განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.11.2019
საქმის ნომერი
190310019002963279
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
15.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 19-310019-02963279

საქმე N3ბ/2192-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

15 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნინო ყანჩაველი

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - მ-----------------ი

წარმომადგენელი - მ-----–----------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ქ------------------ე

 

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–ი

 

დავის საგანი - მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაცისს დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 18 იანვრის №9------------05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 19 თებერვლის N9------------10 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

1.3 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის №1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.4. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც განხორციელდება მ-----------------ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქალაქ გა--------ში, ა-–---------ის ქუჩაზე (ყოფილი კ-----------ი) მდებარე 1137.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

3.1. მესამე პირის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის N1-----, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2019 წლის 18 იანვრის N9------------05 და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 19 თებერვლის N9------------10 გადაწყვეტილებები და დაევალა მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

5.1. სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს მ-----------------მა №9----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ალ------------------ის (ყოფილი კ-----------ის) ქუჩაზე მდებარე 1137.00 კვ.მ სასოფლო სამეურნეო ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას დაურთო სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 ნოემბრის N21-02-1/131272 წერილი; დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო პირადი განცხადება და მიუთითა, რომ მინდობილობა ინახებოდა N8-----------, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია - N8----------- განცხადებებზე (ს.ფ. 66-71).

 

2019 წლის 03 იანვარს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №9------------03 გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს განემარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირებული მესაკუთრისა და დაინტერესებული პირის იდენტურობის დადგენის მიზნით (ს.ფ. 72; ს.ფ. 92).

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 14 იანვრის N76/9407 მიმართვით მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო - სამისამართო ბიუროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ფ-----------------ის სახელით რეგისტრირებულია ორი პირი: ფრიდო გურამის ძე ჩარკვიანი და ფრიდო შალვას ძე ჩარკვიანი, ხოლო საინფორმაციო სამისამართო ბიუროს კარტოთეკასა და ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია გარდაბნის რაიონში ფ-----------------ის რეგისტრაციის შესახებ არ იძებნება (ს.ფ. 93).

 

2019 წლის 18 იანვარს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №9------------05 გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე მ-----------------ს განემარტა, რომ ვერ დადგინდა უძრავ ნივთზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, აქედან გამომდინარე, დაინტერესებულ პირს მოეთხოვა მოთხოვნის დაზუსტება, კერძოდ, სურდა თუ არა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნა (ს.ფ. 73).

 

2019 წლის 05 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ 8----------- სარეგისტრაციო განაცხადზე ინახებოდა 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სარეგისტრაციო მოწმობის დედანი, რომელიც წარმოადგენდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. ამავე დღეს წარდგენილ იქნა მეორე განცხადება, სადაც მოსარჩელემ წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის

29 ნოემბრის N21-02-1/131272 მიმართვა. ამავე განცხადებით მოთხოვნილი იქნა საკითხის გადაცემა დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების დამდგენი კომისიისათვის (ს.ფ. 79; ს.ფ. 84; ს.ფ. 80-81).

 

2019 წლის 08 თებერვლის N9------------08 გადაწყვეტილებით №9------------05 გადაწყვეტილება დარჩა ძალაში და განემარტა მოსარჩელეს, რომ შეჩერების საფუძველი არ აღმოფხვრილა. ხოლო 2019 წლის 19 თებერვლის N9------------10 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა (ს.ფ. 89; ს.ფ. 91).

 

2019 წლის 22 თებერვალს მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა №9------------05, N9------------08 და N9------------10 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა (ს.ფ. 124-130).

 

2019 წლის 25 მარტს N1----- გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა (ს.ფ. 133-138).

 

6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სარეგისტრაციო მოწმობის დედანი წარმოადგენდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო ემსჯელა და შეესწავლა მითითებული საკითხი სრულყოფილად და მხოლოდ მას შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 08 თებერვლის N9------------08 გადაწყვეტილებით №9------------05 გადაწყვეტილება დატოვა ძალაში და მოსარჩელეს განუმარტა, რომ შეჩერების საფუძველი არ აღმოფხვრილა. ხოლო 2019 წლის 19 თებერვლის N9------------10 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს არც კი უმსჯელია და შეუსწავლია საკითხი ზემოაღნიშნულ გარემოებებთან მიმართებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საკითხი, უსაფუძვლოდ მიიღო სადავო აქტები, შესაბამისად სადავო აქტების მიღებისას დარღვეულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები, რის გამოც სახეზე იყო მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. მირიანე ჩრკვიანის სააპელაციო მოთხოვნა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

 

7.1. მ-----------------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება იმ ვითარებაში რაც სასამართლოში გამოიკვეთა არასწორია, რადგან სასამართლო პროცესზე სრულად დადგინდა ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება და ადმინისტრაციული ორგანოს უნდა დავალებოდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს მ-----------------მა №9------------სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტში (ყოფილი კ-----------ის) ალ------------------ის ქუჩაზე მდებარე 1137.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, განცხადებას თან დაურთო სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 ნოემბრის № 21-02 1/131272 წერილი. ასევე საქმეში წარმოდგენილია 8-----------. საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სარეგისტრაციო მოწმობის დედანი, რომელიც წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტს. შესაბამისად აპელანტს მიაჩნია, რომ საქმეში მოპოვებული იყო მტკიცებულებები, რის საფუძველზეც სასამართლოს შეეძლო დადგენილი საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებებით - დავა არსებითად სრულად დაეკმაყოფილებინა.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

8.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ხოლო, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ პუნქტის საფუძველზე, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას მიეკუთვნება, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა;

 

იმავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს: მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი; გ) საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, იმავე კანონის პირველი პუქტის ნ) ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტს წარმოადგენს 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა და სააპელაციო პალატაც ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მ-----------------ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი სარეგისტრაციო მოწმობის დედანი წარმოადგენს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს (იხ. გადაწყვეტილების 7.9 პუნქტი, მე-6 აბზაცი). სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს შემოსავლების სამსახურის 29.11.16წ. N21-02-1/131272 წერილით დადასტურებულ ინფორმაციაზე. წერილის თანახმად, 0.13 ჰა ირიცხება ჩარკვიანი პიდო იოსიფის ძის სახელზევ ჟდანოვკა-გამარჯვების ქ. ჩიხში. მარეგისტრირებელი ორგანო ადასტურებს, რომ ამავე წერილში მითითებული ის მიწის ნაკვეთები, რომლებსაც გვერდით მიწერილი ჰქონდათ აღრიცხვის წელი, 2004, დაარეგისტრირა მ-----------------ის სახელზე. რაც შეეხება 0.13 ჰა-ს, მარეგისტრირებელი ორგანო იმ საფუძვლით არ მიიჩნევს დოკუმენტს მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტად, რომ მისი აღრიცხვის წელი არ დგინდება. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული მსჯელობა მართებული იქნებოდა იმ პირობებში, როცა დაინტერესებულ პირს სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტი/სხვა გარემოება/ ინფორმაცია წარდგენილი არ ექნებოდა საჯარო რეესტრში. განსახილველ შემთხვევაში მ-----------------მა წარადგინა ასევე მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც გაცემულია საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 10 მაისის N327 ბრძანებულების შესაბამისად. ხსენებულ მოწმობაზე დატანილია ასევე საკადასტრო რუკა, სექტორის, კვარტლისა და ნაკვეთის ნომრები. მოწმობა ხელმოწერილია ზონის რეგისტრატორის მიერ. გაცემის თარიღია 7.06.2004წ. ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 10 მაისის N327 ბრძანებულების მე-4 პუნქტი განსაზღვრავდა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, საკმარის დოკუმენტებს. ხსენებული ბრძანებულების მე-5 პუნქტი აზუსტებდა, რომ რეგისტრირებული მონაცემები დაექვემდებარებოდა შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მ-----------------ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი იქნა მიწის ნაკვეთის მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ამავე დროს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად იქნა ასევე მიჩნეული ხსენებული დოკუმენტი.

 

8.3. სააპელაციო პალატა არ იზიარებს მხარეთა განმარტებებს მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ყველა მტკიცებულება, დადგენილი იყო ყველა გარემოება და სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი საქმეზე გადაწყვეტილება მიეღო ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა სადავო აქტების კანონშესაბამისობა, დაადგინა, რომ ის საფუძველი, რომელიც გახდა სადავო აქტების გამოცემის წინაპირობა, არ არსებობდა. კერძოდ, ფიზიკურ პირს წარდგენილი ჰქონდა უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ხსენებული საკითხი უკვე შეფასებულია სასამართლოს მიერ, რასაც ეთანხმება სააპელაციო პალატა და საჯარო რეესტრს არა აქვს დავალებული ამავე გარემოების ხელახლი შეფასება.

 

რაც შეეხება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებს, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული და განცხადებაზე თანდართული აზომვითი ნახაზის მიხედვით მიწის ნაკვეთების იდენტურობა. იდენტურობის დადგენის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა დადგინდეს, მ-----------------ის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი უფლებრივი მდგომარეობა(როგორც მესამე პირთა შესაძლო რეგისტრირებული უფლებები, ასევე მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი ფუნქცია).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 23-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. მ-----------------ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი (ასორმოცდაათი ლარი) დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე ნინო ყანჩაველი