განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210018002790670
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-582 10 ოქტომბერი 2019 წელი
ქ. ქუთაისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე): სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
წარმომადგენელი: მ-----– ხ---–---–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): შპს „მ-“
წარმომადგენელი: გ------- ბ------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი: ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:
1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე მხარედ შპს „მ-“ მიუთითა და ითხოვა, 2----–-–----------- გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვლდებულების დარღვევის გამო, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, რაც საერთო ჯამში შეადგენს - 7524 ლარს.
2. მოსარჩელის განმარტებით: სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და შპს „მ-“-ს შორის, 2----–-–----------- დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---(-- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ტყის ფონდში მიახლოებით 22227 ჰექტარი ტყის ინვენტარიზაციის მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულების პირობების დანართი N- და N--ის თანდართული excel ცხრილის შესაბამისად. აღნიშნული ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, მომსახურება უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად. ხელშეკრულების მე-16 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერის დღიდან (19.05.2017) არანაკლებ 2018 წლის 01 მარტამდე ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, მთლიანი სახელშეკრულებო თანხა მიმწოდებლისთვის საქართველოს კანონმდებლობთ დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით შეადგენდა 120637.0425 ლარს. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები.
3. ხელშეკრულების მე-3 მუხლის შესაბამისად, მომსახურება იყო სამ ეტაპიანი. პირველი ეტაპი ითვალისწინებდა მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, კერძოდ საკვარტალე ქსელის პროექტი და ორთო - ფოტო გეგმების დეშიფრირების კონტურების „შეიპ“ ფაილების შექმნა. მეორე ეტაპი მოიცავდა საველე და სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დაზუსტების სამუშაოების წარმოებას. კომპანიის მიერ პირველი და მეორე ეტაპით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდა სრულად და ჯეროვნად და ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტები. რაც შეეხება კომპანიის მიერ შესასრულებელ მესამე ეტაპს, აღნიშნული საერთოდ არ შესრულებულა.
4. 2018 წლის 22 მარტის ინსპეტქირების ჯგუფის აქტით და სააგენტოს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 26 ივნისის N-2434/06 მოხსენებითი ბარათით დასტურდება, რომ კომპანია მ--ის მესამე ეტაპით გათვალისწინებული მომსახურება არ შესრულდა არც ხელშეკრულებით გათვალსიწინებულ ვადაში და არც შემდგომ პერიოდში; 2018 წლის 4 ივლისს, სააგენტომ ისარგებლა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და კომპანია მ--თან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. აღნიშნული დარღვევის გამო, მოპასუხე მხარის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო შეადგენს 7524 ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. მოპასუხის განმარტებით: შპპს „მ-“ 2----–-–----------ის N-- (-- ხელშეკრულების პარალელურად სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ სრულად და ჯეროვნად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათავლსიწინებული ვალდებულებები, სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ კომპანიას არ გადაუხადა შესრულებული სამუშაოებისთვის გათვალისწინებული საფასური, (რის გამოც დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო). შემსყიდველის მიერ თანხის გადაუხდელობამ გამოიწვია ხელშეკრულების შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, ამასთან თანხის დრულად გადაუხდელობით კომპანიას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
7. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების შესრულების ვადას წარმოადგენდა 2017 წლის 16 ნოემბერი. გაუგებარია მოსარჩელის მიერ მიღებული გადაწყევტილება ვალდებულების შესრულების მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც მიღებული იქნა 2018 წლის 08 ივნისს, რადგან ვალდებულების შეუსრულებლობიდან გასული იყო 7 თვეზე მეტი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვიდან სამ თვეზე მეტი. მიუხედავა იმისა, რომ ვალდებულების შესრულების ვადა ამოიწურა 2017 წლის 16 ნოემბერს, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გავიდა 2018 წლის 01 მარტს, სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ პირგასამტეხლოს გაანგარიშება მოახდინა 231 დღეზე, ნაცვლად 105 დღისა. პირგასამტეხლო უნდა გაანგარიშებულიყო 2017 წლის 16 ნოემბრიდან 2018 წლის 01 მარტის ჩათვლით 105 დღეზე, რომელიც შეადგენს 3417.75 ლარს (შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება 32571,4458 ლარის 0.1% = 32.55 ლარს; 32,55 ლარი * 105 დღეზე = 3417.75 ლარს). მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა - 3417.55 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია, რაც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად უნდა შემცირდეს ათგზის.
სარჩელის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
8. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი შპს „მ-“-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „მ--ს“ მოსარჩელე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით, ჯამში - 3762 ლარის ოდენობით;
9. დადგენილი იქნა, რომ სსიპ ეროვნული სააგენტოს და შპს ,,მ-“ შორის 2----–-–----------- დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №----- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ტყის ფონდში სავარაუდოდ 22 227 ჰექტარი ტყის ინვენტარიზაციის მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულების პირობების, დანართი №1, №2-ის და თანდართული excel ცხრილების შესაბამისად. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, მთლიანი სახელშეკრულებო თანხა მიმწოდებლისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით შეადგენდა 12063,0425 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, მომსახურება უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად. ხელშეკრულების მე-16 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერის დღიდან (19.05.2017წ.) არანაკლებ 2018 წლის 01 მარტამდე ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე. ხელშეკრულება იყო სამ ეტაპიანი. პირველი ეტაპი მოსამზადებელი სამუშაოები, კერძოდ, საკვარტალე ქსელის პროექტი და ორთო-ფოტო გეგმების დეშიფრირების კონტურების ,,შეიპ’’ ფაილები. მეორე ეტაპს წარმოადგენდა სავალე სამუშაოები და სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დაზუსტების სამუშაოები. მესამე ეტაპი - კამერალური სამუშაოების შედეგად მიღებული საბოლოო მასალები შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. ხელშეკრულების მე-11 პუნქტი ითვალისწინებდა მხარეთა პასუხისმგებლობას. კერძოდ, 11.1. ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობით.
10. შპს ,,მ-“ მიერ პირველი ეტაპით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა სრულად და ჯეროვნად და ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად გაფორმდა მიღება- ჩაბარების აქტი.
11. შპს ,,მ-“ მიერ მეორე ეტაპით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა სრულად და ჯეროვნად და ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.
12. 2018 წლის 26 ივნისის №12434/06 მოხსენებითი ბარათში მითითებულია, რომ სსიპ ეროვნული სააგენტოს და შპს ,,მ-“ შორის, 2----–-–----------ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №----- ხელშეკრულების მე-3 ეტაპით განსაზღვრულია, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ, გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფუძველზე შექმნილი ტყის მართვის გეგმის წარმოდგენა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღის ვადაში. მესამე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაო არც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და არც შემდგომ პერიოდში არ განხორციელებულა.
13. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2018 წლის 08 ივნისის №06/11172 წერილით თანახმად, შპს ,,მ-“ მიეცა ვადა 2018 წლის 15 ივნისამდე წარედგინა დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტო ცალმხრივად შეწყვეტდა ხელშეკრულებას.
14. 2018 წლის 22 მარტის ინსპექტირების ჯგუფის დასკვნაში მითითებულია, რომ შპს ,,მ-“ მიერ მესამე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები სააგენტოში წარდგენილი არ არის.
15. 2018 წლის 04 ივლისის №02/13039 წერილით შპს ,,მ-“ ეცნობა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული №----- ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.3 პუნქტის და მე-12 მუხლის, 12.3 პუნქტის, 12.3.3 ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2018 წლის 4 ივლისიდან ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება. შპს ,,მ-“ დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა (2017 წლის 16 ნოემბრიდან 2018 წლის 04 ივლისის ჩათვლით პერიოდში ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 231 დღე, ხოლო შეუსრულებელი ვალდებულება - 32571,4458 ლარი) 7524 ლარი.
16. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 361-ე, 629-ე, 416-420-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია პირგასამტეხლოს შემცირება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.05%-მდე, რაც საერთო ჯამში შეადგენს 3762 (სამი ათას შვიდას სამოცდაორი) ლარს;
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
17. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა.
18. აპელანტის განმარტებით: პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშიობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია მიუხედავად იმისა განიცადა თუ არა მან ზიანი, მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება იყო 32 571,4458 ლარი, ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა კი შეადგენდა 231 დღეს. მხარეთა შორის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც მოპასუხეს სრულად უნდა დაკისრებოდა მოთხოვილი პირგასამტეხლო 7524 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
20. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
21. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგი გარემოებების გამო:
22. საქმის მასალებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
23. სსიპ ეროვნული სააგენტოს და შპს ,,მ-“ შორის 2----–-–----------- დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №----- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ტყის ფონდში მიახლოებით 22 227 ჰექტარი ტყის ინვენტარიზაციის მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულების პირობების, დანართი №1, №2-ის და თანდართული excel ცხრილების შესაბამისად. სახელშეკრულებო თანხა მიმწოდებლისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით შეადგენდა 120637,0425 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. მომსახურება უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად, კერძოდ სამ ეტაპად. პირველი ეტაპი მოიცავდა მოსამზადებელი სამუშაოებს, კერძოდ, საკვარტალე ქსელის პროექტის და ორთო-ფოტო გეგმების დეშიფრირების კონტურების ,,შეიპ’’ ფაილების მომზადება. პირველი ეტაპის სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 21713,5563 ლარს. მეორე ეტაპის სამუშაო მოიცავდა სავალე სამუშაოებს და სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დაზუსტების სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 66352.04.04 ლარით;
24. მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები შპს „მ-“-ის მიერ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ ვადაში.
25. მესამე ეტაპი მოიცავდა - კამერალური სამუშაოების შედეგად მიღებული საბოლოო მასალების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებას - მითითებული ეტაპის სამუშაოს ღირებულება წარმოადგენდა - 32571.4458 ლარს. (ს.ფ. 18-21).
26. ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად: მესამე ეტაპის სამუშაოები შესრულებული უნდა იყოს არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღისა, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალსიწინებით შესწორებული დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს 2017 წლის 15 დეკემბრისა. (ს.ფ.19.)
27. ხელშეკრულების მე-16 მუხლით განისაზვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა - მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერის დღიდან - არანაკლებ 2018 წლის 01 მარტამდე ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე. (ს.ფ.21).
28. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, 2018 წლის 19 თებერვალს, შპს „მ--ის“ დირექტორმა წერილით მიმართა სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და აცნობა, რომ მესამე ეტაპით გათავალისწინებული სამუშაო შესრულდებოდა არაუგვიანეს მარტის თვისა. (ს.ფ.34).
26. 2018 წლის 22 მარტის ინსპექტირების ჯგუფის დასკვნაში მითითებულია, რომ შპს ,,მ-“ მიერ მესამე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები სააგენტოში წარდგენილი არ არის. (ს.ფ.32).
27. დადგენილია, რომ 2018 წლის 08 ივნისს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, მენარდეს განესაზღვრა დამატებითი ვადა მესამე ეტაპის სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც განისაზღვრა 2018 წლის 15 ივნისამდე. აქვე გაფრთხილებული იქნა მენარდე, რომ მითითებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მასთან ცალმხრივად შეწყდებოდა ხელშეკრულება; (ს.ფ.33)
28. მხარეთა შორის სადავო არ არის ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მესამე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაო მენარდის მიერ შესრულებული არ იქნა. ტყის აღრიცხვისა და კვლავწაროების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 26 ივნისის №12434/06 მოხსენებითი ბარათში მითითებულია, რომ სსიპ ეროვნული სააგენტოს და შპს ,,მ-“ შორის, 2----–-–----------ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №----- ხელშეკრულების მე-3 ეტაპით განსაზღვრულია, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ, გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფუძველზე შექმნილი ტყის მართვის გეგმის წარმოდგენა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღის ვადაში. მესამე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაო არც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და არც შემდგომ პერიოდში არ განხორციელებულა. (ს.ფ.31).
29. დადგენილია, რომ დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ, შემსყიდველმა მხარემ, 2018 წლის 4 ივლისს ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება (ს.ფ.35).
30. სააპელაციო პალატა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა 231 დღეზე უნდა იქნას გაანგარიშებული, რომელიც შეადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თარიღიდან - 2017 წლის 16 ნოემბრიდან, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, - 2018 წლის 04 ივლისამდე პერიოდს. მითითებული ვადა ასევე მოიცავს ვალდებულების შესრულებისთვის კრედიტორის მიერ დამატებით განსაზღვრულ ვადას.
31. უდავოდაა დადგენილი, რომ შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება (მესამე ეტაპის სამუშაოს ღირებულება) შეადგენდა - 32571,4458 ლარს.
სამართლებრივი დასაბუთება:
32. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
33. ხელშეკრულების შეუსრულებლობა ან მისი არაჯეროვანი შესრულება იწვევს პირგასამტეხლოს მხარისათვის დაკისრებას თუ ეს გათვალისწინებულია მხართა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
34. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
35. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
36. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
37. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
38. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
39. პალატა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რაც მხარეთა ახსნა განმარტებებით დადგენილია, რომ პირველი და მეორე ეტაპით შესრულებული სამუშაო წარმოადგენს ოზურგეთის ტყის თაობაზე დამუშავებულ ინფორმაციას, რომელიც ვარგის მდგომარეობაშია და ამ ინფორმაციის გამოყენებით სრულად შესაძლებელია მესამე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება - დამოუკიდებლად, თუნდაც სხვა მენარდის მიერ. ანუ ის რაც შესრულდა მენარდის მიერ ღირებულია, და არანაირი წინააღმდეგობა ხელშეკრულების ბოლომდე მიყვანას თუნდაც სხვა მენარდის მიერ დაბრკოლება არ ემუქრება და იგი -სრულიად შესაძლებელია. შესაბამისად დგინდება, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობას შემკვეთი მხარისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია. მითითებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ ვალდებულების დარღვევის პერიოდის (231 დღე), მისი ოდენობის (ღირებულება 32 571,4458 ლარი) თანაზომიერ პირგასამტეხლოს ოდენობად კანონშესაბამისად განისაზღვრა 3762 ლარი და არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ გასაჩივრებულა მოპასუხის მიერ, ამდენად სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იმაზე თუ რამდენად გონივრული იქნებოდა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა იმაზე ნაკლები ოდენობით, ვიდრე ეს სასამართლოს მიერ იქნა განსაზღვრული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტების მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე