განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 060310919003195450
საქმე N3/ბ-404-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
ნანა კალანდაძე, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
საჩივრის ავტორი − დ-------–-------ე
წარმომადგენელი − ს--–------------ე
საჩივრის ავტორი − სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილება
წარმომადგენლები − თ-----------------ე, ე------------–--ა
მოწინააღმდეგე მხარე - ნ-----–-------–---–ი
წარმომადგენელი − ი-------------ე
სავარაუდო მსხვერპლი − ლ------–-------ე
დავის საგანი − დამცავი ორდერის ვადის გაგრძელება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა − გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე და საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:
2019 წლის 20 სექტემბერს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა და მოითხოვა დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება დ-------–-------ის მიმართ.
განმცხადებლის მითითებით, 2019 წლის 28 ივნისს სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული N------- გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და არასრულწლოვანი ლ------–-------ის დაცვის მიზნით გამოიცა დამცავი ორდერი დ-------–-------ის მიმართ 03 (სამი) თვის ვადით შემდეგი პირობებით:
- ლ-------–-------ე (დაბადებული 2008 წლის 28 დეკემბერი) გარიდებულ იქნას მასზე დამოკიდებული პირისმოძალადის - დ-------–-------ის (პ/ნ 5----------, მისამართი: ხონი, ჭ----------------, ხონი, ვ. ბ---------------) საცხოვრებლიდან.
- მოძალადეს, დ---------–-------ეს აეკრძალა არასრულწლოვანი ლ------–-------ესთან მიახლოება, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელ ფართთან, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან (დაწესებულებაში) ქუჩაში გადაადგილებისა დროს, ასევე აეკრძალა მასთან ურთიერთობა ნებისმიერი ფორმით.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დასაბუთებულია, სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი ნორმები, რომელზე დაყრდნობითაც გადაწყდა არასრულწლოვან ლ------–-------ის დაცვის მიზნით განცალკევება მოძალადის, დ-------–-------ის საცხოვრებლიდან.
სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების დროს სრულად იქნა გაზიარებული, რომ 2019 წლის 04 ივნისს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ლ------–-------ის მიერ დედის ნ-----–-------–---–ის მიმართ გამოვლენილი აგრესია, ბავშვზე განხორციელებული ზეგავლენის შედეგია. სასამართლოს მიერ ასევე ყურადღება გამახვილდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის მოხსენებით ბარათზე.
იმის გამო, რომ არასრულწლოვანი ლ------–-------ე მამის, დ-------–-------ის მხრიდან იყო ძალადობის მსხვერპლი, რაც დადასტურდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის N------- გადაწყვეტილების საფუძველზე და ბავშვი დაუყოვნებლივ იქნა გარიდებული მოძალადის საცხოვრებელი სახლიდან, ლ------–-------ეს ესაჭიროებოდა გაევლო რეაბილიტაცია ფსიქოლოგთან, რათა მას ჩამოყალიბებოდა ჯანსაღი ფსიქიკა და სამომავლოდ აღზრდილიყო საზოგადოების სრულფასოვან წევრად, რაც მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს მოსაზრებით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მოძალადე დ-------–-------ისაგან 3 (სამი) თვით განცალკევების და მასთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობის აკრძალვით ვერ იქნებოდა შესაძლებელი, შესაბამისად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო შუამდგომლობდა დამცავი ორდერის გამოცემას 6 თვის ვადით, რაც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. ამასთან, ამ პერიოდში მამას დ-------–-------ეს უნდა გაევლო ფსიქოლოგთან კონსულტაცია, რათა ესწავლა შვილთან ჯანსაღი კომუნიკაციის მეთოდები. იმის გათვალისწინებით, რომ დამცავი ორდერის მოქმედების სამთვიანი ვადა იწურებოდა, ტერიტორიული ერთეულის მიერ ბავშვის ამჟამინდელი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია იდგა თუ არა საჭიროება დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის სოციალური მუშაკი მიმდინარე წლის 02 ივლისიდან აქტიურად არის ჩართული ლ------–-------ის შემთხვევაზე, აწარმოებს რეგულარულ დაკვირვებას ბავშვის მდგომარეობასა და მის ფსიქო-ემოციურ განწყობაზე. მიღებული ინფორმაციით არასრულწლოვანი დედასთან კარგად გრძნობს თავს, რადგან მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ახლა მშვიდადაა, აქვს მრავალფეროვანი ცხოვრება და მისი განმარტებით დედას არც მამაზე და არც მის ნათესავებზე ცუდი არასდროს უთქვამს, რაც მას მოსწონს. რაც შეეხება მამას დ-------–-------ეს, ლ----ს თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში ნახავს, თუკი იგი დედაზე ცუდს აღარ ეტყვის. ამასთან, სოციალური მუშაკი აღნიშნავს, რომ ვაკე-საბურთალოს სერვის ცეტნრში დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში რამდენჯერმე შევიდა დ-------–-------ის წერილი, სადაც ის, დედას ნინო ცაგარეიშვლს ადანაშაულებს ბავშვზე ძალადობასა და სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებაში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ბავშვთან ნებისმიერი ურთიერთობა უარყოფითად აისახება არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და როგორც წარსულში, ადგილი ექნება მანიპულატორულ ქცევას, რაც ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებს. ამიტომ სოციალურ მუშაკს აუცილებლად მიაჩნია გაგრძელდეს დამცავი ორდერის მოქმედების ვადა, რათა გარკვეული სახის ფსიქოლოგიური სამუშაოები ჩატარდეს ლ------–-------ის მამასთან - დ-------–-------ესთან და მხოლოდ ამის შემდეგ შედგეს მათი შეხვედრა.
მოწინააღმედე მხარის, დ-------–-------ის წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა განცხადებას დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ დაკმაყოფილებულიყო მხარის მოთხოვნა. ისინი არ ენდობიან მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ შპს ,,ფ------’’ მიერ გაცემულ დასკვნას და განმარტავენ, რომ აღნიშნული დასკვნა არის მიკერძოებული პირის მიერ გაცემული და არაა ობიექტური, ვინაიდან ფსიქოლოგი დაქირავებულია დედის - ნ-----–-------–---–ის მხრიდან გარკვეული თანხის გადახდის საფუძველზე. ამასთან, ლ------–-------ეზე უარყოფითად იმოქმედებს კიდევ ერთხელ მამის მიმართ დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება და მამის მოძალადედ აღქმა, ვინაიდან ბავშვისათვის ცნობილი იყო, რომ მხოლოდ სამი თვით იყო განსაზღვრული ორდერის მოქმედების ვადა, სამი თვის შემდეგ ლ----ს შეეძლო მამის ნახვა და მას მოლოდინი ჰქონდა მამასთან შეხვედრის. სასამართლოს მხრიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბავშვი უფრო დაზარალდება და აღმოჩნდება მოტყუებული.
მსხვერპლის, ლ------–-------ის წარმომადგენელმა სოციალურმა მუშაკმა მხარი დაუჭირა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების განცხადებას დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე და განმარტა, რომ ორივე მშობელი უნდა ეცადოს ბავშვთან შეინარჩუნოს ჯანსაღი დამოკიდებულება და თანაბრად იზრუნონ მასზე.
მესამე პირის, ნ-----–-------–---–ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებას სრულად უჭერს მხარს. იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ბავშვი დედასთან იმყოფება არის ძალიან შეცვლილი, დედასთან აქვს კარგი დამოკიდებულება. პარალელურად მასთან მუშაობას აგრძელებს ფსიქოლოგიც და ამ ეტაპზე მამასთან ურთიერთობა მისთვის არ არის მიზანშეწონილი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება დაკმაყოფილდა; მოძალადე დ-------–-------ის მიმართ, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედება გაგრძელდა 3 თვის ვადით. აეკრძალა მოძალადე დ-------–-------ეს არასრულწლოვან ლ------–-------ესთან მიახლოება, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელ ფართთან, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან (დაწესებულებაში), ქუჩაში გადაადგილების დროს, ასევე აეკრძალა მასთან ურთიერთობა ნებისმიერი ფორმით.
ამ დასკვნამდე რაიონული სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ძალაში შედის გამოცემისთანავე. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე კი დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შეცვლის საკითხს წყვეტს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისაგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. არასრულწლოვნის აზრი იმის შესახებ, თუ სად უნდა განთავსდეს იგი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკისა და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთელი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის ინტერესებს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მასზე მზრუნველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებში. კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი არ მიადგეს ბავშვის ინტერესებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის უფლებების დაცვას, მათ შორის, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას, დაცულად გრძნობდეს თავს და ცხოვრობდეს მყუდრო ოჯახურ გარემოში. ამდენად, განმტკიცებულია არასრულწლოვანის ინტერესის უპირატესობა. ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და მას შეუძლია თავად გადაწყვიტოს სურს თუ არა უფლების იყოს მოსმენილი გამოყენება. „თავისუფლად“ ასევე ნიშნავს, რომ არ შეიძლება მოხდეს ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა.
სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის მშობლისგან გარიდების თაობაზე დასკვნის გასაკეთებლად უნდა შეჯერდეს ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და მეორე შემთხვევაში, მშობელთან დაშორებას. ამასთან აუცილებელია ისეთი კრიტერიუმების შესწავლა, როგორიცაა: ბავშვის მიჯაჭვულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა...
„ამდენად, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას ერთ-ერთ მშობელთან. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ფსიქო-პედაგოგიური ექსპერტიზის მიხედვით, თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპათიას ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის, რა თქმა უნდა, ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესაბამის კვლევას“ (იხ. სუსგ ას-1062-996-2012, 22.01.2013წ).
ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და მას შეუძლია თავად გადაწყვიტოს სურს თუ არა უფლების იყოს მოსმენილი გამოყენება. „თავისუფლად“ ასევე ნიშნავს, რომ არ შეიძლება მოხდეს ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან, ბავშვს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები.
არასრულწლოვან ლ------–-------ის უფლებათა დაცვის მიზნით ღონიძიებების გატარებისას, საამისოდ უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და მისი გამომწვევი მიზეზები.
საქმის მასალებით დადგენილი და დადასტურებულია, რომ არასრულწლოვანი ლ------–-------ე დაახლოებით ბოლო სამი თვის განმავლობაში და ამ დროისათვის ცხოვრობს დედასთან და მის ნათესავებთან ერთად, სადაც კარგად გრძნობს თავს და მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, ახლა მშვიდადაა, აქვს მრავალფეროვანი ცხოვრება. მისივე განმარტებით, დედას - ნ-----–-------–---–ს არც მამაზე და არც მის ნათესავებზე ცუდი არასდროს უთქვამს, რაც მოსწონს მას, რაც შეეხება მამას - დ-------–-------ეს, ლ----ს თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში ნახავს თუკი იგი დედაზე ცუდს აღარ ეტყვის.
საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 18 სექტემბრის შპს ,,ფ------’’ მიერ გაცემული ფსიქოლოგიური გამოკვლევის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2019 წლის 16 სექტემბერს განხორციელდა ვიზიტი ლ------–-------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ის ცხოვრობს დედასთან და დედის ნათესავებთან ერთად. ვიზიტის მიზანი იყო ლ------–-------ის ფსიქოემოციური მდგომარეობის შეფასება ზაფხულის შემდეგ, რომლის განმავლობაში ის დედასთან და მის მშობლებთან ერთად იმყოფებოდა როგორც დედის მშობლიურ სახლში (ხონის რ-ნი, სოფ. გ----), ისე საკურორტო ზონაში. ამასთან, ზაფხულის განმავლობაში ბავშვის დედასთან იყო სისტემატიური სატელეფონო კომუნიკაცია, იყო საუბრები ლ----სთანაც. დედის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტომასალა იძლეოდა საშუალებას თვალყური ედევნებინათ ბავშვის ემოციური მდგომარეობისათვის. მოხდა ბავშვთან განცალკევებული შეხვედრაც 2019 წლის 17 სექტემბერს, რომლის დროსაც ლ------–-------ემ აღნიშნა, რომ ,,თუ დედაზე ცუდს არ მეტყვის და კარგად მოიქცევა, მარტო მაშინ შევხვდები მამას. მე აქ ბედნიერი ვარ და მაქვს საინტერესო და ბედნიერი ცხოვრება’’. განხორციელებული ვიზიტებისა და საუბრების შედეგად გაცემული დასკვნის საფუძველზე ირკვეოდა, რომ:
- ლ------–-------ის მეხსიერებაში ტრავმული გამოცდილების არსებობის მიუხედავად, დღევანდელი მდგომარეობით მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა არის უაღრესად დადებითი, პოზიტიური და მშვიდი;
- დედასთან მიმართებაში ლ---- აფიქსირებს დადებით, მშვიდ, კომფორტულ და უსაფრთხო დამოკიდებულებას. აქვს მისი მხარდაჭერის იმედი, რადგან დედა არის თბილი, მგრძნობიარე, თანმიმდევრული და სწრაფად და სწორად რეაგირებს ლ----ს ხასიათობრივ ცვლილებებზე. ნებისმიერ კითხვაზე დედა პასუხობს ღიად და არგუმენტირებულად.
- ლ---- ლიპარიძეს არ უფიქსირდება ნევროტული ფსიქოსომატური გამოვლინებები.
სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის მ-------–--------ის 2019 წლის 17 სექტემბრის დასკვნის თანახმად ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრში დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში რამდენიმეჯერ შევიდა მოძალადე მშობლის დ-------–-------ის მიერ დაწერილი წერილი, სადაც იგი ბავშვის დედას ნ-----–-------–---–ს ადანაშაულებს ბავშვის მიმართ ძალადობასა და სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოთ განხილული გარემოებების გათვალისწინებით სრულად გაიზიარა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვნის მამის - დ-------–-------ის განწყობისა და დამოკიდებულების გათვალისწინებით, მისმა ურთიერთობამ შეიძლება ნეგატიური ასახვა ჰპოვოს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ამ ეტაპზე ბავშვთან მისი ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა უარყოფითად აისახება არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და როგორც წარსულში ადგილი ექნება მანიპულატორულ ქცევას, რაც ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებს.
სასამართლომ არ გაიზიარა დ--------–-------ის ადვოკატის სალომე ომანაძის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ განცხადების მოთხოვნა დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან შპს ,,ფ------’’ მიერ გაცემული დასკვნა არის მიკერძოებული, რადგან ფსიქოლოგი დაქირავებულია დედის - ნ-----–-------–---–ის მიერ და რომ ლ------–-------ეზე უარყოფითად აისახება მამის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება, რამდენადაც ბავშვისათვის ცნობილი იყო, რომ მხოლოდ სამი თვით იყო განსაზღვრული ორდერის მოქმედების ვადა, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ განმარტა, რომ არ ჰქონდა არანაირი საფუძველი არასარწმუნოდ მიეჩნია კანონის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულება, რომელიც ჩატარებულია ფსიქოლოგიის დოქტორის ნ. გ------–---–ის მიერ, მით უფრო, რომ იგი სრულად შეესაბამებოდა მისგან დამოუკიდებლად შედგენილ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის მ-------–--------ის მიერ 2019 წლის 16 აგვისტოსა და 2019 წლის 17 სექტემბერს გაცემულ დასკვნებს, რომლის თანახმად „ამ ეტაპზე არასრულწლოვნის მამის - დ-------–-------ის განწყობისა და დამოკიდებულებების გათვალისწინებით, ბავშვთან მისი ურთიერთობა შეიძლება უარყოფითად აისახოს არასრუწლოვნის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე“. ასევე, მხოლოდ ის გარემოება, რომ ბავშვისთვის ცნობილი იყო დამცავი ორდერის მოქმედების ვადის მხოლოდ სამი თვით განსაზღვრის შესახებ, საფუძვლად ვერ დაედება უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით გათვალისწინებული პროცედურით დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმას სხვა სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რაც ვერ გაიგივდება ბავშვის იმწუთიერ სურვილთან თუ მოლოდინთან.
სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაზე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომლის თანახმად ,,ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს.“
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა დ-------–-------ის მიერ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:
საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ გააგრძელა დამცავი ორდერის მოქმედების ვადა არასრულწლოვან ლ------–-------ესთან მიმართებით და იგი სასამართლომ პროცესზე მოიწვია მხოლოდ ფორმალურად, რაც გამოიხატებოდა მისი ინტერესების სრულ უგულებელყოფაში. პროცესზე მთლიანად შეზღუდული იყო დ-------–-------ისათვის სამართლიანი და თანასწორი სასამართლოთი სარგებლობის უფლება, რაც გამოიხატებოდა მისი და მისი წარმომადგენლის მიერ დაყენებული შუამდგომლობების სრულ დაუკმაყოფილებლობაში. საჩივრის ავტორის განმარტებით, განმცხადებელი აპელირებდა დ-------–-------ის მიმართვის წერილებზე, რომელსაც ასახელებდა როგორც ძალადობრივს და ვადის გაგრძელების მოთხოვნის საფუძვლად ასახელებდა, თუმცა არც დ-------–-------ის მიმართვის წერილები წარმოუდგენია და არც მათ მიერ წერილზე გაცემული პასუხები, რომელიც საჩივრის ავტორის მიერ იქნა წარდგენილი მტკიცებულების სახით, თუმცა სასამართლოს მიერ საქმეზე დართული არ იქნა, მაგრამ სასამართლომ განმცხადებლის პოზიცია ამ ნაწილშიც უპირობოდ გაიზიარა.
საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალ----ს საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო არსებითად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შეცვლის საკითხს წყვეტს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ კანონიერ ძალაში შესული სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და არასრულწლოვანი ლ------–-------ის დაცვის მიზნით გამოიცა დამცავი ორდერი დ-------–-------ის მიმართ 03 (სამი) თვის ვადით კონკრეტული პირობებით. შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია გაირკვეს ამოიწურა თუ არა ის საფრთხე, რაც საფუძვლად დაედო დამცავი ორდერის გამოცემას, რაც საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთად უნდა შეფასდეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ფ------’’ დასკვნა, შედგენილი ფსიქოლოგიის დოქტორის ნ. გ------–---–ის მიერ, რომელიც ასკვნის, რომ ლ------–-------ის მეხსიერებაში ტრავმული გამოცდილების არსებობის მიუხედავად, დღევანდელი მდგომარეობით მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა არის უაღრესად დადებითი, პოზიტიური და მშვიდი. დედასთან მიმართებაში ლ---- აფიქსირებს დადებით, მშვიდ, კომფორტულ და უსაფრთხო დამოკიდებულებას. აქვს მისი მხარდაჭერის იმედი, რადგან დედა არის თბილი, მგრძნობიარე, თანმიმდევრული და სწრაფად და სწორად რეაგირებს ლ----ს ხასიათობრივ ცვლილებებზე. ნებისმიერ კითხვაზე დედა პასუხობს ღიად და არგუმენტირებულად. ლ------–-------ეს არ უფიქსირდება ნევროტული ფსიქოსომატური გამოვლინებები.
თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის მ-------–--------ის მიერ 2019 წლის 16 აგვისტოსა და 2019 წლის 17 სექტემბერს გაცემული დასკვნების თანახმად, ამ ეტაპზე არასრულწლოვნის მამის - დ-------–-------ის განწყობისა და დამოკიდებულებების გათვალისწინებით, ბავშვთან მისი ურთიერთობა შეიძლება უარყოფითად აისახოს არასრუწლოვნის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.
სააპელაციო სასამართლოში არასრულწლოვანმა ლ------–-------ემ გასაუბრებისას დაადასტურა დედასთან ერთად ცხოვრების შედეგად მიღებული დადებითი ემოციები, ამასთან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ იყო მზად შეხვედროდა განმარტოებით მამას და ნახავდა მხოლოდ დედის თანდასწრებით იმ შემთხვევაში, თუკი დედაზე ცუდს აღარ ეტყოდა.
პალატა მიიჩნევს, რომ ამ გარემოებების გათვალისწინებით მოცემული ეტაპისთვის არ არის მიღწეული დამცავი ორდერით გათვალისწინებული ის პრიორიტეტები, რასაც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი ჰქვია - ბავშვის უფლება, იზრდებოდეს მშვიდ, ოჯახურ გარემოში და არ დაექვემდებაროს ნებისმიერი ფორმის ძალადობას. პალატის მოსაზრებით, მოცემული ეტაპისთვის დამცავი ორდერით გათვალისწინებული შემაკავებელი ღონისძიებების გარეშე შესაძლებელია არასრულწლოვან ლ------–-------ეს შესაბამისი მომზადების გარეშე მამასთან დაკონტაქტების პირობებში კვლავ განუახლდეს/ჩამოუყალიბდეს ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რაც მამის ოჯახში განცდილი შეფარვითი ფსიქოლოგიურ ძალადობის შედეგად ჰქონდა ჩამოყალიბებული, შესაბამისად არსებობდა დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი წინაპირობები.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც საჩივრის ავტორის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. სასამართლო ხარჯები
მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 2113-15 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-------–-------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ნანა კალანდაძე
მურთაზ მეშველიანი