განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210210117001986183
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3607-18 23 ივლისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ყ------- ზ------–---–- (მოპასუხე)
წარმომადგენელი - შ--–-- ხ----------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - ბ----- მ------------ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ნ-------- გ---–----
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 27.03.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეს დაეკისროს 14 000 ლარის გადახდა.
2. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელეს 1999 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში ნაქირავები ჰქონდა ს----------- რაიონის სოფელ შ---–----- მიმდებარედ არსებული საძოვარი. 2010 წელს მოპასუხემ მოსარჩელეს შესთავაზა საძოვრის შესყიდვა, რაზედაც მოსარჩელე დათანხმდა. 29.11.2010წ. მხარეთა შორის მოხდა გარიგება და შედგენილი იქნა სესხის ხელწერილი, რომელშიც მოპასუხე წერს, რომ სესხად მიიღო ბ----- მ------------საგან 14 000 ლარი. ხელმოწერა დადასტურებული იქნა თ---–----- გამგებლის ბეჭდით. სესხის ხელწერილი წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, რომლითაც დაიფარა სხვა გარიგება, კერძოდ, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის რეალურად შედგა ნასყიდობის წინარე გარიგება. მიუხედავად შეთანხმებისა, მოპასუხემ ვერ შეძლო საძოვრის (100 ჰა) თავის საკუთრებაში გადაფორმება და მოსარჩელემ მოითხოვა ფულის უკან დაბრუნება. მოსარჩელემ 01.06.2017წ. მიმართა დახმარებისთვის პოლიციას და მოპასუხემ პოლიციაშიც დაადასტურა, რომ მოსარჩელისგან აღებული აქვს 14 000 ლარი, რომელიც დღემდე არ დაუბრუნებია.
3. მოპასუხის პოზიცია:
მხარეებს შორის ხელწერილის ფორმით დადებული იყო მოჩვენებითი გარიგება, რომლითაც დაიფარა სხვა სახის გარიგება, კერძოდ, ამხანაგობაში წილის ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული გარემოება დადასტურდა საქმეზე მოწმის სახით დაკითხული რ---–----- ზ------–---–-ს და მ--–----- კ---–-------- ჩვენებებით. შესაბამისად, ბ----- მ------------ს მოთხოვნა უსაფუძვლოა. ამავდროულად, გაშვებულია სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 27.03.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხე ყ------ ზ------–---–- მოსარჩელე ბ----- მ------------ს სასარგებლოდ დაეკისრა 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის გადახდა.
4.1. ს----------- რაიონის გამგეობის 2001 წლის 16 ოქტომბრის დადგენილების და მხარეთა განმარტებების საფუძველზე დადგენილია, რომ რ---–----- ზ------–---–-ს სახელზე 10 წლის ვადით იჯარით გაცემული იქნა 357 ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა (საძოვარი) ს----------- რაიონის სოფელი შ---–----- მიმდებარედ, ე.წ „-----------“ ტერიტორიაზე, რომელსაც შემდგომში მიენიჭა საკადასტრო კოდი №5----------- და №5-----------. ამ მიწის ნაკვეთით ერთობლივად სარგებლობდნენ რ---–----- ზ------–---–-, მისი ძმა ყ------- ზ------–---–- და მ--–----- კ---–-------. მოიჯარე რ---–----- ზ------–---–- თავის მხრივ აღნიშნულ საძოვარს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე აქირავებდა მოპასუხე ბ----- მ-----------ზე, რომელის ამ ტერიტორიაზე აძოვებდა თავის საქონელს და წელიწადში იხდიდა 7 000 ლარს.
4.2. 2010 წლის 29 ნოემბერს ყ------- ზ------–---–-ს და ბ----- მ------------ს შორის მოხდა გარიგება და ყ------- ზ------–---–-ს მიერ შედგენილი იქნა სესხის ხელწერილი, რომელშიც ყ------ ზ------–---–- წერს, რომ მიიღო სოფელ თ---–---ში მცხოვრები ბ----- მ------------საგან 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი სესხად. სასამართლო სხდომაზე ყ------ ზ------–---–მა დაადასტურა ბ----- მ------------საგან 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის მიღების ფაქტი და ის ფაქტი, რომ მიღებული თანხა არ დაუბრუნებია.
4.3. 2012 წელს, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ რ---–----- ზ------–---–- შეეცადა პირდაპირი შესყიდვის წესით საკუთრებაში შეეძინა მისთვის იჯარით გაცემული 357
ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა (საძოვარი), მაგრამ ეს მიწის ფართობი აუქციონის წესით სახელმწიფომ გაასხვისა სხვა პირზე.
4.4. მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების წარმოშობის საფუძველია უსაფუძვლო გამდიდრება. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელწერილის ფორმით შედგენილი სესხის აღების ხელწერილი, რომელსაც ხელი მოაწერა ორივე მხარემ, წარმოადგენდა თვალთმაქცურ გარიგებას. მხარეებმა განსხვავებულად აღწერეს დაფარული გარიგების შინაარსი, კერძოდ: მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ზეპირი ფორმით რეალურად შედგა ნასყიდობის წინარე გარიგება ან პირობითი გარიგება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ 2010 წელს ნაწილ-ნაწილ წინასწარ გადაიხადა 100 ჰექტარი მიწის ნასყიდობის ღირებულება 14 000 ლარი, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის გადაეცა საკუთრებაში მის სარგებლობაში არსებული საძოვარი 100 ჰექტარი, მას შემდეგ, რაც იჯარის ვადის დასრულების შემდგომ სახელმწიფოსაგან შეისყიდიდა ამ მიწას პირდაპირი შესყიდვის წესით და გახდებოდა მისი მესაკუთრე.
მოპასუხემ დაფარული გარიგების სხვა ვერსია წარმოადგინა და განმარტა, რომ 2010 წლის 29 ნოემბერს მხარეთა შორის რეალურად დაიდო არარეგისტრირებული ამხანაგობის წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელე ჩაენაცვლა მოპასუხეს, იგი გახდა ამხანაგობის წევრი და ამით მიიღო უფლება იჯარის ვადის დასრულების შემდეგ შეესყიდა სახელმწიფოსაგან ამ ამხანაგობის წევრების საერთო სარგებლობაში არსებული საძოვრის მესამედი ნაწილი,დაახლოებით 100 ჰექტარის ოდენობით. შეთანხმება მოხდა ამხანაგობის წილის ყიდვაზე და არა მიწის ნაკვეთის ყიდვაზე და შესაბამისად, მოპასუხეს თანხის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის არანაირი წერილობითი დოკუმენტი არ შემდგარა და მხარეები სხვადასხვა შინაარსის გარიგებებზე საუბრობენ, იმის უტყუარად დადგენა თუ რა შინაარსის ზეპირი გარიგება დადეს მხარეებმა შეუძლებელია. საქმის მასალებით უტყუარად დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო 14 000 ლარი, რომელიც მას არ დაუბრუნებია.
სასამართლო განმარტავს, რომ რა ფორმითაც არ უნდა დაიდოს გარიგება, ნება უნდა გამოვლინდეს ცხადად და მასში ნათლად უნდა გამოიკვეთოს განზრახული გარიგების შინაარსი და გარიგების მონაწილეების ნება უნდა გამოვლინდეს კანონით დადგენილი წესების დაცვით. კანონი ადგენს, რომ უძრავი საგნის ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერილობით უნდა გამოიკვეთოს განზრახული გარიგების შინაარსი და მასში ნათლად უნდა გამოიკვეთოს გარიგების მხარეთა ნება. სასამართლო არ იზიარებს მტკიცებას ამხანაგობის წილის გაყიდვასთან დაკავშირებით, რადგან არანაირი წერილობით მტკიცებულება იმისა, რომ ამხანაგობა ნამდვილად შექმნილი იყო, ამხანაგობის წევრები ეწეოდნენ ერთობლივ საქმიანობას და ყ------ ზ------–---–- ამ ამხანაგობის წევრი იყო - წარმოდგენილი არ არის. სასამართლო მიუთითებს იმ ფაქტს, რომ ყ------ ზ------–---–- არ წარმოადგენდა მითითებული საძოვრის ნაწილის არც მესაკუთრეს და არც მოიჯარეს. ყ------ ზ------–---–- მიწის სარგებლობის არანაირი კანონისმიერი უფლება არ გააჩნდა და შესაბამისად, ვერც წილს და ვერც რაიმე უფლებას ნივთზე ბ----- მ-----------ს ვერ გადასცემდა.
სასამართლო არ იზიარებს ასევე მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებას, რომ დადებული იყო ნასყიდობის წინარე გარიგება ან/და პირობითი გარიგება უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით, რადგან ასეთ შემთხვევაში გამყიდველი უნდა ყოფილიყო ნივთის მესაკუთრე. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე წინარე გარიგებაც და პირობითი გარიგებაც ჩვეულებრივ ხელშეკრულებას წარმოადგენს და მასზე სახელშეკრულებო სამართლის ყველა ნორმა გამოიყენება, მათ შორის ხელშეკრულების ფორმის დაცვა. თუ ვივარაუდებთ კიდეც, რომ მხარეთა შორის რეალურად არსებობდა (დაიფარა) ან უძრავი ქონების (მიწის) ან ზეპირად შექმნილი ამხანაგობის წილის ნასყიდობის გარიგება, ორივე შემთხვევაში ასეთი გარიგებები ბათილი უნდა ყოფილიყო, რადგან ასეთი ტიპის გარიგებები მოითხოვს რთულ წერილობით ფორმას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 54-ე, 53-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან შესაძლებელი არ არის ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი. ამ ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ვერ დგინდება რა გარიგების საფუძველზე მოსარჩელემ გადასცა 14 000 ლარი მოპასუხეს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველია უსაფუძვლო გამდიდრება. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე, 976-ე მუხლებზე და განმარტა, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელეს დაუბრუნდეს გაცემული თანხა. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს. სასამართლო უთითებს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი. ეს ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობისათვის, რომელიც არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 27.03.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ:
5.1. მოსარჩელე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ იგი ყ------- ზ------–---–-ს, რ---–---- ზ------–---–-ს და მ--–----- კ---–-------- თანხმობით სარგებლობდა კ---------ს ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის 200 ჰექტარით, სადაც განთავსებული ყავდა საქონელი. 2010 წლიდან მოსარჩელე აღარ იხდიდა ქირას და ფაქტობრივად სარგებლობდა მიწის ნაკვეთით არამარტო 2012 წლამდე, არამედ მას შემდეგაც. სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა გარემოება, რომ 2012 წლის შემდეგ ბ----- მ------------ კვლავ განაგრძობდა 200 ჰექტარი მიწით სარგებლობას უკვე რ---–----- ზ------–---–-ს და მ--–----- კ---–-------სთან ერთად.
მოწმეთა ჩვენებებით და მხარის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2012 წლის შემდეგ რ---–----- ზ------–---–-, მ--–----- კ---–------- და ბ----- მ------------ ცდილობდნენ იჯარის საგნის შეძენას პირდაპირი მიყიდვის ფორმით რ---–----- ზ------–---–-ს სახელზე და საქმეს სასამართლოშიც კი აწარმოებდნენ, რაც ცნობილი იყო მოსარჩელისთვის, რომლის საქონელიც კვლავ განთავსებულ იყო სადავო მიწის ნაკვეთზე.
5.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ყ------- ზ------–---–-, რ---–----- ზ------–---–- და მ--–----- კ---–------- ერთბლივად სარგებლობდნენ 10 წლის ვადით ს----------- გამგეობის დადგენილების საფუძველზე რ---–----- ზ------–---–-ს სახელზე იჯარით გაცემული 357 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთით, თუმცა ეს ფაქტი არასწორად არ მიიჩინა არარეგისტრირებულ ამხანაგობად. სასამართლომ ასევე არასწორად არ მიიჩნია მოპასუხისთვის 14 000 ლარის გადაცემა - ამხანაგობაში წილის ნასყიდობის ზეპირ ხელშეკრულებად. მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ მიწის გამოსყიდვა იყო სავარაუდო, შესაძლო შედეგი ამხანაგობის საქმიანობის და არა აუცილებელი პირობა 14 000 ლარის გადაცემის სანაცვლოდ.
5.3. სასამართლომ დადენილად მიიჩნია, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება იყო დაფარული გარიგება, მაგრამ არ მიუთითა, თუ კონკრეტულად რა სახის გარიგება დაიფარა მხარეებს შორის. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ არ ვლინდებოდა მხარეთა შორის არსებული გარიგების შინაარსი.
5.4. სასამართლომ არასწორად იმსჯელა ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით, ვინაიდან მხარეთა შორის დადებულ გარიგებაზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7. 29.11.2010წ. ყ------- ზ------–---–-ს (შემდგომში „მოპასუხე“) მიერ შედგენილი იქნა ხელწერილი მასზედ, რომ მოპასუხემ სოფელ თ---–---ში მცხოვრები ბ----- მ------------საგან (შემდგომში „მოსარჩელე“) სესხად მიიღო 14 000 ლარი (ტ.1, ს.ფ. 16).
სესხის დაბრუნების ვადა ხელწერილით არ განსაზღვრულა.
მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოსარჩელისგან 14 000 ლარის მიღების ფაქტს. უდავოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს მიღებული თანხა არ დაუბრუნებია (იხ.: შესაგებელი, ტ.1, 40-50).
8. მხარეთა შორის სადავოა თანხის გადაცემის მიზნობრიობა - მისი გადაცემის სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად, თანხის დაბრუნებაზე მოპასუხის ვალდებულების არსებობის ფაქტი.
მხარეები თანხმდებიან, რომ 14 000 ლარის გადაცემა არ მომხდარა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა განსხვავებულად აღწერენ დაფარული გარიგების შინაარსს.
გადაცემული თანხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით შედგა ნასყიდობის წინარე გარიგება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ გადაიხადა 100 ჰექტარი მიწის (საძოვრის) ნასყიდობის ღირებულება 14 000 ლარი, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, სახელმწიფოსგან შესყიდვის შემდეგ მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაეცა 100 ჰექტარი საძოვარი (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 1-12).
აღნიშნულის პასუხად მოპასუხე განმარტავს, რომ რეალურად მხარეთა შორის დაიდო არარეგისტრირებული ამხანაგობის წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელე ჩაენაცვლა მოპასუხეს, იგი გახდა ამხანაგობის წევრი და ამით მიიღო უფლება, იჯარის ვადის დასრულების შემდეგ შეესყიდა სახელმწიფოსგან ამ ამხანაგობის წევრების საერთო სარგებლობაში არსებული საძოვრის მესამედი ნაწილი. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის არასდროს ყოფილა საუბარი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსარჩელემ სრულად გაცნობიერებულად შეიძინა მოპასუხის წილი არარეგისტრირებულ ამხანაგობაში. 2012 წელს როდესაც იჯარის ხელშეკრულება შეწყდა სახელმწიფოს მიერ და საძოვარი გასხვისდა კერძო ინვესტორზე, ამხანაგობამ ფუნქციონირება შეწყვიტა, რადგან შეუძლებელი იყო საერთო მიზნის მიღწევა (იხ.: შესაგებელი, ტ.1, ს.ფ. 40-50).
მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების მიზნებისათვის პალატა ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც დადგენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და არც სააპელაციო საჩივრით გამხდარა სადავო:
- ს----------- რაიონის გამგეობის 2001 წლის დადგენილების საფუძველზე რ---–----- ზ------–---–-ს სახელზე 10 წლის ვადით იჯარით გაცემული იქნა 357 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (საძოვარი) ს----------- რაიონის სოფელი შ---–----- მიმდებარედ, ე.წ „----------- “ ტერიტორიაზე, რომელსაც შემდგომში მიენიჭა საკადასტრო კოდი №5----------- და №5-----------.
- რ---–----- ზ------–---–-ს მიერ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთით ერთობლივად სარგებლობდნენ რ---–----- ზ------–---–-, მისი ძმა - მოპასუხე და მ--–----- კ---–-------.
- მოიჯარე რ---–----- ზ------–---–- საძოვარს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე აქირავებდა მოსარჩელეზე, რომელიც ამ ტერიტორიაზე აძოვებდა საქონელს და წელიწადში იხდიდა 7 000 ლარს (ტ.1, ს.ფ. 51-63; გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 166,167).
გადაწყვეტილებით ასევე დადგენილია, რომ 2012 წელს, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ რ---–----- ზ------–---–- შეეცადა პირდაპირი შესყიდვის წესით საკუთრებაში შეეძინა მისთვის იჯარით გაცემული 357 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (საძოვარი), მაგრამ ეს მიწის ფართობი აუქციონის წესით სახელმწიფომ გაასხვისა სხვა პირზე (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 167 ). აპელანტი ამ ფაქტს პირდაპირ არ უარყოფს და აღნიშნავს, რომ ნაკვეთის შეძენა იყო არა მხოლოდ რ---–----- ზ------–---–-ს, ასევე მ--–----- კ---–-------- და მოსარჩელის ნება (ტ.1, ს.ფ.178). პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული არ ცვლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას, რამეთუ საქმის მასალებით უტყუარად დგინდება მოსარჩელის მიერ 14 000 ლარის გადახდა იმ მიზნობრიობით, რომ რ---–----- ზ------–---–-ს მიერ სახელმწიფოსაგან იჯარით აღებული და რ---–----- ზ------–---–-ს, მისი ძმის (მოპასუხის) და მ--–----- კ---–-------- სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის შემდგომ მოსარჩელეს საკუთრებაში გადასცემოდა მიწის ნაკვეთის წილი (100 ჰექტარი) (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ.2,3; რეაგირების ოქმი, ტ.1, ს.ფ.15; მოპასუხესთან გასაუბრების ოქმი, ტ.1, ს.ფ.92-95).
როგორც მოპასუხესთან გასაუბრების ოქმშიც არის აღნიშნული, თანხის სანაცვლოდ მოსარჩელე „შეძლებდა ყ------- ზ------–---–-ს წილის 100 ჰა-ს გაფორმებას თავის სახელზე“, რომ შემდგომ „ფართობის გაფორმება ვერ მოხერხდა, რის გამოც წარმოიშვა მათ შორის გაურკვევლობა...“ (ტ.1, ს.ფ.94). პალატა მიუთითებს, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ფაქტი უტყუარად არ დასტურდება არც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხული მოპასუხის ძმის - რ---–---- ზ------–---–-ს და მ--–---- კ---–-------- ჩვენებებით (იხ.: მოწმეთა ჩვენებები 01.02.2018წ. და 01.03.2018წ., სხდომებზე).
პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ დასკვნას მასზედ, რომ არ დგინდება ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების - ამხანაგობის წილის შეძენის თაობაზე მოსარჩელისა და მოპასუხის შეთანხმება. მხარეთა ნება იყო სახელმწიფოსაგან უძრავი ნივთის გამოსყიდვის შემდეგ მისი ნაწილის 14 000 ლარის სანაცვლოდ მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემა, რაც ვერ მოხერხდა. ამასთან, რადგან მოპასუხე არ იყო უძრავი ნივთის განკარგვაზე უფლებამოსილი სუბიექტი, მხარეებს შორის გაფორმდა უვადო სესხის ხელშეკრულება, რაც იმთავითვე არ შეესაბამებოდა მათ ნებას და ბათილია. ასევე ვერ დგინდება ბათილი გარიგებით დაფარული რაიმე ნამდვილი გარიგება, რაც გამორიცხავდა მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნების ვალდებულებას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მართებულია სიღნაღის რაიონული სასამართლოს დასკვნა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების და აქედან გამომდინარე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულის უკან დაბრუნების ვალდებულების არსებობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. ამდენად, სკ-ის 976-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ასრულებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე. მაშასადამე, იმ ვითარებაში, როდესაც დადასტურებულია და მოპასუხის მიერ არაა უარყოფილი თანხის მიღება, იმის მტკიცების ვალდებულება და სათანადო სამართლებრივი საფუძვლის მითითება, რომ მიღებული თანხის საკუთრებაზე წარმოეშვა მოპასუხეს უფლება, მისივე მტკიცებისა და მითითების ტვირთია (შდრ. სუსგ. Nას-686-2019, 19.07.2019წ.).
განსახილველ შემთხვევაში ამგვარ მტკიცებად ვერ იქნება მიჩნეული მოპასუხის განმარტება მასზედ, რომ გადაცემული თანხა წარმოადგენდა ამხანაგობაში წილის ნასყიდობის საფასურს. საქმის მასალებით ვერ დგინდება მოპასუხის მიერ მითითებული ამხანაგობის რეალურად არსებობის და მით უფრო, მხარეთა შორის ამხანაგობის წილის ნასყიდობის თაობაზე შეთანხმების ფაქტი. ამ კუთხით გასათვალისწინებელია შსს იორმუღანლოს პოლიციის განყოფილებაში თავად მოპასუხის გასაუბრების ოქმი, სადაც მოპასუხე განმარტავს, რომ „2010 წელს მან გადაწყვიტა გასულიყო საძოვრის ტერიტორიის წილიდან, რომელიც შეადგენდა 100 ჰა-ს..., მან მოსარჩელეს შესთავაზა მისთვის მიეცა 14 000 ლარი და იგი მის ნაცვლად წილს დაუთმობდა, ხოლო როდესაც მოხდებოდა „ფართობის კანონიერად გაფორმება, მოსარჩელე შეძლებდა მოპასუხის წილის 100 ჰექტარის გაფორმებას თავის სახელზე“. აქვე მოპასუხე აზუსტებს, რომ მან „14 000 ლარი გამოართვა თავისი წილი 100 ჰა-ს სანაცვლოდ“ (ტ.1, ს.ფ. 92-94).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე ვერ ადასტურებს შესაგებლის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს. მოპასუხემ ვერ დაადასტურა თანხის უკუმოთხოვნის გამომრიცხველი გარემოებები, რაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაცემული თანხის დაბრუნების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
9. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. პალატა მიუთითებს, რომ ეს ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობისათვის, რომელთათვისაც კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული სპეციალური მოწესრიგება, მათ შორის კონდიქციური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნაზე მართებულად გაავრცელა ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა და სარჩელი სწორად არ მიიჩნია ხანდაზმულად.
10. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
11. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.1, ს.ფ. 199).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ყ------- ზ------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 27.03.2018წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე