განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019002813910
საქმე N3ბ/2377-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) ნანა დარასელია
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ი/მ ბ----------------–---–ი
დავის საგანი - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქ--------------–ი, საკადასტრო კოდი N0---------------, დაზუსტებული ფართობი 1781.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. N17).
2.1.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ივნისის N---------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ნ--------–--------ზე მდებარე N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1-ის (საერთო ფართობი 51 კვ.მ) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის 6 ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 51 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 77 ლარს, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით -71 ლარს, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 77 ლარს, ხოლო 2018 წლის იანვრიდან 14 ივნისამდე - 77 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ივნისის N---------- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 21-28).
2.1.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 10 მაისის N7------, 2018 წლის 19 ივნისის N7------ და 2018 წლის 21 სექტემბრის N7------ წერილებით, ი/მ ბ----------------–---–ს გაეგზავნა გაფრთხილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის თაობაზე და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 მაისის N7------, 2018 წლის 19 ივნისის N7------ და 2018 წლის 21 სექტემბრის N7------ წერილები (ს.ფ. 39-43).
2.1.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ზ--–---–-----ის მიერ 2018 წლის 08 მაისს შედგენილი აქტის მიხედვით, ქ. თბილისში, ნ--------–--------ზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ 0---------------) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს იურიდიული/ფიზიკური პირი ბ----------------–---–ი (პ/ნ 0----------). ამავე აქტზე, სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად მოსარგებლე პირის ხელმოწერა არ ფიქსირდება. აქტს ასევე ხელს აწერს - სხვა თანამშრომელი - ბ---------–---–ი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ზ--–---–-----ის მიერ 2018 წლის 08 მაისს შედგენილი აქტი (ს.ფ. 33)
2.1.5. 2018 წლის 31 ივლისს შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმის (მისამართი: ქალაქი თბილისი, ნ--------–--------, საკადასტრო კოდი 0---------------) თანახმად, ობიექტი დაკავებულია კ-----------–ის (პ/ნ 0----------) და მ----------------ის (პ/ნ 0----------) მიერ. ოქმში ასევე მითითებულია, რომ ობიექტზე არის უკანონო სარგებლობა. ი.მ კ-----------–ი 0---------- სამრეცხაო; ი.მ მ----------------ე 0---------- (ჯართის და ფერადი ლითონის ჩამბარებელი პუნქტი) გადის ხაზოვანი ნაგებობები. აგრეთვე, ობიექტზე გაიკრა აბრა „მიმდინარეობს ობიექტის საპრივატიზებოდ მომზადება“.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 31 ივლისს შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 31-32)
2.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოება:
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება ი/მ ბ----------------–---–ის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ნ--------–--------ზე, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1-ზე, განაშენიანების ფართობი 51 კვ.მ) სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, ი.მ ბ----------------–---–ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოყენების დასადასტურებლად უთითებს ადგილზე დათვალიერების ოქმზე და ფოტოსურათებზე, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია დადგინდეს მოპასუხის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი, რადგან 2018 წლის 31 ივლისს შედგენილ ადგილზე დათვალიერების ოქმში (მისამართი: ქალაქი თბილისი, ნ--------–--------, საკადასტრო კოდი 0---------------) მითითებულია, რომ ობიექტი დაკავებულია კ-----------–ის პ/ნ 0---------- (სამრეცხაო) და მ----------------ის პ/ნ 0---------- (ჯართის ჩამბარებელი პუნქტი) მიერ, მაგრამ მასში არაფერია მითითებული ბ----------------–---–ზე. ამასთან, მართალია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ზ--–---–-----ის მიერ 2018 წლის 08 მაისს შედგენილ აქტში მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ნ--------–--------ზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ 0---------------) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს ბ----------------–---–ი, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც დათვალიერების ოქმში მითითებული, რომ სამრეცხაო ეკუთვნის კ-----------–ს, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სამრეცხაოს ამუშავებდა ი.მ. ბ----------------–---–ი, შეუძლებელია დადგინდეს ი.მ. ბ----------------–---–ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 0--------------- უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოყენების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ი.მ ბ----------------–---–ის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამარლთზომიერი სარგებლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტი.
3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია დავების ჩამონათვალი, რაც შეიძლება განხილულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, რადგან იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ადმინისტრაციული სამართალი, როგორც საჯარო ინტერესის დამცველი და საჯარო სამართლის შემადგენელი ნაწილი, არეგულირებს ურთიერთობებს სახელმწიფოსა და ფიზიკურ პირებს შორის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამეთუ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შემთხვევაში, მოსარგებლის მიერ საზღაურის გადახდა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს საჯარო ინტერესი დაცულია კანონით.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის ,,შ’’ პუნქტის თანახმად კი, საპრივატიზებო საფასური არის სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ., იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.
მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსისა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც ვერ იქნა დადგენილი ი/მ ბ----------------–---–ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტი, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
4.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამის მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394 მუხლების მოთხოვნებით. მითითებული ნორმის თანახმად, საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, სამართლის ნორმები კი დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. ასევე, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
აპელანტი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის საფასურის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად - ქ. თბილისში, ნ--------–--------ზე N1-------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1-ზე (განაშენიანების ფართობი 51 კვ.მ), ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება 2015 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე 231 (ორას ოცდათერთმეტი) ლარის, 2016 წლისთვის 852 (რვაას ორმოცდათორმეტი) ლარის, 2017 წლისთვის 924 (ცხრაას ოცდაოთხი) ლარის, ხოლო 2018 წლის იანვრიდან დღემდე 77 (სამოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობებით. წინამდებარე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი (პრიმა) პუნქტი, რომლის თანახმად: „სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.“
ამდენად, აპელანტის განმარტებით, მოცემული კატეგორიის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს დადასტურდეს მოპასუხე მხარის მიერ ქონებით სარგებლობის ფაქტი, რაც რა თქმა უნდა, მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთია.
აპელანტი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2 (დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება) პუნქტში განმარტებულია, რომ „წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია დადგინდეს მოპასუხის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი“. სსსკ 102 (1) მუხლის მიხედვით: „თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.“ მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე N:2ბ/4372-16 (2016-11-25)). ამდენად, 102 მუხლიდან გამომდინარე დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების ისეთი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. ამ შემთხვევაში სააგენტოს მიერ წარმოდგენილი იქნა ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლებიც სარჩელს ამყარებდა, ხოლო მოპასუხის მიერ არ იქნა არცერთი მტკიცებულება წარდგენილი (მხარე არ წამოუდგენია შესაგებელი, ხოლო სასამარლო სხდომაზე არ გამოცხადებულა), რაც გააქარწყლებდა სააგენტოს პოზიციას.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სსსკ 102 (3) მუხლი ითვალისწინებს დანაწესს, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სააგენტოს მიერ საქმეზე წარმოდგენილია წერილობითი სახის მტკიცებულებები, კონკრეტულად ოქმები და შენობის ფოტოსურათები, სასამართლოს მოპასუხე მხარის მიერ ქონებით სარგებლობის ფაქტი უდაოდ დადგენილად უნდა მიეჩნია. წარმოდგენილ მტკიცებულებაში (იხ. სარჩელის დანართი N4) პირდაპირ არის მითითებული, რომ ქ. თბილისში, ნ--------–--------ზე N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთით არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს ბ----------------–---–ი.
რაც შეეხება იმ მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს 2015 წლის ნოემბრიდან სარგებლობის ფაქტს, ასეთად, აპელანტის განმარტებით, ჩაითვლება სააგენტოს მიერ შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი. აღნიშნული ოქმი წარმოადგენს ერთგვარ ფაქტების კონსტატაციას, რომელიც ადასტურებს კონკრეტული პირის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტს. ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. აღნიშნული პრინციპი როგორც წესი ყოველგვარი ტიპის დავაში სასამართლოს მიერ, სახელმწიფოს მიმართ პირდაპირ თუ ირიბად არის გამოხატული. ამდენად მტკიცების, გაქარწყლების, ნებისმიერი შეცილების თუ განხორციელებული ქმედების დასაბუთების მაღალი სტანდარტი ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოზეა გადატანილი. სახელმწიფოში რა თქმა უნდა მოაიზრება ცალცკეული ადმინისტრაციული ორგანოების სახით წარმოდგენილი სუბიექტები, მოცემულ შემთხვევაში კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო მიჩნეულია როგორც დავის მონაწილე „ძლიერ მხარედ“ და მას მაღალი სტანდარტები უწესდება, ლოგიკურია მის მიერ განხორციელებული ქმედებებიც ასევე მაღალი სტანდარტისაა, როგორც კანონშესაბამისობის, ასევე სანდოობის კუთხით. მაშასადამე, იმ სახელმწიფო ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება, (რაც გამოიხატა ადგილზე დათვალიერებასა და ოქმის შედგენაში), რომლის უშუალო ფუნქციაა ქონების მართვა და განკარგვა და რომლის ყოველდღიური საქმიანობა ასეთი ქმედებების ადმინისტრირებაა, ბუნებრივია ჩაითვლება უტყუარად დადასტურებულად და აქვს მაღალი მტკიცებულების ძალა სასამართლოში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის N3/421-19 გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
5.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.2. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში უპირველესად მნიშვნელოვანია შეფასდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება თუ არა ი/მ ბ----------------–---–ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობა, ხოლო აღნიშნული ფაქტის დადასტურების პირობებში უნდა შეფასდეს სარგებლობაში არსებული ქონება გამოყენებული იყო თუ არა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით.
დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქ--------------–ი, საკადასტრო კოდი N0---------------, დაზუსტებული ფართობი 1781.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.
პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლედ ითვლება პირი, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს. იგი ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ., იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.
სააპელაციო პალატა ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი უძრავი ქონებით სარგებლობის უფლების მატარებელ პირად მოიაზრებს ქონების მესაკუთრეს. იგი არის უფლებამოსილი შეუზღუდავად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, შესაბამისად, ის უფლებამოსილია სარგებლობდეს აღნიშნული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ქონებით სარგებლობა. საკუთრების უფლება ასევე, მოიცავს უფლებას განკარგოს ქონება, მათ შორის იჯარის ფორმით. სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა ადგენს კონკრეტულ წესს თუ რა პირობებში უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის წესით გაცემა. ამასთან, აღნიშნული წესის მიუხედავად სახელმწიფო უფლებამოსილია დააკისროს პირს საიჯარო ქირის გადახდა თუკი დადასტურდება, რომ პირი ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობას სამეწარმეო მიზნით.
პალატა მიუთითებს, რომ ფაქტობრივი გარემოების დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ არ დასტურდება სახელმწიფოსა და ი/მ ბ----------------–---–ს შორის კანონით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, ხოლო მეორეს მხრივ აპელანტი ვერ ადასტურებს ი/მ ბ----------------–---–ის მიერ ქონებით სარგებლობის ფაქტს. აღნიშნულის დამადასტურებლად, სააგენტო უთითებს ადგილზე დათვალიერების ოქმზე და ფოტოსურათებზე, თუმცა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია დადგინდეს მოპასუხის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი, რადგან 2018 წლის 31 ივლისს შედგენილ ადგილზე დათვალიერების ოქმში (მისამართი: ქალაქი თბილისი, ნ--------–--------, საკადასტრო კოდი 0---------------) მითითებულია, რომ ობიექტი დაკავებულია კ-----------–ის (სამრეცხაო) და მ----------------ის (ჯართის და ფერადი ლითონების ჩამბარებელი პუნქტი) მიერ, მაგრამ მასში არაფერია მითითებული ბ----------------–---–ზე. ამასთან, მართალია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ზ--–---–-----ის მიერ 2018 წლის 08 მაისს შედგენილ აქტში მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ნ--------–--------ზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ 0---------------) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს ბ----------------–---–ი, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც დათვალიერების ოქმში მითითებული, რომ სამრეცხაო ეკუთვნის კ-----------–ს, ხოლო სამრეცხაოს ამუშავებდა ი.მ. ბ----------------–---–ი, შეუძლებელია დადგინდეს ი.მ. ბ----------------–---–ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 0--------------- უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოყენების ფაქტი. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა, ასევე არ შეიძლება ჩაითვალოს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მოპასუხის მიერ დადასტურებად. პალატა ასევე მიუთითებს, რომ სააგენტოს თავისი პოზიციის გასამყარებლად წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არ ადასტურებს ფართის სარგებლობას და ადგენს კონკრეტული უძრავი ქონების საიჯარო ფასს. უფრო მეტიც, მტკიცებულება, ი/მ ბ----------------–---–ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის ფლობისა და გამოყენების შესახებ, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზეც არ ყოფილა წარმოდგენილი.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვერ დაადასტურა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა. შესაბამისად, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც ვერ იქნა დადგენილი ი/მ ბ----------------–---–ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტი, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
6.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: ნანა დარასელია
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე