განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.12.2019
საქმის ნომერი
330210015785534
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015785534

N2ბ/6700-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 სექტემბერი, 2019 წელი ქალაქ თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - ლევან გვარამია, ვლადიმერ კაკაბაძე

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სს ,,ი-----’’

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მე----ი ბო------ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - კრების ოქმის ბათილად ცნობა, აქციონერის გარიცხვა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. მე----ი ბო------ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სს ,,ი-----ს’’ მიმართ და მოითხოვა სს „ი-----ს“ აქციონერთა 2010 წლის 23 აპრილის კრების ოქმის ბათილად ცნობა, რომლითაც მე---- ბო------ა (საზოგადოების აქციონერი) გაირიცხა სააქციო საზოგადოებიდან.

 

2. მე---- ბო------ა სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:

სს „ი-----ს“ აქციონერთა საერთო კრების 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გაირიცხა სააქციო საზოგადოებიდან იმის გამო, რომ აქციონერების აზრით, მოსარჩელე ზიანს აყენებს საზოგადოებას.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის სასამართლომ ერთხელ უკვე განიხილა ანალოგიური დავა და მოპასუხეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით განემარტა, რომ აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა, შეიტანოს შესატანი და ამავე გადაწყვეტილებიდან, მოპასუხეთათვის ცნობილია, რომ ბათილია აქციონერისათვის საწარმოს წესდებით კანონით გაუთვალისწინებელი სხვა ვალდებულებების დაკისრება და დაუშვებელია ამ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის აქციონერის სააქციო საზოგადოებიდან გარიცხვა.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ მას არავითარი ზიანი მოპასუხე სააქციო საზოგადოებისთვის არ მიუყენებია, ამასთან, მოპასუხე საწარმომ დაარღვია სადავო გადაწყვეტილების მისაღებად აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის წესები, არც კრებაზე ყოფილა მიწვეული და მას არც აქციონერთა საერთო კრების მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღების შესახებ აცნობა მოპასუხემ.

 

მოპასუხე ითხოვს, რომ დადგინდეს სადავო კრების მოწვევის პროცედურის დარღვევის ფაქტი, რათა ბათილად იქნეს ცნობილი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს მისი კუთვნილი აქციები ჩამოერთვა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ოქმი, რომლითაც მიღებულია კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან სადავო ოქმის საფუძვლზე, მოსარჩელეს უსაფუძვლოდ ჩამოერთვა საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრება - მისი კუთვნილი აქციები.

 

3. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით, სს ,,ი----მა’’ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სააქციო საზოგადოების აქციონერთა სადავო რიგგარეშე კრება ჩატარდა საზოგადოების წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით. კრების გამართვის თაობაზე შეტყობინება გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს 2010 წლის 15 მარტის 28-ე ნომერში. ამასთან, მოსარჩელეს გაეგზავნა და ჩაბარდა შეტყობინება საერთო კრების ჩატარების თარიღის, ადგილის, დღის წესრიგისა და რეკომენდაციების მითითებით. საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე გაირიცხა სააქციო საზოგადოებიდან, ასევე გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა ადრესატს, 2010 წლის 29 აპრილს.

 

მოპასუხე მხარემ მიიჩნია, რომ მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლითაც, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს აქციონერთა რიგგარეშე კრების გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.

 

ამასთან, აქციონერთა კრებამ მართებულად მიიღო მე---- ბო------ას სააქციო საზოგადოებიდან გარიცხვის გადაწყვეტილება, რადგან მოსარჩელე საზოგადოებაში დღემდე არ გამოცხადებულა და მხოლოდ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ საჩივრებს აწერს ხელს, რითაც საზოგადოებას ზიანი ადგება.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით მე----ი ბო------ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სს „ი-----ს“ აქციონერთა 2010 წლის 23 აპრილის კრების ოქმი, რომლითაც საზოგადოების აქციონერი მე---- ბო------ა გაირიცხა სააქციო საზოგადოებიდან.

 

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 25 აპრილს, მე---- ბო------ას პირადად ჩაბარდა სს „ი-----ს“ შეტყობინება სააქციო საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ და 2010 წლის 29 აპრილს, მოსარჩელეს პირადად ჩაბარდა სს „ი-----ს“ მიერ გაგზავნილი 2010 წლის 23 აპრილს საერთო კრების ოქმი. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებებით, საფოსტო ქვითრებით, საფოსტო დასტურებით, მათზე დაფიქსირებული საფოსტო დაწესებულების ბეჭდებითა და თავად მოსარჩელის ხელმოწერებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს 2010 წლის 25 მარტს ჩაბარდა შეტყობინება საზოგადოების საერთო კრების მოწვევის შესახებ, ხოლო 2010 წლის 29 აპრილს - საზოგადოების საერთო კრების ოქმი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სსკ-ის 4.1. და 102-ე მუხლებით გათვალსიწინებულ მტკიცების სტანდარტზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მოპასუხის მიერ მითითებულ და დოკუმენტურად დადასტურებულ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელე სათანადოდ იყო ინფორმირებული სადავო კრების დღის წესრიგისა და მისი ჩატარების შესახებ. მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი განმარტებით, რომ მიუხედავად წარმოდგენილი საფოსტო ქვითრებისა და მათზე არსებული ხელმოწერებისა, რომელთა ნამდვილობაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, მოსარჩელეს მოპასუხე საწარმოდან კორესპონდენცია არ მიუღია. ვინაიდან ზეპირ განმარტებას არა აქვს წერილობითი მტკიცებულების გაქარწყლების ძალა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სათანადოდ იყო ინფორმირებული როგორც სადავო კრების მოწვევის, ასევე მისი ჩატარებისა და შედეგების შესახებ.

 

5.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დაცვით მიმართა.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას, სასამართლომ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 15.1. მუხლით და აღნიშნა, რომ ვინაიდან, განსახილველ შემთვევაში, სადავო ოქმით მიღებული იყო გადაწყვეტილება აქციონერის სააქციო საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმართ პრეტენზიებისთვის გამოიყენებოდა ხანდაზმულობის საერთო, ხუთ წლიანი ვადა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილება მოსარჩელემ ჩაიბარა 2010 წლის 23 აპრილს, ხოლო სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2015 წლის 22 აპრილს, ე.ი. ხუთ წლიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით.

 

5.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან, სს „ი-----ს“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არღვევდა კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს (საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, სსკ-ის 170-ე, 50-ე, 54-ე მუხლებს, ასევე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53.1. მუხლს), რიცხავდა რა მოსარჩელეს სააქციო საზოგადოებიდან აქციონერთა პირადი შეხედულებებისა და სურვილის საფუძველზე.

 

6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,ი----მა’’, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

7. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

7.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დაცვით.

 

აპელანტის მითითებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15.1. მუხლის თანახმად, ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის, ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით. ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია.

 

აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეს მიერ გასაჩივრებული იყო საააქციო საზოგადოების კრების ოქმი, რომლის გასაჩივრების ვადა, კანონის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. კანონი არ არეგულირებს იმ საკითხს, თუ რას ეხება გასაჩივრებული ოქმი, არამედ იგი ცალსახად ადგენს ოქმის გასაჩივრებისათვის ხანდაზმულობის ერთიან ვადას.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთვევაში, სადავო ოქმით მიღებული იყო გადაწყვეტილება აქციონერის სააქციო საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ, და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმართ პრეტენზიებისთვის გაავრცელა ხანდაზმულობის არა 1 წლიანი, არამედ, 5 წლიანი ვადა.

 

7.2. აპელანტის განმარტებით, ხანდაზმულობასთან მიმართებით სასამართლოს მიერ მოხმობილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (2014 წლის 31 იანვრის განჩინება საქმეზე Nას-771-732-2013) შეეხება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვას, რომლის საზოგადოებიდან გასვლას არეგულირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 ნაწილი, რაც შეეხება სააქციო საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვას, ასეთს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი არ აწესრიგებს და იგი რეგულირდება შპს „ი-----“-ს წესდებით.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილ ურთიერთობებში კანონის და სამართლის ანალოგიის, ასევე სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების (საგამონაკლისო ნორმების) გამოყენების წესს არ ითვალისწინებს. გამომდინარე აქედან სპეციალური (საგამონაკლისო) ნორმები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით.

 

7.3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 5.3-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით, სასამართლო განმარტავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს აქციონერის საზოგადოებიდან გარიცხვას. აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა, შესატანის შეტანა და ამ მოვალეობის განუხორციელებლობა შეიძლება გახდეს აქციონერის საზოგადოებიდან გარიცხვის საფუძველი. თუმცა სასამართლო მაინც უშვებს პარტნიორის სააქციო საზოგადოებიდან გარიცხვის შესაძლებლობას და დამატებით განმარტავს, რომ აქციონერის საზოგადოებიდან გარიცხვის საფუძველი შესაძლებელია გახდეს აქციონერის მიერ სააქციო საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ზინის მიყენება კი უნდა დასტურდებოდეს არა აქციონერთა ზეპირი განცხადებებით, როგორც მოცემულ შემთხვევაში, არამედ - სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.

 

7.4. აპელანტის მითითებით, სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია საქართველოს სსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოიხატა იმაში, რომ მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით სააქციო საზოგადოების კრების ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვდა მხოლოდ ორი სფუძვლით, კერძოდ: კრების ჩატარების შესახებ სათანადო წესით შეუტყობინებლობისა და კრების ოქმის ჩაუბარებლობის საფუძვლით. სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი მოსარჩელემ კრების ოქმის ბათილობის საფუძვლად მიუთითა ახალ გარემოებაზე - სააქციო საზოგადოებიდან მისი გარიცხვის უკანონობაზე. მოპასუხე მხარეს შესაგებელი წარდგენილი ჰქონდა სასარჩელო განცხადების საპასუხოდ და შესაბამისად მთავარ სხდომაზე მოულოდნელად აღმოჩნდა არათანაბარ მდგომარეობაში, ვინაიდან მოუმზადებელი შეხვდა ამ გარემოებას და განმარტების მიცემისას სასამართლოს სთხოვა ახალი გარემოება არ მიეღო მხედველობაში. მიუხედავად ამისა სასამართლომ მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაჟღერებული ახალი გარემოება მიიღო ყოველგვარი შეფასების გარეშე, ისე რომ არ გაარკვია ზემოაღნიშნული გარემოების მოსამზადებელ სტატიაზე განუცხადებლობის მიზეზი, უყურადღებოდ დატოვა მოპასუხე მხარის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებაც დააფუძნა ამ გარემოებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

8. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, სს „ი-----“ რეგისტრირებულია საიდენტიფიკაციო ნომრით 212681203, 1996 წლის 04 სექტემბრიდან. საწარმოს მმართველობის ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი, გიორგი ლი--–----ე (ს/ფ 85-86);

 

9. მე---- ბო------ა არის სს „ი-----ს“ აქციონერი. 10.03.2010 წლის N534-06 ამონაწერით სს „ი-----ს“ რეესტრიდან დგინდება, რომ 2010 წლის 10 მარტის მდგომარეობით, მე---- ბო------ას საკუთრებაში ერიცხებოდა 4 816 ჩვეულებრივი კლასის აქცია ნომინალური ღირებულებით 1 ლარი და მე---- ბო------ას წილი საწარმოს კაპიტალში შეადგენდა 5.354085%-ს (ს/ფ 44);

 

10. 2009 წლის 25 აგვისტოს, სააქციო საზოგადოება ,,ი-----ს’’ საერთო კრებაზე დამტკიცდა სს ,,ი-----ს’’ წესდება, რომლის მე-2 თავით განისაზღვრა აქციონერთა უფლება-მოვალეობანი, კერძოდ, წესდების 2.1. პუნქტის თანახმად, აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა, შეიტანოს შესატანი კუთვნილი რაოდენობის აქციების მისაღებად, 2.9. პუნქტით, აქციონერს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს საზოგადოებიდან, თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის საზოგადოებაში მის დარჩენას და სხვა აქციონერებთან საქმიანობის გაგრძელებას, ხოლო, 2.10. პუნქტით, აქციონერი შეიძლება გაირიცხოს საზოგადოებიდან, თუ წარმოიშობა ისეთი გარემოება (მოვალეობის არშესრულება, საზოგადოებისათვის ზიანის მიყენება, დანარჩენი აქციონერების მხრივ უნდობლობის გამოცხადება, აგრეთვე, სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი, რომლებიც შეუძლებელს გახდიან მის დარჩენას საზოგადოებაში. გარიცხული აქციონერის აქციები ნაწილდება დანარჩენ აქციონერებზე მათი წილების პროპორციულად (ს/ფ 90-100).

 

11. სს „ი-----ს“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2010 წლის 23 აპრილს, მოწვეული იქნა საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრება. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი შეეხებოდა საზოგადოების აქციონერის, მე---- ბო------ას მიერ ამავე საზოგადოების მიმართ კანონდარღვევათა ჩადენისა და ამის შედეგად ამ საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების გამო, საზოგადოებიდან მისი გარიცხვის საკითხს (ს/ფ 46);

 

12. სს საზოგადოება ,,ი-----ს’’ აქციონერთა 2010 წლის 23 აპრილის რიგგარეშე საერთო კრების ოქმის თანახმად, მე---- ბო------ა 1999 წლიდან დღემდე პერიოდში, სს ,,ი-----ს’’ მიმართ კანონდარღვევათა დაშვებისა და ამ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისათვის, კრების მონაწილე აქციონერების მიერ მისდამი უნდობლობის გამოცხადებისა და მის საზოგადოებაში დარჩენის შეუძლებლად მიჩნევის გამო, გაირიცხა სააქციო საზოგადოება ,,ი-----დან’’, ხოლო, მისი აქციები გადანაწილდა დანარჩენ აქციონერებზე მათი წილების პროპორციულად (ს/ფ 101-102);

 

13. პალატა ყურადღებას გაამახვილებს სადავო კრების ოქმის შინაარსზე, რომლის თანახმად, აქციონერებმა ნ. ლი--–----ის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოხსენება (1. მე---- ბო------ა და მისი თანამზრახველები, 10 წლის მანძილზე ცილისმწამებლური საჩივრებით მიმართავდნენ სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე სხვადასხვა ორგანოსა თუ დაწესებულებებს და გაზეთებს. აღნიშნულის გამო საზოგადოების ხელმძღვანელობა იძულებული იყო, სამეურნეო საქმიანობის ნაცვლად, ერბინა სასამართლო პროცესებზე თუ საგამოძიებო ორგანოებში; ამასთან, საზოგადოებას ეკარგებოდა ავტორიტეტი; 2. 1999 წელს, საზოგადოებამ საჩივრის გამო სს ,,თიბისი ბანკიდან’’ ვერ აიღო 2 წლისნი სესხი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, რის გამოც, დაიკარგა მოგება ჯამში, 2 წლის განმავლობაში 46 800 აშშ დოლარის ოდენობით; 3) შეფერხდა მარაგნაწილების სარეალიზაციო მაღაზიის ექსპლოატაციაში გაშვება, რითაც ყოველთვიურად იკარგებოდა 1200 ლარი, ანუ, ზარალმა შეადგინა 14 400 ლარი; 4) ჩაიშალა ავტოსადგურის გახსნის სამუშაოები, რის შედეგადაც საზოგადოებამ ვერ მიიღო 15 600 ლარი; 5) ხარჯი გაიზარდა ექსპერტიზებზე და ადვოკატის მომსახურებაზე, რამაც შეადგინა 1192 ლარი. ჯამში, მ. ბო------ას და სხვათა მიერ მიყენებულმა ზიანმა 1999-2000 წლებში შეადგინა 122.452 ლარი. აღნიშნული თანხები მათ დღემდე საზოგადოებისათვის არ აუნაზღაურებიათ. 6) უფრო მეტიც შემდეგ წლებში (2001 წლის 13 თებერვალი), დაიბლოკა საზღვარგარეთ ვაგონით 28 000 აშშ დოლარის საქონლის გაგზავნა, და საზოგადოებას არ შემოუვიდა 54 600 ლარი. შემდეგ წლებში მიღებულმა ზარალმა კი გადააჭარბა 100 000 ლარს. ყოველივე აღნიშნულს ადასტურებს აუდიტის დასკვნა; 7) მ. ბო------ა და სხვები, 10 წლის განმავლობაში არ შესულან საზოგადოებაში რაიმე ინიციატივით, წინადადებით, რაც დაკავშირებული იქნებოდა შემოსავლის გაზრდასთან და საზოგადოების კეთილდღეობასთან), კანონშესაბამისად, და საფუძვლიანად მიიჩნიეს. გაიზიარეს მოხსენებაში მითითებული გარემოება, რომ დღიდან საზოგადოების ჩამოყალიბებისა, მე---- ბო------ა და მისი თანამზრახველები ვიტალი ხეცურიანი, ავთო და ავთანდილ სუპატაშვილები და სხვები, თითქმის 10 წელია, ებრძვიან საზოგადოების ხელმძღვანელობას და მუდამ იმის ცდაში არიან, როგორ მიაყენონ ზიანი საზოგადოებას და მიიყვანონ იგი გაკოტრებამდე. მართებულად მიიჩნიეს მოხსენებაში გაკეთებული დასკვნა, რომ მე---- ბო------ასა და მის თანამზრახველთა მიერ ნამდვილად ჩადენილია ის ქმედებები, რაც გათვალისწინებულია ამჟამად მოქმედი წესდების 2.10. მუხლით.

 

14. წინამდებარე სარჩელით მე---- ბო------ას მოთხოვნას წარმოადგენდა სს „ი-----ს“ აქციონერთა 2010 წლის 23 აპრილის კრების ოქმის ბათილად ცნობა, რომლითაც მე---- ბო------ა (საზოგადოების აქციონერი) გაირიცხა სააქციო საზოგადოებიდან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებდა სს „ი-----ს“ აქციონერთა 2010 წლის 23 აპრილის კრების ოქმის უკანონობაზე, რაც გამოწვეული იყო საზოგადოების მიერ კრების მოწვევის პროცედურული საკითხების დარღვევით და სადავო კრების ოქმის ჩაუბარებლობით, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ არ დგინდებოდა მოსარჩელე მხარის მიერ საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც საფუძველი გახდებოდა საზოგადოებიდან მისი გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა.

 

15. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის აპელირებას მასზედ, რომ მოსარჩელე სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებდა მხოლოდ საზოგადოების კრების მოწვევის პროცედურული საკითხების დარღვევაზე, მათ შორის სადავო კრების ოქმის ჩაუბარებლობაზე, და მას კრების ოქმის უკანონობაზე (კერძოდ, სააქციო საზოგადოებიდან მისი გარიცხვის უკანონობაზე), არ მიუთითებია. აღნიშნული საფუძვლი მოსარჩელემ მიუთითა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის სსკ-ის 219-ე მუხლთან.

 

16. სასამართლო მიუთითებს სასარჩელო განცხადების შინაარსზე, რომ 2007 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა სს ,,ი-----ს’’ აქციონერთა კრება, რომლის თანახმად, მ. ბო------ა გაირიცხა საზოგადოებიდან. აღნიშნული ოქმი, მის მიერ გასაჩივრებული იქნა სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, გაუქმდა აქციონერთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება მ. ბო------ას საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ. გადაწყვეტილების აღსრულებემდე, მ. ბო------ამ შეიტყო, რომ 2010 წლის 23 აპრილს იგი კვლავ გაურიცხიათ საზოგადოებიდან იმავე საფუძლით, რასაც ასევე უკანონოდ მიიჩნევდა.

 

17. პალატა ყურადღებას გაამახვილებს სარჩელზე თანდართული თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ განსახილველი საკითხი, გარდა კრების მოწვევის პროცედურების დარღვევისა, ასევე ეხებოდა აქციონერის, მე---- ბო------ას საზოგადოებიდან გარიცხვის საკითხს, საზოგადოებისათვის მის მიერ მიყენებული ზიანის გამო. პალატა აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ იხელმძღვანელა იმ დროს მოქმედი ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 3.5., 47.3. და 54.2. მუხლებით და დაუსაბუთებლად მიიჩნია საერთო კრების გადაწყვეტილებით დადგენილი გარიცხვის საფუძველი (მ. ბო------ას მიერ საზოგადოების მიმართ საჩივრების შეტანა და ამით საზოგადოებისათვის ზიანის მიყენება).

 

18. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად, მ. ბო------ას მითითებული აქვს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის ის მუხლები (3.5., 47.3. და 54.2. მუხლები), რაც, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაში მიუთითა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად. პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლები წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, საერთო კრების მოწვევისა და ჩატარების დროს მოქმედი ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის რედაქციას. კერძოდ, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 3.5. მუხლი ითვალისწინებდა საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვას მხოლოდ მის მიერ შენატანის შეუტანლობის გამო, 47.3.-ე მუხლი - პარტნიორის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება პირდაპირ არ ითვალისწინებდა პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვას. რაც შეეხება 54.2. მუხლს, ის შეეხებოდა საერთო კრების მოწვევის პროცედურულ საკითხებს.

 

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარე სასარჩელო განცხადებაში, მისი შინაარსისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, გარდა მოპასუხის მიერ კრების მოწვევის პროცედურული საკითხების დარღვევისა და სადავო კრების ოქმის ჩაუბარებლობისა, ასევე მიუთითებდა სადავო კრების ოქმის დაუსაბუთებლობასა და უსაფუძვლობაზე. მთავარ სხდომაზე კი, მას შემდეგ რაც მოპასუხე მხარემ სასამართლოში წარმოადგინა სადავო სხდომის ოქმი, მოსარჩელემ დააზუსტა მისი მოთხოვნა და კონკრეტულად მიუთითა სადავო კრების ოქმის შინაარსის დაუსაბუთებლობაზე, რაც სსსკ-ის 219-ე მუხლის დეფინიციას (1. მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) არ ეწინააღმდეგება.

 

20. სსსკ-ის 219.2. მუხლის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახალი მტკიცებულებების წარდგენა ან ახალ გარემოებებზე მითითება არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვის გადადების საფუძველი, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ, წარდგენილი მტკიცებულებების სირთულიდან ან/და მოცულობიდან გამომდინარე, მათი გაცნობა სასამართლო სხდომაზე შეუძლებელია, აგრეთვე თუ მხარე არგუმენტირებულად მიუთითებს მათ გასაქარწყლებლად მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე და სასამართლო მიიჩნევს, რომ წარსადგენ მტკიცებულებებს არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის.

 

21. სააპელაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს აპელირებას მასზედ, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მთავარ სხდომაზე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად ახალი გარემოების მითითება, სასამართლო სხდომის გადადების წინაპირობა უნდა ყოფილიყო, ვინაიდან, მოპასუხეს მისცემოდა დრო ახალ გარემოებასთან მიმართების წარმოედგინა თავისი დასაბუთებული მოსაზრება.

 

22. პალატა აღნიშნავს, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოების, (მითუმეტეს, რომ ახალ გარემოებას არ წარმოადგნდა) გაცნობა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს გარემოება თავად მოპასუხე მხარის მიერ სადავო ოქმში მითითებულ გარემოებას ასახავდა, არ იყო დაკავშირებული რაიმე სირთულესთან, და არც მოცულობიდან გამომდინარე, მისი გაცნობა სასამართლო სხდომაზე არ იყო შუეუძლებელი. ამდენად, არ არსებობდა ამ მიზეზით, სასამართლო სხდომის გადადების საფუძველი.

 

23. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

 

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

 

24. მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივ შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს, არის ის, რომ აღუდგეს საზოგადოების კაპიტალში თავისი კუთვნილი წილი. მოსარჩელეს მტკიცებით მას საზოგადოების ინტერესების საზიანოდ არ უმოქმედია და უსაფუძლოდ მიიჩნევს მოპასუხის პრეტენზიებს ამ მიმართებით.

 

25. დადგენილია, რომ საზოგადოებიდან მისი გარიცხვის თაობაზე სადავო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა მოპასუხე მხარის მიერ საერთო კრების მოწვევის პროცედურული საკითხების დარღვევაზე.

 

დადგენილია და მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა გარემოებას, რომ სს „ი-----ს“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2010 წლის 23 აპრილს, საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ დღის წესრიგზე მითითებით შეტყობინება გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს 2010 წლის 15 მარტის 28-ე ნომერში.

 

ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2010 წლის 25 აპრილს, მე---- ბო------ას პირადად ჩაბარდა სს „ი-----ს“ შეტყობინება სააქციო საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ და 2010 წლის 29 აპრილს, მოსარჩელეს პირადად ჩაბარდა სს „ი-----ს“ მიერ გაგზავნილი 2010 წლის 23 აპრილს საერთო კრების ოქმი. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ სადავო გარემოებაზე, აპელირება მოსარჩელე მხარეს არ განუხორციელებია.

 

26. საზოგადოებიდან მოსარჩელის გარიცხვის ძირითად პრეტენზიად მოპასუხე მიიჩნევს საზოგადოების ინტერესების საზიანოდ მის მოქმედებას და ზიანის მიყენებას, რასაც მოსარჩელე არ იზიარებს.

 

27. საკასაციო პალატის პრაქტიკით დადგენილია, რომ გარიცხვის კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა დაადგინოს გარიცხვის უფლების წარმოშობის წინაპირობები და ამ უფლების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ უნდა დაადგინოს საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულების დარღვევა - საზოგადოების მიზნის შელახვა, რის შედეგადაც შეუძლებელი ხდება ურთიერთობის შენარჩუნება; საზოგადოებისთვის ზიანის მიყენება; პირველ და მეორე წინაპირობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. გარიცხვის შესახებ სასარჩელო წარმოებისას, სასამართლო ამოწმებს, რამდენად კეთილსინდისიერად იქნა გამოყენებული გარიცხვის უფლება, ხომ არ იყო გადაწყვეტილება მოტივირებული ცალკეული ჯგუფის პირადი ინტერესებით, პირადი სარგებლის ან ქონებრივი უპირატესობის მოსაპოვებლად (გარიცხვის მატერიალურსამართლებრივი წინაპირობების თაობაზე დაწვრილებით იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №ას-556-939-06, 13.03.2007 წელი; №ას-812-1099-09, 09.11.2009 წელი; №ას-577-545-2011, 23.06.2011 წელი). ამასთან, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,გარდა იმისა, რომ გარიცხვა იწვევს გარიცხული პირის საკუთრების უფლების დაკარგვას წილზე, რის გამოც საკუთრების უფლების ამგვარი შეზღუდვის კონსტიტუციურობა მოითხოვს, რომ პირი საზოგადოებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაირიცხოს, სასამართლო პრაქტიკითაც (იხ. სუსგ № 3კ/303-01, 09.03.2001 წელი; №ას-614-951-07, 12.10.2007 ; №ას-220-212-2012, 03.12.2012 წელი; №ას-771-732-2013, 31.01.2014 წელი) დადგენილია, რომ პირის გარიცხვა საზოგადოებიდან მხოლოდ სასარჩელო წარმოების გზითაა შესაძლებელი (გარდა შესატანის შეუტანლობისას, რა დროსაც გარიცხვას სასამართლო გადაწყვეტილება არ სჭირდებოდა)’’.

 

28. პალატა მიუთითებს 2009 წლის 25 აგვისტოს, სს,,ი-----ს’’ წესდებაზე, რომლის 2.1. პუნქტის თანახმად, აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა, შეიტანოს შესატანი კუთვნილი რაოდენობის აქციების მისაღებად, ხოლო, 2.10. პუნქტით, აქციონერი შეიძლება გაირიცხოს საზოგადოებიდან, თუ წარმოიშობა ისეთი გარემოება (მოვალეობის არშესრულება, საზოგადოებისათვის ზიანის მიყენება, დანარჩენი აქციონერების მხრივ უნდობლობის გამოცხადება, აგრეთვე, სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი, რომლებიც შეუძლებელს გახდიან მის დარჩენას საზოგადოებაში. გარიცხული აქციონერის აქციები ნაწილდება დანარჩენ აქციონერებზე მათი წილების პროპორციულად).

 

29. პალატა განმარტავს, რომ სამეწარმეო სუბიექტის წესდება, თავისი არსით, სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა, შესაბამისად, მხარეები სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში განსაზღვრავენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს.

 

კანონში სააქციო საზოგადოებიდან აქციონერის გარიცხვის დაუშვებლობის თაობაზე პირდაპირი მითითება არ არსებობს, შესაბამისად, სააქციო საზოგადოების წესდების ის ნორმა, რომლითაც გათვალისწინებულია სააქციო საზოგადოებიდან აქციონერის გარიცხვის შესაძლებლობა კანონსაწინააღმდეგოდ ვერ მიიჩნევა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყოველი უფლება, კანონით გათვალისწინებული თუ ხელშეკრულებით მინიჭებული, უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, კეთილსინდისიერად. აქციონერთა უფლება, გარიცხონ სხვა აქციონერი სააქციო საზოგადოებიდან, სააქციო საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების საფუძვლით, მაშინ, როდესაც ზიანის მიყენების ფაქტი სადავოა (სადავოა მოსარჩელე მხარის მიერ სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოში წლების განმავლობაში წარდგენილი საჩივრების შედეგად საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. ზიანის მიყენების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. სს „ი-----სათვის’’აქციონერის მიერ ზიანის მიყენების ფაქტს მხარე ამყარებდა აუდიტორულ დასკვნაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით ამ ფაქტის დადასტურების მიზნით წარდგენილი მტკიცებულებას სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ საფუძვლით, რომ ამ მტკიცებულებით არ იკვეთება მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსი, ზიანის სახეობა, ზიანის ოდენობის გამოთვლის კრიტერიუმები და ა.შ იგი არ წარმოადგენს სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებას, ვინაიდან, ზიანის ფაქტი უნდა დადასტურდეს სასამართლო გადაწყვეტილებით), სამოქალაქო სამართლებრივ კონტექსტში უფლების არამართლზომიერი გამოყენებაა. აქციონერის საზოგადოებიდან გარიცხვის შედეგების მნიშვნელობის გათვალისწინებით, აქციონერის სააქციო საზოგადოებიდან გასარიცხად აუცილებელია სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც აქციონერების ნამდვილი ნებისა და ფაქტობრივი მდგომარეობის სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, დაადგენს აქციონერის გარიცხვის თაობაზე წარდგენილი მოთხოვნის ლეგიტიმურობას.

 

30. ამდენად, აქციონერთა კრების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და გარიცხული აქციონერის ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნებისათვის, პალატა მიიჩნევს, რომ სააქციო საზოგადოებიდან აქციონერის გარიცხვა, ამგვარი უფლების წესდებით გათვალისწინების პირობებში, შესაძლებელია, თუმცა, მხოლოდ სამართალწარმოების გზით.

 

31. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აქციონერის საზოგადოებიდან გარიცხვა – მისი კუთვნილი წილის ჩამორთმევა, წარმოადგენს საზოგადოების მიერ აქციონერისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვას, რაც მოცემულ შემთხვევაში, აქციონერის მიერ სააქციო საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების საფუძვლით განხორციელდა. აქციონერის სააქციო საზოგადოებიდან გარიცხვითა და გარიცხული აქციონერის წილის მიკუთვნებით საზოგადოებამ განახორციელა საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირება. მოცემულ შემთხვევაში, სააქციო საზოგადოებამ ცალმხრივად დაადგინა რა ზიანის ფაქტი, მოიწვია კრება და სააქციო საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის მიზნებისათვის მოახდინა აქციონერის სააქციო საზოგადოებიდან გარიცხვა.

 

32. პალატა განმარტავს, რომ სადავო ვალდებულების შესრულების მიზნით სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეები კანონმდებლობით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში მოკლებული არიან შესაძლებლობას, თვითნებური მოქმედებით დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, გარანტირებულია უფლების სასამართლოს მეშვეობით რეალიზება. სასამართლო განხილვის აუცილებლობა განპირობებულია უფლება-მოვალეობათა კანონის საფუძველზე დადგენის მიზნით, რასაც ახორციელებს სასამართლო და რასაც მოდავე მხარეები ურთიერთშეთანხმებით ვერ აღწევენ.

 

პალატის შეფასებით, სს „ი-----ს“ აქციონერთა კრების სადავო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობის დადგენილ წესს. იგი ეფუძნება საზოგადოების პრეტენზიას ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, თუმცა, შესაბამისი უფლების დაცვა სასამართლო წესით არ ყოფილა განხორციელებული. სს „ი-----ს’’ მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შეგებებული სარჩელი არც წინამდებარე საქმის განხილვისას ყოფილა წარდგენილი, რაც, პალატის მოსაზრებით, შეიძლებოდა, გამხდარიყო ზიანის ფაქტის არსებობასა და ზიანთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დადგომის შესაძლებლობაზე მსჯელობის საფუძველი.

 

33. პალატის განმარტებით, პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ იმგვარი ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით, თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლისა. დარღვეულად მიჩნეული უფლების დაცვისა თუ აღდგენის მიზნით სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვა წარმოადგენს პირის კანონით გარანტირებულ უფლებას და მისი რეალიზაცია არ შეიძლება, განხილულ იქნეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებად.

 

ასეთი ქმედებით მიყენებული ზიანის დადასტურების პირობებშიც კი არ არსებობს ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინამძღვრები, თუ რა თქმა უნდა, მხარეები არ დაადასტურებენ, რომ აღნიშნულ უფლებას მხარეები იყენებდნენ მარტოოდენ იმ მიზნით, რომ სს „ი-----სათვის“ ზიანი მიეყენებინათ, ანუ, თუ არ დაამტკიცებენ, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, უფრო მეტიც, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება.

 

34. აპელანტი სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის გამოყენების საკითხს. სააპელაციო სასამართლო საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შემთხვევაში, კრების ოქმის გასაჩივრების ნაწილში მთლიანად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას და მიუთითებს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გასაჩივრების ვადები შეეხება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, ხოლო ისეთ საკითხებზე გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, როგორიცაა პარტნიორის გარიცხვა საზოგადოებიდან, გამოყენებული უნდა იქნეს არა გასაჩივრების ორთვიანი და ერთლიანი ვადა, არამედ ხუთწლიანი ვადა, რაზეც არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა (სუსგ ას-771-732-2013; 31.01.2014 წ.).

 

35. მოცემულ ემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო გადაწყვეტილება მოსარჩელემ ჩაიბარა 2010 წლის 23 აპრილს, ხოლო სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2015 წლის 22 აპრილს, ე.ი. ხუთ წლიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით.

 

36. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

38. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს ,,ი-----’’-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: ლევან გვარამია

 

ვლადიმერ კაკაბაძე