განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003214922
საქმე №1ბ/1878-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 დეკემბერი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის გ--------–---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ---------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------ს, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის: ქ-------–-----–--------–---------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–------------–-------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ჯ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
ჯ--------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 13 ივნისს, ქ--------–--–------------------------------–------------–-----------------------------ში ჯ--------------მა ურთიერთშელაპარაკებისას დას, მ------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, განზრახ ესროლა წყლის დოქი, რომელიც მოარტყა თავის არეში და მ------------ემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა გ--------–---------მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ჯ---------------სათვის მუხლის სანქციის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოვებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მაშინ როდესაც მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ შესაძლოა მან მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება და ჩაიდინოს ახალი დანაშაული.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ჯ---------------ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. ჯ---------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მ------------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: გ---–------–-----------------------------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ჯ---------------სათვის მუხლის სანქციის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოვებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ჯ--------------ს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და არ არის ნასამართლევი, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ჯ---------------სათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ ჯ---------------სათვის სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი ჯ---------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის გ--------–---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ჯ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ჯ--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 13 ივნისიდან - 2019 წლის 22 ივნისის ჩათვლით.
ჯ---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
მსჯავრდებულ ჯ--------------ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება:
შუშის ნატეხები, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი