განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2019
საქმის ნომერი
330210018002737801
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
26.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002737801

საქმე №2ბ/3008-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 სექტემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ გოდერძი გიორგიშვილი

მოსამართლეები _ ნათია გუჯაბიძე

ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - სს „უ---------–-------------–-----–------ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

 

წარმომადგენლები - ლ--------------–---–ი, ჯ--------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ნ------–---------------------------------–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

წარმომადგენლები - ს--–-------------ე, თ-------–---–---ე

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება (თავდაპირველ სარჩელში), ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სს „უ---------–-------------–-----–------მა’’ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შპს „ნ------–---------------------------------–ის“ მიმართ პირგასამტეხლოს - 60 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

 

2. სს „უ---------–-------------–-----–------ი’’ სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:

2----–-–-------------ს მხარეებს შორის გაფორმდა სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი იყო სათანადო მომართვის საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხის პაციენტებისათვის სხივური თერაპიის ჩატარება. ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება, დაეკვეთა მოსარჩელისათვის ყოველთვიურად არანაკლებ 10 პაციენტის მომსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ დაკლებულ დაკვეთაზე, პირგასამტეხლოს სახით უპირობოდ გადაუხდიდა მოსარჩელეს 250 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე არცერთი პაციენტი არ გაუგზავნია.

მოსარჩელემ 2017 წლის 26 ოქტომბერს წერილობით მიმართა მოპასუხეს ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტით აღებული ვალდებულების შესრულების - სხივური თერაპიის ჩატარების მიზნით მოსარჩელისათვის გაგზავნილი პაციენტების (მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით) რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, რაზეც მოპასუხისგან პასუხი არ მიუღია. 2017 წლის 27 ნოემბერსა და 14 დეკემბერს მოსარჩელემ კვლავ მიმართა მოპასუხეს იგივე მოთხოვნით. ამასთან, გააფრთხილა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მაგრამ უშედეგოდ. 2018 წლის 1 იანვრიდან, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, რომლის 5.3.5 პუნქტის დარღვევის გამო დავალიანებამ 60 000 ლარი შეადგინა.

 

3. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა იმ მიზნით, რომ საჭიროების შემთხვევაში მოპასუხის პაციენტებს ესარგებლათ მოსარჩელის სამედიცინო მომსახურების - სხივური თერაპიის კურსის ჩატარებით. მოპასუხის განზრახვა არ ყოფილა და ვერც იქნებოდა პაციენტების მოსარჩელისათვის „გაგზავნის“ უზრუნველყოფა, ვინაიდან, აღნიშნული პირობა ეწინააღმდეგება ,,პაციენტის უფლებების შესახებ’' საქართველოს კანონს. მოპასუხეს შეეძლო მხოლოდ რეკომენდაცია მიეცა პაციენტისათვის სხივური თერაპიის კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარების თაობაზე - გადაწყვეტილებას უშუალოდ პაციენტი იღებდა. მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მართლსაწინააღმდეგო პირობის არსებობა ნამდვილი ვერ იქნებოდა. შესაბამისად, ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტი ვერ განიხილება ნამდვილად, მართლწინააღმდეგობის გამო.

გარდა ამისა, ყურადსაღებია ისიც, რომ მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ნაკადის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა მოსარჩელე მზად გაეწია პაციენტებისთვის მომსახურება და შესაბამისი რაოდენობის არარსებობის შემთხვევაში ის საერთოდ უარს აცხადებდა მოპასუხის მიერ რეკომენდირებული მომსახურების გაწევაზე, აიძულებდა მოპასუხეს დათანხმებოდა აღნიშნულ კანონსაწინააღმდეგო, ისევე, როგორც კაბალურ პირობას ისევ და ისევ პაციენტების ინტერესიდან გამომდინარე. ასეთი შეთავაზების არსებობა ამავდროულად ლიცენზირების მოთხოვნაცაა. რეალურად, მოპასუხე მხოლოდ შესაბამისი მომსახურების მიღების რჩევით შემოიფარგლა და არცერთი პაციენტის გაგზავნა არ განუხორციელებია.

მოსარჩელისთვის პაციენტების გაგზავნა არც შედიოდა მოპასუხის ვალდებულებაში, უფრო მეტიც, მოპასუხეს კანონის თანახმად, არ ჰქონდა ამის უფლება. მას შეეძლო მხოლოდ პაციენტის ინფორმირება/რჩევის მიცემა, რის შემდეგ პაციენტი თავად წყვეტდა, თუ რომელი სამედიცინო დაწესებულების მომსახურებით ესარგებლა.

 

4. სს „უ---------–-------------–-----–------ის’’ სარჩელზე წარდგენილი შეგებებული სარჩელით შპს „ნ------–---------------------------------–მა“ 2----–-–------------ის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

 

5. შპს „ნ------–---------------------------------–ი“ შეგებებულ სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:

2016 წლის 4 იანვრის სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტის შესაბამისად, "შემსყიდველი ვალდებულია დაუკვეთოს მიმწოდებელს ყოველთვიურად არანაკლებ 10 პაციენტის სამედიცინო მომსახურება, ერთი თვის მანძილზე. 10-ზე ნაკლები დაკვეთის შემთხვევაში, შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდებელს თითო დაკლებულ დაკვეთაზე 250 ლარს".

შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, ხელშეკრულების ეს პუნქტი კანონსაწინააღმდეგოა და მხოლოდ მოპასუხის ინტერესებზეა მორგებული. კერძოდ, ავალდებულებს მოსარჩელეს დაარღვიოს კანონი და მოახდინოს არამართლზომიერი ზეგავლენა პაციენტის ნებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აკისრებს მას შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს იმ რეალობაში, როდესაც, როგორც პაციენტების რაოდენობა, ისე მათი დათანხმება, სამედიცინო მომსახურება მიიღონ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში, არ გამომდინარეობს მოსარჩელის ნებიდან.

გარდა ამისა, სამედიცინო მომსახურების ლიცენზიის მიღების მიზნებისთვის, მოსარჩელეს ვალდებულება ჰქონდა, სხივური და ქიმიოთერაპიული სერვისების უზრუნველყოფა მოეხდინა პირადად ან სხვა მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელეს ჰქონდა ამ ხელშეკრულების გაფორმებისადმი ინტერესი, როგორც პაციენტების შემდგომი ბედით დაინტერესების, ისე სალიცენზიო მოთხოვნების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, რაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა მოპასუხემ და ხელშეკრულებაში ჩადო მართლსაწინააღმდეგო და კაბალური პირობა.

 

6. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით შეგებებული სარჩელის მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, მხარეთა მიერ წინასწარ განსაზღვრული და გაცნობიერებული პირობებით. ხელშეკრულების თანახმად, შეგებებული სარჩელის ავტორმა მიიღო სარგებელი, კერძოდ, ლიცენზია სხივური თერაპიის განხორციელებაში. ამის სანაცვლოდ, კი მას რეკომენდაცია უნდა გაეწია მასთან მისული პაციენტებისათვის, რათა აღნიშნული მომსახურება მიეღოთ სს „უ---------–------------–-----–------ში“, სწორედ ეს იყო შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ გადასახდელი საფასური, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით უნდა გადაეხადა გარკვეული თანხა. ამდენად, ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტი არ არის ამორალური და უკანონო. ამასთან, ხელშეკრულება გაფორმდა თავად შეგებებული სარჩელის ავტორის ინიციატივით, ვინაიდან, ლიცენზიის მიღება მისთვის დიდ ინტერესს წარმოადგენდა.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „უ---------–-------------–-----–------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, შპს „ნ------–---------------------------------–ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სს „უ---------–-------------–-----–------ს“ და შპს „ნ------–---------------------------------–ს“ შორის 2----–-–-------------ს გაფორმებული ,,სამედიცინო მომსახურების გაწევის’’ შესახებ ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტი.

 

8. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 4 იანვრის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტი წარმოადგენდა მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ დათქმას. სასამართლომ ეს დასკვნა დააფუძნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე და განმარტა, რომ სადავო შეთანხმება შეიცავდა გარკვეულ რისკს სამედიცინო დაწესებულების მხრიდან შეთანხმების პირობების დასაცავად და საჯარიმო სანქციების ასაცილებლად, არაკეთილსინდისიერი, ზნეობის საწინააღმდეგო, ქმედების განსახორციელებლად. ამ კუთხით, სასამართლომ მიუთითა „პაციენტის უფლებების შესახებ" საქართველოს კანონზე, რომელიც იცავს პაციენტის უფლებებს, კერძოდ, მერვე მუხლზე (პაციენტს უფლება აქვს აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი), ამავე კანონის 22-ე მუხლზე (სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება. ინფორმირებული თანხმობის მიღება წინ უძღვის სამედიცინო მომსახურების გაწევას), ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე (წერილობითი ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია სხივური თერაპიის სამედიცინო მომსახურების გაწევისას) და აღნიშნა, რომ მხარეებმა ხელშეკრულების შესრულების განმაპირობებელ გარემოებად განსაზღვრეს ერთი დაწესებულების მიერ მეორისათვის დადგენილი ოდენობის პაციენტის მიწოდება, რაც იმთავითვე ეწინააღმდეგებოდა პაციენტის უფლებას - აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტი ეწინააღმდეგებოდა როგორც ზნეობის ნორმებს, ისე „პაციენტის უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტის ბათილად ცნობით, შპს „ნ-------–-----------------------------------–ის" ვალდებულება სასამართლომ ბათილად ცნო და ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად არ მიიჩნია.

 

9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „უ---------–-------------–-----–------მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

10. სს „უ---------–-------------–-----–------ის“ სააპელაციო საჩივარი შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 2016 წლის 4 იანვრის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტი წარმოადგენდა მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ დათქმას.

აპელანტმა ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების საგანზე (სათანადო მომართვის საფუძველზე, სს ,,უ---------–-------------–-----–------ის’’ მიერ შპს ,,ნ------–----------------------------------–ის’’ პაციენტებისათვის სხივური თერაპიის ჩატარება) და განმარტა, რომ ხელშეკრულება ეხებოდა შემდეგ გარემოებებს: მოპასუხეს, რომელიც ეწეოდა სამედიცინო მომსახურებას, სურდა დაენერგა ონკოლოგიური სამედიცინო მომსახურების სერვისი მისი პაციენტებისათვის, თვის მხრივ, აღნიშნული საქმიანობა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 62 პუნქტისა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 143-145 პუნქტების თანახმად, წარმოადგენდა ლიცენზირებულ საქმიანობას. აპელანტმა მიუთითა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის „ქ. თბილისის სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონალური დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების“ დამტკიცების თაობაზე N385 დადგენილების მე-2 პრიმა დანართის მე-5 ნაწილზე (ონკოლოგიური მომსახურების შემთხვევაში, სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს სხივური და ქიმიოთერაპირლი სერვისების უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე, ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას) და განმარტა, რომ 0--------- წლის ხელშეკრულება ემსახურებოდა არა სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილ მიზანს მოპასუხეს მოეგროვებინა პაციენტები და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ეგზავნა მოსარჩელესთნ სხივური თერაპიისათვის, არამედ, ამ ხელშეკრულების მიზანი იყო მოპასუხეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეწია სამედიცინო მომსახურება მისივე პაციენტისათის სრულყოფილად და სალიცენზიო პირობების დაცვით.

ამდენად, პაციენტი ონკოლოგიური სერვისის მიღებაზე ხელშეკრულებას აფორმებდა მოპასუხესთან, რომელიც იმთავითვე მოიცავდა სხივური თერაპიის მიღების შესაძლებლობას (სალიცენზიო პირობებიდან გამომდინარე), რომელსაც პაციენტის წინაშე პაციენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე განახორციელებდა მისი ქვეკონტრაქტორის მოსარჩელის მეშვეობით. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სხივური თერაპია წარმოადგენს არა ცალკეულ მკურნალობას, არამედ, ონკოლოგიური მკურნალობის შემადგენელ ერთ-ერთ კომპონენტს და პაციენტი მიმართავდა მოპასუხეს, პაციენტის უფლება კლინიკის თავისუფალ არჩევანზე არ იზღუდებოდა, რადგან, მან იმთავითვე იცოდა, რომ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულება მკურნალობის ერთ-ერთ კომპონენტს სხივურ თერაპიას, მოქმედი კანონმდებლობის და სალიცენზიო პირობების შესაბამისად, ახორციელებდა სწორედ მოსარჩელესთან.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის 385-ე დადგენილება ონკოლოგიური მკურნალობის გაწევისათვის კლინიკას ავალდებულებს სხივური თერაპიის აპარატურის ქონას ან ხელშეკრულებას კონკრეტულ სუბიექტთან ვისი მეშვეობითაც უნდა მოეხდინა ამ თერაპიის ჩატარება, სხვა პირისაგან მსგავსი სერვისის მიღება იქნებოდა სალიცენზიო პირობების დარღვევა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11. 0--------- წელს შპს ,,ნ------–---------------------------------–ს’’ (შემსყიდველი) და სს ,,უ---------–-------------–-----–------ს’’ (მიმწოდებელი) შორის დაიდო სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება.

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ,,მიმწოდებლის’’ მიერ ,,შემსყიდველის’’ პაციენტებისათის სხივური თერაპიის ჩატარება (2.1. მუხლი);

,,მიმწოდებელი’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას ,,შემსყიდველს’’ გაუწევს სათანადო მიმართვის საფუძველზე, რომელშიც ასახული უნდა იქნას პაციენტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი. მიმართვა დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და დაწესებულების ბეჭდით. მიმართვას თან უნდა ერთვოდეს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV) (3.3. მუხლი);

,,შემსყიდველი’’ ვალდებულია დაუკვეთოს ,,მიმწოდებელს’’ ყოველთვიურად არანაკლებ 10 პაციენტის მომსახურება. ერთი თვის მანძილზე 10-ზე ნაკლები დაკვეთის შემთხვევაში, ,,შემსყიდველი’’ გადაუხდის ,,მიმწოდებელს’’ თითო დაკლებულ დაკვეთაზე 250 ლარს. გადახდა განხორციელდება არაუგვიანეს მიმდინარე თვის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში (5.3.4. მუხლი);

ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 1 წლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება იმავე ვადით იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისას მხარეები არ განაცხადებენ ურთიერთობის შეწყვეტის სურვილს (9.2. მუხლი);

ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს ნებისმიერ დროს ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში. ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია მეორე მხარისათვის შეწყვეტის თარიღამდე, არანაკლებ 1 თვით ადრე სათანადო შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში (ტომი 1; ს.ფ. 14-16; 0--------- წლის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება).

 

12. 26.10.17წ. და 27.11.17წ. სს ,,უ---------–-------------–-----–------ის’’ დირექტორმა წერილობით მიმართა შპს ,,ნ------–-------------------------–----ას’’ და მოითხოვა ინფორმაცია მასზედ, ახორციელებდა თუ არა ცენტრი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან დღემდე ამ ხელშეკრულების 5.3.5. პუნქტის მოთხოვნების შესრულებას. შესაბამისად, მიეწოდებინა ინფორმაცია სხივური თერაპიის ჩატარების მიზნით მათ კლინიკაში გაგზავნილი პაციენტების რაოდენობის შესახებ, მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაეფარა მითითებული პუნქტით გათვალისიწნებული დაგროვილი დავალიანება (ტომი 1; ს.ფ. 17; 19; წერილობითი განცხადებები).

 

13. აღნიშნულ წერილებს შპს ,,ნ------–-------------------------–----ის’’ მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

 

14. სს ,,უ---------–-------------–-----–------ის’’ 14.12.17 წლის წერილით შპს ,,ნ------–-------------------------–----ას’’ ეცნობა 2018 წლის 01 იანვრიდან სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე (ტომი 1; ს.ფ. 18).

 

15. სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს „ნ------–---------------------------------–ს“ ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე სს „უ---------–-------------–-----–------ისათვის“ სხივური თერაპიის ჩასატარებლად პაციენტები არ გაუგზავნია.

 

16. განსახილველი სააპელაციო საჩივრით აპელანტი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა (ბათილად იქნა ცნობილი სს „უ---------–-------------–-----–------ს“ და შპს „ნ------–---------------------------------–ს“ შორის 2----–-–-------------ს გაფორმებული სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტი) და თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის (მოპასუხისათვის 60 000 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრება) ნაწილში.

 

17. ვინაიდან, შპს "ნ-------–-----------------------------------–ის" ვალდებულების წარმოშობა უშუალო კავშირშია ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტთან, რასაც, შეგებებული სარჩელით შპს ,,ნ------–-------------------------–----ა’’ სადავოდ ხდის და მიუთითებს მის ბათილობაზე, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს მითითებული პუნქტის შესაბამისობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლთან, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პუნქტის ბათილად ცნობით, სს „უ---------–-------------–-----–------ის" სასარჩელო მოთხოვნას - მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ავტომატურად ეცლება საფუძველი.

 

18. პალატა განმარტავს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

19. მიუხედავად ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების ავტონომიისა, სამართლებრივ ურთიერთობებში აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს. სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს პრინციპებს, რომ მხარეთა ნების ავტონომია იქნება გარანტირებულად დაცული, რომ მხარეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება, მაგრამ, მეორე მხრივ, კოდექსი ხაზს უსვამს, რომ მხარეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამორალური, კეთილი ზნის საწინააღმდეგო გარიგება, რომელიც, მართალია, მხარეთა ნების გამოვლენით დაიდო, პრობლემატურია საზოგადოებისათვის, იგი ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დადგენილ, გაბატონებულ წესებს.

 

20. სამოქალაქო კოდექსი იცნობს გარიგების ბათილობის რამდენიმე სახეს, რომელიც პირობითად, შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს. ესენია უცილოდ ბათილი და საცილო გარიგებები. როგორც ერთ, ისე, მეორე შემთხვევაში გარიგების იურიდიულ ძალომოსილებას კონტრაჰენტის ნების ნამდვილობა განაპირობებს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ადგენს ზოგად სტანდარტს უცილოდ ბათილი გარიგებებისა და ამოსავალ დებულებად მიიჩნევს მის კანონთან, საზოგადოებრივ წესრიგთან ან ზნეობის ნორმებთან წინააღმდეგობრიობას. კანონსაწინააღმდეგო გარიგების შემთხვევაში, დამფუძნებელ ნორმად გვევლინება კანონის ის იმპერატიული დათქმები, რომლებიც კრძალავენ ამა თუ იმ შინაარსის შეთანხმებას, ხოლო საჯარო წესრიგისა და/ან ზნეობის საწინააღმდეგოდ გარიგების მიჩნევა შეფასების საგანს წარმოადგენს და სამართლის დოქტრინაში განვითარებული მოსაზრების თანახმად, იგი სამოქალაქო პრუნვის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამო უნდა იყოს, რაც შეეხება ამორალურ გარიგებას, ამგვარად მიიჩნევა ყველა ის გარიგება, რომელიც არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას. სამართლებრივი ძალის არმქონე გარიგებათა მეორე ჯგუფს, როგორც აღინიშნა, საცილო გარიგებები მიეკუთვნება (იხ. სკ-ის 72-ე-89-ე მუხლები), რომლებსაც ასევე ნების ნაკლი გააჩნიათ (შეცდომა, იძულება, მოტყუება), თუმცა, კანონით განსაზღვრულ ვადაში უფლებამოსილი პირის მხრიდან შეუცილებლობა მათ ნამდვილად აქცევს და შესაბამისი შესრულების მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

21. შეგებებული სარჩელი ეფუძნება ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტით გათვალისწინებული დათქმის ზნეობისა და კანონის ნორმებთან შეუსაბამობას.

 

22. სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და შესაბამისად, ბათილად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. პალატა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამოქალაქო სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. ეს პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია.

 

23. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა "მიმწოდებლის“ მიერ "შემსყიდველის" პაციენტებისათვის სხივური თერაპიის ჩატარება. ,,მიმწოდებელი’’ მომსახურებას ,,შემსყიდველს’’ გაუწევდა სათანადო მიმართვის საფუძველზე, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო პაციენტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი. მიმართვა დამოწმებული უნდა ყოფილიყო უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და დაწესებულების ბეჭდით. მიმართვას თან უნდა დართვოდა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV). ამასთან, ხელშეკრულების 5.3.5. პუნქტის მიხედვით, მოპასუხემ აიღო ვალდებულება დაეკვეთა მოსარჩელისათვის ყოველთვიურად არანაკლებ 10 პაციენტის მომსახურება სხივური თერაპიის ჩასატარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ დაკლებულ დაკვეთაზე, პირგასამტეხლოს სახით, უპირობოდ, გადაუხდიდა მოსარჩელეს 250 ლარს.

 

24. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტი ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს და“პაციენტის უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

25. კერძოდ, „პაციენტის უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, პაციენტს უფლება აქვს აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი. ამავე კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება. ინფორმირებული თანხმობის მიღება წინ უძღვის სამედიცინო მომსახურების გაწევას. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია სხივური თერაპიის სამედიცინო მომსახურების გაწევისას.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა ერთმანეთთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების განმაპირობებელ გარემოებად სადავო პუნქტით განსაზღვრეს ერთი დაწესებულების მიერ მეორისათვის დადგენილი ოდენობის პაციენტის მიწოდება, რაც ეწინააღმდეგება პაციენტის უფლებას აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი.

შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტი ეწინააღმდეგება კანონისა და ზნეობის ნორმებს, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მისი ბათილად ცნობის საფუძველს.

 

26. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელირებას მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა ხელშეკრულების მიზანს (აპელანტის განმარტებით, 0--------- წლის ხელშეკრულება ემსახურებოდა არა სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილ მიზანს - მოპასუხეს მოეგროვებინა პაციენტები და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, ეგზავნა მოსარჩელესთნ სხივური თერაპიისათვის, არამედ, ამ ხელშეკრულების მიზანი იყო მოპასუხეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეწია სამედიცინო მომსახურება მისივე პაციენტისათის სრულყოფილად და სალიცენზიო პირობების დაცვით).

2----–-–------------ის ხელშეკრულების საგანი მოცემულია ხელშეკრულების 2.1 მუხლში, სადაც მითითებულია: ,,ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ,,მიმწოდებლის" მიერ ,,შემსყიდველის" პაციენტებისათვის სხივური ტერაპიის ჩატარება". ამდენად, ხელშეკრულების საგანი მკაფიოდ არის ფორმულირებული და იგი, პირველ რიგში, ,,მიმწოდებლის" მიერ ,,შემსყიდველისათვის" მომსახურების მიწოდების ვალდებულებას განსაზღვრავს. შესაბამისად, მხარეთა ნება გამოვლენილია მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის პაციენტებისათვის მომსახურების გაწევის მიზნის მიღწევისაკენ.

პალატა მიიჩნევს, რომ ამორალური და მართლსაწინააღმდეგოა არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგანი, თუ მიზანი, არამედ, მიზნის მიღწევის ის ფორმა, რომელსაც ხელშეკრულების 5.3.5 მუხლი ადგენს - პაციენტის უფლებების დარღვევის ხარჯზე, ხელშეკრულების პირობის შესრულება და ამგვარი პირობის შეუსრულებლობისას პირგასამტეხლოს დაკისრება.

შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ აღნიშნული ხელშეკრულებიდან ბათილად ცნო არა ხელშეკრულების საგნის ან მიზნის დამდგენი პუნქტი, არამედ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლთან შეუსაბამო დათქმად მიიჩნია ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტით დადგენილი პირობა (,,შემსყიდველი ვალდებულია დაუკვეთოს მიმწოდებელს ყოველთვიურად არანაკლებ 10 პაციენტის მომსახურება. ერთი თვის მანძილზე 10-ზე ნაკლები დაკვეთის შემთხვევაში, შემსყიდველი გადაუხდის "მიმწოდებელს" თითო დაკლებულ დაკვეთაზე 250 ლარს. გადახდა განხორციელდება არაუგვიანეს მომდევნო თვის დასრულებიდან 15 კალენდარულ დღეში") და ხელშეკრულება სწორედ ამ პუნქტში მიიჩნია ბათილად.

 

27. ხელშეკრულების (მისი პუნქტის) ბათილად ცნობის მოთხოვნის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად ნამდვილი ინტერესი გააჩნია ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს და თუნდაც მის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა იურიდიული ინტერესი - დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა ანუ აღიარებითი სარჩელის წარმატებულობა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლისა, გამართლებულია იურიდიული ინტერესის ნამდვილობით.

 

28. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016, 02.03.2017 წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: Nას-937-887-2015, 10.11.2015წ.; Nას-17-14-2015, 01.07.2015წ.; N ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; N ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; N ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; N ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; Nას-407-390-2016, 10.06.2016წ; Nას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

 

29. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ, მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

 

30. მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მოითხოვდა შეთანხმების იმ პუნქტის ბათილად ცნობას, რომლის შეუსრულებლობაც წარმოადგენდა მოსარჩელე მხარის მხრიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველს. შესაბამისად, იურიდიული ინტერესი შეგებებული სარჩელით დასაბუთებულია.

 

31. გამომდინარე იქიდან, რომ ბათილია ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტი, შესაბამისად, ამ პუნქტს შპს "ნ-------–-----------------------------------–ის" ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად და აქედან გამომდინარე, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების განმაპირობებელ გარემოებად პალატა ვერ მიიჩნევს.

 

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სს „უ---------–-------------–-----–------ის“ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ხაზინაში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სს „უ---------–-------------–-----–------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გ. გიორგიშვილი

 

მოსამართლეები ნ. გუჯაბიძე

 

ვ. წიკლაური