განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2019
საქმის ნომერი
140210017002002745
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210017002002745

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/239-19 09 ივლისი, 2019 წელი

 

მოსამართლე - თამარ ზამბახიძე

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - შპს „მ----------------- ო---------–-- კ------------------“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ც------ ც-----

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ-------- ჯ-------–-–---–-, პ----- ჯ-------–-–---–-, ნ-----–-- ჯ-------–-–---–- (მოპასუხე)

წარმომადგენელი - თ-- ღ-----–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 31.10.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ნ-------- და პ----- ჯ-------–-–---–--ს სოლიდარულად დაეკისროთ 12 650 ლარის გადახდა, საიდანაც 10 000 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, ხოლო 2650 ლარი -პროცენტი.

1.2. თანხის ანაზღაურების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, ს/კ: 6------------

 

მოპასუხის პოზიცია:

 

2. მოპასუხეემა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ნ-------- ჯ-------–-–---–ს არ გადასცემია და შესაბამისად, არც მისი დაბრუნების ვალდებულება გააჩნია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

3. გორის რაიონული სასამართლოს 31.10.2018წ. გადაწყვეტილებით შპს ”მ----------------- ო---------–-- კ-----------------”-ის სარჩელი მოპასუხეების: ნ-------- ჯ-------–-–---–-ს, პ----- ჯ-------–-–---–-ს და ნ-----–-- ჯ-------–-–---–-ს მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

3.1. 2016 წლის 18 ივლისს შპს „მ----------------- ო---------–-- კ-----------------“-სა და მოპასუხეებს: პ----- ჯ-------–-–---–სა და ნ-------- ჯ-------–-–---–ს შორის გაფორმდა გრაფიკული სესხისა და თავდებობის №4------ ხელშეკრულება ნ-------- ჯ-------–-–---–ზე სესხის, 10 000 ლარის, 12 თვის ვადით გაცემის შესახებ. სესხი იყო სარგებლიანი და პროცენტის ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად.

 

3.2. მოპასუხე ნ-------- ჯ-------–-–---–თან 2018 წლის 18 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და ნ-------- ჯ-------–-–---–ს, პ----- ჯ-------–-–---–სა და ნ-----–-- ჯ-------–-–---–ს შორის, 2018 წლის 18 ივლისს, გაფორმდა იპოთეკის გენერალური ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: გ------ ს------–- ვ-------, ს/კ: №6------------

3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოპასუხე მხარემ სადავო გახადა კრედიტორის მხრიდან მსესხებელზე თანხის გადაცემის ფაქტი, რომლის დადასტურების ვალდებულებაც მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა. შემდეგი წინაპირობების ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით განხორციელების შემთხვევაში: თუ მოსარჩელე დამაჯერებლად დაასაბუთებდა 2016 წლის 18 ივლისს მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულების დადებას, რაც გულისხმობს არა მარტო მხარეთა ორმხრივი ნების არსებობას, არამედ მოსარჩელის მიერ თანხის მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაცემის დამტკიცებას; თუ მხარეები შეთანხმდებოდნენ სესხისათვის პროცენტზე.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელესთან სესხის ხელშეკრულება არ დადებულა, რადგანაც ამ უკანასკნელს მოპასუხისათვის საკუთრებაში არ გადაუცია შეთანხმების საგანი - ფულადი თანხა.

 

სესხის ხელშეკრულება ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას წარმოადგენს, ანუ ის დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ.სუსგ, საქმეზე №ას-361-343-2015, 14.12.2015; №ას-398-371-2017, 06.06.2017). შესაბამისად, მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება (არსებით პირობებზე შეთანხმება) ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგანაც სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის აუცილებელი პირობაა ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისთვის რეალურად (ფიზიკურად) გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ კრედიტორის მხრიდან მსესხებლისათვის თანხის გადაცემის დასადასტურებლად წარმოადგინა ხელშეკრულება, რომელსაც მხარეები აწერენ ხელს, მოწმის, ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის ჩვენება, რომელმაც მიუთითა, რომ თანხა მისი თანდასწრებით გაიცა სალაროდან და მისივე განმარტებით, სალაროდან გასავლის ორდერს ხელს უნდა აწერდეს, როგორც მოლარე, ისე მსესხებელი, ანუ თანხის მიმღები, ასევე დირექტორის ხელმოწერილი ამონაწერი სალაროდან, რომლის მიხედვითაც მსესესხებელი არის ნ-------- ჯ-------–-–---–- და სალაროდან გასულია 10 000 ლარი, თუმცა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული 10 000 თანხა უშუალოდ ნ-------- ჯ-------–-–---–მა მიიღო, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული დოკუმენტი დაიკარგა.

 

სასამართლო აფასებს რა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოსარჩელე იურიდიული პირის დირექტორის ხელმოწერილ 2017 წლის 22 ივნისის ამონაწერს სალაროდან, რომელსაც ეყრდნობა სასარჩელო მოთხოვნა, მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს წერილობითი მტკიცებულებისათვის კანონით დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 134.1 მუხლი), რადგანაც ის არ შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ და ვერ გამოდგება სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული მტკიცებულება წარმოადგენს მხოლოდ ინფორმაციული მნიშვნელობის დოკუმენტს, მოცემულ დოკუმენტში მითითებული მონაცემები მიღებულია მოსარჩელის მიერ ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ვინაიდან მას არ გააჩნია მეორე მხარის დასტური (ხელმოწერა) ფულის მიღების შესახებ. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ დოკუმენტს სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ ობიექტურ მტკიცებულებად ვერ განიხილავს.

 

რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, მოწმის ჩვენება, რომელსაც ეყრდნობა მოსარჩელე არ არის იმ სახის მტკიცებულება, რომლითაც აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენაა შესაძლებელი (სსსკ-ის 102.3). ამრიგად, რადგანაც მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები წერილობითი მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა მოპასუხისათვის ფულადი თანხის საკუთრებაში გადაცემა, მოწმეთა ჩვენებების შეფასება სამართლებრივად მნიშვნელოვანი ვერ იქნება, რადგანაც სადავო გარემოების დამტკიცება მხოლოდ ამ სახის მტკიცებულებებით დაუშვებელია (სსკ-ის 624-ე მუხლი).

 

ასეთი პირობებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტებს: სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებას, იპოთეკის ხელშეკრულებას თუ მხარეთა შორის მიღწეულს მორიგების აქტს (რომელიც არ წარმოადგენს მტკიცებულებას და არის საპროცესო დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს, ვერ აკმაყოფილებს სსკ 341-ე მუხლის მოთხოვნას სავალდებულო ფორმის დაცვის შესახებ), ასევე მოწმის სახით დაკითხული თ---------- ხ------–---–-ს მიერ შედგენილი გაფრთხილების ხელწერილს, რომლის შედგენის თარიღიც გაურკვეველია, ასევე ბუნდოვანებას ქმნის ძირითად ხელშეკრულებასა და აღნიშნულ გაფრთხილების ხელწერილზე დასმული შტამპების სხვადასხვაობა, ხელშეკრულების დადებულად მიჩნევის დამადასტურებელი მტკიცებულების ღირებულებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ მათზე დაყრდნობით ვერ დაასკვნის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნამდვილობას, ვინაიდან მითითებული წერილობითი დოკუმენტები ვერც ცალკე აღებული და ვერც ერთობლივად, ვერ ადასტურებს ხელშეკრულების დადების ფაქტს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქმის განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა რა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაცემის ფაქტი, შესაბამისად, სარჩელი არ არის დასაბუთებული და საფუძვლიანი.

 

3.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას თავდებისათვის თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ, სესხის ხელშეკრულების არარსებობის გამო მსესხებელს არ ეკისრება თანხის გადახდა, შესაბამისად, თავდების მიმართ მოთხოვნაც უსაფუძვლოა. მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

4. გორის რაიონული სასამართლოს 31.10.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

4.1. მოსარჩელემ დაადასტურა მოპასუხისთვის სესხის სახით 10 000 ლარის გადაცემის ფაქტი. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მოსარჩელე გასცემს, ხოლო კლიენტი იღებს სესხს და ვალდებულებას, დააბრუნოს ეს სესხი. მართალია, სიტყვა „გასცემს“ არ წამოადგენს ზმნის წარსულ ფორმას, თუმცა იგი არ აღნიშნავს არც მომავალს. ზმნა გამოყენებულია აწმყო დროში, რაც ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერის დროს გაიცა სესხი. ამდენად, მხოლოდ ხელშეკრულებაც საკმარისია, რათა დადასტურდეს სესხის გაცემის ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ ნ-------- ჯ-------–-–---–- დაეთანხმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფაქტს. მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის ფაქტი, არ მიუმართავთ მოსარჩელისთვის იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ აღწერა ნ-------- და პ----- ჯ-------–-–---–--ის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფაქტები. მისი ჩვენება იყო დეტალური, თანმიმდევრული და სარწმუნო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოწმეს კავშირი აღარ აქვს მოსარჩელესთან. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად, მოწმის ჩვენება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელსაც სასამართლო შესაძლოა დაეყრდნოს გადაწყვეტილების გამოტანისას. საქმეში ასევე წარმოდგენილია მორიგების აქტი, რომლითაც მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის წინაშე 12 650 ლარის ვალდებულების არსებობის ფაქტი და იკისრა მისი გადახდის ვალდებულება. მორიგების აქტში მითითებულია ვალის წარმოშობის საფუძველიც - გორის რაიონულ სასმართლოში N2/1006-17 სამოქალაქო საქმე. ამდენად სარჩელი ძირითად მსესხებელს და თავდებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თანხის გადახდა და სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6. 18.07.2016წ. შპს „მ----------------- ო---------–-- კ-----------------“-ს (შემდგომში „მოსარჩელე“) და პ----- ჯ-------–-–---–ს (შემდგომში “თავდები“, „მესაკუთრე“ „მოპასუხე“ ), ნ-------- ჯ-------–-–---–ს (შემდგომში „მსესხებელი“, „მესაკუთრე“, „მოპასუხე“) შორის გაფორმდა გრაფიკული სესხისა და თავდებობის №4------ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:

- სესხის ძირი: 10 000 ლარი;

- ვადა: 12 თვე (ანუ ხელშეკრულება მოქმედებდა 27.07.2017წ.-მდე);

- საშუალო საპროცენტო განაკვეთი: 4,46;

- თვეში გადასახდელი თანხა (სესხის ძირის ნაწილი+პროცენტი): 7350 ლარი (ტ.1, ს.ფ. 16).

 

7. 18.07.2016წ. ასევე გაფორმდა იპოთეკის გენერალური ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეების და ნ-----–-- ჯ-------–-–---–-ს (შემდგომში „მესაკუთრე“, „მოპასუხე“) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი დაიტვირთა იპოთეკით (ტ.1, ს.ფ.17-22).

 

8. მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი არსებითი შესაგებლით სადავო გახადეს სესხის სახით თანხის მათთვის გადაცემის ფაქტი (ტ.1, ს.ფ.135).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. პალატა განმარტავს, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (იხ.: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.; სუსგ №1425-1345-2017, 30.04.2018წ.).

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება; მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

 

ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის (სესხის გაცემის) დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს).

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება სესხის თანხის მსესხებლისთვის გადაცემის თაობაზე. აპელანტი განმარტავს, რომ სალაროს გასავლის ორდერი თანხის გაცემის თაობაზე, რომელზეც ფიქსირდება მსესხებლის ხელმოწერა, დაკარგულია და წარმოდგენილი ვერ იქნება (იხ.: 02.07.2019წ. სხდომის ოქმი, 16:20:05-16:20:23). ანუ თავად გამსესხებელი, რომელიც სპეციალიზირებული საკრედიტო დაწესებულებაა, ადასტურებს თანხის გაცემის მტკიცებულების შექმნის წესს და მისი დაცვით მტკიცებულების შექმნის ვალდებულებას, თუმცა ამ მტკიცებულების წარმოუდგენლობას ხსნის მისი დაკარგვით. ასეთ პირობებში კი ვერც გორის რაიონულ სასამართლოში დაკითხული სადავო ხელშეკრულების მოსარჩელის სახელით ხელმომწერი თანამშრომლის ჩვენება და ვერც სალაროს ამონაწერი (ტ.1, ს.ფ. 23), (რომელიც, როგორც აპელანტი განმარტავს, წარმოადგენს მხოლოდ პროგრამულად დაფიქსირებულ ინფორმაციის ამობეჭდილ ასლს, იხ.: 02.07.2019წ. სხდომის ოქმი, 16:16:47-16:17:12)), ვერ იქნება მიჩნეული თანხის რეალურად გაცემის ფაქტის დამადასტურებლად. ორივე თანაბარი მნიშვნელობისაა და არ არის საკმარისი მტკიცებულება.

 

პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ როგორც გორის რაიონულ სასამართლოში მოწმედ დაკითხული თ---------- ხ------–---–-ს (უშუალოდ სესხის ხელშეკრულებაზე მოსარჩელის სახელით ხელმომწერი პირის) ჩვენებით დგინდება, შეკითხვაზე, მოსარჩელე ორგანიზაციაში რითი დასტურდება თანხის გაცემა, მოწმემ უპასუხა, - „გასავლის ორდერით“ (იხ.: 03.10.2018წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 15:36:05), რომლის გარეშეც „თანხა ვერ გავიდოდა“ და „ხელს უნდა აწერდეს მსესხებელი“ (იხ.: 03.10.2018წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 15:40:01). ფაქტი მასზედ, რომ გასავლის ორდერი ვერ იქნა მოძიებული, ასევე დაადასტურა მოწმემ.

 

მოსარჩელე მხარე სესხის თანხის გადაცემის სამტკიცებლად ასევე მიუთითებს თავად ხელშეკრულებაში არსებულ ჩანაწერზე სესხის თანხის გაცემასთან დაკავშირებით (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ.1, ს.ფ. 224-238). პალატა მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულება არ შეიცავს დათქმას მასზედ, რომ მსესხებელს უკვე გადაეცა სესხის თანხა. კერძოდ, სესხის ხელშეკრულების პირველ მუხლში აღნიშნულია, რომ „მისო გასცემს, ხოლო კლიენტი იღებს სესხს“ (ტ.1, ს.ფ. 16). ამასთან, თანხის უშუალოდ გადაცემის თაობაზე ჩანაწერს ხელშეკრულება არ შეიცავს. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, თავად აპელანტი უთითებს სესხის გაცემის დროს ცალკე მტკიცებულების შექმნის წესზე, სესხის გაცემის ასეთი მტკიცებულების შექმნაზე, რომელიც დაიკარგა. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულება ხელმოწერილია მსესხებლის და გამსესხებლის მიერ, ვერ ადასტურებს სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის - სესხის საგნის მსესხებლისთვის რეალურად გადაცემის ფაქტს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას მორიგების დამტკიცების თაობაზე (მოსარჩელის მიერ მოხსენიებული როგორც „მორიგების აქტი“) (ტ.1, ს.ფ. 37), იგი დამტკიცებული არ ყოფილა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი არ გამხდარა. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. შესაბამისად, მოპასუხეთა მხრიდან მორიგებაზე მზაობის თუნდაც რაღაც ეტაპზე გამოვლენილი ნება არ შეიძლება შეფასდეს საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურებად და სესხის თანხის რეალურად გაცემის დამდგენ მტკიცებულებად. ამასთან, როგორც მოპასუხეთა წარმომადგენელმა განმარტა, მსესხებელმა ნ-------- ჯ-------–-–---–მა, რომელიც სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროს იყო 68 წლის, ამჟამად 71 წლისაა, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები (იხ.: ცნობა#100: გადატანილი აქვს იშემიური ინსულტი, აქვს ცენტრალური პარეზი, ტ.1, ს.ფ.146, 181), მორიგებაზე საუბრისას ვერ გაარკვია ის იყო მსესხებელი თუ თავდები, რადგან მის შვილს ჰქონდა ბევრი ვალი (იხ.: 02.07.2019წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 16:28:03- 16:30:08). პენსიონერია მისი მეუღლე - მოპასუხე ნ-----–-- ჯ-------–-–---–-ც (ტ.1, ს.ფ. 182,183,185,186). პ----- ჯ-------–-–---–- არის ნ-------- და ნ-----–-- ჯ-------–-–---–--ის შვილი.

 

რაც შეეხება მოპასუხეთა მითითებას მათ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე და ფაქტზე მასზედ, რომ პ----- და ე-–------ ჯ-------–-–---–--ის სს „ს----------–---------ს“ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების იძულებითი აღსრულების მიზნით აღმასრულებელი გამოცხადდა მათ მისამართზე, თუმცა ვერ მოახდინა მოძრავი ნივთების დაყადაღება, რადგან ისინი წარმოადგენდა საარსებო მინიმუმს და დაყადაღებას არ ექვემდებარებოდა (ტ.1, ს.ფ. 188,189), პალატა განმარტავს, რომ ეს ფაქტი არ არის სამართლებრივად რელევანტური და ვერ იქონიებს ზეგავლენას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებასა თუ მასზე უარის თქმაზე.

 

სადავო გარემოების მოწმის ჩვენებით დადასტურებასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული (იხ.: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.).

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით ვერ დგინდება მსესხებლისთვის თანხის რეალურად გადაცემის ფაქტი, სხვა დასაშვები და სარწმუნო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ მოსარჩელის ყოფილი თანამშრომლის ჩვენება მასზედ, რომ მსესხებელს გადაეცა სესხის თანხა, ვერ შეფასდება სადავო გარემოების დადასტურებისთვის საკმარის მტკიცებულებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზე, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაცემის ფაქტი. ამდენად, არ არსებობს მსესხებლისთვის სადავო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

9. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობის ხელშეკრულება უზრუნველყოფს კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულების შესრულებას. ასევე, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). როგორც თავდებობა, ისე იპოთეკა აქცესორული ბუნებისაა, შესაბამისად, სესხის ნამდვილობის მტკიცების გარეშე არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების საფუძველზე არც თავდების პასუხისმგებლობის და არც იპოთეკის საგნით კრედიტორის დაკმაყოფილების წინაპირობა.

 

არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

10. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.1, ს.ფ. 239).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „მ----------------- ო---------–-- კ------------------“ -ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 31.10.2018წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე