განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.06.2019
საქმის ნომერი
330310017001896221
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/322-19, 330310017001896221

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

20 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - გელა ბადრიაშვილი

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენლები - თ----------------–---, ხ-----------–--------–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს ,,თ---–---------–ენი“

 

მესამე პირი - კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „თ---–---------–ენის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 20 აპრილის N---- განკარგულება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები

 

2016 წლის 21 სექტემბერს, კასპის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა №S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერი მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოებისა და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N- ოქმის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულად შპს „თ---–---------–ენი“ გამოვლინდა. 2016 წლის 12 აპრილს კასპის მუნიციპალიტეტსა და შპს „თ---–---------–ენს“ შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით, შპს „თ---–---------–ენმა“ იკისრა ვალდებულება, განეხორციელებინა სოფელ გ--------–ას წყლის მაგისტრალისა და სათავე ნაგებობის აღდგენითი სამუშაოები (პუნქტი 2). ხელშეკრულების 6.1. პუნქტის მიხედვით, სამუშაოების შესრულების და დადებითი საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვადად განისაზღვრა დრო 2016 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მხარეთა შორის 2016 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული ვადა 2016 წლის 20 დეკემბრამდე გაგრძელდა (ს.ფ. 202).

 

2017 წლის 10 თებერვალს, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს N-------- შეტყობინებით მიმართა, რომლითაც აცნობა, რომ შპს „თ---–---------–ენმა“ დაარღვია N--- ხელშეკრულების 6.1 პუნქტი - მას შემსყიდველისათვის არ წარუდგენია შესრულებულ სამუშაოებზე საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 182).

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 თებერვლის N-------- შეტყობინება შპს „თ---–---------–ენს“ 2017 წლის 17 თებერვალს გადაუგზავნა და მიუთითა, რომ მასთან დაკავშირებით პოზიცია 5 დღის ვადაში უნდა ყოფილიყო წარდგენილი. პასუხად, შპს „თ---–---------–ენის“ 2017 წლის 21 თებერვლის წერილით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განემარტა, რომ შპს „თ---–---------–ენისათვის“ მიუღებელი იყო გამგეობის მოთხოვნა საექსპერტო დასკვნის წარდგენისა და შესაბამისი საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, ვინაიდან სატენდერო დოკუმენტები ამგვარ ვალდებულებას არ ითვალისწინებდა.

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 12 აპრილის N1152 განკარგულებით შპს „თ---–---------–ენს“ გამოეცხადა გაფრთხილება იმ საფუძვლით, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა 2016 წლის 12 ოქტომბრის N--- ხელშეკრულება - შემსყიდველს არ წარუდგინა შესრულებულ სამუშაოებზე დადებითი საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 172-175).

 

2016 წლის 20 სექტემბერს, კასპის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა №------------ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოებისა და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N- ოქმის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულად შპს „თ---–---------–ენი“ გამოვლინდა. 2016 წლის 12 ოქტომბერს კასპის მინიციპალიტეტსა და შპს „თ---–---------–ენს“ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც შპს „თ---–---------–ენმა“ სოფელ ოკამში სატუმბი სადგურისა და რეზერვუარის მოწყობის სამუშაოების შესრულება იკისრა. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების შესრულების და დადებითი საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვადად 2016 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით დრო განისაზღვრა (პუნქტი 6.1) (ს.ფ. 164-167).

 

2017 წლის 23 იანვარს, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარედგინა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის N-------- შეტყობინება, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ შპს „თ---–---------–ენმა“ არ შეასრულა 2016 წლის 12 ოქტომბრის N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები (ს.ფ. 15).

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 23 იანვრის N-------- შეტყობინება შპს „თ---–---------–ენს“ 2017 წლის 6 თებერვალს გადაუგზავნა და მიუთითა, რომ მასთან დაკავშირებით პოზიცია სააგენტოსთვის უნდა ყოფილიყო წარდგენილი. პასუხად, შპს „თ---–---------–ენის“ 2017 წლის 9 თებერვლის წერილით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განემარტა, რომ: - N--- ხელშეკრულების ხელმოწერიდან მე-5 დღეს, სიტუაციის ადგილზე შესწავლის შემდეგ შპს „თ---–---------–ენმა“ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას აცნობა, რომ ოკამის დეფექტურ აქტში მოცემული ტუმბოები ვერ უზრუნველყოფდა წყლის საჭირო ნიშნულამდე აქაჩვას (აქტში არ იყო მოცემული ასაქაჩი წლის მოცულობა და აწევის სიმაღლე), რის გამო მოთხოვნილ იქნა საპროექტო უზუსტობების შესწორება, რაზედაც რეაგირებას ადგილი არ ჰქონია; - 2016 წლის 28 ნოემბრის N-- წერილით შპს „თ---–---------–ენმა“ გამგეობას კვლავ შეატყობინა ტუმბოების შეუსაბამობასთან დაკავშირებით და უამინდობის გამო სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა; - 2016 წლის 14 დეკემბრის N-- წერილით შპს „თ---–---------–ენმა“ გამგეობაში შეიტანა ფორმა N2 შესრულებული სამუშაოების შესახებ 9234,39 ლარის ღირებულებით, მაგრამ ანაზღაურებას ადგილი არ ჰქონია; - შპს „თ---–---------–ენმა“ არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა, შეესრულებინა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დეფექტურ აქტში არსებული ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, რადგან მას შესრულებული ჰქონდა სამუშაოების 40% (ს.ფ. 218-219).

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 20 აპრილის N---- განკარგულებით შპს „თ---–---------–ენი“ დარეგისტრირდა შავ სიაში იმ საფუძვლით, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა 2016 წლის 12 ოქტომბრის N--- ხელშეკრულება (ს.ფ. 214-217).

 

დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ადგენს, რომლის მიზნებია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი და მე-2 მუხლები).

 

ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანოა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომლის საქმიანობის სფერო მოიცავს შავი სიის - შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის წარმოებას („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი).

 

მითითებული კანონის მიხედვით, შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „მ“ პუნქტი).

 

,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცდა. აღნიშნული წესი განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს.

 

,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მიხედვით, შავ სიაში პირის დარეგისტრირების ერთ-ერთი საფუძველია შემთხვევა, როცა მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო (მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი).

 

შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში

დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის ზემოაღნიშნული საფუძველი და სააგენტოს წარუდგინოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს (,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-4 მუხლი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შავ სიაში პირის დარეგისტრირების საკითხს განიხილავს შემსყიდველის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. წერილობითი შეტყობინების კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. სააგენტო უფლებამოსილია, შემსყიდველი ორგანიზაციისგან, პრეტენდენტისგან/მიმწოდებლისგან ან/და სხვა პირებისგან/ორგანოსგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-4 და მე-5 მუხლები).

 

შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესი განსაზღვრულია ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით: 1. სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; 2. საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი; 3. გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას; 4. სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები; 5. გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიას სააგენტო განათავსებს ვებგვერდზე. 6. შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს - მიმწოდებელს მისცეს გაფრთხილება ან დაარეგისტრიროს იგი შავ სიაში, თუ შემსყიდველის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული მონაცემებით დადასტურდება მის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატენდერო დოკუმენტებისა გამოკვლევის შედეგად მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით ჰქონდა საფუძველი, დაედგინა შპს „თ---–---------–ენის“ მიერ N--- ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი - შპს „თ---–---------–ენმა“ დაადასტურა, რომ შემსყიდველისათვის არ წარუდგენია შესრულებულ სამუშაოებზე საექპერტო დასკვნა, ამგვარი დასკვნის წარდგენის ვალდებულება კი N--- ხელშეკრულებიდან ცალსახად გამომდინარეობს. რაც შეეხება N--- ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მასზე დასკვნების გამოტანის საფუძველი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არ გააჩნდა. საქმის გარემოებების მიხედვით, შპს „თ---–---------–ენმა“ N--- ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შეუძლებლობაზე მიუთითა საპროექტო დოკუმენტების ხარვეზსა და მასთან დაკავშირებით შემსყიდველის მხრიდან საჭირო ზომების მიუღებლობაზე პრეტენზიის გაცხადებით. ამდენად, N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებები და ვალდებულებები იყო სადავო, სახელშეკრულებო დავის გადაწყვეტის კომპეტენცია კი გააჩნია სასამართლოს ან არბიტრაჟს მხარეთა შესაბამისი შეთანხმების შემთხვევაში ("საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11-მე-12 მუხლები). ამასთან, დავის გადასაწყვეტად სასამართლოსათვის მიმართვით დაინტერესებულ მხარედ ის მხარე უნდა ჩათვლილიყო, რომელსაც ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე ჰქონდა პრეტენზია. ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს „თ---–---------–ენის“ მიერ N--- ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი შეეძლო, მხოლოდ დავის სასამართლოს განხილვის შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე დაედგინა. ასეთი გადაწყვეტილება მასთან შემსყიდველის მიერ წარდგენილი არ ყოფილა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 12 აპრილის N1152 განკარგულება გაფრთხილების შესახებ გამოტანილია კანონის დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, 2017 წლის 20 აპრილის N---- განკარგულება კი მიღებულია საქმის გარემოებების არასწორად დადგენისა და კანონის არასწორად გამოყენების შედეგად, რის გამოც უნდა იქნეს ცნობილი ბათილად.

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სახელმიწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. იმავე წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმეში არსებული გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს შემსყიდველ ორგანიზაციას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით მოსთხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. ამდენად, ტენდერის მიმდინარეობისას მიმწოდებელს საშუალება ჰქონდა, დაეზუსტებინა აღნიშნული საკითხი, შემდგომში გაუგებრობის თავიდაც აცილების მიზნით, რაც გახდა მის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების მიზეზი.

 

აპელანტის მითითებით, სადავო შემთხვევაში დადგინდა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში არასრულად შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები, ხოლო ვალდებულებების შესრულების ვადის გაზრდაზე შემსყიდველი ორგანიზაციისაგან მიიღო უარი, რადგან თვითონ უარს აცხადებდა ისეთი ტუმბოების დამონტაჟებაზე, რომლებიც საჭირო იყო ვალდებულებების შესრულებისათვის და ითხოვდა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას, რის შესაბამისადაც, ვალდებულებების შესრულების ვადის გაზრდა შედეგს ვერ გამოიღებდა.

 

აპელანტის მითითებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტომ მიიჩნია, რომ არსებობდა მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიიაში დარეგისტრირების საფუძველი. ანგარიშგასაწევია, რომ შპს „თ---–---------–ენს“ 2017 წლის 12 აპრილს მიღებული ჰქონდა გაფრთხილება N S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. შპს „საქსათბობმშენის“ გაფრთხილების მოქმედების ვადა იწურებოდა 2018 წლის 12 აპრილს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი, ვინაიდან მიმწოდებელს 2017 წლის 12 აპრილს მიცემული ჰქონდა გაფრთხილება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, არსებული დარღვევისა და მიმწოდებლის მანამდე არსებული გაფრთხილების ფაქტის გათვალისწინებით, შპს „თ---–---------–ენი“ დარეგისტრიდა შავ სიაში.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ დავობენ, სადავოა მხოლოდ ცალკეულ გარემოებათა სამართლებრივი შეფასება. ამდენად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩვრებულია მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 20 აპრილის N1299 განკარგულების კანონიერების საკითხი.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ განკარგულებას საფუძვლად დაედო კომპანიასა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული N--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევა. საქმის მასალების თანახმად, დარღვევები მდგომარეობდა იმაში, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად საჭირო იყო უფრო მაღალი წნევის ტუმბოები, ვიდრე ამას ვარაუდობდა მიმწოდებელი - შპს „თ---–---------–ენი“. ამასთან, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელებაზე კომპანიას უარი განუცხადა, რადგან შპს „თ---–---------–ენი“ უარს აცხადებდა ისეთი ტუმბოების დამონტაჟებაზე, რომელიც საჭირო იყო ვალდებულების შესასრულებლად და ითხოვდა ხალშეკრულებაში ცვლილების შეტანას. ამდენად, ვალდებულების შესრულების ვადის გაზრდა შედეგს ვერ გამოიღებდა.

 

შპს „თ---–---------–ენი“ ვალდებულების შეურულებლობას ხსნის ორი ძირითადი მიზეზით: 1) პროექტი იყო არაჯეროვანი, არ შეესაბამებოდა ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალს, სატენდერო დოკუმენაციაში მითითებული იყო 2 ტუმბო აგრეგატის მონტაჟის შესახებ, თუმცა არ იყო მითითებული ტუმბოების ძრავის სიმძლავრე, მისაწორებელი წყლის მოცულობა და აწევის სიმაღლე; 2) კასპის მუნიციპალიტეტმა კომპანიას არ ჩაურიცხა ფაქტობრივად განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება.

 

პირველ საკითხთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს: მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2016 წლის 12 ოქტომბერს (იხ.ს.ფ. 164-167) და სამუშაოს შესრულების ვადის ათვლა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყო, თანახმად ხელშეკრულების 6.1 პუნქტისა. სააპელაციო პალატა ყურადღება ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაზე, რომლის შესაბამისადაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სოფელ ოკამში სატუმბი სადგურისა და რეზერვუარის მოწყობა (1 ეტაპი) -არაუმეტეს - 34 653 ლარისა. სატენდერო პირობის შესაბამისად, ვალდებულების შესასრულებლად საჭირო იყო 2 ცალი ტურბოაგრეგატის მონტაჟი, ხოლო აღნიშნული ტურბოაგრეგატების ძრავის სიმძლავრე, მისაწოდებელი წყლის მოცულობა და აწევის სიმაღლის ოდენობა, შესაბამის ხარჯთაღრიცხვასთან ერთად პრეტენდენტ კომპანიას უნდა წარედგინა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის. განსახილველ შემთხვევაში, შპს „თ---–---------–ენის“ მიერ შემსყიდველი კომპანიისათვის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, 2 ცალი ტურბოაგრეგატის ღირებულება განისაზღვრა - 700 ლარით (თითოეულისათვის - 350 ლარი). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც 350 ლარის ღირებულების მქონე ტურბოაგრეგატის მონაცემები (ძრავის სიმძლავრე, მოცულობა, აწევის სიმაღლე) თავად შპს „თ---–---------–ენის“ მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის საკმარისად იქნა მიჩნეული, კომპანიის წარმომადგენლის მითითება საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზიანობისა და მასთან დაკავშირებით შემსყიდველის მხრიდან საჭირო ზომების მიუღებლობაზე, სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებას და მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტენდერისთვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებიდან ამავე პუნქტის „მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებამდე არაუგვიანეს 24 საათისა, ნებისმიერ მიმწოდებელს უფლება აქვს სისტემის მოდულის – ,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტება. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ტენდერისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებამდე გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2 საათისა შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღების დასრულებამდე, სისტემის მოდულის – ,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით გააკეთოს შესაბამისი დაზუსტება/განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერებულმა პირმა. ამდენად, სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციასთან კითხვების არსებობის შემთხვევაში, შპს „თ---–---------–ენს“ ტენდერის მიმდინარეობისას შესაძლებლობა ჰქონდა შემდგომში გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით დაეზუსტებინა მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რათა აღნიშნულს შემდგომში ხელი არ შეეშალა ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის. განსახილველ შემთხვევაში კი, შპს „თ---–---------–ენის“ მიერ აღნიშნული შესაძლებლობის გამოყენება არ მომხდარა. ამდენად, არ არსებობს საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზიანობის შესახებ შპს „თ---–---------–ენის“ წარმომადგენლის განმარტების გაზიარების საფუძველი.

 

რაც შეეხება მეორე საკითხს, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, შეთანხმებული პირობების შესაბამისად. თუკი შემსყიდველი ორგანიზაცია აგვიანებდა ან არ ახორციელებდა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას, ეს გარემოება წარმოადგენდა არა ხელშეკრულების დარჩენილი ვალდებულების შეუსრულებლობის, არამედ შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართ სამართლებრივი დავის საფუძველს და ამდენად, გამგეობის მიერ თანხების გადაუხდელობა არ წარმოადგენდა კომპანიის მხრიდან დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამამართლებელ საფუძველს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შეფასება ხელშეკრულების პირობების დარღვევის თაობაზე, კანონშესაბამისია. ამდენად, არ არსებობდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 20 აპრილის N1299 განკარგულების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პროცესის ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სარჩელებზე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

შპს „თ---–---------–ენის“ მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 389-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „თ---–---------–ენის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. შპს „თ---–---------–ენის“ მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე გელა ბადრიაშვილი

 

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

 

მარიამ ცისკაძე