განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2019
საქმის ნომერი
330100119003059613
ინსტანცია
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003059613

საქმე №1ბ/1359-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ა----–----–---–ის

ადვოკატ - ლ-------------ის

მსჯავრდებულ - ი-----–--–-----ის

მონაწილეობით,თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ი-----–--–-----ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 09 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 0----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლები, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის ქ. თბილისში, ი-----–-----–----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ყ---–--------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 ივლისის განაჩენით ი-----–--–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ი-----–--–-----ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2019 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 19:15 საათზე, ქ. თბილისში, ჟ----–--–-----------------------ში მდებარე კომპანია „ტ------------“ ოფისის ფოეიში, ი-----–--–-----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი-–-----------–ს, კერძოდ, ხელები და ფეხები რამდენჯერმე დაარტყა სახისა და ტანის არეში. ი-----–--–-----ის ქმედების შედეგად ი-–-----------–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიადგა ფიზიკური ზიანი, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-–-----------–ის მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობა მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა. დანარჩენი დაზიანებები კი მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----–----–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ი-----–--–-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბრალდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას, თუმცა გამოიყენა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, საზოგადოებრივ საშიშროებას და დაზარალებულის პოზიციას. სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული არის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი სასჯელი. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რომელი სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

აპელანტის აზრით, ი-----–--–-----ისათვის სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია მის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათი, სპეციფიკა, ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება განახორციელა იმ პირობებში, როდესაც მას, მასსა და დაზარალებულს შორის, არსებული დავის გადაწყვეტა სამოქალაქო წესითაც შეეძლო. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები მსჯავრდებულის ქმედების ხასიათი, კერძოდ, მას ბრალად შეერაცხა და შემდგომ უკვე დამნაშავედ იქნა ცნობილი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც არ ყოფილა ჩვეულებრივი ცემა ან ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, არამედ იყო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა. დაზარალებულ ი-–-----------–ს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა წართმეული შრომისუნარიანობა, მას დასჭირდა ხანგრძლივი მკურნალობა, დანიშნული ჰქონდა წოლითი რეჟიმიც. მან ვერ შეძლო გერმანიაში სწავლის გაგრძელება და გამოცდების ჩაბარება, რის გამოც დადგა სასწავლებლიდან გარიცხვის საფრთხის წინაშე. აღნიშნულით მას მიადგა გარკვეული ფინანსური ზიანიც. აპელანტის განმარტებით, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიმართ ადგილი არ ჰქონია იმგვარ პროვოკაციულ ქმედებას, რაც ამ უკანასკნელის გაღიზიანებას გამოიწვევდა. ადგილი ჰქონდა მხოლოდ სამსახურებრივ გაუგებრობას, რომლის მოგვარებაც, ძალადობაზე მეტად, მშვიდ საუბარს შეეძლო. დაზარალებულს დღეის მდგომარეობით კვლავ აქვს პრეტენზია და ის ბრალდების მხარისათვის წარდგენილ არაერთ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ი-----–--–-----ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ზიანის ანაზღაურების მცდელობას ან რაიმე დახმარების გამოხატვის მზაობას. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარე არ ეთანხმება დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს მსჯავრდებულს ჰქონდა დაზარალებულთან შერიგების მცდელობა და ამაზე დაზარალებულმა უარი უთხრა. შესაბამისად, აპელანტის აზრით, მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ყოფაქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მოცემულ შემთხვევაში კი ი-----–--–-----ის ქმედებები არ ყოფილა მიმართული დაზარალებულთან შერიგებისა და მისთვის ზიანის ანაზღაურებისაკენ, რაც ვერ შეუმსუბუქებს მას მდგომარეობასა და სასჯელს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა განმარტა, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად, იმისათვის, რათა შენარჩუნდეს საზოგადოების მხრიდან კანონისადმი პატივისცემა და საზოგადოება არ განიმსჭვალოს დაუცველობის განცდით, ასევე, სასჯელის ზოგადი და კერძო პრევენციიდან გამომდინარე, რომელიც მიმართულია საზოგადოების ყველა დელიქტუნარიანი წევრისაკენ, რომ მათ არ ჩაიდინონ დანაშაული, და იმისათვის, რათა მსჯავრდებულს აღარ ჰქონდეს სურვილი ახალი დანაშაულის ჩადენისა, ი-----–--–-----ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი და არა სასჯელის მინიმალური ოდენობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

უპირველეს ყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ი-----–--–-----ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უდავოდ მიჩნეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულ ი-----–--–-----ის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სააპელაციო ინსტანციაშიც მხარეები სადავოდ არ ხდიან. აღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი-----–--–-----ის მიერ ი-–-----------–ის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ჩადენის ფაქტი, დანაშულის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სააპელაციო პალატა, ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომას და შესაბამისად, არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას სასჯელის გამკაცრების თაობაზე. ამასთან, განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქის ძირითად უფლებებში მკაცრი ჩარევა სასჯელის მეშვეობით, უნდა მოხდეს სამართლიანობის, პროპორციულობისა და თანასწორობის ძირითად პრინციპებთან მიმართებით.

 

პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი სასჯელის გამკაცრების შესახებ შეიცავს ი-----–--–-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღწერილობას და იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას, რაც გახდა კიდეც სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და შემდგომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი. აპელანტი არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძვლებზე სასჯელის ნაწილში განაჩენის საუარესოდ შეცვლისათვის. აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ დაზარალებულს მიადგა ზიანი როგორც ჯანმრთელობის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით და რომ ისინი შერიგებულნი დღემდე არ არიან, არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რაც გახდებოდა ი-----–--–-----ისათვის სასჯელის დამძიმების საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ი-----–--–-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა არის საკმარისად მკაცრი სასჯელის მიზნების მისაღწევად, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

აპელანტი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ მიყენებული ზიანის მრავალმხრივ ხასიათზე და აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ი-–-----------–ს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა წართმეული შრომისუნარიანობა, მას დასჭირდა ხანგრძლივი მკურნალობა, დანიშნული ჰქონდა წოლითი რეჟიმიც. მან ვერ შეძლო გერმანიაში სწავლის გაგრძელება და გამოცდების ჩაბარება, რის გამოც დადგა სასწავლებლიდან გარიცხვის საფრთხის წინაშე. აღნიშნულით მას მიადგა გარკვეული ფინანსური ზიანიც, ასევე, მსჯავრდებული დღემდე არ შერიგებია დაზარალებულს. პალატა აღნიშნავს, რომ ზემოთ დასახელებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ასეთი მისწრაფების არსებობა დაადასტურა მსჯავრდებულმა, თუმცა აღნიშნა, რომ დაზარალებულისაგან მიიღო უარი. ამასთან, პალატა ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო რა ი-----–--–-----ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ხასიათი და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ იგი აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რაც აღიარა და მოინანია, არ არის ნასამართლევი და წარსულში არ ყოფილა შემჩნეული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, მას დაუნიშნა ისეთი სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ ი-----–--–-----ისათვის მსჯავრად შერაცხული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოს ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ნათელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი-----–--–-----ისათვის მოხდა სასჯელის არა ყველაზე მსუბუქი სახის შეფარდება, არამედ განესაზღვრა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც არ წარმოადგენს ამ დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის მინიმუმს, როგორც ამას აღნიშნავს აპელანტი. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ი-----–--–-----ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 ივლისის განაჩენი ი-----–--–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ი-----–--–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ი-----–--–-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ი-----–--–-----ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის განჩინებით ი-----–--–-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო, გაუქმებულია.

 

გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

კტ კვლევის 1 (ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე