განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.08.2019
საქმის ნომერი
080310019003094066
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
02.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310019003094066

საქმე N3/ბ-289-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 აგვისტო, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

შემადგენლობა

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

ნანა კალანდაძე, ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

საჩივრის ავტორი - ს--------------–---–ი

წარმომადგენელი - ა---------–------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე:

1. მ-----–-------ე

წარმომადგენელი - შ--–---–------ე

 

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო

წარმომადგენელი - გ---------–-----ა

 

დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება

 

საჩივრის ავტორის მოთხოვნა − გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე და საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:

 

2019 წლის 11 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ-----–-------ემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მის მიმართ 2019 წლის 10 ივლისს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი №------ შემაკავებელი ორდერის გაუქმება მოითხოვა;

 

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 10 ივლისს, 15 საათსა და 30 წუთზე, ქ. ქუთაისში, ბ--------------------–ი მოსარჩელის რძლის ს--------------–---–ის მიმართვის საფუძველზე პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი იქნა №------ შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც თითქოს მ-----–-------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ს--------------–---–ს. შემაკავებელი ორდერით მ-----–-------ეს აეკრძალა ს--------------–---–ის საცხოვრებელ სახლთან, ასევე მასთან, მის სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება, მასთან ნებისმიერი კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

 

მოსარჩელის განმარტებით, შემაკავებელ ორდერში აღნიშნულ გარემოებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და იგი შედგენილია ერთპიროვნული, ცალმხრივი და სხვამხრივ დაუდასტურებელი ჩვენების შედეგად, რის გამოც ითხოვს მის ბათილად ცნობას.

 

მოპასუხე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობდა შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.

 

დაინტერესებულმა პირმა, ს--------------–---–მა შემაკავებელ ორდერს მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ მ-----–-------ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიულ ძალადობას, რაც გამოიხატა იმაში, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად მ-----–-------ემ ესროლა აქანდაზი და მშრალი ბალახის ცელოფანი, რის გამოც განიცადა შიში და სულიერი ტკივილი.

 

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით მ-----–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის ა---------–--------ის მიერ 2019 წლის 10 ივლისს გაცემული №------ შემაკავებელი ორდერი.

 

ამ დასკვნამდე საქალაქო სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 პუნქტის მიხედვით, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის გ---------–-----ას მიერ, 2019 წლის 10 ივლისს გამოცემული იქნა №------ შემაკავებელი ორდერი, მ-----–-------ის მიმართ, მსხვერპლი - ს--------------–---–ი. როგორც სხდომაზე გამოცხადებულმა პატრულ-ინსპექტორმა დააზუსტა (შემაკავებელ ორდერში არ არის გახაზული) და განმარტა ძალადობის ფორმა - ფსიქოლოგიური ძალადობა. ორდერის შედგენის საფუძვლად მითითებული იყო - მ-----–-------ემ ს--------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა უცენზურო ლანძღვა-გინებაში. ამასთან, შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მ-----–-------ეს 30 დღით აეკრძალა ს--------------–---–ის სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. მ-----–-------ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე მ-----–-------ეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება - ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა - სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა - ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო აქტების დანაწესების გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ქონდა თუ არა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ისეთი სახის ძალადობის გამოყენებით, როგორიცაა ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ შემაკავებელი ორდერის შედგენისას კანონით დადგენილი სავალდებულო პირობების შესრულება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ფაქტის მიმართ მყისიერი და იმ წუთიერი რეაგირება გულისხმობს არა მხოლოდ სავარაუდო მსხვერპლის ჩვენების საფუძველზე რეაგირებას, არამედ იმ შემთხვევაში, თუ ინციდენტის ირგვლივ არსებობს რელევანტური და უცვლელი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, უპირობოდ მოპოვებული და დაფიქსირებული იქნეს ყველა მტკიცებულება, რაც საკითხის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას დაედება საფუძვლად. ინციდენტის შედეგად შემაკავებელი ორდერის შედგენამდე ყველა გარემოების გამოკვლევის ვალდებულება პოლიციის თანამშრომელს კანონით აქვს დაკისრებული. იმის გამო, რომ გამოკითხვის მონაცემები ძალადობის მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, შეგროვებული ინფორმაცია კოორდინირებული ქმედების შედეგად უნდა იქნეს მიღებული. ეს გულისხმობს, რომ მონაცემთა შეგროვება უნდა მიმდინარეობდეს კონკრეტული მიზნებისთვის და ადმინისტრაციული თუ გამოკითხვის მონაცემები მაქსიმალურად ობიექტურ ფაქტებს უნდა ასახავდეს, რათა ერთის მხრივ, სავარაუდო მსხვერპლის დაცვის ყველა საშულება იქნეს გამოყენებული და მეორეს მხრივ, სავარაუდო მსხვერპლს ან/და სავარაუდო მოძალადეს არ ჰქონდეთ შემდგომ ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით მანიპულაციის საშუალება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზანს წარმოადგენს დაიცვას მსხვერპლი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური იძულების, უგულებელყოფის და ეკონომიკური ძალადობისაგან. შესაბამისად, ყველა პირობა, რაც მითითებული იქნება შემაკავებელ ორდერში მიმართული უნდა იყოს და უნდა ემსახურებოდეს მსხვერპლის ძალადობისაგან დაცვას. ამდენად, შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას უნდა წარმოადგენდეს მსხვერპლის დაცვა და მოძალადისათვის ისეთი ქმედებების განხორცილების აკრძალვა, რაც ადამიანს აქცევს ფიზიკური, ფსიქოლოგიური ეკონომიკური თუ სხვა სახის ძალადობის მსხვერპლად, თუმცა აღნიშნული ღონისძიების გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. სახელმწიფოს (მისი უფლებამოსილ პირის) მხრიდან ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელიც პირს აყენებს მკაცრი, შემზღუდავი პირობის შესრულების ვალდებულების წინაშე, კანონის ზედმიწევნით დაცვითა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა ხორციელდებოდეს.

 

სასამართლომ აღნიშნა რომ განსახილველ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს წარმოადგენს მ-----–-------ის მიერ რძლის (ძმის ცოლის) ს--------------–---–ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

 

სასამართლოს მითითებით, იმისათვის, რომ მ-----–-------ის მხრიდან განხორციელებული ქმედება მიჩნეული იქნეს ფსიქოლოგიურ ძალადობად, ბუნებრივია პირველ რიგში, უტყუარად უნდა იქნეს დადგენილი, რომ აღნიშნული ფაქტს ჰქონდა ადგილი, ხოლო შემდგომ უნდა მიეცეს შეფასება იმ გარემოებას, ქმედების შედეგად იკვეთება თუ არა ფსიქოლოგიური ძალადობა ან ასეთი ძალადობის ნიშნები. ამდენად, სახეზე უნდა იყოს ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფსიქოლოგიური ძალადობის დეფინიციის შემცველი ისეთი ქმედება, როგორიცაა შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ანუ, სავარაუდო მსხვერპლის მიმართ გამოვლენილი ქმედება უნდა შეიცავდეს ისეთ ემოციურ ან/და მორალური ძალადობის ნიშნებს, რომ იწვევდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტრავმირებას - შფოთვას, დეპრესიას, სტრესულ, ნერვიულ მოშლილობას, დათრგუნულობას, ღირსების გრძნობის შელახვას. კონკრეტულად ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა მოიცავს მის დაშინებას, ოჯახის წევრების მხრიდან კრიტიკას, აგრესიულ დამოკიდებულებას, ზოგ შემთხვევაში-უსამართლო დადანაშაულებას, ბრალდებებს, მომეტებული კონტროლის პრაქტიკას, დაცინვას, ყვირილს, სისტემატურ შეურაცხყოფას, დამამცირებელ მიმართვას, მუქარას და ა.შ. ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობა უნდა დასტურდებოდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით - წერილობითი, ვიდეო, აუდიო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ. და უნდა იყოს შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროისათვის აქტუალური. სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მ-----–-------ის მხრიდან ს--------------–---–ის მიმართ ადგილი ჰქონდა ისეთი სახის სიტყვიერ სახის ქმედებას, რომელიც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნობრიობიდან გამომდინარე ფსიქოლოგიურ ძალადობად შეიძლება ყოფილიყო მიჩნეული. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ-----–-------ის, ს--------------–---–ისა და შემაკავებელი ორდერის შემდგენი პირის მიერ მოცემული ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით და საქმეზე წარმოდგენილი და საქმის განხილვის დროს გამოკვლეული სხვა სახის მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდებოდა, რომ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, ხოლო ს--------------–---–ის ახსნა-განმარტება და მისი დამოკიდებულება მაზლთან ვერ გახდებოდა შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვების საფუძველი, რადგან აღნიშნული არ იყო განმტკიცებული სხვა საწინააღმდეგო სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნეს მიზნობრივად, სახეზე უნდა იყოს მოძალადის მხრიდან ძალადობის გზით რაიმე მიზნის მიღწევის სურვილი და ამ სურვილიდან გამომდინარე, ადგილი უნდა ჰქონდეს მსხვერპლის მიმართ ძალადობის ფაქტს (რაც მოძალადის მხრიდან მოიცავს ქცევის ან მახასიათებლების გამოყენებას), რომელიც მიზნის მიღწევის საშუალებას წარმოადგენს. შესაბამისად, ძალადობა (ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური) თავისი შინაარსით ურთიერთობის მოტივაციას წარმოადგენს და ქმედებას ოჯახში ძალადობის დეფინიციის სფეროში მოაქცევს, აღნიშნული კი სათანადო ორგანოების მხრიდან ადეკვატური რეაგირების საფუძველი უნდა იყოს. ამდენად, იმისათვის რომ მ-----–-------ის მხრიდან ს--------------–---–ის მიმართ განხორციელებული ქმედება ჩაითვალოს ძალადობად, ის უნდა წარმოადგენდეს მოძალადის განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მსხვერპლის, როგორც ძალადობის ძირითად მოტივად არსებული სუბიექტის მიმართ, ან უნდა ეფუძნებოდეს მოძალადის სურვილს ოჯახში - როგორც ვიწრო სოციალურ სივრცეში - წარმოადგენდეს დომინანტ სუბიექტს, რაც მოძალადისა და მსხვერპლს შორის ძალაუფლების არათანაბარი განაწილების მიზეზია და იწვევს მსხვერპლის დაქვემდებარებულ მდგომარეობას როგორც კერძო, ისე საჯარო სფეროები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის სამართლებრივი მოქმედების პრინციპი ეყრდნობა მხარეთა შორის არსებული იმწუთიერი, კონკრეტულ დროში აღმოცენებული კონფლიქტის სწრაფი რეაგირებით მოწესრიგებას, რათა სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე მხარეები (მსხვერპლი და მოძალადე) დაცულები იყვნენ შემდგომი ვითარების ესკალაციისგან და იმ საფრთხეებისგან, რაც შეიძლება დაპირისპირებული მხარეების ქმედებამ გამოიწვიოს. სასამართლომ, საქმის გარემოებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ მ-----–-------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის დარღვევას. მისი მხრიდან არ იკვეთება ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელი ნიშნები, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა ქცევის იმ მოდელზე, რაც ძალადობის გამოვლინებაში გამოიხატებოდა. სასამართლოზე ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება და ვერც მხარეთა მიერ იქნა მითითებული ისეთ გარემოებაზე, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ მ-----–-------ემ განახორციელა ან/და არსებობს საშიშროება, რომ მ-----–-------ე მომავალში განახორციელებს ძალადობას რძლის ს--------------–---–ის მიმართ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ პირებზე, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ 2019 წლის 10 ივლისს მ-----–--------ეს და ს---------------–---–ს ერთმანეთთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და რომ მ-----–-------ე წარმოადგენს სასულიერო პირს და კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს, არამედ დაახლოებით თვეში ერთხელ სტუმრობს მშობლებს, რათა დახმარება და თანადგომა გაუწიოს მათ.

 

შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნა, რომ არსებობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ 2019 წლის 10 ივლისს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ს--------------–---–ის მიერ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვება, შემდეგი საფუძვლით:

 

საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საქალქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება N------ შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ და მ-----–-------ე ცნობილი იქნეს მოძალადე პირად და მის მიმართ გაგრძელდეს შემაკავებელი ორდერის მოქმედება კანონით დადგენილი წესით.

 

საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მ-----–-------ეს არ დაურღვევია კანონი და 2019 წლის 10 ივნისის შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასწორად, მაშინ, როცა სახეზე იყო შემაკავებელი ორდერის წესის დარღვევა, მოძალადემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ესროლა აქანდაზი და ნაგავი მსხვერპლს, რაც აღიარებული იქნა ოქმის შემდგენი პირის მიერ და დაეთანხმა მოძალადე.

 

საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ს--------------–---–ის მიერ წარმოდგენილი სიდი დისკი და მიიჩნია ფარულ ჩანაწერად, მაშინ როცა აღნიშნულ დისკზე ფაქტის ჩაწერა მოხდა სწორად იმის გამო, რომ მოძალადე მ-----–-------ე არის სასულიერო პირი და არავის წარმოედგინდა თუ ადამიანს მიაყენებდა ისეთ შეურაცხყოფას, რაც დისკზეა ასახული და დაემუქრა მკვლელობით საჩივრის ავტორს. აღნიშნული არ გამოიკვლია სასამართლომ და წაახალისა მოძალადე პირი, რომელიც კვლავ განაგრძობს ს--------------–---–ის შეურაცხყოფას როგორც სიტყვიერად ისე მორალურად.

 

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ ს--------------–---–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო არსებითად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, „მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ“.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიურ ძალადობად განიხილება შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა მიეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია. პალატა აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერი არის დროებითი სახის ღონისძიება და მისი გამოცემის საფუძველს მსხვერპლის მოძალადისაგან დაცვა წარმოადგენს. აღნიშნულ ორდერში მითითებული აკრძალვებით მოძალადეს ეზღუდება მსხვერპლის მიმართ გარკვეული მოქმედებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მსხვერპლის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 16.1 მუხლი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოცემული იქნეს შემაკავებელი ორდერი.

 

ანალოგიური შინაარსის დანაწესს შეიცავს ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი ადგენს, რომ პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს და მეთვალყურეობს დამცავი და შემაკავებელი ორდერების აღსრულებას.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსს და განმარტავს, შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს ოპერატიული, მყისიერი რეაგირება იმ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რაც მომდინარეობს სავარაუდო მოძალადის მხრიდან და საფრთხეს უქმნის მესამე პირთა უფლებებს.

 

შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში ს--------------–---–ის უფლებებს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არ მოიძიება და ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმომადგენლი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მ-----–-------ემ იძალადა ს-------------–---–---. შესაბამისად, ვერ დგინდება ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირების საჭიროება.

 

სააპელაციო სასამართლო ორდერის შემოწმების პროცესში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემაკავებელი ორდერი გაცემულია ფსიქოლოგიური ძალადობის აღკვეთის მიზნით.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად სააპელაციო სასამართლოში ჩატარებული სხდომისა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით ვერ გამოვლინდა ის გარემოებები, რაც გამოკვეთდა ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნების არსებობას. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, თუმცა აღნიშნული დამოკიდებულება სასამართლოს მხრიდან ვერ დაკვალიფიცირდება ფსიქოლოგიურ ძალადობად ანუ ისეთი ტიპის ურთიერთობის ფორმირებად, რომელიც მსხვერპლში იწვევს ემოციურ ტკივილს. ყოველივე აღნიშნული, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქმნიდა შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველს. შესაბამისად ს--------------–---–ის საჩივარი შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2113 მუხლის 71 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს--------------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

ნანა კალანდაძე

 

ხათუნა ხომერიკი