განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002828129
საქმე №1ბ/804-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ა--------ას
მსჯავრდებულ - შ-------------–-–---–ის
მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
შ-------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 31 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 3----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, ც---------------–------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენით შ-------------–-–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
შ-------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, მათ შორის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. თბილისში, გ--------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შ-------------–-–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჯერ მეუღლეს მ-------–-----–--ეს, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, მოუჭირა ყელის არეში და გადაუგრიხა ხელები. ამის შემდეგ, შ-------------–-–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან გერს - მ-------------–---–ს, კერძოდ, ხელები მოუჭირა მკლავისა და ყელის არეში და ხელი ძლიერად დაარტყა სახის არეში. შ-------------–-–---–ის ქმედების შედეგად მ-------–-----–--ემ და მ-------------–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა--------ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ შ-------------–-–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, მართალია სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს, არსებულ მტკიცებულებებს და შ-------------–-–---–ის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ, სასამართლომ გამოიყენა მსუბუქი სახის სასჯელი. შ-------------–-–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლოს მიერ სასჯელის შეფარდებისას არ იქნა გათვალისწინებული შ-------------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ინტენსივობა, კერძოდ, დანაშაულებრივი ქმედება იყო ძალადობრივი ხასიათის, ჩადენილი ოჯახის ორი წევრის მიმართ. სისხლის სამართლის არსებითი განხილვის ეტაპზე არ მომხდარა დაზარალებულების პოზიციის გარკვევა, მათი მხრიდან არ განხორციელებულა შ-------------–-–---–ისათვის დანაშაულებრივი ქმედების პატიება. სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მიყენებული ზიანის მნიშვნელობა. ბრალდების მხარის აზრით, სასამართლოს შ-------------–-–---–ის მიმართ არ უნდა გამოეყენებინა პირობითი მსჯავრი. ასეთი სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილ დანაშულებრივი ქმედების ხასიათთან და არ არის უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ითხოვა, ხოლო, მსჯავრდებულმა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველეს ყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ შ-------------–-–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უდავოდ მიჩნეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულ შ-------------–-–---–ის აღიარებით, დაზარალებულებისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პაციენტის სამედიცინო ბარათებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სააპელაციო ინსტანციაშიც მხარეები სადავოდ არ ხდიან. აღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება შ-------------–-–---–ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, დანაშულის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სააპელაციო პალატა, იზიარებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შ-------------–-–---–ის ქმედების კვალიფიკაციას, ასევე ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომას, შესაბამისად, არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი სასჯელის გამკაცრების შესახებ შეიცავს მხოლოდ ზოგადი ხასიათის მსჯელობას და არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძვლებზე სასჯელის ნაწილში განაჩენის საუარესოდ შეცვლისათვის. აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გარკვეულა დაზარალებულების პოზიცია, არ მიუთითებს მათი მხრიდან შ-------------–-–---–ის მიმართ რაიმე პრეტენზიის არსებობის თაობაზე. დაზარალებულთა პოზიციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ბრალდების მხარეს არც სააპელაციო ინსტანციაში წარმოუდგენია. მან მხოლოდ ივარაუდა, რომ დაზარალებულების მხრიდან არ მომხდარა შ-------------–-–---–ის პატიება, რაც საფუძვლად ვერ დაედება სასჯელის გამკაცრების გადაწყვეტილებას. მითუმეტეს, რომ თავად მსჯავრდებული სასამართლოში საქმის განხილვისას ოჯახის აღდგენის სურვილს გამოთქვამს. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ შ-------------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა არის საკმარისად მკაცრი სასჯელის მიზნების მისაღწევად, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო რა შ-------------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა, გაითვალისწინა, შ-------------–-–---–ის დამოკიდებულება ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკები, ის ფაქტი, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული, აპირებს ოჯახთან ერთად ცხოვრებას მხოლოდ მეუღლის პოზიციის გათვალისწინებით, მას დაუნიშნა ისეთი სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, შ-------------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენი შ-------------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
შ-------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ შ-------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 18 დეკემბრიდან 2019 წლის 25 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
მსჯავრდებულ შ-------------–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. შ-------------–-–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი პირსახოცი (გადაგზავნილია სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
მ-------------–---–ის სისხლის ნიმუში (გადაგზავნილია სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
სსიპ „112“-დან გადმოგზავნილი 1 (ერთი) ცალი დისკი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე