განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.12.2019
საქმის ნომერი
140310019003154646
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
02.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140310019003154646

საქმე N3ბ/2628-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

02 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნინო ყანჩაველი

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი - ნ------------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - ზ--------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახლის გამოცემის დავალდებულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 22 აპრილის №2-- განკარგულების ბათილად ცნობა.

 

1.2. კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულება, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------–-–- 1852 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნ------------------–---–ის საკუთრებაში აღიარება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ - სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვის თანახმად შეისწავლა კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ აღნიშნული საკითხი და დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, ასევე მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, ხოლო კომისია, კანონის შესაბამისად, მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ ორ შემთხვევაში აღიარებს პირის საკუთრებად თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ნ------------------–---–ის სარჩელი კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ 2019 წლის 22 აპრილის № 2-- განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ნ------------------–---–ის სარჩელი კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულების შესახებ, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------–-–- 1852 მ2 ფართობის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნ------------------–---–ის საკუთრებაში აღიარება, არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------–-–- მდებარე 1852 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ნ------------------–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწას და არც რაიმე შენობა-ნაგებობა არ არის განთავსებული მასზე.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2019 წლის 31 იანვრის მიმართვით გადაუგზავნა ნ------------------–---–ის მიერ რეესტრის სამსახურში წარდგენილი მასალები მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ საკითხის განსახილველად.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ნ------------------–---–ს 2019 წლის 22 აპრილის № 2-- აქტით უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ნ------------------–---–ის მიერ წარმოდგენილ, აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, ასევე მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს.

 

საჯარო რეესტრის 2019 წლის 28 იანვრის სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, სააგენტოში არსებული კასპის რაიონის ახალქალაქის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის 1990 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, სადავო ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ფართობს. დღეს არსებული მდგომარეობით, მიწის ნაკვეთის დანიშნულების და კატეგორიის შესახებ ინფორმაცია სააგენტოში დაცული არ არის.

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილად მიიჩნია, რომ იმ მიწას, რაზე მართლზომიერი მფლობელობის პრეტენზიასაც აცხადებს ნ------------------–---–ი, და თვითნებურად დაკავებულ მიწას შორის არსებობს სხვა პირის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი ნაკვეთი და საერთო სარგებლობის გზა (იხ. 2018 წლის 6 დეკემბრის სიტუაციური ნახაზი - ორთოფოტო); შესაბამისად, მიწის ფართობი, რომლის საკუთრების უფლების აღიარებასაც ითხოვს ნ------------------–---–ი, არ ემიჯნება მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს, მასზე არც საცხოვრებელი სახლია (აშენებული ან დანგრეული) განთავსებული და არც არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობაა აშენებული არათუ 2007 წლამდე, არამედ დღეის მდგომარეობითაც კი. თვით ნ------------------–---–ის განმარტებით, სადავო მიწა წარმოადგენდა მისი წინაპრების მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს, თუმცა უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ არსებობს.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს არც მომიჯნავე მიწის ნაკვეთს და არც შენობა ნაგებობა არ არის მასზე აღმართული, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი კანონიერია.

 

6. ნ------------------–---–ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

 

6.1. ნ------------------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ და ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლიეს საქმის მასალები და ისე მიიღეს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ ადგილზე მისვლისა და დათვალიერების გარეშე იმსჯელა განსახილველ საკითხზე, რამაც განაპირობა ასეთი შედეგი.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7.2. სააპელაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

 

7.3. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

მოსარჩელის მოთხოვნას შეადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 22 აპრილის №2-- განკარგულების ბათილად ცნობა და კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულება, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------–-–- 1852 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნ------------------–---–ის საკუთრებაში აღიარება.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნოდარ ნავროზაშვილის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. ასევე უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთზე შენობა - ნაგებობა განთავსებული არ არის. აპელანტმა ვერ წარმოადგინა რაიმე სახის დამატებითი მტკიცებულება, ვერ მიუთითა დამატებით რაიმე გარემოებაზე, რომელიც შექმნიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ, სადავო უძრავი ქონება არ არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე არ არის დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 23-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნ------------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე ნინო ყანჩაველი