განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002566312
საქმე № 3ბ/2171-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
19 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ილონა თოდუა
მოსამართლეები - შოთა გეწაძე, გიორგი გოგიაშვილი,სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ა-–---- კ-----------
წარმომადგენელი - დ-------ი ნ-–--–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნ-----–-- გ--–-----ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გ-----------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–------------ის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანება;
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–---------–--ის გადაწყვეტილება №--------- და №--------- საჩივრებზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ა-–---- კ-----------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. 2----–-–------------ს 13:14 საათზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მებაჟე-ოფიცრის მიერ ა-–---- კ-----------ს მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, 2-----–-–--------------ს სგპ „წ-----–--------“ ტერიტორიაზე ა------------ის მხრიდან შევიდა საქართველოს მოქალაქე კ----------- ა-–----. ინტერვიუირებისას აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ მას დეკლარირებას დაქვემდებარებული არაფერი მოჰქონდა, მათ შორის, არც ძვირფასეულობა, თუმცა მისი კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერებისას აღმოჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ, 8 ცალი ბეჭედი, 6 წყვილი საყურე, 6 ცალი სამაჯური და 1 ცალი ყელსაბამი. ექსპერტის №----------- დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5998.81 ლარი. შესაბამისად, ა-–---- კ-----------ს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5998.81 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი ჩაიბარა ა-–---- კ-----------მ, რაც მოცემულ ოქმზე ხელის მოწერით დაადასტურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–------------ის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.13-14).
4.2. „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესახებ“ 2----–-–------------ის ოქმით ა-–---- კ-----------ს ჩამოერთვა ოქროს ნაკეთობები. საქონელი გადაეცა სგპ „–-----–-------“. აღნიშნული ოქმი ჩაიბარა ა-–---- კ-----------მ, რაც მოცემული ოქმზე ხელის მოწერით დაადასტურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესახებ“ 2----–-–------------ის ოქმი (ს.ფ.15-16).
4.3. „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „წ-----–-------ის“ ექსპერტიზის 2----–-–------------ის №----------- დასკვნის თანახმად, ა-–---- კ-----------ს კუთვნილი სამკაულების საბაჟო ღირებულებაა 5998.81 ლარი, მათ შორის, ოქროს ბეჭედი 585 სინჯის არაძვირფასი თვლებით 5 ცალი, წონა 10.58 გრამი, საბაჟო ღირებულებით 636.417 ლარი; ოქროს ბეჭედი 585 სინჯის ბრილიანტის თვლებით 1 ცალი, 4.07 გრამი, საბაჟო ღირებულებით 244.822 ლარი; ოქროს ბეჭედი 750 სინჯის ბრილიანტის თვლებით 2 ცალი, 5.95 გრამი, საბაჟო ღირებულებით 552.567 ლარი; ოქროს საყურე 585 სინჯის არაძვირფასი თვლებით 4 წყვილი, 7.11 გრამი, 427.686 ლარი; ოქროს საყურე 585 სინჯის 2 წყვილი, 9.15 გრამი, საბაჟო ღირებულებით 550.398 ლარი; ოქროს ყელსაბამი 585 სინჯის 1ცალი, 22.91 გრამი, საბაჟო ღირებულებით 1378.102 ლარი; ოქროს სამაჯური 585 სინჯის 2 ცალი, 13.9 გრამი, საბაჟო ღირებულებით 836.124 ლარი; ოქროს სამაჯური 585 სინჯის არაძვირფასი თვლებით 4 ცალი 22.82 გრამი, 1372.688 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „წ-----–--------“ ექსპერტიზის 2----–-–------------ის №----------- დასკვნა (ს.ფ.17-18).
4.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2-----–-–--------------ის №-------- შეტყობინებით ა-–---- კ-----------ს ნებისმიერ სახის ქონებაზე წარმოიშვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------ის №-------- შეტყობინება (ს.ფ.88).
4.5. ა-–---- კ-----------მ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–------------ის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.
საჩივრის თანახმად, ა-–---- კ----------- საბაჟო საზღვარზე გადასვლისას იყო სპორტულ ფორმაში, ამიტომ ძვირფასეულობა მოიხსნა და ჩააწყო ჩანთაში, როდესაც მებაჟეებმა ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდა ძვირფასეულობა, მან ამოიღო ჩანთიდან პირადი ნივთები და აჩვენა მებაჟეებს მათ შორის, ძვირფასეულობაც, ოქმში კი არასწორად მიუთითეს, თითქოს მან დამალა ან არ გაუმჟღავნა მებაჟეებს ხელჩანთაში ძვირფასეულობის არსებობა. ა-–---- კ-----------მ არ იცის ქართული ენა და ოქმი არ ეთარგმნა მისთვის გასაგებ ენაზე, რითაც დაირღვა მისი უფლება. ამასთან, ძვირფასეულობა წარმოადგენს მისი და მისი შვილის პირად საკუთრებას, რაც დასტურდება საჩივართან ერთად წარმოდგენილი ფოტო მასალით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები, მგზავრმა განაცხადა, რომ მას დეკლარირებას დაქვემდებარებული არაფერი მოჰქონდა, მათ შორის, არც ძვირფასეულობა, თუმცა მისი კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ, 8 ცალი ბეჭედი, 6 წყვილი საყურე, 6 ცალი სამაჯური და 1 ცალი ყელსაბამი. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (-----------), შეადგინა 5998,81 ლარი. საბჭომ მიუთითა იმ გარემოებაც, რომ ა-–---- კ----------- ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის ცნობილია მოქმედი საბაჟო პროცედურები. შემოსავლების სამსახური მთლიანად დაეთანხმა საბაჟო დეპარტამენტის მოსაზრებებს და დასკვნებს სადავო საკითხთან მიმართებაში და მიუთითა, რომ საჩივარში მითითებული არგუმენტები და ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გაუქმების ან დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს. ბრძანების მიხედვით, შემოსავლების სამსახურმა შეისწავლა რა საჩივრის მოტივები, მასში მითითებული გარემოებები, სამართლებრივი ნორმების ანალიზის, ფაქტობრივი გარემოებების და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დადასტურებულად მიიჩნია ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევა, რაც გამოიხატა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ა-–---- კ-----------ს მიერ დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით გადმოტანაში. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სამართალდამრღვევის მიმართ შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შეფარდებული სანქცია სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–---- კ-----------ს წარმომადგენლის 2----–-–------------ის საჩივარი (ს.ფ.81-82);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანება (ს.ფ.19-22).
4.6. ა-–---- კ-----------მ 2----–-–------------–ს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------ის №-------- შეტყობინების გაუქმება.
საჩივრის თანახმად, ა-–---- კ-----------ს მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2-----–-–--------------ის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი უკანონოდ არის შედგენილი, შესაბამისად, უკანონოდ არის გამოყენებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ა-–---- კ-----------ს ქონების მიმართ.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–----------ის №----- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, ვინაიდან ა-–---- კ-----------ს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება, მის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს ანალიტიკური დეპარტამენტის 2----–-–------------ის №-------- საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ შეტყობინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–---- კ-----------ს წარმომადგენლის 2----–-–------------–ის საჩივარი (ს.ფ.87);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–----------ის №----- ბრძანება (ს.ფ.89-90).
4.7. ა-–---- კ-----------მ 2----–-–---------ს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–------------ის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------ის №--------- შეტყობინებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანების გაუქმება.
საჩივრის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა წარდგენილი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩამორთმეული ნივთები ა-–---- კ-----------ს პირად ნივთებს წარმოადგენდა და არ იყო გამიზნული ეკონომიკური საქმიანობისათვის. საჩივარში მითითებულია ისიც, რომ ა-–---- კ-----------ს მისთვის გასაგებ ენაზე არ ეთარგმნა ოქმი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2----–-–---------–--ის გადაწყვეტილებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების თანახმად, ოქროს ნაკეთობების მალულად გადმოტანისათვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერებასთან დაკავშირებით საბჭომ მიუთითა, რომ ა-–---- კ-----------მ ინტერვიუირებისას განაცხადა, რომ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს არ გადაადგილებდა. აღნიშნული დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი სადავო ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერიდან. ამრიგად, ვინაიდან ა-–---- კ-----------ს მიერ საბაჟო საზღვრაზე გადაადგილებული საქონლის (ოქროს ნაკეთობები) საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5998.1 ლარი, რაც აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დაუბეგრავ ღირებულებას, მას წარმოეშვა კუთვნილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ ა-–---- კ-----------ს მიმართ გამოყენებული სანქცია მართლზომიერია და საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილების მიხედვით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკასთან დაკავშირებით საბჭომ მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებისა და წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ა-–---- კ-----------ს 2----–-–------------–ის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება სხვა ჯარიმებში 5998,81 ლარის ოდენობით. დავალიანება წარმოშობილია 2----–-–------------ის მდგომარეობით, აღნიშნული თარიღით შედგენილი №-------- სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დარიცხული თანხის გადაუხდელობით. აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში 2----–-–---------- წარმოდგენილი საჩივრით გასაჩივრებულია საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–------------ის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან; ბ) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე; გ) გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომელიც 2----–-–------------ის მდგომარეობით 5998,81 ლარს შეადგენს, საბჭომ მიიჩნია, რომ ა-–---- კ-----------ს ქონების მიმართ 2----–-–------------ს წარმოშობილი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–---- კ-----------ს წარმომადგენლის 2----–-–---------ის საჩივარი (ს.ფ.91-92);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–---------–--ის გადაწყვეტილება (ს.ფ.23-31).
4.8. ა-–---- კ----------- არის საქართველოს მოქალაქე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–---- კ-----------ს პასპორტის ასლი (ს.ფ.33).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსი განეკუთვნება საჯარო სამართლის ნორმატიულ აქტს, რომლის მეათე კარი არეგულირებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების შესახებ წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობებს, რომელიც თავისი ბუნებით განეკუთნება სახელმწიფო მმართველობის სფეროში წარმოშობილ სამართალურთიერთობებს. მისი ერთ-ერთი სუბიექტი აუცილებლად არის სახელმწიფო მმართველობის განმხორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, საბაჟო საქმიანობა წარმოადგენს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლებრივი ფუნქციის განხორციელებას. სამართლებრივი ურთიერთობა საბაჟო სფეროში არის სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუტების, ფიზიკური და იურიდიული პირების (სამართლის სუბიექტების) სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების შესრულება, რომლებიც წარმოიშობა საბაჟო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო სამართალურთიერთობის მონაწილეებს საბაჟო სფეროში ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ სამართლის ნორმით დადგენილი უფლებანი და მოვალეობანი, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია დარწმუნებით, ანუ კანონმორჩილებით და მისი დარღვევის შემთხვევაში – სახელმწიფო იძულებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით და პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს, ექსპორტს თუ ტრანზიტს, ვალდებულია, იცოდეს კანონის მოთხოვნები და ზუსტად შეასრულოს ისინი. ამასთან, პირმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რაც მიზნად ისახავს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა/გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით/მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა პირს ავალდებულებს, წარადგინოს საბაჟო დეკლარაცია საქონლის მიმართ, თუ ეს საქონელი გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და თუ ამ საქონლის ღირებულება აღემატება დაუბეგრავ მინიმუმს. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხეთა წარმომადგენლების არგუმენტაცია და მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ საბაჟო საზღვრზე გადმოსატანი საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატება დაუბეგრავ მინიმუმს, მიუხედავად იმისა, მოცემულ პირს აქვს თუ არა ეკონომიკურ საქმიანობაში მისი გამოყენების მიზანი, იგი ექვემდებარება დეკლარირებას.
სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ა-–---- კ-----------ს ჰქონდა განზრახვა საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოეტანა ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება შეადგენს 5998.81 ლარს, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ მინიმუმს აღემატება, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-–---- კ-----------ს აღნიშნული საქონლის მიმართ წარმოეშვა დეკლარირების ვალდებულება, რაც მას არ განუხორციელებია.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 ნომებრის გადაწყვეტილებაზე (№ბს-572-572(2კ-18) საქმე), რომლის თანახმად, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილი ალტერნატიულად იძლევა საბაჟო კონტროლისაგან როგორც მალულად, ასევე, მისი გვერდის ავლით საბაჟო საზღვარზე საქონლის გადმოტანის/გადატანის სახით ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პირის დაჯარიმების შესაძლებლობას. მითითებული მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ერთმანეთისაგან მკვეთრად იმიჯნება სამართალდარღვევის ჩადენის ორი ალტერნატიული „გზა“ - საბაჟო კონტროლის გვერდის ავლა და საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადმოტანა/გადატანა. შესაბამისად, ერთმანეთისაგან განსხვავებულია ის სამართლებრივი წინაპირობებიც, რომლებიც თითოეულ შემთხვევაში პირის მხრიდან აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის დროს აუცილებლად უნდა იკვეთებოდეს. კერძოდ, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლის გადმოტანის/გადატანის მიმართ პირის განზრახვა გამოხატულია შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული საბაჟო გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, მათ გარეთ არსებული სივრციდან სახელმწიფო საზღვრის შიგნით ან, პირიქით, საზღვრებს შიგნიდან - გარეთ საქონლის უკანონო გადაადგილების სურვილში, მაშინ, როდესაც საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადაადგილების მიმართ არსებული განზრახვა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თუმცა მისგან ფარულად, საბაჟო კონტროლისათვის საქონლის გადაადგილების შემჩნევისათვის შემაფერხებელი გარემოებების შექმნის მცდელობით ვლინდება.“
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომ „საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადმოტანა/გადატანა არ გულისხმობს მხოლოდ სპეციალური სამალავით, ანუ მანქანის კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი, არაქარხნული, კუსტალურად დამზადებული, საქონლის ფარული გადაზიდვისათვის მოწყობილი სპეციალურად დახურული საშუალებით გადაზიდვას. საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადაადგილება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ზემოხსენებული სამალავით, ასევე, მის გარეშე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალდარღვევის მალულად ჩადენა არ გამოიხატება აღნიშნული ქმედების კონკრეტული, სპეციალურად მოწყობილი საშუალებისა თუ საგნის გამოყენებით განხორციელებაში. იგი დაკავშირებულია პირის ბრალეულ ქმედებასთან, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს პირის განზრახვას, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადააადგილოს საქონელი საქართველოს საბაჟო საზღვარზე, ხოლო, მეორე მხრივ, მის გაუფრთხილებელ ქმედებას, რომლითაც დაირღვა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების მიმართ საჭირო ყურადღებიანობისა თუ გულისხმიერების აუცილებელი მოთხოვნები, რასაც, შედეგად, მოჰყვა პირის მიერ საბაჟო საზღვარზე გაუფრთხილებლობით საქონლის წარუდგენლობა და რასაც შეეძლო პოტენციური საფრთხე შეექმნა საბაჟო ზედამხედველობისა თუ კონტროლის ეფექტური განხორციელებისათვის.“ „საკასაციო სასამართლო, ასევე, დამატებით აღნიშნავს, რომ დეკლარირების მიზანს საბაჟო საზღვარზე გადასაადგილებელი ქონების წარდგენა წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული ქმედების ზედმიწევნით განხორციელებაზეა დამოკიდებული საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტურობის ხარისხიც. შესაბამისად, დეკლარაციის წარუდგენლობა და საბაჟო საზღვარზე საქონლის მალულად გადატანა წარმოშობს საფრთხეს იმისა, რომ ზემოხსენებული ქმედებები ვერ განხორციელდება. აღნიშნული კი, ავტომატურად ქმნის საბაჟო საზღვარზე საქონლის მალულად გადამაადგილებელი პირისათვის საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.“
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ ფაქტზე მითითებით, რომ საქმეში წარმოდგენილი აუდიო-ვიდეოს მასალის მიხედვით მებაჟე-ოფიცერი ესაუბრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელშიც იჯდა ა-–---- კ-----------, ხოლო მძღოლის განცხადებით მანქანაში მსხდომი პირები არიან დედა და და, ამასთან, მებაჟე-ოფიცერი კითხვით მიმართავს ა-–---- კ-----------ს, იცის თუ არა რუსული, რაზეც ა-–---- კ----------- მხრების აჩეჩვით პასუხობს, თუმცა მძღოლს ესმის რუსული და იგი მებაჟე-ოფიცერს სცემს პასუხებს. აუდიო-ვიდეო მასალის მიხედვით, მებაჟე-ოფიცერი სთხოვს მძღოლს, გადაუთარგმნოს, აქვს თუ არა მოსარჩელეს დასადეკლარირებელი ძვირფასეულობა, იგივე შეკითხვით მიმართავს თავად ა-–---- კ-----------ს, რომელიც ხელებს შლის და შემდეგ ყელზე იკიდებს ხელს ყელსაბამის ჩვენების მიზნით. მძღოლი კი აცხადებს, რომ მათ არ გააჩნიათ დასადეკლარირებელი საქონელი. სასამართლო აღნიშნული აუდიო-ვიდეო მასალის შეფასებისას მიიჩნევს, რომ ა-–---- კ-----------სთვის მოხდა შეკითხვის დასმა, ჰქონდა თუ არა დასადეკლარირებელი ძვირფასეულობა, მისი ჟესტებითა და მძღოლის განმატებით, მან განაცხადა, რომ არ გააჩნდა დასადეკლარირებელი საქონელი, შესაბამისად, აღნიშნული ქმედებით ა-–---- კ-----------ს სურდა საბაჟო კონტროლის მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოეტანა დასადეკლარირებელი ოქროს ნაკეთობები, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-–---- კ-----------ს მიმართ სადავო სამართალდარღვევის ოქმი საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იყო შედგენილი.
სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ა-–---- კ-----------ს მისთვის გასაგებ ენაზე არ განემარტა ოქმის შინაარსი, არ ყოფილა მოწვეული თარჯიმანი, რაც აღნიშნული ოქმის ბათილად ცნობის საფუძველია.
სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 2071 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება ან/და საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების შედგენა შეიძლება უცხოურ ენაზედაც.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ შეიცავს მითითებას თარჯიმნის მოწვევის შესაძლებლობის შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რიგს განეკუთვნება, საგადასახადო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული იმ საკითხების მოსაწესრიგებლად, რომლის თაობაზედაც საქართველოს საგადასახადო კოდექსი მითითებას არ შეიცავს, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებანი. კერძოდ, ხსენებული კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები, რომლის პირველი ნაწილი სხვა უფლებებთან ერთად ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებას, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, უზრუნველყოს საქმეში მონაწილე წარმოების ენის არმცოდნე მხარის თარჯიმნით აღჭურვა, არამედ აღნიშნული თავად საგადასახადო პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებას წარმოადგენს, რომლის რეალიზებაც, ასევე, მის ნებაზეა დამოკიდებული. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თუკი მოსარჩელე საჭიროებდა თარჯიმანს, მას გააჩნდა უფლება მიეთითებინა თარჯიმნის მოწვევის საჭიროებაზე, ხოლო ასეთი მოთხოვნის არარსებობის პირობებში ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა ვალდებულება, დამატებით, პასუხისგებაში მიცემული პირის ნების გამოვლენისაგან დამოუკიდებლად უზრუნველეყო საქმის განხილვაში თარჯიმნის მოწვევა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქმეში წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერზე მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელშიც იჯდა მოსარჩელე, ესმოდა რუსული ენა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებსა და ა-–---- კ-----------ს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფდა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა ა-–---- კ-----------სთვის თარჯიმნის მოწვევაზე უარის თქმის ან მისი აღნიშნული უფლებით სარგებლობის სხვაგვარი შეზღუდვის არსებობის თაობაზე. სასამართლომ, მიიჩნია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით ჩატარებული წარმოება შესაბამისობაში იყო მოქმედ კანონმებლობასთან და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ის გარემოებები, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი.
6. ა-–---- კ-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. ა-–---- კ-----------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს და განმარტავს, რომ გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი და მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაარღვია მოსარჩელის კონსტიტუციური უფლება, რომ მებაჟეს მასთან გასაუბრებისას თან უნდა ჰყოლოდა თარჯიმანი. ამასთან, აპელანტი მიიჩნევს, რომ ოქროულობის რაოდენობა და ღირებულება არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ეს ქონება განკუთვნილი იყო ეკონომიკური საქმიანობისთვის. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები, რადგან არსად ჩანს, რომ მოსარჩელეს ეს ნივთები დამალური ჰქონდა. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ მიაქცია იმ გარემოებას ყურადღება, რომ მებაჟემ არ მისცა საშუალება მოსარჩელეს ემოქმედა მისთვის მინიჭებული უფლებებით ნივთის დეკლარირებასთან დაკავშირებით და არ განუმარტა კანონი.
7. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ძირითადი არსი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის არასწორ გამოყენებას, ანუ არასწორ სამართლებრივ შეფასებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე აღიარებს მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, თუმცა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ემყარება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასრულყოფილ შეფასებას, რაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გამორიცხავს ამ შეფასებების საფუძველზე წარმოდგენილი დასკვნების გაზიარების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
7.2. პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–------------ის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–---------–--ის გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შემოწმდეს განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
7.3. პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა – შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა, ხოლო „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
პალატა მოიხმობს საქართველოს კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის (ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2----–-–------------ს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, ა-–---- კ-----------ს მიმართ შედგა №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც იგი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 5998.81 ლარით. რადგან ა-–---- კ-----------ს ხელჩანთის დათვალიერებისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ 8 ცალი ბეჭედი, 6 წყვილი საყურე, 6 ცალი სამაჯური და 1 ცალი ყელსაბამი, საბაჟო ღირებულებით 5998.81 ლარი. ასევე, მას ჩამოერთვა აღნიშნული ნივთები.
პალატა განმარტავს, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით და პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს, ექსპორტს თუ ტრანზიტს, ვალდებულია, იცოდეს კანონის მოთხოვნები და ზუსტად შეასრულოს ისინი. ამასთან, პირმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რაც მიზნად ისახავს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „გ“ და „კ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დეკლარანტი არის პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით; საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. მითითებული მუხლის „ნ“, „ჟ“ და „ღ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქონლის წარდგენა არის შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; საქონლის დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას, ზოგადი დეკლარირება – საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.
ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, იმპორტის გადასახდელი არის იმპორტის გადასახადი, აქციზი, დღგ, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან დაკავშირებით, ხოლო „მ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ საქონლის მფლობელი არის პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ ოპერაციებში არის საქონლის მესაკუთრე, ან რომელსაც აქვს საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი.
ამასთან, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია პირადი ნივთის დეფინიცია, კერძოდ, პირადი ნივთი არის მგზავრის პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი საგანი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას გადაიზიდება ბარგით ან/და ხელბარგით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას ხორციელდება ზოგადი დეკლარირება, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე ხორციელდება ზოგადი დეკლარირება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობით მოწესრიგებულია სასაქონლო ოპერაციების სახეები და კონკრეტული მათგანის გამოყენება სწორედ განსახორციელებელ ქმედებაზე არის დამოკიდებული. დამატებით მნიშვნელოვანია გადაადგილებული საქონლის ღირებულება, ასევე, რამდენად არის იგი განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სუსგ 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინება საქმეზე #ბს-216-216 (2კ-18)).
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საქმის მასალებით ცალსახად არ დასტურდება ა-–---- კ-----------ს მხრიდან საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
მოცემულ შემთხვევაში ოქროს სამკაულების რაოდენობა და ღირებულება ცალსახად არ განაპირობებს მისი ეკონომიკური საქმიანობისათვის გადაადგილების ფაქტის დადასტურებულად მიჩნევას. ამასთან, მნიშვნელოვანია, თუ ვის ეკისრება კანონმდებლობით კონკრეტული სასაქონლო ოპერაციის შერჩევა და მასში საქონლის მოქცევა. ხოლო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/ საქონლის მფლობელს.
პალატა დაუსაბუთებელად მიიჩნევს, რამ განაპირობა საგადასახადო ორგანოთა მიერ ა-–---- კ-----------ს დავალდებულება, რომ საქონელი მოექცია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში და სწორედ მოსარჩელე არის ის პირი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს სასაქონლო ოპერაციის შესაბამისი სახის შერჩევა და მასში საქონლის მოქცევა.
7.5. პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობაზე იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი აუდიო-ვიდეოს მასალის მიხედვით მებაჟე-ოფიცერი ესაუბრებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელშიც იჯდა ა-–---- კ-----------, მძღოლის განმარტებით, მანქანაში მსხდომი პირები იყვნენ დედა და და, ამასთან, მებაჟე-ოფიცერი კითხვით მიმართავს ა-–---- კ-----------ს, იცოდა თუ არა რუსული ენა, რაზეც ა-–---- კ----------- მხრების აჩეჩვით პასუხობდა, თუმცა მძღოლს ესმოდა რუსული ენა და იგი მებაჟე-ოფიცერს სცემდა პასუხებს. აუდიო-ვიდეო მასალის მიხედვით, მებაჟე-ოფიცერი სთხოვდა მძღოლს, გადაეთარგმნა ა-–---- კ-----------სთვის ჰქონდა თუ არა დასადეკლარირებელი ძვირფასეულობა, რომელიც ხელებს შლის და შემდეგ ყელზე იკიდებს ხელს ყელსაბამის ჩვენების მიზნით. მძღოლი კი აცხადებს, რომ მათ არ გააჩნიათ დასადეკლარირებელი საქონელი. ჟესტებითა და მძღოლის განმატებით, ა-–---- კ-----------ც აცხადებს, რომ არ გააჩნია დასადეკლარირებელი საქონელი.
პალატა მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-14 მუხლზე, სადაც მითითებულია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთში - აგრეთვე აფხაზური. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2071 მუხლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება ან/და საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების შედგენა შეიძლება უცხოურ ენაზედაც. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია რომ, თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე.
პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განამრტებას, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ შეიცავს მითითებას თარჯიმნის მოწვევის შესაძლებლობის შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რიგს განეკუთვნება, საგადასახადო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული იმ საკითხების მოსაწესრიგებლად, რომლის თაობაზედაც საქართველოს საგადასახადო კოდექსი მითითებას არ შეიცავს, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განამრტებით, საქმეში არსებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერზე დაყრდნობით, იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელშიც იჯდა მოსარჩელე, ესმოდა რუსული ენა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებსა და ა-–---- კ-----------ს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფდა. რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-–---- კ----------- არ საჭიროებდა თარჯიმანს.
აღნიშნულის საპირისპიროდ პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლზე, სადაც ცალსახად არის დადგენილი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება და ა.შ.
ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 258-ე მუხლი ასევე არეგულირებს თარჯიმნის დანიშვნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროს. მუხლში განმარტებულია, რომ თარჯიმანს დანიშნავს ორგანო (თანამდებობის პირი), რომლის წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. ზემოაღნიშნული მუხლების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მართალია სამართალწაროება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს შესაძლებლობას პირი უზრუნველყოფილი იქნეს თარჯიმნის მომსახურებით.
დასკვნის სახით, პალატა განმარტავს: ის გარემოება რომ ავტომობილის მძღოლი, რომელშიც იჯდა ა-–---- კ-----------, უზრუნველყოფდა კომუნიკაციას საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებსა და ა-–---- კ-----------ს, არ გამორიცხავს ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებას მისთვის უზრუნველეყო თარჯიმანი (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სუსგ 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება საქმეზე #ბს-1536 (კ-18)).
პალატა, აქვე ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზეც, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. ,,ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად. ამდენად, სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-626-596(კ-07).
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–---- კ-----------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა-–---- კ-----------ს სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად. ამრიგად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–------------ის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–---------–--ის გადაწყვეტილება №--------- და №--------- საჩივრებზე.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდიალია 240 ლარი, ხოლო სარჩელზე გადახდილია - 180 ლარი, რაც სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს - სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა-–---- კ-----------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გდაწყვეტილება;
3. ა-–---- კ-----------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;
4. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–------------ის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
5. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანება;
6. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–---------–--ის გადაწყვეტილება (№--------- და №--------- საჩივრებზე);
7. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა (240 ლარის ოდენობით) და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (180 ლარის ოდენობით) გადახდა, ჯამში 420 ლარის ოდენობით, დაეკისროთ მოპასუხეებს - სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე ილონა თოდუა
მოსამართლეები შოთა გეწაძე
გიორგი გოგიაშვილი