განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.10.2019
საქმის ნომერი
330310019002830167
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1845-19

N330310019002830167

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - თ------–------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი--------------–-ა

წარმომადგენელი - ნ-------–--–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ი--------------–-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 11 იანვრის №0------- ბრძანება, მოსარჩელე ი--------------–-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე და დაევალა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ი--------------–-ას ოჯახთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის №-- ოქმის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 11 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე ი--------------–-ას, როგორც იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ოჯახს, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საკუთრებაში გადაეცა 3 ოთახიანი (72.76 კვ.მ) საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში.

 

მოსარჩელე ი--------------–-ას ოჯახი შედგება ექვსი წევრისაგან და მისი ერთ-ერთი არასრულწლოვანი შვილი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად და საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას.

 

მოსარჩელე ი--------------–-ამ, 2018 წლის 4 ივლისს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განუმარტა, რომ მისთვის გადაცემული საცხოვრებელი ბინა რეალურად იყო 2 ოთახიანი, მისი ერთ-ერთი არასრულწლოვანი შვილი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, რის გამოც აღნიშნული საცხოვრებელი ბინა მისი ოჯახისათვის შეუსაბამო იყო და ითხოვა სხვა, სათანადო ბინით ჩანაცვლება.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 6 ივლისის №-- ოქმით, მოსარჩელე ი--------------–-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის №-- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმის საფუძველზე, დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად, გულისხმიერად გამოკვლევას და კანონმდებლობის ფარგლებში, აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №--0 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.

 

მითითებული „წესის“ მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სააგენტო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან.

 

მითითებული „წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სააგენტოში შემოსულია შესაბამისი მომართვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობაში მცხოვრები დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი მომართვის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის №-- ოქმის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 11 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე ი--------------–-ას, როგორც იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ოჯახს, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საკუთრებაში გადაეცა 3 ოთახიანი საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №--0 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სააგენტო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარგანსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ - დანართი №6 და „სოციალური კრიტერიუმის“ - დანართი №7 და ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №8 დანართის შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მითითებული ბრძანებით დამტკიცებული №8 დანართის შესაბამისად, 5-6 წევრიანი დევნილი ოჯახისათვის, მინიმალური საორიენტაციო ფართის ოდენობა შეადგენს 65-80 მ2-ს (სამოთახიანი).

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საცხოვრებელი ბინა, რომელიც საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელე ი--------------–-ას ოჯახს, არის 72.76 კვ.მ. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე ი--------------–-ას ოჯახი შედგება ექვსი წევრისაგან და მისი ერთ-ერთი არასრულწლოვანი შვილი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად და საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №--0 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებები დაკმაყოფილდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული საცხოვრებელი ფართები სადარბაზოებისა და სართულების მიხედვით გაუნაწილდებათ დეპარტამენტის ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, დეპარტამენტის ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ შესაძლებელია საცხოვრებელი ფართი დევნილ ოჯახს გადაეცეს კენჭისყრაში მონაწილეობის გარეშე.

 

ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, საცხოვრებელი ბინის საორიენტაციო ფართის ოდენობასთან ერთად, დევნილი ოჯახის, რომლის წევრიც (წევრებიც) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, შესაბამისი საჭიროებებიც გამოიკვლიოს და გაითვალისწინოს კენჭისყრის გარეშე გადაწყვეტილების მიღებისას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე ი--------------–-ამ 2018 წლის 4 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განუმარტა, რომ მისთვის გადაცემული საცხოვრებელი ბინა რეალურად იყო 2 ოთახიანი, მისი ერთ-ერთი არასრულწლოვანი შვილი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, რის გამოც აღნიშნული საცხოვრებელი ბინა მისი ოჯახისათვის შეუსაბამო იყო და ითხოვა სხვა, სათანადო ბინით ჩანაცვლება, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 6 ივლისის №-- ოქმით, მოსარჩელე ი--------------–-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის №-- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5, 96-97-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული მოსარჩელე ი--------------–-ას ოჯახის არასრულწლოვანი წევრის შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე საჭიროებები და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კენჭისყრის გარეშე არ მიუღია გადაწყვეტილება ამ საჭიროებების გათვალისწინებით.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №--0 ბრძანებით დამტკიცებული №8 დანართით დადგენილ ფარგლებში უნდა გადაეცეს დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი, თუმცა საცხოვრებელი ფართი მორგებული უნდა იყოს და უნდა შეესაბამებოდეს დევნილი ოჯახის ინდივიდუალურ საჭიროებებს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ, მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება - მოსარჩელე ი--------------–-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის საჭიროებებიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით, გამოიკვლიოს, გადაცემული საცხოვრებელი ფართი შეესაბამება თუ არა აღნიშნულ საჭიროებებს და თუ არ შეესაბამება, ჩაანაცვლოს იგი სხვა, სათანადო საცხოვრებელი ფართით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №--0 ბრძანებით დამტკიცებული №8 დანართით დადგენილ ფარგლებში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საკითხის გადაწყვეტისათვის, რამეთუ შესაძლოა აღნიშნული გახდეს მოსარჩელისათვის ხელსაყრელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.

 

სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის მე-601, ასკ-ის 32.4 მუხლებზე და მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 11 იანვრის №0------- ბრძანება, მოსარჩელე ი--------------–-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე და უნდა დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ი--------------–-ას ოჯახთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

1.3.2. სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, ი--------------–-ას ოჯახის სათანადო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება გულისხმობს სწორედ აღნიშნული საკითხის შესწავლას, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, გაუგებარია სასამართლოს მხრიდან მოსარჩელეთა პოზიციის გაზიარება და იმაზე მითითება, რომ სააგენტომ გარემოების გამოკვლევის შედეგად უნდა მიიღოს ახალი გადაწყვეტილება. სასამართლო ვერ მიუთითებს, რა ნორმის საფუძველზე შეიძლება მიჩნეულ იქნეს ოჯახი პრივილეგირებულ მდგომარეობაში მყოფად, დამატებით ერთი ოთახის მიღების მიზნით. სასამართლო სააგენტოსაგან მოითხოვს არსებული წესის დარღვევას და მეტი ფართის მიცემას 6 სულიან ოჯახზე, რაც სრულიად გაუმართლებელია. სასამართლო არ უთითებს, თუ რა გარემოება უნდა გამოიკვლიოს სააგენტომ დამატებით. ის ფაქტი, რომ ოჯახის ერთი წევრი არის შშმ პირი, არ იძლევა დამატებითი ფართის მიღების საფუძველს, ვინაიდან არც კანონში და არც კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში არ არის მითითებული ასეთ პირებზე უფრო მეტი ფართის ბინის გაცემის შესახებ. 6 სულიან ოჯახზე გათვალისწინებულია 65-80 კვ.მ ფარგლებში არსებული ფართი. შესაძლო იყო, მოსარჩელეს გადასცემოდა 65 კვ.მ ფართიც, თუმცა მან მიიღო მაქსიმალურთან მიახლოებული საცხოვრებელი ფართი. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის, რა ნორმა დაარღვია სააგენტომ იმით, რომ ოჯახზე გასცა 72,76 კვ.მ ფართი და არა უფრო მეტი, აგრეთვე მითითებული არ არის, კონკრეტულად რამდენი კვ.მ ფართი უნდა გაეცა სააგენტოს და არ გასცა, ხელახლა გამოკვლევისას სააგენტომ რამდენი კვ.მ ფართის საცხოვრებელი უნდა გასცეს და რამდენი ოთახისგან უნდა შედგებოდეს ეს ბინა. არ არის მითითებული დამატებით გადასაცემი ოთახის ფართობიც.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან, არასწორად განმარტა იგი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, მისი მომზადებისა და გამოცემის დროს არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების 6.10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული და კრიტერიუმების გარეშე განხორციელდა შენობაში მცხოვრებ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის ოჯახის რიცხოვნობის გათვალისწინებით, რომელიც აბსოლუტურად იძლევა ოჯახის ფართში ღირსეული ცხოვრების საშუალებას და შეესაბამება ამავე ბრძანებაში მითითებულ საორიენტაციო სტანდარტებს. 6 სულიან ოჯახს გადეცა ახლადაშენებულ კორპუსში გარემონტებული და ყოველმხრივ კეთილმოწყობილი 72.76 კვ.მ. ფართის ბინა, რომელსაც გააჩნია ორი დამოუკიდებელი საძინებელი. ამდენად, გაუგებარია სასამართლოს მითითება, რომ საკითხი არ არის სათანადოდ გამოკვლეული და საჭიროებს ხელახლა გამოკვლევას. სასამართლო გადაწყვეტილება ზოგადი და დაუსაბუთებელია, სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხეს ავალებს განსაზღვრული მოქმედების შესრულებას, კონკრეტულად უნდა უნდა უთითებდეს, რა კუთხით აწარმოოს ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლევა. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი აქტის გამოცემა. სააგენტომ ერთხელ უკვე განიხილა საკითხი და გამოიკვლია გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვნად მიიჩნია. თუკი სასამართლოსათვის არ იყო საკმარისი საგენტოს მიერ ჩატარებული კვლევა, მაშინ სასამართლო ვალდებული იყო, გადაწყვეტილებაში კონკრეტულად მიეთითებინა და დაესაბუთებინა, თუ რა გარემოება არ იქნა სამინისტროს მიერ გამოკვლეული, რა გარემოება უნდა გამოიკვლიოს ან რა უნდა შეაფასოს ორგანომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას. მოსარჩელემ 2018 წლის 22 ივნისს წერილობით განაცხადა თანხმობა აღნიშნული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. ამავე თარიღით არის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს. მოსარჩელე არის სრულწლოვანი პირი, რომელიც საკუთარ ქმედებებზე თვითონ აგებს პასუხს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის 13.2 მუხლის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. 13.3 მუხლის თანახმად კი, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №--0 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი №1). აღნიშნული „წესის“ მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადაცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. „წესის“ 3.4 მუხლის თანახმად, ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ (დანართი №6), „სოციალური კრიტერიუმის“ (დანართი №7) და ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“, №8 დანართის შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, მითითებული ბრძანებით დამტკიცებული №8 დანართის შესაბამისად, 5-6 წევრიანი დევნილი ოჯახისათვის, მინიმალური საორიენტაციო ფართის ოდენობა შეადგენს 65-80 მ2-ს (სამოთახიანი). 3.11 მუხლის თანახმად კი, დევნილ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებები დაკმაყოფილდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული საცხოვრებელი ფართები სადარბაზოებისა და სართულების მიხედვით გაუნაწილდებათ დეპარტამენტის ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, დეპარტამენტის ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ შესაძლებელია საცხოვრებელი ფართი დევნილ ოჯახს გადაეცეს კენჭისყრაში მონაწილეობის გარეშე.

 

ამავე „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 6.10 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სააგენტოში შემოსულია შესაბამისი მომართვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობაში მცხოვრები დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.06.2018წ. №-- ოქმის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 11.01.2019წ. N0------- ბრძანებით, იძულებით გადაადგილებული პირის - ი--------------–-ას დევნილის ოჯახს, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საკუთრებაში გადაეცა სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში. ასევე დადგენილია, რომ საცხოვრებელი ბინა, რომელიც საკუთრებაში გადაეცა ი--------------–-ას ოჯახს, არის 72.76 კვ.მ., მისი ოჯახი შედგება ექვსი წევრისაგან და ოჯახის ერთ-ერთი არასრულწლოვანი შვილი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად და საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას. დადგენილია, რომ ი--------------–-ამ 04.07.2018წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მისთვის გადაცემული საცხოვრებელი ბინა რეალურად იყო ოროთახიანი. მისი ერთ-ერთი არასრულწლოვანი შვილი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, რის გამოც, საცხოვრებელი ბინა ოჯახისათვის შეუსაბამო იყო. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელმა მოითხოვა სათანადო ბინით ჩანაცვლება. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 06.07.2018წ. №-- ოქმით არ დაკმაყოფილდა ი--------------–-ას განცხადება.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ შეისწავლა ი--------------–-ას ოჯახის არასრულწლოვანი წევრის შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე საჭიროებები. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კენჭისყრის გარეშე არ მიუღია გადაწყვეტილება ამ საჭიროებების გათვალისწინებით. უდავოა, რომ დევნილ ოჯახს, ზემოაღნიშნული 09.08.2013წ. №--0 ბრძანებით დამტკიცებული №8 დანართით დადგენილ ფარგლებში უნდა გადაეცეს საცხოვრებელი ფართი, თუმცა საცხოვრებელი ფართი მორგებული უნდა იყოს და უნდა შეესაბამებოდეს დევნილი ოჯახის ინდივიდუალურ საჭიროებებს. საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სრულფასოვნად გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ, მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელე ი--------------–-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის საჭიროებებიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით, გამოიკვლიოს, გადაცემული საცხოვრებელი ფართი შეესაბამება თუ არა აღნიშნულ საჭიროებებს და თუ არ შეესაბამება, ჩაანაცვლოს იგი სხვა, სათანადო საცხოვრებელი ფართით, №8 დანართით დადგენილ ფარგლებში.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 11 იანვრის №0------- ბრძანება და მოპასუხეს უნდა დაევალოს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი--------------–-ას ოჯახთან დაკავშირებით. ამასთანავე, სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ამ ეტაპზე გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომელიც შეეხება სათანადო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ მოპასუხისათვის შესაბამისი აქტის გამოცემის დავალებას.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი