განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020141319003210406
საქმე №61/ა-19-2019წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე ლერი თედორაძე
მოსამართლეები: თეიმურაზ სვანიძე, მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა, მსჯავრდებულ ლ------------–---–ის საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის განჩინებაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, ლ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
ამავე განაჩენით, ლ------------–---–ს ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, შეეფარდა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
2019 წლის 30 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ლ------------–---–მა და მისმა ადვოკატმა დ-------------ემ, ითხოვეს მის მიმართ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადაზე ადრე აღდგენა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ლ------------–---–ის შუამდგომლობა.
აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ------------–---–მა და ითხოვს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 02 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და მის მიმართ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენას. მოთხოვნას ასაბუთებდა იმ მოტივირებით, რომ არის დისტრიბუტორი და უწევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რაც მისი ოჯახისა და მცირეწლოვანი შვილების რჩენის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, ხოლო აღნიშნული უფლების აღდგენის გარეშე დაკარგავს სამსახურს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 02 ოქტომბრის განჩინება ლ------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, დანაშაულის ხასიათიდან და დამდგარი შედეგიდან (ავტოავარიას შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) გამომდინარე, მიზანშეწო-ნილად არ მიიჩნია ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა განაჩენში მითითებულ ვადაზე ადრე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასა-მართლოს აღნიშნულ დასკვნას და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებას, რომ ლ------------–---–ის მიმართ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნა საშეღავათო პირობები და წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული მართვის უფლების კანონით გათვალისწინებული 03 (სამი) წლამდე ვადიდან, მართვის უფლება ჩამოერთვა მხოლოდ 01 (ერთი) წლის ვადით, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებულიც, შესაბამისად, მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ვერ იქნება სამართლიანი და სათანადოდ დასაბუთებული, რადგანაც, სასჯელის პრევენციული ხასიათიდან გამომდინარე, მიღწეული ვერ იქნება დანიშნული სასჯელის მიზანი.
ამდენად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 02 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო ლ------------–---–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ლ------------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 02 ოქტომბრის განჩინება, მსჯავრდებულ ლ------------–---–ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, დარჩეს უცვლელად;
3.განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე /ლერი თედორაძე/
მოსამართლეები: /მაკა გორგოძე/
/თეიმურაზ სვანიძე/