განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/2126-19, 330310019002968336
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი
მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი
ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) – ბი---ნ ან-------ჰ
წარმომადგენელი - ელ--- თბ--–--–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - თეონა გომარელი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ბი---ნ ან-------ჰის სარჩელი შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 01 აპრილის N1000656948 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბი---ნ ან-------ჰისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის შესახებ გამოცემის დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ბი---ნ ან-------ჰიმ (BI--- AN-----H; დაბ. 10.09.1989 წელს, პასპორტის № N464----3) 2019 წლის 28 თებერვალს №1000656948 განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.
მოსარჩელე საქართველოში შემოვიდა 2018 წლის 21 ნოემბერს (00:10:46 სთ), სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სადახლოს საშუალებით.
სასამართლოს განმარტებით საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებით დგინდება, რომ საქართველოში რეგისტრირებულ შპს ,,სტ-------ნფო.კო“-სა (ს.კ 404-----2) და ბი---ნ ან-------ჰის შორის 2018 წლის 01 იანვარს გაფორმებული იქნა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბი---ნ ან-------ჰი მიღებული იქნა ბიზნეს მენეჯერის პოზიციაზე. შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, დასაქმებულის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება შეადგენს 500 ლარს, ხოლო 2019 წლის იანვრიდან 700 ლარს.
ბი---ნ ან-------ჰის მიერ 2018 წლის 01 იანვრის თვიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 5350 ლარს, აქედან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 1 070 ლარს.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 01 თებერვლის N01/31585 წერილის პასუხად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2019 წლის 07 თებერვლის N21-11/13454 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და აცნობა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,სტ-------ნფო.კო“-ს (ს/ნ 404-----2) უფიქსირდება დეკლარაციების წარმოდგენა, გადასახადების გადახდა, სასაქონლო ზედნადებებისა და დასადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურების მიღება. არ აქვს მინიჭებული რაიმე სახის სტატუსი, არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული.
2019 წლის 13 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ №1000656948/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ინფორმაციის მისაღებად, არსებობდა თუ არა მოსარჩელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 14 მარტის SSG 8 19 00047875 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია მოსარჩელისთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 01 აპრილის №1000656948 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ბი---ნ ან-------ჰის (BI--- AN-----H; დაბ. 10.09.1989 წელს, პასპორტის № N464----3 2019 წლის 28 თებერვლის №1000656948 განცხადება. განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ მოსარჩელის მიმართ არსებობს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, 2019 წლის 30 აპრილის განჩინების (საქმე №3/3129-19) პასუხად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2019 წლის 11 ივნისს გამოუგზავნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 11 ივნისის №1/01/1-921-სს წერილი ირანის მოქალაქე ბი---ნ ან-------ჰთან დაკავშირებით. აღნიშნული წერილი წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს უფლებას თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის ბი---ნ ან-------ჰისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2019 წლის 01 აპრილის №1000656948 გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
სასამართლომ დასახელებულ ნორმაზე მითითებით მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის - ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად და შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის, ბი---ნ ან-------ჰის უფლებებსა და მოვალეობებს. ვინაიდან სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
ზემოაღნიშნული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე; ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებს, რომელიც მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესებს, კერძოდ: ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-5 მუხლში.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი რეგლამენტირებულია ამავე წესის მე-13 მუხლით, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა ბი---ნ ან-------ჰის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მიღებული ინფორმაციის შედეგად „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ასევე მიეთითებინა ”კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 29 მარტის SSG 4 19 0------6 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ბი---ნ ან-------ჰისთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ხოლო ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ: თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ უცხოელისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიენიჭა ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება „შეცდომა დისკრეციაში“ - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილება ან/და იმ მიზნის უგულებელყოფა, რის მისაღწევადაც მას მინიჭებული აქვს იგი. სააგენტომ აღნიშნული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 03 აპრილის წერილში ასახულ უარყოფით დასკვნას საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომლებიც არც ერთი მხარის მიერ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის. შესაბამისად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემისას შეემოწმებინა წერილის საფუძვლად მითითებული გარემოებები და დოკუმენტაცია. ამდენად, ცალსახაა, რომ სააგენტოს სადავო გადაწყვეტილების მოტივირება ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტების გამოყენებით, შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
სასამართლომ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ან/და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სიცხადის ესა თუ ის ხარისხი, რაც შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მოეთხოვება, რეგულირების კონკრეტულ სფეროზეა დამოკიდებული. ეროვნულ უშიშროებას დამუქრებული საფრთხე განსხვავდება ხასიათისა და ბუნების მიხედვით და ამიტომ წინასწარ რთული განმსაზღვრელია (გადაწყვეტილების პუნქტი 37), თუმცა ეროვნული უშიშროების მოსაზრებებზე დამყარებულ ღონისძიებას დაქვემდებარებულ პირს არ უნდა წაერთვას თვითნებობის წინააღმდეგ ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ღონისძიება უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რათა ღონისძიების მართლზომიერება გადაწყვიტოს და ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობა გამორიცხოს. საფრთხის აბსტრაქტული ფორმულირების გარდა, ხელისუფლებას განმცხადებლისთვის სხვა რაიმე დეტალი არ უცნობებია, რათა განმცხადებელს, შესაბამისად, გაებათილებინა ეს ინფორმაცია (გადაწყვეტილების პუნქტი 40). ამასთან, მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ ბუქარესტის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო გაძევების ბრძანების მხოლოდ ფორმალური შემოწმებით შემოიფარგლა. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ პროკურატურას ეროვნული სასამართლოსთვის იმ დანაშაულის შესახებ, რომლის ჩადენაშიც განმცხადებელი იყო ეჭვმიტანილი, დეტალები არ უცნობებია და სასამართლო არ გასცდენია პროკურატურის ვარაუდებს და არ შეუმოწმებია, მართლა წარმოადგენდა თუ არა განმცხადებელი საფრთხეს ეროვნული უშიშროებისთვის (გადაწყვეტილების პუნქტი 41), ვინაიდან განმცხადებელს არ მიუღია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და არც ეროვნული სასამართლოსგან მინიმალური დაცვა თვითნებობის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მის პირად ცხოვრებაში ჩარევა კანონის შესაბამისად არ მომხდარა, რამაც კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა გამოიწვია (გადაწყვეტილების პუნქტები 42-ე და 44-ე).
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, მოსარჩელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს, ამასთან, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ამ ნაწილში დახურულ სასამართლო სხდომაზე საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით მათი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებულმა ფაქტებმა ასახვა ვერ ჰპოვა სასამართლო გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 01 აპრილის №1000656948 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ბი---ნ ან-------ჰისთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ბი---ნ ან-------ჰს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ბი---ნ ან-------ჰისთვის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მან იმსჯელა აქტის მომზადების და გამოცემის მხოლოდ პროცედურულ საკითხზე, რომელიც სარჩელით შედავებული არ ყოფილა, თუმცა, არ დაუდგენია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, არსებობდა თუ არა შრომითი ბინადრობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის, ფაქტობრივი საფუძვლები სასამართლო გადაწყვეტილებაში იხსენიებს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებს და ადგენს, რომ იგი გამოყენებულია კანონიერად, ამ დასკვნის საფუძვლად კი, მიიჩნევს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 11 ივნისის წერილი იყო უარყოფითი, ხოლო, სააგენტო არ იყო უფლებამოსილი, შეესწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სამართლოს ლოგიკის გაზიარების შემთხვევაში, გამოდის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს როლი ფორმალური აქტის გამოცემისას და ის ყოველთვისაა დამოკიდებული სხვა პირისგან მოპოვებულ ინფორმაციაზე, რაც არასწორია. მიგვაჩნია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება ნიშნავს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით ყველაზე ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად გამოსცეს აქტი. აპელანტი რა თქმა უნდა სრულად იაზრეს საიდუმლო ინფორმაციის მნიშვნელობას, მის ხელმიუწვდომლობას მესამე პირებისათვის და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მაღალ სტანდარტს, თუმცა, მიაჩნია, რომ საჯარო და კერძო ინტერესთა თანაფარდობისას, არ შეიძლება თვითნებობა. ჰქონდეს ადგილი. სასმართლოს ლოგიკის გაზიარების შემთხვევაშიც კი, ნავუშვებთ, რომ ადმინისტრ.აციულ ორგანოს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი უკრძალავდა ზაკ-ის 26-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას, ასეთ შემთხვევაში, სწორედ სასამართლო წარმოადგენს იმ ორგანოს, რომელსაც წვდომა აქვს საიდულო ინფორმაციასთან და მას თავად შეეძლო გადაეწყვიტა საკითხი იყო თუ არა სახეზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომაროების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ ბინადრობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის წინაპირობები. მართალია, საიდუმლო ინფორმაცია ასახვა, ვერ ჰპოვებს გადაწყვეტილებაში, თუმცა, სასამართლო მხოლოდ იხსენიებს იმას, რომ გაეცნო ამ ინფორმაცია, თუმცა რა დასკვნა გამოიტანა ამ ინფორმაციის გაცნობის შედეგად გადაწყვეტილებაში არ არის ასახული, კერძოდ, სასამართლო არ ადგენს ამ მასალებში მართლაც არის თუა არა ზემოხსენებული კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული რომელიმე საფრთხის წინაპირობა. ამგვარი გადაწყვეტილება კი, არ გამომდინარეობს ადამინის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან, მას არ აქვს საკმარისი დასაბუთება და კვლავ გაურკვევლობის წინაშე ტოვებს მხარეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქმის მასალების გამოკვლევის გარეშე. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა რა სააგენტოს და წარადგინა ყველა ინფორმაცია, რაც კანონმდებლობითაა მოთხოვნილი, მას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლო, მიუხედავად საქმეში კანონით გათვალისწინებული ყველა მტკიცების წარდგენისა, ასევე, სასამართლოს მხრიდან საიდუმლო ინფორმაციის გაცნობისა, დისკრეციის თეორიულ დასაბუთებაზე მითითება”) მსჯელობს აქტის ფორმალურ კანონიერებაზე, ისე, რომ არც ერთ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტს არ ადგენს და არ აძლევს სამართლებრივ შეფასებას, რაც მართლმსაჯულების განხორციელების მიზანს ცდება. სასამართლომ ვერ შეძლო იმის დასაბუთება, არსებობდა თუ არა მოსარჩელის კანონიერი მოთხოვნის უარყოფის ფაქტობრივი საფუძველი. გადაწყვეტილებაში ციტირებულია მხოლოდ კანონის ნორმები იმგვარად, რომ სასამართლოს მათი სუბსუმირება დავის ფაქტობრივ გარემოებებთან არ მოუხდენია, ამგვარი მიდგომით ირღვევა პირისათვის გარანტირებული უფლება სამართლიან სასამართლოზე, რომელიც ევროკონვენციის მე-6 მუხლითაა რეგლამენტირებული და კვლავ რჩება იმ გაურკვევლობაში, რომლის გამოც, მისთვის უცნობია თუ რა ფაქტობრივი საფუძვლით იქნა უარყოფილი მის) მოთხო, გაცემაზე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ გარდა სამართლიანი სასამართლო უფლებისა, ამგვარი დაუსაბუთებელი უარით ირღვევა ასევე ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-8 მუხლით რეგლამენტირებული უფლება და გარდა კანონის ფორმალური ციტირებისა, ვერც სააგენტო და ვერც პირველი ინსტანციის სასამართლო ვერ უხსნის მხარეს მისი უფლების შეზღუდვის რა ლეგიტიმური საფუძველია სახეზე.
ქალაქო სასამართლო გადაწყვეტილება გარდა ფაქტობრივისა, იურიდიული თვალსაზრისითაც დაუსაბუთებელია. სასამართლოს მხრიდან დარღვეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული ინკვიზიციურობა, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, რამდებადაც, სასამართლომ. გარდა საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვა კონტრდაზვერვის დეარტამენტიდან მასალები, როგორც თავად აღნიშნავს გაეცნო ამ მასალებს, თუმცა არ გამოუტანა დასკვნა იმის თობაზე, ბინადრობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს იძლეოდა თუ არა ხსენებული დასკვნა. სასამართლოს არ უმსჯელია საქმის არც ერთ მასალაზე, არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ბი---ნ ან-------ჰის განცხადება აკმაყოფილებდა თუ არა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომაროების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებს, ასევე, ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ (დაიცვა თუ არა სზაკ-ის 36-ე მუხლის მოთოხვნები და სასამართლოს ინიციატივით გამოთხოვნილი საცდომლო მასალები მეივაცდა თუ არა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომაროების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ რომელიმე საფრთხეს თუნდა ფორმალური თვალსაზრისით, ასეთ ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39 3-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული წინაპირობები: გადაწყვეტილება მიღებულია საპროცესო წესების არსებითი დარღვევით და ამ დარღვევას შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო მართალია, ხელმძღვანელობს პრეცედენტულ) სამართლით, თუმცა, არასწორად განმარტავს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქმეზე „ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ“ (განაცხადი ნო. 10337/04) ევროსასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა. ევროსასამართლოს განმარტებით, სიცხადის ესა თუ ის ნარისხი, რაც შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მოეთხოვება, რეგულირების კონკრეტულ სფეროზეა დამოკიდებული. ეროვნულ უშიშროებას დამუქრებული საფრთნე განსხვავდება ნასიათისა და ბუნების მიხედვით და ამიტომ წინასწარ რთული განმსაზღვრელია, თუმცა ეროვნული უშიშროების მოსაზრებებზე დამყარებულ ღონისძიებას დაქვემდებარებულ პირს არ უნდა წაერთვას თვითნებობის წინააღმდეგ ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ღონისძიება უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რათა ღონისძიების მართლზომიერება გადაწყვიტოს და ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობა გამორიცხოს. საფრთნის აბსტრაქტული ფორმულირების გარდა, ხელისუფლებას განმცხადებლისთვის სხვა რაიმე დეტალი არ უცნობებია, რათა განმცხადებელს, შესაბამისად. გაებათილებინა ეს ინფორმაცია, ამასთან, მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ ბუქარესტის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო გაძევების ბრძანების მხოლოდ ფორმალური შემოწმებით შემოიფარგლა. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ პროკურატურას ეროვნული სასამართლოსთვის იმ დანაშაულის შესახებ, რომლის ჩადენაშიც განმცხადებელი იყო ეჭვმიტანილი, დეტალები არ უცნობებია და სასამართლო არ გასცდენია პროკურატურის ვარაუდებს და არ შეუმოწმებია, მართლა წარმოადგენდა თუ არა განმცხადებელი საფრთხეს ეროვნული უშიშროებისთვის, ვინაიდან განმცხადებელს არ მიუღია აღმასრულებელ ხელისუფლებისგან და არც ეროვნული სასამართლოსგან მინიმალური დაცვა თვითნებობის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მის პირად ცხოვრებაში ჩარევა კანონის შესაბამისად არ მომხდარა, რამაც კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა გამოიწვია. ამ საქმისაგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის საერთოდ უცნობია თუ რა მიიჩნევა მისი მოთხოვნის უარყოფის ფაქტობრვ სამკუძვლად, რაც, როგორც ზემოთ არაერთხელ ითქვა, აღვევს პირის გარამტირებულ უფლებებს. გარდა ხსენებულისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ასევე სსსკ-ის 393.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი. სასამართლომ სადავო აქტის კანონიერება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექის 601 მუხლის არასწორი განმარტებით დაადგინა. სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ დისკრეციის პრინციპის ზოგად ცნებაზე დავის ფაქტობრივ გარემოებებთან მისადაგების გარეშე და საფუძვლიანად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც სზაკ-ის 96-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, საქმის გარემოებათა ყოველგვარი შეფასება-გამოკვლევის გარეშეა გამოტანილი.
აპელანტი მიუთითებს, რომ თუკი კანონმდებლობა ეროვნული უსაფრთხოებისა და სხვა დაცვის ღირსი ლეგიტიმური საფუძვლით ზღუდავს პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას, მაშინ ეს როლი სრულად ეკისრება სასამართლოს, რომელსაც, საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის ფაქტი ისე სასხვათაშორისდ აქვს აღნიშნული გადაწყვეტილებაში, თითქოს მისი იურიდიული ტერმინოლოგიით გამდიდრება სურდა. საერთოდ არ ირკვევა სასამართლომ ამ ინფორმაციის გაცნობით გააკეთა თუ არა დასკვნა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა - იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით, შესაბამისად, სახელმწიფო გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისათვის დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მიზანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, უპირველესად ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები და დაიცვას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა;
სახელმწიფოს დისკრეცია - იკისროს ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ - შემოსაზღვრულია თავად კანონმდებლის მიერ ზემოაღნიშნული ინტერესების ურთიერთკავშირით. ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული ამგვარი არჩევანი გაცხადებული მიზნის კვალდაკვალ არ არის თვითნებური, გამორიცხავს ყოველგვარ დიფერენციაციას ნორმაში მითითებული ნიშნით და წარმოადგენს მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის მიღწევის დასაშვებ, პროპორციულ და აუცილებელ საშუალებას - საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების უზრუნველყოფით სამართლებრივი გარანტიები შექმნას სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად.
რაც შეეხება თავად ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, საქართველოს კანონმდებლობაში განმარტება მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. კანონმდებლის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების დელეგირება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი მისი შეხედულებისამებრ. დისკრეციის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს ამოცანას წარმოადგენს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე. ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია, გადაწყვეტილება ემყარებოდეს კანონით წინასწარგანსაზღვრულ, ობიექტურ და გადამოწმებად კრიტერიუმებს. ასეთ პირობებშია შესაძლებელი გადაწყვეტილების მიმღები პირების თვითნებობის, მიკერძოებულობისა და დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიფერენცირების საფრთხეების მაქსიმალურად გამორიცხვა.
ნიშანდობლივია, რომ ადმინისტრაციულ დისკრეციას, პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, თან ახლავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მომეტებული რისკი და აუცილებელია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციის დელეგირება ხდებოდეს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების, პირობების შესაბამისად, რაც მინიჭებულ უფლებამოსილებას მოაქცევს სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას დისკრეციის მიზნებსა და მისი ბოროტად გამოყენების რისკს შორის. ამასთან, განჭვრეტადს გახდის დისკრეციის განხორციელების საფუძველს და წინაპირობებს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას დაქვემდებარებული პირისათვის.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის განხორციელების საშუალების ერთ-ერთ სახედ კანონმდებელი ბინადრობის ნებართვას მიიჩნევს, რომელიც სააგენტოს მხრიდან გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე.
კანონის მე-15 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გაწერილია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. საფუძველები ამომწურავია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნორმით მითითებული საფუძველი შეიძლება გახდეს უარის თქმის წინაპირობა და ეხმიანება კანონით განსაზღვრულ მიზანს - სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფას. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ან/და იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
ამავდროულად, კანონმდებელი ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, ნორმაში მითითებული საფუძველის მიუხედავად გასცეს ბინადრობის ნებართვა, რაც კანონმდებლის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების დაშვებაზე მიუთითებს.
საგულისხმოა, რომ კანონი იმავე მუხლის მეორე პუნქტში განსაზღვრავს კრიტერიუმების ამომწურავ ჩამონათვალს, თუ რას მოიცავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები: ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
იმავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს.
განსახილველ შემთხვევაში სწორედ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით ეთქვა უარი აპელანტს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. სადავო აქტის გამოცემის საფუძველი კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი გახდა, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ბი---ნ ან-------ჰისთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭება.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესზე", რომლის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,გ’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შეამოწმა ბი---ნ ან-------ჰის მიმართ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების მოთხოვნათა არსებობის საფუძველი.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი წარმოადგენს სწორედ კანონით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ანავე კანონის მე-7 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას. შესაბამისად, მისი დასკვნა - წერილი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას, რომლის გათვალისწინებაც სავალდებულოა ადმინისტრაციული ორგანოსათვის.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში ანიჭებს უფლებას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, ადასტურებს, რომ სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნის შესაბამისად, რასაც განსაზღვრავს კანონი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, მას შეეძლო მიეღო მოსარჩელისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 01 აპრილის N1000656948 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატის შეფასებით სახეზე არ არის გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბი---ნ ან-------ჰის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი
მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი
ლეილა მამულაშვილი