო ეკიპაჟის მანქანაზე შუქურა და სიგნალი არ შეუნიშნავთ. უპირატესობის მიმნიჭებელი ნიშნების არარსებობაზე მიუთითა ნეიტრალურმა მოწმემ ზ---------------–მაც. ის ფაქტი, რომ ზ------------–--ისა და ვ----–---------–---–ის ეკიპაჟი მიდიოდა პოლიციელ ბერდია მიქაძის დასახმარებლად, ავტომატურად არ გულისხმობს, რომ მათ ხმოვანი სიგნალი და ციმციმა ჩართული ექნებოდათ. სხვა მტკიცებულება ამ ფაქტის დადასტურების ან უარყოფისათვის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
აღნიშნულ საკითხზე პასუხის გაუცემლობამ გავლენა იქონია ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მხარის გამოსავლენად ჩატარებულ ექსპერტიზებზე, კერძოდ, ბრალდების მხარე აპელირებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სატრანსპორტო ტექნიკური ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე, რომლის თანახმად, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განპირობებულია ა/მანქანა „შკოდა ოქტავიას“ მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ შემთხვევაში „ჰონდა CRV“-ს მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება.
მნიშვნელოვანია აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტის დ----------–-----ის ჩვენება, რომელმაც ხაზგასმით განმარტა, რომ აღნიშნული კვლევა აწარმოა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საპატრულო პოლიციის ა/მანქანას მაშუქი და სიგნალი ჩართული არ ჰქონია.
აპელანტი მიიჩნევს, რომ დაცვის მხარემ ექსპერტს სპეციალურად დაუმალა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობდა უპირატეს ვითარებაში და არა როგორც ჩვეულებრივი ავტომანქანა, რომელსაც უნდა ემოძრავა მოცემული ტერიტორიისათვის დასაშვები 40 კმ/სთ სიჩქარით, რამაც, მისი აზრით, განაპირობა დაცვის მხარის სასარგებლო დასკვნის მიღება. ამის საპირისპიროდ, ბრალდების მხარემ წარმოადგინა ანალოგიური სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ა/მანქანა „შკოდა ოქტავიას“ მძღოლ ვ----–---------–---–ს ტექნიკური თვალსაზრისით ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება. კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განპირობებულია ა/მანქანა „ჰონდა CRV-ს“ მძღოლ კ-------------–---–ის მიერ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - დ------------–მა. მანვე დამატებით განმარტა, რომ კვლევის ჩატარებისას იგი დაეყრდნო გამომძიებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომ ა/მანქანა „შკოდა ოქტავიას“ ჩართული ჰქონდა წითელი და ლურჯი შუქურა (ციმციმა) და ხმოვანი სიგნალი.
პალატა აღნიშნავს, რომ კ-------------–---–ისადმი ბრალად შერაცხული დანაშაული თავისი სპეციფიკით მოითხოვს სპეციალური ცოდნის მქონე პირთა მხრიდან ინფორმაციის მიღებას ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რა მიმართებითაც სასამართლოსათვის მნიშვნელოვან და შეუცვლელ მტკიცებულებას წარმოადგენს ექსპერტიზის დასკვნები. მოცემულ შემთხვევაში კი სახეზე გვაქვს ორი, სრულიად საწინააღმდეგო დასკვნა, რომელთა შორის წინააღმდეგობის მიზეზიც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, არის ავტომანქანა „შკოდა ოქტავიას“ მიერ წითელი და ლურჯი ციმციმასა და ხმოვანი სიგნალის ჩართვის საკითზე ექსპერტებისათვის მიწოდებული განსხვავებული ინფორმაცია მხარეთათვის სასურველი პოზიციების მიხედვით. აღნიშნული მსჯელობის ერთგვარ დადასტურებას წარმოადგენს საქმეზე წარმოდგენილი სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის №0-------- კომისიური დასკვნა, რომლის თანახმად, თუ ა/მანქანა „შკოდა ოქტავიას“ ჩართული ჰქონდა ლურჯი და წითელი ფერის შუქურა, სპეციალური ხმოვანი სიგნალი და ასრულებდა სამსახურეობრივ დავალებას, რომელიც გავლის უპირატესობას ანიჭებს, მაშინ მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება, იმის გამო, რომ ავტომობილ „ჰონდა CRV“-ს მძღოლს კ-------------–---–ს მოცემულ სიტუაციაში მისთვის უნდა დაეთმო გზა. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ ა/მანქანა „შკოდა ოქტავიას“ ჩართული არ ჰქონდა ლურჯი და წითელი ფერის შუქურა, აგრეთვე სპეციალური ხმოვანი სიგნალი, მას უნდა ემოქმედა ჩვეულებრივი ა/მანქანისთვის დასაშვები 40 კმ/სთ სიჩქარით. ამ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევა თავიდან იქნებოდა აცილებული.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - დ------------–მა და ლ--------------–---–მა.
ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემებზე დაყრდნობით გაცემული ექსპერტიზის დასკვნების ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება კ-------------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ცალმხრივი ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატის მიერ უკვე განხილულ მტკიცებულებებში არსებული წინააღმდეგობებისა და ბუნდოვანებების გაქარწყლება შეუძლებელია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული სქემით, რომელიც ადასტურებს მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის არსებობის ფაქტს, ასევე, უსარგებლოა ამ თავლსაზრისით სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- და №0-------- დასკვნები, რომლებიც ასახავენ დაზარალებულების - ე--------------------ისა და ზ------------–--ის სხეულზე ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებების არსებობის ფაქტს. აღნიშნული დასკვნების სისწორე დადასტურებულია მათი გამცემი ექსპერტების - მ--–------------–---–ისა და გ----------------ის მიერ მიცემული ჩვენებებით.
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ კ-------------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, არ წარმოუდგენია არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კ-------------–---–ის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტს. მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებდა მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც ეყრდნობა დაუდგენელ მონაცემებს შუქურასა და ხმოვან სიგნალთან დაკავშირებით, რომელიც არ არის გამყარებული საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი სხვა მტკიცებულებით. ასეთი მტკიცებულების წარმოდგენა ან უკვე არსებულ მტკიცებულებებზე არგუმენტირებული მსჯელობა ბრალდების მხარეს არც სააპელაციო სასამართლოში მოუხდენია.
პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ კ-------------–---–მა განახორციელა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა კ-------------–---–ის დამნაშავეობაში.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი კ-------------–---–ის ბრალეულობის დასადგენად, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
სარეზოლუციონაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
კ-------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე