განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.09.2019
საქმის ნომერი
190210018002462098
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210018002462098

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4316-19 30 სექტემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი – რ----–- მ--------ა

წარმომადგენელი - შ------- კ--–------

 

მოწინააღმდეგე მხარე – შპს მ-----------------------

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რ--------ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე რ----–- მ--------ასათვის შ---------------------------- სასარგებლოდ 4------- აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2---- აშშ დოლარი, პროცენტი - 1------- აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1---- აშშ დოლარი;

 

1.2. რ----–- მ--------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. რ--------, მ---------, #1-, ბინა #9----, საკადასტრო კოდი: 0------------------ სარეალიზაციოდ მიქცევა. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება თანხის დასაფარავად, გადახდევინების განხორციელება რ----–- მ--------ას კუთვნილი ნებისმიერი სხვა ქონებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. რ--------ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადწყვეტილებით შ---------------------------- სარჩელი მოპასუხე რ----–- მ--------ას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

 

2.1. მოპასუხე რ----–- მ--------ას შ---------------------------- სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 3------- აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2---- აშშ დოლარი, პროცენტი - 1------- აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2-----–– დოლარი;

 

2.2. სარეალიზაციოდ მიექცა რ----–- მ--------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რ--------, მ---------, #1-, ბინა #9----, საკადასტრო კოდი: 0------------------. დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება თანხის დასაფარავად, გადახდევინება განხორციელდეს რ----–- მ--------ას კუთვნილი ნებისმიერ სხვა ქონებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1. შპს მ----------------------- და რ----–- მ--------ას შორის 2----–-–-------------ს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ხოლო 2----–-–------------ ამავე მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რ----–- მ--------აზე გაიცა სესხი 2---- აშშ დოლარი 35 თვის ვადით, წლიური სარგებელი განისაზღვრა 18%-ით, ხოლო პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 15-22)

 

3.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ----–- მ--------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რ--------, მ---------, #1-, ბინა # 9----, საკადასტრო კოდი: 0------------------.

 

მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-28)

 

3.3. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა იგი არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.

 

მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.4. რ----–- მ--------ას დავალიანება 2----–-–------------ მდგომარეობით შეადგენს 1--------- აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2---- აშშ დოლარი, პროცენტი ---------- აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1---- აშშ დოლარი.

 

მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 32)

 

3.5. 2----–-–-------------- რ----–- მ--------ას გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც ეცნობა, რომ ვალდებულების 30 კალენდარული დღის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი გაიზრდებოდა 60%-მდე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

3.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ შპს მ----------------------- და რ----–- მ--------ას შორის 2----–-–-------------ს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ხოლო 2-----–-–-------------ს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რ----–- მ--------აზე გაიცა სესხი 2---- აშშ დოლარი 35 თვის ვადით, წლიური სარგებელი განისაზღვრა 18 %-ით, ხოლო პირგასამტეხლო 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს მ----------------------- წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მსესხებელს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელის მიერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და გაიცა სესხი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხის მიერ არ შესრულდა ფულადი ვალდებულება შესრულებისათვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.

 

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ---------------------------- მოთხოვნა რ----–- მ--------ას მიმართ სესხის ძირი თანხის - 2---- აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ არის შეუზღუდავი უფლება და გარკვეული იმპერატიული დანაწესებით იგი შეიძლება იქნას შეზღუდული. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილია წერილობითი შეტყობინების საფუძველზე ცალმხრივად გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი - 18% არაუმეტეს წლიური 42%-ით, შესაბამისად, მოპასუხე მხარემ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურა თანხმობა აღნიშნული პროცენტის ოდენობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის - 1------- აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიქსირებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელე შპს მ------------------------ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 2-----–– დოლარის გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ----–- მ--------ას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონება, შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რ--------, მ---------, #1-, ბინა # 9----, საკადასტრო კოდი: 0------------------. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება თანხის დასაფარავად, გადახდევინება განხორციელდეს რ----–- მ--------ას კუთვნილი ნებისმიერი სხვა ქონებით.

 

4. რ--------ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

5. აპელანტის მოსაზრებით, სეხის პროცენტის ის ოდენობა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული, ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. მოცემულ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.

 

9. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

10. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.-3.5. პუნქტები), შესაბამისად, მათ, როგორც უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.

 

11. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სადავოა მხოლოდ სესხის სარგებლის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს:

 

11.1. აპელანტის პრეტენზიის მიხედვით, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა საპროცენტო სარგებლის ოდენობის შესახებ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს (კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპს), რის გამოც იგი უნდა შემცირდეს.

 

11.2. პალატა აღნიშნავს, რომ გარიგება, ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, სოციალური სამართლიანობის პრინციპს და ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში (სსკ-ის 54-ე მუხლი). გარიგების საჯარო წესრიგთან შესაბამისობის შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე, მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან და ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გარიგების დადების ნება გამოავლინა მხარემ.

 

11.3. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

 

11.4. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო სესხით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება წლიური 18%-ის ოდენობით. მოპასუხემ გადააცილა ხელშეკრულებით დადგენილ შესრულების ვადას. შესაბამისად, გამსესხებელს ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე წარმოეშვა უფლება, მოითხოვოს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გათვალისწინებით დარიცხული სარგებლის ანაზღაურება.

 

11.5. პალატა განმარტავს, რომ იმისათვის, რომ ხელშეკრულებაში გამოხატული ნება საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოდ ან ამორალურად იქნეს ცნობილი, აუცილებელია პირობათა კუმულატიური ერთობა, რომლითაც გარიგების უცილოდ ბათილობა დასტურდება. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ სადავო სესხის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ სარგებელზე შეთანხმება შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის დანაწესთან, ამასთან სარგებლის ოდენობა (წლიური 18%) არ ეწინააღმდეგება კონტრაჰენტის კეთილსინდისიერი ქცევისა და გონივრულობის სტანდარტს, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

13. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. რ----–- მ--------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს რ--------ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე