განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.11.2019
საქმის ნომერი
330210116001434913
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001434913

საქმე №2ბ/6712-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - მიხეილ გოგიშვილი, ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

პირველი აპელანტი/მოსარჩელე - ზ---- ფ-----

წარმომადგენელი - გ--------–----–---–ი

 

მეორე აპელანტი/მოპასუხე _ ე-–----- თ---–-–---–ი

წარმომადგენელი - ა--------–---–ი

 

დავის საგანი _ ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტ ზ---- ფ-----ს მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

აპელანტ ე-–----- თ---–-–---–ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2012 წლის 29 დეკემბერს, ზ---- ფ-----ს და ე-–----- თ---–-–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხისაგან სესხის სახით მიიღო 11 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, ყოველთვიური სარგებლის 5%-ის დარიცხვით. იპოთეკარმა მესაკუთრეს სესხის თანხა სრულად გადასცა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო მესაკუთრემ თანხა მიიღო სრულად. მხარეთა განცხადებით გადახდილია ორი თვის სარგებელი. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ასევე უფლებამოსილნი არიან გააგრძელონ სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნების ვადა. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, დ--------ის რაიონი, მ--------------ის დასახლება კ-------ი N4 (ს/კ 8------------------) და ქ. თბილისში, დ--------ის რაიონი, მ--------------ის დასახლება კ-------ი N4 (ს.ფ. 8------------------). მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ მხარეებმა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ზეპირი ფორმით გააგრძელეს სესხის ხელშეკრულება, ამასთან, 2013 წლის 16 იანვარს ე-–----- თ---–-–---–მა ვ--–---- თ---–-–---–ის სახელზე გასცა მინდობილობა, რომლითაც მას როგორც მინდობილ პირს მიანიჭა უფლებამოსილება გაეგრძელებინა ხელშეკრულების ვადა, შეეტანა ცვლილებები და გეუქმებინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

2. 2015 წლის 10 იანვარს, ზ---- ფ-----ს და ე-–----- თ---–-–---–ის წარმომადგენელს ვ--–---- თ---–-–---–ს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, რომლითაც დგინდება შემდეგი: ზ---- ფ----- ადასტურებს, რომ 2012 წლის 29 დეკემბერს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარის ე-–----- თ---–-–---–ის მიმართ გააჩნია დავალიანება - 11 000 აშშ დოლარი ძირითადი თანხა და სარგებელი - 3100 აშშ დოლარი. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ სესხის ვადა გაგრძელდეს 3 თვის ვადით, 2015 წლის 10 აპრილის ჩათვლით შემდეგი პირობებით: სამი თვის განმავლობაში ყოველი თვის სარგებელი გაისაზღვროს შემდეგნაირად ძირითადი თანხის 3.5%-ის ანუ 385 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო პროცენტის სახით დარიცხული თანხა 3100 აშშ დოლარი გადახდილი იქნეს სარგებლის გარეშე მიმდინარე აპრილის ჩათვლით. მხარე იღებს ვალდებულებას ძირი თანხის სარგებელი 385 აშშ დოლარი გადაიხადოს რეგულარულად.

 

3. 2015 წლის 24 დეკემბერს, ე-–----- თ---–-–---–ის წარმომადგენელს ვ--–---- თ---–-–---–ს და ზ---- ფ-----ს შორის სანოტარო ფორმით დაიდო შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ: სესხის თანხა გაიზარდოს 7335 აშშ დოლარით, უპროცენტოდ, რაც ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენს 17 682 ლარს, შემცირდეს 11000 აშშ დოლარზე პროცენტის ოდენობა 5%-დან 3.37%-მდე, შესაბამისად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ე-–----- თ---–-–---–მა, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდეგში წოდებულია როგორც ''იპოთეკარი'' და რომელსაც ამ ხელშეკრულებაში წარმოადგენს ვ--–---- თ---–-–---–ი, ზ---- ფ-----ს, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდეგში წოდებულია როგორც ''მესაკუთრე'', ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით ასესხა 11000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3.37 პროცენტის დარიცხვით და გადახდით და 7335 აშშ დოლარი უპროცენტოდ. შეთანხმების მე-2 პუნქტით 2016 წლის 24 მარტამდე გაიზარდა სესხის დაბრუნების ვადა და შესაბამისად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ''3. სესხი უნდა დაბრუნდეს - 2016 წლის 24 მარტს''. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები შეთანხმებით უცვლელად იქნა დატოვებული.

 

4. 2016 წლის 29 თებერვალს, ნოტარიუს ელისო შიხიაშვილის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა - 18 335 აშშ დოლარი, ყოველთვიურად (11000 აშშ დოლარზე გადასახდელი - 3.37% (გადაუხდელი თანხა - 741 აშშ დოლარი, ჯამი - 19 076 აშშ დოლარი) აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად. სააღსრულებო ფურცლით ასევე დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

 

5. 2015 წლის 28 დეკემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, რაიონი დ--------ი, დასახლება მ--------------ის, კ-------ი N4, ფართი - 36.44. კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N8------------------ რეგისტრირებულია ზ---- ფ-----ს სახელზე, ამასთან, დატვირთულია იპოთეკით ე-–----- თ---–-–---–ის მიერ 2012 წლის 29 დეკემბერს გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. 2015 წლის 30 დეკემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, რაიონი დ--------ი, დასახლება მ--------------ის, კ-------ი N4, ფართი 29.71. კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N8------------------ რეგისტრირებულია ზ---- ფ-----ს სახელზე, ამასთან, დატვირთულია იპოთეკით ე-–----- თ---–-–---–ის მიერ 2012 წლის 29 დეკემბერს გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.

 

6. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2012 წლის 29 დეკემბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 3 თვის ვადით, რომელიც მხარეთა შეთანხმებით შემდგომ რამოდენიმეჯერ გაგრძელდა. 2015 წლის 10 იანვარს მდომარეობით, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, 2013 წლის საპროცენტო სარგებელი მოსარჩელე მხარის მიერ სრულად გადახდილია, ხოლო 2014 წლის გადასახდელი საპროცენტო სარგებელმა შაედგინა 3100 აშშ დოლარი (რამდენადაც, გადახდილია 2014 წლის საპროცენტი სარგებელი - 3500 აშშ დოლარის ოდენობით), ამასთან, საპროცენტო სარგებელი შემცირებულ იქნა 3.5%-მდე (თვეში 385 აშშ დოლარი) და ხელშეკრულების ვადა კვლავ გაგრძელდა. ხოლო 2015 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ამ პერიოდისათვის დაგროვილი საპროცენტო სარგებელი ერთობლიობაში შეადგენდა - 7335 აშშ დოლარს (2014 წლის დარჩენილი საპროცენტი სარგებელი - 3500 აშშ დოლარის ოდენობით + 2015 წლის 11 თვის საპროცენტო სარგებელი - 4235 აშშ დოლარის ოდენობით (11*385 აშშ დოლარზე). ამდენად, მხარეები თანხმდებიან, რომ სესხის თანხა გაიზარდოს - 7335 აშშ დოლარით უპროცენტოდ, ხოლო შემცირდეს სესხის ძირითად თანხაზე 11000 აშშ დოლარზე საპროცენტო განაკვეთი 3.37%-მდე. ასევე კვლავ გაიზარდა სესხის დაბრუნების ვადა - 2016 წლის 24 მარტამდე.

 

7. მხარეები თანხმდებიან და შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებაა მასზედ, რომ მოსარჩელე ზ---- ფ-----მ მოპასუხეს მხარეს 2013 წელს საპროცენტო სარგებლის სახით გადაუხადა საერთო ჯამში - 6 600 აშშ დოლარი, 2014 წელს - 3 500 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წელს - 200 ლარი (რაც იმ პერიოდისათვის არსებული კურსის მიხედვით შედაგენს - 90 აშშ დოლარს), საერთო ჯამში, მოსარჩელეს მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის სახით გადახდილი აქვს - 10 190 აშშ დოლარი.

 

8. ზ---- ფ-----მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ე-–----- თ---–-–---–ის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი ზ---- ფ-----ს და ე-–----- თ---–-–---–ს შორის 2012 წლის 29 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებაში დადგენილი წლიური 60%-იანი საპროცენტო განაკვეთი და 2015 წლის 24 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებაში დადგენილი წლიური 40.44%-იანი საპროცენტო განაკვეთი და წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი უცხოურ ვალუტაში გრძელვადიანი სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი - 14%-ის ოდენობით. ბათილად იქნას ცნობილი 2015 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების ძირითადი თანხა 18335 აშშ დოლარი - 7 335 აშშ დოლარის ნაწილში და ძირითად თანხად დადგენილ იქნას 11000 აშშ დოლარი. ზ---- ფ-----ს მიერ გადახდილი 10200 აშშ დოლარიდან ზედმეტად გადახდილ თანხად ჩაითვალოს 5324 აშშ დოლარი, ხოლო ე-–----- თ---–-–---–ისთვის სარგებლის სახით გადახდილ თანხად ჩაითვალოს (38 თვეზე) 4876 აშშ დოლარი. შემცირებულ იქნას ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული დავალიანების თანხა 19076 აშშ დოლარი და განისაზღვროს დავალიანების ძირ თანხად - 5676 აშშ დოლარი.

 

9. სარჩელის საფუძვლები:

9.1. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 29 დეკემბერს, ზ---- ფ-----ს და ე-–----- თ---–-–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხისაგან სესხის სახით მიიღო 11 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, ყოველთვიური სარგებლის 5%-ის დარიცხვით. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, დ--------ის რაიონი, მ--------------ის დასახლება კ-------ი N4 (ს/კ 8------------------) და ქ. თბილისში, დ--------ის რაიონი, მ--------------ის დასახლება კ-------ი N4 (ს.ფ. 8------------------). მიუხედავად, ხელშეკრულებით დადგენილი მაღალი საპროცენტო განაკვეთისა, მოსარჩელე მაინც იხდიდა თანხას 2 წლის განმავლობაში. 2014 წელს მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ვერ შეძლო პროცენტის სრულად გადახდა. თუმცა ამ პერიოდში გადახდილმა თანხამ შეადგინა 10200 აშშ დოლარი, რომელსაც ხელზე იღებდა მოპასუხე, ნაწილი კი მისთვის გადაცემულ იქნა საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით. მოსარჩელის განმარტებით, მან მოპასუხეს 2013 წლის იანვარ-თებერვალში გადასცა -1100 აშშ დოლარი, მარტში - 550 აშშ დოლარი, აპრილში - 550 აშშ დოლარი, მაისში - 550 აშშ დოლარი, ივნისი-ივლისის თვეში - 1100 აშშ დოლარი, აგვისტოში - 550 აშშ დოლარი, სექტემბერ - ოქტომბერში -1050 აშშ დოლარი, ნოემბერ-დეკემბერში - 1150 აშშ დოლარი; 2014 წლის იანვარ-თებერვალში - 550 აშშ დოლარი; თებერვალში - 300 აშშ დოლარი; მარტში - 800 აშშ დოლარი, ივნისში - 100 აშშ დოლარი; გადარიცხვით - 2014 წლის 30 ივლისს - 200 აშშ დოლარი; 8 სექტემბერს - 200 ლარი; 30 სექტემბერს - 500 აშშ დოლარი; 19 ნოემბერს - 500 ლარი; 2016 წლის 25 მარტს - 50 ლარი; 29 აპრილს - 150 ლარი და 50 ლარი. 2015 წლის 10 იანვარს მხარეთა შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, სადაც ჩაიწერა, რომ 2012 – 2014 წლებში დავალიანებამ შეადგინა - 3100 აშშ დოლარი. ამასთან, საპროცენტო სარგებელი შემცირებულ იქნა 3.5%-მდე და ხელშეკრულების ვადა გაგრძელებულ იქნა სამი თვით, 2015 წლის 10 აპრილამდე.

2015 წლის 24 დეკემბერს, მოსარჩელეს და მოპასუხის წარმომადგენელ ვ--–---- თ---–-–---–ს შორის გაფორმდა ახალი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2012 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებაში და ჩაიწერა, რომ სესხის თანხა გაიზარდა 7335 აშშ დოლარით, ხოლო 11000 აშშ დოლარზე საპროცენტო სარგებელი შემცირდა 3.37%-მდე. აღნიშნული 7335 აშშ დოლარი იყო იმ პროცენტის ნაწილი, რომელიც გადახდილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების დადებიდან ორი წლის განმავლობაში და მოსარჩელის მიერ სრულად არ იქნა გადახდილი, კერძოდ, გადახდილია10200 აშშ დოლარი 17535 აშშ დოლარიდან. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 24 მარტამდე. თანხა - 7335 აშშ დოლარი წარმოადგენს წინა დავალიანებას - 3100 აშშ დოლარს დამატებული 2015 წლის 11 თვის დარიცხული სარგებელი - 4235 აშშ დოლარი (თვეში 385 აშშ დოლარი). 2015 წლის იანვრის თვეში, ე-–----- თ---–-–---–ის მიერ შეთავაზებული იყო ერთადერთი ვარიანტი, ან მოხდებოდა არსებული საპროცენტო დავალიანების 7335 აშშ დოლარის ძირ თანხაში ჩათვლა, რომელსაც პროცენტი არ დაემატებოდა, ან დაუყოვნებლივ მიმართავდა აღსრულებას და მოხდებოდა მოსარჩელის უძრავი ქონების რეალიზაცია. მოსარჩელის განმარტებით, იგი მძიმე ოჯახური პირობებიდან გამომდინარე დათანხმდა ამ პირობას და საპროცენტო დავალიანების თანხა 7335 აშშ დოლარი ჩაწერილ იქნა როგორც ძირითადი თანხა 2015 წლის 10 იანვრის შეთანხმებაში. ზ---- ფ-----ს მიერ 2012 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველწლიური გადასახდელი პროცენტი შეადგენდა (თვეში 5%-ს წლიური 60%). ხოლო 2015 წლის 24 დეკემბრის შეთანხმებით (თვეში 3.37%-ს წლიური 40.44 %), მაშინ როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგებების საფუძველზე გაანგარიშებული წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთები 2013-2015 წლებისათვის ფიზიკური პირებისათვის სესხებზე უცხოური ვალუტით შეადგენდა საშუალოდ წლიურ 14%-ს. ზ---- ფ-----ს მიერ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პროცენტით, რომ მომხდარიყო გადახდა, მას გადასახდელი ექნებოდა: 11000 აშშ დოლარის თვიური 1.66%, ანუ წლიური 14%, რაც ყოველთვიურად უდრის 128.33 აშშ დოლარს. აღნიშნული უნდა გავამრავლოთ სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადებზე 2013 წლის იანვრიდან 2016 წლის მარტამდე, რაც უდრის 38 თვეს. შესაბამისად, 4874.54 აშშ დოლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ზ---- ფ-----ს მიერ გადახდილ პროცენტს - 10200 აშშ დოლარს გამოაკლდება გადახდილი პროცენტის თანხა 10200 აშშ დოლარი, აღმოჩნდება, რომ ზ---- ფ-----ს მიერ ე-–----- თ---–-–---–ისათვის ზედმეტად არის გადახდილი 5325.46 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას 11000 აშშ დოლარს. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლის 29 თებერვალს ე-–----- თ---–-–---–ის წარმომადგენლის ვ--–---- თ---–-–---–ის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც სააღსრულებო ვალდებულების მოცულობაა: ძირითადი თანხა - 18 335 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 11000 აშშ დოლარზე გადასახდელი - 3.37%, ჯამში 19076 აშშ დოლარი, აღსრულების ფურცლის გაცემის ხარჯი - 126 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულებებისა და სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

 

10. მოპასუხის შესაგებელი:

 

10.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მოვალის მიერ ცნობილი იყო ყველა სახელშეკრულებო პირობები, მათ შორის ორივე სანოტარო აქტში გარკვევით იყო მითითებული პროცენტის შესახებ. მოვალეს გაცნობიერებული ჰქონდა ფაქტი იმის შესახებ, რომ ფიზიკური პირის მიერ გაცემული თანხა დარიცხული %-ით იყო შეთანხმებული და ინდივიდუალურად შესაბამისობაში განსაზღვრული, ასევე ამავე პუნქტის მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ, მას შეეძლო სესხის ხელშეკრულების შედგენამდე და მის მიღებამდე ასეთივე წარმატებით ყოფილიყო მისი მხრივ დაანგარიშებული წლიური საპროცენტო განაკვეთი. აშკარაა, რომ მოვალისათვის შეუძლებელი იყო საბანკო კრედიტის მიღება სარჩელში მითითებული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით, რის შემდეგაც გადაწყვეტილება მოიყვანა სისრულეში და მიიღო სესხი.

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: ზ---- ფ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2012 წლის 29 დეკემბერს და 2015 წლის 24 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებებში დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთი და სადავო ხელშეკრულებებში წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა სარგებელი წლიური 30%-ის ოდენობით. შევიდა ცვლილება 2016 წლის 29 თებერვლის ნოტარიუს ელისო შიხიაშვილის მიერ გაცემულ N1601182915 სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში, კერძოდ: სესხის ძირითად თანხად განისაზღვრა - 11000 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი - 260 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2016 წლის 29 თებერვლის ნოტარიუს ელისო შიხიაშვილის მიერ გაცემულ N1601182915 სააღსრულებო ფურცელი დანარჩენ ნაწილში, დარჩა უცვლელი. (იხ.გადაწყვეტილება)

 

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა.

 

13. ზ---- ფ-----ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

13.1. აპელანტის განმარტებით სასამართლოს არ უმსჯელია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელსაც ზ---- ფ----- მიიჩნევს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებად: „საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშების საფუძველზე გაანგარიშებული წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთები 2013-2015 წლებში ფიზიკური პირებისთვის სესხებზე უცხოურ ვალუტაში შეადგენდა 14%-ს. სასამართლოს მიერ სხვაგვარად უნდა მომხდარიყო სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის განმარტება. ამასთან გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა სხდომაზე მოყვანილი პრაქტიკა წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. მხარეთა მიერ ვალდებულების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. მისი უგულებელყოფა კი გარიგებათა ბათილობის საფუძველია. სასარჩელო მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის ბათილად ცნობის ნაწილში ემყარებოდა სამოქალაქო კოდექსი 54-ე მუხლს და მითითებული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე უნდა მომხადრიყო მხარეებს შორის არსებული შეთანხმების, წლიური საპროცენტო განაკვეთის 60%-იანი (29.12.2012წლის ხელშეკრულებით), 46,2%-იანი (10.01.2015 წლის ხელწერილით) და 40.44 %-იანი (24.12.2015წ. ხელშეკრულებით) შემცირება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ უცხოურ ვალუტაში გრძელვადიანი სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, რაც 2013-2015 წლებში იყო 14%.

 

14. ე-–----- თ---–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

14.1. აპელანტის ე-–----- თ---–-–---–ის განმარტებით, სასამართლოს მიერ არ ყოფილა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სავალალო მდგომარეობას გამოიწვევდა მოპასუხე მხარესთნ მიმართებაში წლების მიერ გაცემული სესხის დღემდე მიუღებელი თანხის და სარგებლის გარეშე დატოვება. სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ აღნიშნული თანხა განკუთვნილი იყო ბინის შეძენის მიზნით, რაც ზ---- ფ-----მ გამოიყენა პირადი მატერიალური სიკეთის შექმნის მიზნით. სასამართლოს მიერ არ ყოფილა მსჯელობა შესაგებლის მეშვეობით წარდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ფორმა #100-ზე, სადაც გარკვევით წერია ე-–----- თ---–-–---–ის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა მოსარჩელის წარმომადგენლის, ამავდროულად შვილის დავარი ფ-----ს ქმრის თავდებობით სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემული სესხი, სადაც მსესხებელია ვ--–---- თ---–-–---–ი, რის გამოც პენსიის მიღება არის შეზღუდული. ასევე არაერთი სესხია წარმოშობილი იმ მთავარი მიზეზით, რომ დღემდე შეუძლებელია კუთვნილი თანხის დაბრუნება და მიღება ზ---- ფ-----ს მხრიდან. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების გარეშე იქნა სესხზე საპროცენტო სარგებლის თანხის ოდენობა 10 190 აშშ დოლარი ჩათვლილი მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ, რაც სასამართლოს მიერ განისაზღვრა და ის როგორც სარგებელი გადანაწილდა წინა პერიოდის სარგებლის თანხად, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია იმ სიკეთეებზე, რომელიც მოსარჩელე მხარის მიერ იყო მიღებული წლების მანძილზე. სასამართლოს განმარტება სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის ნორმებზე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში.

 

14.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ ე-–----- თ---–-–---–ის უფლება განხილულ უნდა იქნეს მისი, როგორც იპოთეკარის უფლებრივი მდგომარეობის კონტექსტში, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნას გამოყენებული მოთოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. 2015 წლის 24 დეკემბერს შეთანხმება სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ნათლად და არაორაზროვნად არის დადგენილი. კერძოდ, 1-ლი მუხლის მიხედვით სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების პირობები, ხოლო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება #1--------, რომელიც განუყოფელი ნაწილია 2015 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების მე-4 გრაფაში, ასევე ნათლად არის ასახული, რომ თანხის დაბრუნება უზრუნველყოფილია იპოთეკით. იპოთეკით დატვირთულია მესაკუთრის უძრავი ქონება, რომელიც შემდგომში მოხსენებილია, როგორც იპოთეკის საგანი. იპოთეკის საგანს წარმოადგენს ზ---- ფ-----ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლები საკადასტრო კოდით #8------------------ და #8------------------.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

15. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

16. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივ შეფასებებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

„სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივშემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივიწინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქმე # ას-664-635-2016, პუნქტი 187).

17. მოცემულ შემთხვევაში ზ---- ფ-----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა წარმოადგენს სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, რაც გამოიხატება ზ---- ფ-----ს და ე-–----- თ---–-–---–ს შორის დადებულ ხელშეკრულებაში დადგენილი საპროცენტო განაკვეთის - 14%-ის ოდენობით განსაზღვრაში, ხოლო ე-–----- თ---–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური 60%-იანი საპროცენტო განაკვეთის დაკისრება.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის მათ შორის არსებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები, სადავოა მხოლოდ საპროცენტო სარგებლის ოდენობა.

 

18. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა, საქმეზე წარმოდგენილი ხელშეკრულებების თანახმად დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

18.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2012 წლის 29 დეკემბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 3 თვის ვადით, რომელიც მხარეთა შეთანხმებით შემდგომ რამოდენიმეჯერ გაგრძელდა. 2015 წლის 10 იანვარს მდომარეობით, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, 2013 წლის საპროცენტო სარგებელი მოსარჩელე მხარის მიერ სრულად გადახდილია, ხოლო 2014 წლის გადასახდელი საპროცენტო სარგებელმა შაედგინა 3100 აშშ დოლარი (რამდენადაც, გადახდილია 2014 წლის საპროცენტი სარგებელი - 3500 აშშ დოლარის ოდენობით), ამასთან, საპროცენტო სარგებელი შემცირებულ იქნა 3.5%-მდე (თვეში 385 აშშ დოლარი) და ხელშეკრულების ვადა კვლავ გაგრძელდა. ხოლო 2015 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ამ პერიოდისათვის დაგროვილი საპროცენტო სარგებელი ერთობლიობაში შეადგენდა - 7335 აშშ დოლარს (2014 წლის დარჩენილი საპროცენტი სარგებელი - 3500 აშშ დოლარის ოდენობით + 2015 წლის 11 თვის საპროცენტო სარგებელი - 4235 აშშ დოლარის ოდენობით (11*385 აშშ დოლარზე). ამდენად, მხარეები თანხმდებიან, რომ სესხის თანხა გაიზარდოს - 7335 აშშ დოლარით უპროცენტოდ, ხოლო შემცირდეს სესხის ძირითად თანხაზე 11000 აშშ დოლარზე საპროცენტო განაკვეთი 3.37%-მდე. ასევე კვლავ გაიზარდა სესხის დაბრუნების ვადა - 2016 წლის 24 მარტამდე. დადგენილია, რომ 2016 წელს მოპასუხე მხარეს სარგებლის სახით გადაუხადა 200 ლარი (რაც იმ პერიოდისათვის არსებული კურსის მიხედვით შედაგენს - 90 აშშ დოლარს). ამდენად, დადგენილია, რომ გაცემულ სესხზე საპროცენტო სარგებლის სახით მოსარჩელე მხარეს საერთო ჯამში გადახდილი აქვს მოპასუხე მხარისათვის - 10 190 აშშ დოლარი.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლს რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის №ას-663-629-2015 გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებას, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს, „სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე. (ას-139-139-2018)

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2012 წლის 29 დეკემბერს და 2015 წლის 24 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებებში დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთი და სადავო ხელშეკრულებებში წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა სარგებელი წლიური 30%-ის ოდენობით, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ პაქტიკასთან.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

19. საპროცესო ხარჯები აპელანტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ზ---- ფ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ე-–----- თ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: მიხეილ გოგიშვილი

 

ოთარ სიჭინავა