განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002493551
საქმე №1/ბ-190-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვერა დოლიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
მარინე იმერლიშვილი
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ დ----- კ-------–ის
მსჯავრდებულის – გ------ მ----–--ის
ადვოკატის – ლ---- დ-------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- ძ-------ის და მსჯავრდებულ გ------ მ----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- ა--–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) გ------ მ----–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ--------–--------------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენით:
გ------ მ----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
გ------ მ----–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 04 მაისიდან.
გ------ მ----–--ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მაისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტანსაცმელი და გ------ მ----–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პისტოლეტის მსგავსი საგანი, პირბადე, ანაწმენდის ნიმუშები, ხელის კვლები და გ------ მ----–--ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო 2 ცალი კომპაქტ-დისკი შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------ მ----–--ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით და არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 04 მაისს, დაახლოებით 15:20 საათზე, ძარცვისათვის ნასამართლევმა გ------ მ----–--ემ, ნასამართლეობის გაქარწყლებამდე, უკანონოდ შეაღწია ქ--------–---------------------------–-----–----------–-, სავაჭრო ცენტრ 2------ ტერიტორიაზე მდებარე ი----- ბ----–--ის კუთვნილ ვალუტის გადამცვლელ პუნქტ შ-------------–- და იქ მომუშავე შ------- ს---–--------ეზე პისტოლეტის მსგავსი საგნით განხორციელებული სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით ცდილობდა ი----- ბ----–--ის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხის _ 5 836 ლარის, 1000 აშშ დოლარის, 350 ევროს, 2320 თურქული ლირის და 100 რუსული რუბლის (ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსით _ 10693, 57 ლარი) დაუფლებას, თუმცა იგი ადგილზევე დააკავეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-–---------- ძ-------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ გ------ მ----–--ისათვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, ვინაიდან, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებული ნასამართლევი იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი მიდრეკილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისაკენ და ამდენად, მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნა არამიზანშეწონილია.
მსჯავრდებულ გ------ მ----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- ა--–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გ------ მ----–--ისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, მან დაკავებისთანავე და საქმის სასამართლო განხილვის დროსაც აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მხარეებმა ითხოვეს მათ მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მათ შორის: ბრალდებულ გ------ მ----–--ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულების _ ი----- ბ----–--ის და შ------- ს---–--------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების _ რ---- ბ-----ის, ი--ა მ---–--ის, მ--–---- მ-------ის და ქ------- გ--------ის გამოკითხვის ოქმებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ------ მ----–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები განაჩენს ასაჩივრებენ მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ:
დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულ გ------ მ----–--ისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამდენად, სასამართლო მხოლოდ მითითებული პირობების ერთად არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალოს პირობით მსჯავრად. ამასთან, ხსენებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლისათვის აუცილებელი პირობაა, რომ ბრალდებული (მსჯავრდებული) წასწრებული არ უნდა იყოს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე. საქმის მასალების მიხედვით კი, გ------ მ----–--ე წაასწრეს დანაშაულის ჩადენისთანავე, რაც გამორიცხავს მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას.
რაც შეეხება პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ------ მ----–--ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებებს, რომ გ------ მ----–--ემ პირველივე დაკითხვისთანავე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავო არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მისთვის პირველი ინსტანციის მიერ დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაბამისად, არ არსებობს მისი ზედმეტად მსუბუქ სასჯელად მიჩნევის და პროკურორის სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტების გამო გამკაცრების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- ძ-------ის და მსჯავრდებულ გ------ მ----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- ა--–--ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი გ------ მ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- ძ-------ის და მსჯავრდებულ გ------ მ----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- ა--–--ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი გ------ მ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.გ------ მ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
4.მსჯავრდებულ გ------ მ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 04 მაისიდან.
5.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------ მ----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტანსაცმელი და გ------ მ----–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პისტოლეტის მსგავსი საგანი, პირბადე, ანაწმენდის ნიმუშები, ხელის კვლები და გ------ მ----–--ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს, ხოლო 2 ცალი კომპაქტ-დისკი შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი საქმის შენახვის ვადით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/მ.იმერლიშვილი/