განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.07.2019
საქმის ნომერი
330310017002129146
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002129146

საქმე № 3ბ/2221-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

10 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი: თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი - ჟ------ კ------ე;

წარმომადგენელი - ბ-----------------ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - თ----------–------ი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, ჟ------ კ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2016 წლის 21 სექტემბერს ჟ------ კ------ის წარმომადგენელმა თ----- ღ-–-----მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N8----------- განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, სოფელ დ------ში, ძ---–-------ის ტერიტორიაზე მდებარე 598 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჟ------ კ------ის უფლების დარეგისტრირება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სუბსიდირების პროექტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, დოკუმენტაციის აღიარების კომისიისთვის გადაგზავნის თაობაზე თანხმობა, თანხმობა მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის დანიშნვის შესახებ, ელ. ვერსია და სიტუაციური ნახაზი (ს.ფ.70, 71).

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 თებერვლის N8------------11 გადაწყვეტილებით ჟ------ კ------ეს უარი ეთქვა 2016 წლის 21 სექტემბრის განცხადებით მოთხოვნილ რეგისტრაციაზე იმ საფუძლით, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 აპრილის N1----- გადაწყვეტილებით (ს.ფ. 131-137).

 

2017 წლის 25 ივლისს ჟ------ კ------ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N8----------- განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, სოფელ დ------ში, ძ---–-------ის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების დარეგისტრირება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სუბსიდირების პროექტი, მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის დანიშნის შესახებ თანხმობა, პირადი განცხადება, გეგმა, მეზობლების დასტური და საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და 2 ელ. ვერსია წარედგინა (ს.ფ. 55, 56).

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილებით ჟ------ კ------ეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მულის მიხედვით იმ საფუძლით, რომ N8----------- განცხადება წარდგენილი იყო N8------------11 განცხადების ანალოგიური მოთხოვნით ახალ გარემოებაზე მითითების გარეშე (ს.ფ.68-69).

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილებაზე ჟ------ კ------ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა.(ს.ფ.138-145).

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 სექტემბრის N3----- გადაწყვეტილებით ჟ------ კ------ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა 2017 წლის 31 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 19-24).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, 2017 წლის 31 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, მისი შეფასებისათვის უნდა იქნეს გამორკვეული, გააჩნდა თუ არა მარეგისტრირებელ ორგანოს ჟ------ კ------ის 2017 წლის 25 ივლისის N8----------- განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის განსაზღვრავს.

 

სასამართლოს მითითებით, დასახელებული კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა (მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი). უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი კი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი).

 

იმავე კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი).

 

იმავე კანონის მიხედვით, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლებისა და მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით ხორციელდება (მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი).

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან განცხადება, რომელსაც უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად (,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი).

 

ამავე კანონის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას (მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტი).

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენისთვის ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 თებერვლის N8------------11 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, სოფელ დ------ში, ძ---–-------ის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დარეგისტრირებაზე ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო. იგივე მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის თაობაზე N8----------- განცხადების წარდგენისას განმცხადებელს არ მიუთითებია ახალ გარემოებაზე და ახალ მტკიცებულებაზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დასადგენად. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის N8-------------03 გადაწყვეტილებით მართლზომიერად იქნა უარყოფილი ჟ------ კ------ის განცხადება და არ არსებობს შესაბამისი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 სექტემბრის N3----- გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას.

 

ჟ------ კ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრში აღნიშნულია, რომ ა----- კ------ის წარმომადგენელმა თ----- ღ-–-----მა 2016 წლის 21 სექტემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი დ------ი, ძ---–-------ის ტერიტორია. 2017 წლის 07 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება N8------------11, რომლის თანახმადაც, იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაინტერესებულ მხარეს უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე. აპელანტის მითითებით, მათ მიერ საქმეზე გამოვლენილი იქნა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ის თუ ვის მიერ იქნა ზუსტად გაცემული და ხელმოწერილი ს----- კ------ის პროექტი, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ მათ ხელახლა მიმართეს მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვეს უფლების რეგისტრაცია. წარდგენილ განცხადებასთან ერთად, ასევე წარდგენილი იქნა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უთითებდნენ, რომ ს----- კ------ეს 1988 წელს თ---------------------ის ამხანაგობა ძ---–-------ის მიერ, რომლის თავმჯდომარეც იყო ლ--–-----------ი, გამოეყო 598 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, ძ---–-------ი (ყოფილი მცხეთის რაიონი). აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ს----- კ------ეს გააჩნდა დამოწმებული პროექტი, გაცემული საქართველოს სსრ მებაღეობის ამხანაგობათა კოოპერატივის მუშაობის საკოორდინაციო საბჭოს საპროექტო კანტორა საქ. აგრო კოოპ პროექტის მიერ. პროექტს ხელს აწერს განყოფილების უფროსი ვინმე ფურცელაძე, პროექტის მთავარი ინჟინერი უ-–---------, პროექტის დამკვეთ ორგანიზაციას წარმოადგენდა თ---------------------ი. ასევე ხელწერილით დასტურდება ის ფაქტი, რომ ს----- კ------ე აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფლობდა 1988 წლიდან. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული და განხილული აპელანტის მიერ დამატებით მტკიცებულებად წარდგენილი ამხანაგობა ,,ძ---–-------ის“ 2018 წლის 11 თებერვლის სხდომის ოქმი N-, რომლის თანახმადაც ამხანაგობის წევრებმა დაადგინეს, რომ ჟ------ კ------ის მფლობელობაში არსებული 598 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაცემულია თ---------------------ის მიერ, მისი მეუღლის ა.წ. გარდაცვლილი ს----- კ------ის სახელზე; აპელანტის მითითებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ როდესაც მოხდა მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია, იმ პროგრამაშიც ს----- კ------ე მითითებულ იქნა სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი ადგენს: თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

რამდენადაც სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, განჩინების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და თავის მხრივ დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან დასტურდება, 2016 წლის 21 სექტემბერს ჟ------ კ------ის წარმომადგენელმა N8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც ქალაქ თბილისში, სოფელ დ------ში, ძ---–-------ის ტერიტორიაზე მდებარე 598 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჟ------ კ------ის უფლების დარეგისტრირება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სუბსიდირების პროექტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, დოკუმენტაციის აღიარების კომისიისთვის გადაგზავნის თაობაზე თანხმობა, თანხმობა მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის დანიშნვის შესახებ, ელ. ვერსია და სიტუაციური ნახაზი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 თებერვლის N8------------11 გადაწყვეტილებით ჟ------ კ------ეს უარი ეთქვა 2016 წლის 21 სექტემბრის განცხადებით მოთხოვნილ რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 აპრილის N1----- გადაწყვეტილებით.

 

2017 წლის 25 ივლისს ჟ------ კ------ემ N8----------- განცხადებით განმეორებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც ქალაქ თბილისში, სოფელ დ------ში, ძ---–-------ის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების დარეგისტრირება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სუბსიდირების პროექტი, მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის დანიშნის შესახებ თანხმობა, პირადი განცხადება, გეგმა, მეზობლების დასტური და საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და 2 ელ. ვერსია.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილებით ჟ------ კ------ეს, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით, უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ამასთან განმცხადებელს მიეთითა, რომ წარდგენილი განცხადება იყო იმ განცხადების იდენტური, რომლის თაობაზეც ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს მიღებული ჰქონდა რეგისტრაციის წარმოების შესახებ უარის გადაწყვეტილება და განემარტა, რომ წარმოების განახლების მიზნით საჭირო იყო ისეთი დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც არსებითად ცვლიდა დადგენილ გარემოებებს.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 სექტემბრის N3----- გადაწყვეტილებით ჟ------ კ------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილება.

 

ზაკ-ის 102-ე მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარეგისტრაციო განაცხადის ხელახალ განხილვაზე, ადგენს: განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას; თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო განმარტავს: იმ პირობებში, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებასთან და/ან საჩივართან დაკავშირებით უკვე არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განცხადების და/ან საჩივრის ხელახლა წარდგენა შესაძლებელია თუ: 1. ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და 2. არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, საქმეზე ადმინისტრაციული წარმოების განახლების ორივე ზემოაღნიშნულ შემთხვევაში პრინციპულია - იკვეთებოდეს გარემოებების განმცხადებლის სასარგებლოდ შეცვლის ფაქტი (ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ; მტკიცებულებები განაპირობებენ უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური დმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას), სხვა ყველა შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია უარი თქვას განცხადების განხილვაზე.

 

ზაკ-ის 102-ე მუხლის ზემოაღნიშნული რეგულაციის პირობებში სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს დაადგინოს, განცხადების განხილვის ეტაპზე წარდგენილი იქნა თუ არა იმ სახის მტკიცებულებები ან/და შეიცვალა თუ არა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა იმგვარად, რომ არსებობდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესაძლებლობა.

 

დადგენილია, რომ ჟ------ კ------ის მიერ 2017 წლის 25 ივლისს N8----------- წარდგენილ განცხადებას, რომლითაც განმეორებით იქნა მოთხოვნილი ქალაქ თბილისში, სოფელ დ------ში, ძ---–-------ის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების დარეგისტრირება, თან ახლდა წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სუბსიდირების პროექტი, მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის დანიშნის შესახებ თანხმობა, პირადი განცხადება, გეგმა, მეზობლების დასტური და საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და 2 ელ. ვერსია.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო ამ მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტებია: 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს N153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმების და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის“ (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან): ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული არქივიდან (შემდგომში – ეროვნული არქივი) გამოითხოვება ინფორმაცია კომლის შემადგენლობის ან/და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, საკომლო წიგნის შესაბამისი ჩანაწერის ასლი, ინფორმაცია საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის თაობაზე ან/და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვება ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის საგადასახადო სიის შესახებ ან/და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია;

გ) მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვება ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის საგადასახადო სიის, ასევე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის თაობაზე ან/და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია; დ) შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან).

 

როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, ჟ------ კ------ის 2016 წლის 21 სექტემბერის N8----------- განცხადების განხილვის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ N2----- წერილით მიემართა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალურ არქივის და გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ს----- (ს-----) დ------- ძე კ------ის (დაბ. 27.05.1938 წ.) მიმართ გაცემული საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესახებ, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი დ------ი, ძ---–-------ის ტერიტორია (მიწის ნაკვეთის ფართობი 598 კვ.მ.).

 

ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 02 ნოემბრის N3------- წერილით ეცნობა, რომ დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული, მცხეთის რაიონის დ----ის სასოფლო საბჭოს/საკრებულოს 1986-1995, 1996-2000 და 2001-2005 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნებში, ჩანაწერი ს----- (ს-----) დ------- ძე კ------ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2006-2007 წლის საკომლო წიგნები არქივში დაცვაზე არ შესულა.

 

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციის (წერილის ნომერი N2------------; თარიღი: 28.02.2017 წ.) მიხედვით დგინდება, რომ ქ. თბილისის სოფ. დ------ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები, საარქივო სამმართველოში დაცული არ არის.

 

2017 წლის 20 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ N5---- წერილით საბურთალოს რაიონის გამგეობიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ჟ------ ს------- ასული კ------ისა ან/და ს----- (ს-----) დ------- ძე კ------ის, როგორც ქ. თბილისში, სოფ. დ------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელთა და მათზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ 2007 წლამდე მდგომარეობით. აღნიშნული წერილით ასევე მოთხოვნილ იქნა ს----- (ს-----) დ------- ძე კ------ის ან/და ჟ------ ს------- ასული კ------ის საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის უფლების დამდგენი დოკუმენტაცია იმავე უძრავ ნივთთან მიმართებაში. აქვე, გამგეობას დამატებით ეცნობა, რომ დაინტერესებული პირის მითითებით, აღნიშნული (საბღე) მიწის ნაკვეთები გაცემული იყო საქართველოს თ---------------------ის თანამშრომლებზე. აღნიშნული მიმართვის პასუხად, 2017 წლის 22 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა საბურთალოს რაიონის გამგეობის N3------------- წერილი, რომელშიც გამგეობამ, ინფორმაციის არქონის მოტივით, უარი განაცხადა მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარდგენაზე.

 

ჟ------ კ------ის საჩივართან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებული ინფორმაციის (წერილის ნომერი N3---, თარიღი: 28.02.2017 წ.) მიხედვით დგინდება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინახება საგადასახადო სამსახურის მიერ გადაცემული დ----------–---–-----–----–------------------------–--------------–-----------–-----------------------------–----------------------------------------–--- ტერიტორიაზე მდმებარე მებაღეობის ამხანაგობების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები, რომლებშიც ჟ------ ს------- ასული კ------ე და ს----- (ს-----) დ------- ძე კ------ე არ ირიცხებიან. წერილში ასევე მითითებულია, რომ საგადასახადო სამსახურს სოფელ დ----ის სია, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის არ გადაუცია.

 

ამავე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ტექნიკური აღირიცხვის მონაცემებით, ქ. თბილისში, სოფელ დ------ში მდებარე უძრავი ნივთი, ჟ------ ს------- ასული კ------ის ან/და ს----- (ს-----) დ------- ძე კ------ის სახელზე არ ირიცხება. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურში დაცულია „ს-----–---------------ის“ მიერ თ---------------------ის თანამშრომლებზე გაცემული მიწის (მებაღეობის) მიღება-ჩაბარების აქტები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურში დაცულ მცხეთის რაიონის მიწის მიღება-ჩაბარების აქტებში ჟ------ ს------- ასულ კ------ესა და/ან ს----- (ს-----) დ------- ძე კ------ეზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტები არ იძებნება. დადგინდა, რომ ,,ს-----–---------------ის“ მიერ გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი სსიპ ,,საქართველოს ეროვნულ არქივში“ არ იძებნება.

 

როგორც საქმეზე შესწავლილი გარემოებებით დასტურდება, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მოძიებული ვერ იქნა ვერცერთი ის დოკუმენტი, რომელიც „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ქმნის რეგისტრაციის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. დადგენილია და აპელანტი ყველა მის მიერ წარდგენილ განცხადებაში თავადვე ადასტურებს, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიღება-ჩაბარების აქტები არ იძებნება, ხოლო პროექტი, რომელიც დამტკიცებული იყო სათანადო წესით, მათ დაკარგეს.

 

დამატებითი დოკუმენტაციის სახით, რაც აპელანტის მოსაზრებით, ქმნის რეგისტრაციის განახლების საფუძველს, მითითებულია მოწმეთა ჩვენებებზე. აღნიშნული მტკიცებულების შეფასების მიზნით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102.3 მუხლზე, რომელიც ადგენს, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენება არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის უფლება, იგი დასაშვებია განხილულ იქნეს მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ხოლო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არ არის სხვა არცერთი სახის მტკიცებულება, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებისთვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებას სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს დაუშვებლად და თვლის, რომ მოწმეთა ჩვენებები არ ქმნიდა განცხადების ხელახალი განხილვის სამართლებრივ საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოში დამატებითი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილ მასალებზე, რომლითაც დგინდება, რომ მოხდა 1.95 ჰა მიწის ფართობის შერჩევა და თ---------------------ზე კოლექტიური მებაღეობის ნაკვეთების გამოყოფის მიზნით დამაგრება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მოძიებული და წარმოდგენილი ვერ იქნა ვერცერთი მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნება დადგინდეს ს----- (ს-----) დ------- ძე კ------ის (ჟ------ კ------ის) სამართლებრივი კავშირი მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან. ამ პირობებში, თუნდაც სააპელაციო სასამართლოში დამატებით წარმოდგენილი მასალები, ვერ განიხილება იმ სახის მტკიცებულებებად, რომელთა შესწავლა შესაძლებელს გახდის მიღებული იქნას მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, იმ პირობებში, როდესაც სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე არ იქნა მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შესახებ, ხოლო მოწმეთა ჩვენება, როგორც აღინიშნა, არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის უფლება, სააპელაციო სასამართლო ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა განცხადების ხელახალი განხილვის სამართლებრივი საფუძველი, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჟ------ კ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე