განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110310919003083035
საქმე N3/ბ-316-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 აგვისტო, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
ხათუნა ხომერიკი, სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
საჩივრის ავტორები − თ--------------ე, ნ-----–----------ე
წარმომადგენელი − ე-–---------------ე
მოწინააღმდეგე მხარეები − დ--------------ე, მ-------------–----–--ე
წარმომადგენელი − ე----------–----ე
დავის საგანი − დამცავი ორდერის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება − ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება
საჩივრის ავტორების მოთხოვნა − გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე და საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:
2019 წლის 05 ივლისს თ----- და ნ-----–----------ეებმა განცხადებით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს დამცავი ორდერის გაცემის მოთხოვნით.
განმცხადებლების განმარტებით, ცხოვრობენ ქ.ზესტაფონში, ლ---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ორ ოთახში. მოძალადეების მხრიდან განიცდიან ოჯახურ ძალადობას - ვერ სარგებლობენ სველი წერტილით, სამზარეულოთი და საცხოვრებელი სახლის პირველი სართულით. მოძალადეების მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერები 2018 წლის 04 ოქტომბერსა და 2018 წლის 07 ნოემბერს, რომლის საფუძველზეც განმცხადებლები ცხოვრობდნენ მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარში. ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნდნენ სახლში და ამჟამად ცხოვრობენ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ორ ოთახში. ცხოვრება უწევთ გაუსაძლის სიტუაციაში, არ აქვთ სამზარეულო და სველი წერტილით სარგებლობის შესაძლებლობა.
მოწინააღმდეგე მხარეების, დ--------------ისა და მ-------------–----–--ის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა წერილობით პასუხს და მოითხოვა დამცავი ორდერის გამოცემაზე უარის თქმა დაუსაბუთებლობის მოტივით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ----- და ნ-----–----------ეების განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ამ დასკვნამდე საქალაქო სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს განმარტებით მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს იმ ქმედებათა ერთობლიობას, რომლებიც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს, ხოლო მე-5 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი. თავის მხრივ, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე 1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა), ,,ზ” ქვეპუნქტის მიხედვით ოჯახის წევრად, სხვა პირებთან ერთად მოიაზრება, მეუღლე, ყოფილი მეუღლე, შვილი, ხოლო „თ” ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლის-სამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის სახით, აგრეთვე მაშინ, თუ სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქა6რთველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში - ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს: ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა; ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა; ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შექმნა; ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა; მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. ხოლო რა იგულისხმება ოჯახურ ძალადობაში განმარტებულია ამ კანონის მე-3 მუხლში, კერძოდ, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ამ ინსტიტუტის ძირითადი დანიშნულებაა მოძალადის მიერ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებისას დაცული იყოს მსხვერპლის კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები, რათა მოძალადის მიერ განხორციელებული ქმედებით არ მოხდეს მათი დაუსაბუთებელი და უკანონო შეზღუდვა. ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსითა და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ან/და იძულების სხვადასხვა ფორმის (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით) გამოყენებას, არ შეიძლება ჩათვლილ იქნეს დარღვევად. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისაკენ, ოჯახში ძალადობის ფაქტების აღკვეთის, მოძალადის სამართლებრივი დევნისა და მსხვერპლისა და მოძალადის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისაკენ. შესაბამისად ყველა სხვა დავა ან/და პრეტენზია რომელიც წარმოიშობა სხვადასხვა მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც თავისი არსით არ გამომდინარეობს დამცავი ორდერის მიზნებიდან, მხარეთა მიერ შესაძლებელია გადაწყდეს მორიგებით ან/და ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, თითოეული მათგანის მიერ განხორციელებული ქმედება რაც არ გამომდინარეობს დამცავი ორდერის მიზნებიდან, არ ანიჭებთ მათ რაიმე სახით შეუზღუდონ მეორე მხარეს მისთვის გარანტირებული უფლება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მართალია მხარეთა შორის არსებული უთანხმება უკავშირდებოდა კერძო საკუთრებას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავდა, რომ ერთი მხარე მუდმივად უნდა წარმოადგენდეს მოძალადის სტატუსის მატარებელს და განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც არც შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში და არც მას შემდეგ არ დასტურდება მათი მხრიდან რაიმე ფორმით - მათ შორის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულით სარგებლობის, სამზარეულოსა და აბაზანით სარგებლობის აკრძალვისა და შეზღუდვის ფაქტი. ამ მხრივ საგულისხმოა თვით განმცხადებელ ნ-----–----------ის განმარტება, რომ ,,მისი შვილი მუნჯივით დადის და არაფერს ეუბნება“ ან ,,მისთვის არ შეუთავაზებიათ, რომ საჭმელი სამზარეულოში გააკეთოს“. მისმა რძალმა მ-------------–----–--ემ თბილისში სამკურნალოდ წასვლის დროს სახლის გასაღები მას დაუტოვა და გასაღები ერთი კვირის განმავლობაში მასთან იყო. შესაბამისად განმცხადებლის სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტება წინააღმდეგობაში მოდიოდა განცხადებაში მოყვანილ ფაქტებთან და რაც მთავარია, ძალადობის ფაქტმა დადასტურება ვერ ჰპოვა სასამართლო სხდომაზე. განმცხადებლები ვერ ადასტურებდნენ ფაქტს, რომ დ--------------ემ და მ-------------–----–--ემ უშუალოდ აუკრძალეს და შეუზღუდეს მათ პირველი სართულით, სამზარეულოთი და აბაზანით სარგებლობა. ის გარემოება, რომ დ--------------ე და მ-------------–----–--ე მათ არ სთავაზობენ ამ ფართით სარგებლობას და მათთან ერთად არ სადილობენ, არ წარმოადგენს ძალადობას და დამცავი ორდერის გამოცემის საფუძველს.
სასამართლომ განმარტა, რომ მართალია მხარეთა შორის დასტურდებოდა კომფლიქტური მდგომარეობა, თუმცა ყოველგვარი კონფლიქტი არ შეიძლება აღქმული ყოფილიყო ძალადობად. მხარეთა განცალკევებით ცხოვრების პრობლემების საფუძველზე მხარეებს შორის ჩამოყალიბებული დამოკიდებულება სასამართლოს მხრიდან ვერანაირად ვერ დაკვალიფიცირდებოდა ეკონომიკურ ძალადობად, ანუ ისეთი ტიპის ურთიერთობის ფორმირებად, რომელზეც ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი უნდა გავრცელებულიყო.
სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განამრტებების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობს გარკვეული უთანხმოება, რომელიც სამართლებრივად დაკავშირებულია კერძო ხასიათის დავასთან, თუმცა იგი არსებული გარემოებების საფუძველზე ვერ მოექცევა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის რეგულაციის ფარგლებში, ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება ძალადობის ფაქტები ოჯახის წევრებს შორის, რაც გახდებოდა სამართლებრივი საფუძველი დამცავი ორდერის დამტკიცების თაობაზე. ზოგადად იძულების არსებობის პირობებში გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც მსხვერპლის ინტერესები, ასევე უნდა შეფასდეს რეალურად არსებული მდგომარეობა სასამართლოს მიერ, რამეთუ ამ ინსტიტუტის ძირითადი დანიშნულებაა მოძალადის მიერ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებისას დაცული იყვეს მსხვერპლის კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები, ამავდროულად უპირობოდ და დაუსაბუთებლად არ მოხდეს მეორე მხარის უფლებების შეზღუდვა. შეფასებისას მნიშვნელოვანია, რომ იძულების გამოხატულება მისი ნებისმიერ ფორმით იქნება ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური თუ სხვა, იყოს ნამდვილი, არსებობდეს კონკრეტულ შემთხვევაში და იყოს რეალურად აღქმადი, რათა გონიერი დამკვირვებლის მიერ არ იქნას შეტანილი ეჭვი იძულებისა თუ ძალადობის ფაქტის არსებობასთან მიმართებაში. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა და ვერც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მ-------------–----–--ე და დ--------------ე ძალადობენ თ----- და ნ-----–----------ეებზე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრებული იქნა თ----- და ნ-----–----------ეების მიერ, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვეს, შემდეგი დასაბუთებით:
საჩივრის ავტორების განმარტებით, სასამართლოს არ შეუფასებია საქმეში არსებული ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორიცაა სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი და ოჯახის დეკლარაცია, რითაც უტყუარად დგინდებოდა მძიმე საყოფაცხოვრებო მდგომარეობა, ცხოვრება 10 კვ.მ. ფართობზე და ნორმალური განვითარების სხვა პირობების არარსებობა. სასამართლოს მიერ შეფასებული არ იქნა აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათიც და 2019 წლის 27 ივლისის გასაუბრების ოქმიც. სასამართლომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე დააფუძნა გადაწყვეტილება მაშინ, როცა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი სასამართლოს აძლევს დამატებითი ინფორმაციისა და მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობას. საჩივრის ავტორთა განმარტებით სასამართლომ ერთ-ერთ გარემოებად აღნიშნა, რომ 2018 წლის 04 ოქტომბერს მ-------------–----–--ის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს, კერძოდ, პოლიცია გამოძახებული იქნა სწორედ ნ-----–----------ის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან გამოგდებისათვის. ოჯახური ძალადობის პირველი შემთხვევაც ამ ფაქტის გამო მოხდა და იმთავითვე განხორციელდა ეკონომიკური ძალადობა - საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან ნ-----–----------ის გამოგდებით.
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ თ--------------ისა და ნ-----–----------ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო არსებითად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, „მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ“.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიურ ძალადობად განიხილება შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური ძალადობა არის ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 16.1 მუხლი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსს და განმარტავს, დამცავი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს დროებითი ღონისძიების გამოყენება იმ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რაც მომდინარეობს სავარაუდო მოძალადის მხრიდან და საფრთხეს უქმნის მესამე პირთა უფლებებს. დამცავი ორდერში მითითებული აკრძალვებით მოძალადეს ეზღუდება მსხვერპლის მიმართ გარკვეული მოქმედებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მსხვერპლის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.
დამცავი ორდერის გამოცემის თობაზე მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა თ----- და ნ-----–----------ეების კანონიერ უფლებებს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიძიება და ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმომადგენლი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ დ--------------ემ და მ-------------–----–--ემ იძალდეს ან ძალადობენ თ----- და ნ-----–----------ეებზე. შესაბამისად, ვერ დგინდება ძალადობის ფაქტზე დროებითი ღონისძიების გამოყენების საჭიროება. პირიქით, მხარეთა განმარტებით, რაიმე სახის შეზღუდვა საერთო სარგებლობის ქონებით სარგებლობაში არ იკვეთება.
პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით ვერ გამოვლინდა ის გარემოებები, რაც გამოკვეთდა ეკონომიკურ ან სხვა სახის ძალადობის ნიშნების არსებობას, რაც გამოხატული იქნებოდა ეკონომიკურ სიკეთეებზე, სხვადასხვა რესურსზე წვდომის შეზღუდვაში. პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ თ----- და ნ-----–----------ეების სასარგებლოდ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, არ ქმნის მათი ოჯახის წევრების: დ--------------ისა და მ-------------–----–--ის უაპელაციოდ მოძალადეებად მიჩნევის საფუძველს, რადგანაც აღნიშნული გარემოება უნდა ემყარებოდეს საქმეზე წარმოდგენილ კანონით გათვალისწინებულ მტკიცებულებას, მაგალითად საჩივრის ავტორებს შეეძლოთ საჩივარში მითითებული ფაქტის დასაფიქსირებლად გამოეძახებინათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, დაედასტურებინათ თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით და სხვა, რაც არ განუხორციელებიათ. ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტური სიტუაციის არსებობის პირობებში კი მხოლოდ განმცხადებელთა, როგორც დაინტერესებულ პირთა ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს მასში მითითებული ფაქტის სამტკიცებლად საკმარის მტკიცებულებას.
სააპელაციო სასამართლო ეტანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სმჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, თუმცა მხოლოდ აღნიშნული დამოკიდებულება სასამართლოს მხრიდან ვერ დაკვალიფიცირდება ძალადობად ანუ ისეთი ტიპის ურთიერთობის ფორმირებად, რომელზეც ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი უნდა გავრცელებულიყო. ყოველივე აღნიშნული კი სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქმნიდა მოთხოვის უარყოფის საფუძველს.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად სრულყოფილად არის დასაბუთებული, საჩივარში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, 2113 მუხლის მე-6 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ----- და ნ-----–----------ეების წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი
სიმონ ჩხაიძე