განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.07.2019
საქმის ნომერი
330310018002687832
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1050-19, 330310018002687832

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

წარმომადგენელი - ი----------------–---–-

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ხ----------------

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,თ--–--ი“

წარმომადგენელი - ზ------------

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება

აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,თ--–--ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №5-- ბრძანება სს ,,თ--–--ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა სს ,,თ--–--ის“ მიერ წარდგენილი №Q-------- განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

სს,,თ--–--მა“ №Q-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ №6---ს მიმდებარედ, ელექტრონული კაბელის მონტაჟის მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა (ს.ფ.130-131).

საქმეში წარმოდგენილი ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ 2017 წლის 13 აპრილის №4---- პროექტის თანახმად ირკვევა, რომ თბილისში ქეთევან წამებულის გამზ №6---ს მიმდებარედ იგეგმება ელექტროგადაცემის ხაზის (კაბელის) განთავსება, იმგვარად, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში (ს.ფ.106-108).

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილებით სს ,,თ--–--ს“ დაუდგინდა ხარვეზი და მიეთითა, რომ საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით, წარმოსადგენი იყო პროექტით და განმარტებითი ბარათით გასათვალისწინებელი, ანჯაფარიძის ქუჩაზე ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა და მოცულობები (ს.ფ.129-139).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, 2017 წლის 18 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, რაიმე სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია სს ,,თ--–--ის“ მიერ წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების ან/და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2017 წლის 26 ოქტომბერს სს ,,თ--–--ის“ წარმომადგენელმა ზ---- ბ------მ №2---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ნოემბრის №Q-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ს.ფ.121-122)

2017 წლის 15 ოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში სს ,,თ--–--ის“ 2017 წლის 26 ოქტომბერის №2---------------- ადმინისტრაციული საჩივრთან დაკავშრებით გაიმართა ზეპირი მოსმენა (ს.ფ. 111-139).

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №5-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა სს ,,თ--–--ის“ 2017 წლის 26 ოქტომბერს №2---------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ნოემბრის №Q-------- გადაწყვეტილება ( ს.ფ.98-104).

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლით გასაზღვრულია ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა- ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ 3.1 მუხლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ თანხმობის მიღებისთვის დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა)მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მუშაპროექტი, შეთანხმებული მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელებთან; გ)საპროექტო ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი(ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით); დ)გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციისა, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარმოდგენა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა დაადგენს ოქმს, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმით განსაზღვრული პირობების მხედველობაში მიღებით სააგენტო გამოსცემს აქტს: ა)ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის შესახებ; ბ)ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემაზე უარის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კი, თუ სააგენტო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დაადგენს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია ან არ შეესაბამება მოთხოვნილ სამუშაოთა მოცულობას, განმცხადებელს აცნობებს ხარვეზის თაობაზე და ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას არანაკლებ 5 დღის ვადით.

დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას, დადგენილია ასევე, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. თუმცა ამავე დროს კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმცხადებელს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა დაუწესოს, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში და ისიც აუცილებლობიდან გამომდინარე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის ოქტომბერს სს ,,თ--–--მა“ №Q-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ N6---ის მიმდებარედ, ელექტრონული კაბელის მონტაჟის მიზნით, საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა. დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილებით სს ,,თ--–--ს“ დაუდგინდა ხარვეზი და მიეთითა, რომ საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით წარსადგენია დაზუსტებული პროექტი, რომლის განმარტებითი ბარათით და სქემატური ნახაზით განსაზღვრული იქნება ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა. ამავე გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს მიეცა 20 (ოცი) დღის ვადა და განემარტა, რომ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, განცხადება დარჩება განუხილველი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სადავოდ ქცეული აქტით არ არის დასაბუთებული ქ.თბილისში, ქეთევან წამებულის გამ. №6---ის მიმდებარედ, ელექტრო კაბელის მონტაჟისათვის საჭირო გადათხრითი სამუშაოების წარმოების მიზნით თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისას სრულყოფილად იქნა თუ არა შესწავლილი და გამოკვლეული საქმის გარემოებები. კერძოდ, - როგორც აღინიშნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ისე დაუწესა განმცხადებელს (სს ,,თ--–--ი“) კანონისაგან განსხვავებული პირობა (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებისათვის (სს ,,თ--–--ი“) კანონისაგან გასხვავებული პირობის დაწესება. აღნიშნულის დასაბუთებას კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა სახეზეა გარემოება, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია, - შესაბამისობაში არ არის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მოთხოვნებთან, ხოლო მეორეს მხრივ კი აღნიშნულის დასაბუთება ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონეა იმ თვალსაზრისით, რათა დადგინდეს, ასეთი სახით სამუშაოს შესრულების განსხვავებული პირობის დაწესება ხომ არ გამოიწვევს განმცხადებლის (სს ,,თ--–--ი“) კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, რაც გამოიხატება განმცხადებლისათვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენებაში.

დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/და სხვა სახის თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შემოწმების შედეგად, მას გააჩნია უფლებამოსილება ქ.თბილისში, ქეთევან წამებულის გამზ №6---ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე სს ,,თ--–--ს“ მისცეს შესაბამისი თანხმობა, თუმცა ასეთ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართებრივი აქტი ამ კუთხით არ არის დასაბუთებული. კერძოდ, იგი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებლისათვის (სს ,,თ--–--ი“) კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), არ არის მსჯელობა იმაზე საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და რომ აღნიშნული შეზღუდვა გამოიწვევდა თუ არა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო მიღებული, იგი ხელყოფდა მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მას, რის გამოც სს ,,თ--–--ის“ სასარჩელო განცხადება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილების (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ბათილად ცნობის ნაწილში საფუძვლიანი იყო, შესაბამისად მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა, სს ,,თ--–--ის“ მიერ წარდგენილი №Q-------- განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ასვე ბათილად სცნო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის N5-- ბრძანება, რომლითაც სს ,,თ--–--ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

აპელანტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში: „სააგენტო") 2017 წლის 18 ოქტომბრის NQ-------- გადაწყვეტილებით ხარვეზი დაუდგინდა სს „თ--–--ის“ მიერ ამავე სააგენტოში წარდგენილ NQ-------- განცხადებას, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თანხმობის მიღება. სააგენტოს მიერ ხარვეზის დადგენის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ საკითხის განხილვის მიზნით წარმოსადგენი იყო სრულყოფილი პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა ქ. თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა და მოცულობები.

„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N19-75 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის N657 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი“. ამავე N19-75 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა დაარსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.“

მითითებული სამართლებრივი ნორმების დანაწესებიდან გამომდინარე, აპელანტი განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ისევე როგორც საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე, ზემოხსენებული სამუშაოების განხორციელება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დადასტურების ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სამუშაოების წარმოებაზე არსებობს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა.

აპელანტის მითითებით, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადების განხილვის წესს, გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი დოკუმენტების ნუსხასა და თანხმობის გაცემის საფუძვლებს ადგენს N19-75 დადგენილების მე-3 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, „ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ თანხმობის მიღებისთვის დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს განცხადებით“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა და ადგენს ოქმს.“

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გასაცემად უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მისაღებად გააჩნია შესაძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებულ სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, შეაფასოს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხი, რა მიზნითაც მან კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად უნდა შეისწავლოს როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: დისკრეციული უფლებამოსილება – უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება“. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.“ მითითებული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.“

ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებისას მან საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების გზით უნდა განსაზღვროს ამა თუ იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობა. ამავდროულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ ადმინისტრაციულ ორგანოს ბოჭავს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებით, რითაც ზღუდავს მისთვის კანონით მინიჭებულ თავისუფლებას - დისკრეციას და ამით იცავს პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევას კი უკავშირებს შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რაც მიღებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს განაპირობებს.

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, N19-75 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა შესაძლებელია გაცემულ იქნეს იმ შეზღუდვითა ან/და პირობით, რომ ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.“

მითითებული ნორმების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე თანხმობის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება აქტის გამოცემისას განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად დაუწესოს შეზღუდვა ან/და სხვა პირობები, მოცემულ შემთხვევაში სააგენტომ მიიჩნია ხაზობრივი ნაგებობის განთავსება განხორციელდეს იმგვარად, რომ ტროტუარი (ქ. თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე) აღდგეს არა მხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ მთლიანად, სრულად. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილია ხაზობრივი ნაგებობის განთავსების 2017 წლის 13 აპრილის NK-4---- პროექტის ელექტროტექნიკური ნაწილი, რომლის საფუძველზეც დგინდება, რომ ქ. თბილისში, ანჯაფარიძისა და პატარძეულის ქუჩებზე იგეგმება ელექტროგადამცემი ხაზის (კაბელის) განთავსება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად ხაზობრივი ნაგებობის განთავსება იგეგმება იმგვარად, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში, ქონების მართვის სააგენტომ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, იმსჯელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟის პროექტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ მითითებული საპროექტო ვარიანტის საფუძველზე ელექტროსამონტაჟო სამუშაოების წარმოება არ არის მიზანშეწონილი. აპელანტი თბილისის მერიის წარმომადგენელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საჯარო და კერძო ინტერესები ერთმანეთთან მოცემულ შემთხვევაში თანაზომიერ წონასწორობაშია, რამდენადაც სააგენტოს უარი არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს, ვინაიდან სადავო აქტით მოსარჩელეს განესაზღვრა ხარვეზი და განემარტა, რომ საკითხის განხილვა შესაძლებელია სრულყოფილი პროექტის წარდგენის პირობებში, სადაც გათვალისწინებული იქნება ქ. თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ტროტუარის მთლიან ფართის აღდგენის პირობა და მოცულობები, რადგან საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს დაუზიანებელ ასფალტის საფარს და ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შემდგომ მისი თხრილის ფარგლებში აღდგენა მიზანშეუწონელია.

აპელანტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

აპელანტის მითითებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული - ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული დოკუმენტების გარდა სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალების წარმოდგენა. წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გაცემის ძირითად/სტანდარტულ პირობებს და შეზღუდვებს, თუმცა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გასაცემად უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებით სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებელების მხედველობაში მიღებით, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას, სააგენტომ ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად უნდა შეისწავლოს როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ასევე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები.

სს „თ--–--მა“ 2017 წლის 15 სექტემბერს №ქ-------- ელექტრონული განცხადებით მომართა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს და ითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე აქტის გაცემა.

სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და დაუდგინდა ხარვეზი, სადაც კომპანიას განემარტა, რომ საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით პროექტით და განმარტებითი ბარათით გასათვალისწინებელია ანჯაფარიძის ქუჩის ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა და მოცულობები.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული - ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის მე-4 მუხლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობა შეიძლება გაიცეს გარკვეული შეზღუდვით ან/და პირობით. კერძოდ: აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლიანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად - მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიზანშეწონილად მიიჩნია ხაზობრივი ნაგებობის განთავსება განხორციელდეს იმგვარად, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, ასევე, ვინაიდან ტროტუარით სარგებლობენ მოქალაქეები, საზოგადოების/მოქალაქეთა ინტერესს და მიიღო გადაწყვეტილება დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე კარგ მდგომარეობაში/ახალმოწყობილ მონაკვეთებში ტროტუარი აღდგეს არა მხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ სრულად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციულ უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლი განსაზღვრავს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესს, რომლის თანახმად - თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო, მე-7 მუხლი ადგენს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობას, რომლის თანახმად 1. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა და 2. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

აპელანტის მითითებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა სწორედ ის გარემოება, რომ დაინტერესებული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან ერთად ასევე გათვალისწინებული ყოფილიყო საჯარო ინტერესიც. ასევე აღსანიშნავია, რომ სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას ასევე ვალდებულია საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურება და აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. შესაბამისად, სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირიპირების გზით უნდა განსაზღვროს ამა თუ იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობა. სააგენტოს უფლება აქვს განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარმოდგენა, ასევე დაუწესოს შეზღუდვა ან/და სხვა პირობები.

2017 წლის 18 ოქტომბრის №ქ-------- გადაწვეტილების მიღებისას სააგენტო მოქმედებდა სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის დროსაც მაქსიმალურად გაითვალისწინა საჯარო და კერძო ინტრესები, კერძოდ: 1. ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურას, 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, საიდანაც ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩასატარებლად ყოველწლიურად გამოიყოფა შესაბამისი თანხები და რომლის რაციონალურ ხარჯვაზე პასუხისმგებელნი არიან მუნიციპალიტეტის ორგანოები, შესაბამისად, მოქალაქეთა მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხები დაიხარჯოს რაციონალურად და არ გახდეს საჭიროება ახალმოწყობილი/დაუზიანებელი ასფალტის ხელოვნურად დაზიანების შედეგად ხელმეორედ მოწყობა და თანხები მოხმარდეს ქალაქში არსებულ უკვე დაზიანებული/განადგურებული ასპალტის საფარის კეთილმოწყობას. 3. მოქალაქეებს შეექმნათ გადაადგილების ნორმალური პირობები, არ მივიღოთ ქალაქში ხელოვნურად დაზიანებული ტროტუარები, სადაც შესაძლებელია მოქალაქეებმა (მათ შორის ბავშვებმა) მიიღონ ჯანმრთელობის დაზიანებები. მეორეს მხრივ, სახეზეა კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც წარმოეშობა შედარებით მეტი ფინანსური დანახარჯები ტროტუარის იმ მდგომარეობაში/პირვანდელ მდგომარეობაში აღსადგენად.

ასევე მნიშვენელოვანია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-7 ნაწილის განმარტება, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ იგი გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებას და ინტერესს. განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო სწორედ სს „თ--–--ის“ განცხადების საფუძველზე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შეზღუდვის გარდა დამატებით სხვა პირობის დადგენა, რომლის მიღების მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სანებართვო ობიექტზე ასფალტის საფარი იყო კარგ მდგომარეობაში და მისი დაზიანების შემდეგ მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენა არ იყო მიზანშეწონილი.

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში ყოველდღიურად შედის სს „თ--–--ის“ და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების უამრავი განცხადება, რომლითაც ითხოვენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტრორიაზე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემას და პირობად მოთხოვნილია ასფალტის საფარის აღდგენა მხოლოდ თხრილის ფარგლებში. სააგენტოს გადაწყვეტილებებით ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არ ეკისრებათ და ადმინისტრაციული ორგანო ვერც დააკისრებს ქალაქში არსებულ ტროტუარებზე დაზიანებული საფარის სრულად აღდგენას. ვინაიდან, აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებას ხოლო, რაც შეეხება ახალმოწყობილ და დაუზიანებელ ტერიტორიას, მოცემულ შემთხვევაში კი სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ მოითხოვა ანჯაფარიძის ქუჩაზე ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა და მოცულობები. სხვა დანარჩენ შემთხევაში სააგენტო გადაწყვეტილებების მიღებისას ავრცელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული - ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილ სტანდართულ პირობას - ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.

აპელანტის მითითებით, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს გასაჩივრებული 2017 წლის 18 ოქტომბრის №ქ-------- გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიs სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი“, რომლის 1.1. მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას; ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი; გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზის მოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/და ტერიტორიის სხვა კეთილმოწყობა.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა დაარსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. მე-4 პუნქტის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას, სააგენტო უფლებამოსილია ყველა საჭირო დოკუმენტაციის შექმნა/გაცემა განახორციელოს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ასევე მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტ-საიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლით განსაზღვრულია ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ 3.1. მუხლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ თანხმობის მიღებისთვის დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მუშა პროექტი, შეთანხმებული მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელებთან; გ) საპროექტო ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით); დ) გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციისა, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარმოდგენა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა, დაადგენს ოქმს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმით განსაზღვრული პირობების მხედველობაში მიღებით სააგენტო გამოსცემს აქტს: ა) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის შესახებ; ბ) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემაზე უარის შესახებ.

დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას. დადგენილია ასევე, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. თუმცა, ამავე დროს კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმცხადებელს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა დაუწესოს, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში და ისიც აუცილებლობიდან გამომდინარე.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის ოქტომბერში სს ,,თ--–--მა“ №Q-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ N6---ის მიმდებარედ, ელექტრონული კაბელის მონტაჟის მიზნით, საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა. დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილებით სს ,,თ--–--ს“ დაუდგინდა ხარვეზი და მიეთითა, რომ საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით წარსადგენია დაზუსტებული პროექტი, რომლის განმარტებითი ბარათით და სქემატური ნახაზით განსაზღვრული იქნება ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა. ამავე გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს მიეცა 20 (ოცი) დღის ვადა და განემარტა, რომ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, განცხადება დარჩება განუხილველი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

სააპელაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზის მოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/და სხვა სახის თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შემოწმების შედეგად, მას გააჩნია უფლებამოსილება ქ. თბილისში, ქეთევან წამებულის გამზ. 6---ს მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე სს ,,თ--–--ს“ მისცეს შესაბამისი თანხმობა. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ისეთ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში არ არის გათვალისწინებული ანჯაფარიძის ქუჩის ფაქტობრივი მდგომარეობა და იგი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, თუ რამ გამოიწვია განმცხადებლისათვის (სს ,,თ--–--ი“) არსებული წესისაგან განსხვავებული პირობის დადგენა (იმ პირობებში, როდესაც ანჯაფარიძის ქუჩის გარკვეული მონაკვეთები დაზიანებული და მოუწყობელია), არ არის მსჯელობა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და აღნიშნული შეზღუდვა გამოიწვევდა თუ არა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შელახვას.

მოცემულ შემთხვევაში, განსხვავებული პირობის დაწესების მოტივად ადმინისტრაციული ორგანო ასახელებს იმ გარემოებას, რომ სანებართვო ობიექტზე არსებული ასფალტის საფარი იყო კარგ მდგომარეობაში და მისი დაზიანების შემდეგ მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენა არ იყო მიზანშეწონილი. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ელექტროგადამცემი ხაზის გასაყვანად განკუთვნილ მთელ პერიმეტრზე ასფალტის საფარი ერთნაირად ახლად მოწყობილი და კარგ მდგომარეობაში არ არის. საქმეში დაცული ფოტომასალა (როგორც ფერადი, ასევე შავ-თეთრი) ნათლად ადასტურებს, რომ ქუჩის ზოგიერთი მონაკვეთი (თუნდაც ძალოვანი ნაგებობის მიმდებარედ) საერთოდ არ არის მოპირკეთებული ასფალტით და ვიზუალურად ცუდ მდგომარეობაშია.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებლის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების დელეგირება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი მისი შეხედულებისამებრ, თუმცა დისკრეციის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს ამოცანას წარმოადგენს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს შესაბამისი ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უფლება დამატებითი შეზღუდვის დაწესების თაობაზე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და დაუშვებელია აღნიშნული დანაწესის გავრცელება ყველა სამუშაოზე, ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოების შესწავლის გარეშე. იგი უნდა წარმოადგენდეს აუცილებელი გარემოების შედეგს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რატომ უნდა მოახდინოს სს „თ--–--მა“ ანჯაფარიძის ქუჩაზე ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენა იმ პირობებში, როდესაც ანჯაფარიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი ერთნაირად კარგ მდგომარეობაში, ახალდაგებული არ არის და გარკვეული მონაკვეთები დაზიანებული და მოუწყობელია. სს „თ--–--ის“ წარმომადგენლის მიერ სააპელაციო პალატის სხდომაზე გაკეთებული განმარტების თანახმად, კომპანიის მიერ სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით (ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა) გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რაც სს „თ--–--ის“ მიერ გასაწევი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ელექტრომამარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა იქნებოდა დადგენილი. ამიტომ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის დასაბუთება მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა გზის საფარის მდგომარეობა სხვადასხვა მონაკვეთზე განსხვავებულია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საქმეზე დადგენილი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ანჯაფარიძის ქუჩის ფაქტობრივი მდგომარეობა გათვალისწინებული არ არის, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც იგი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სს „თ--–--ის“ №1540855 განცხადებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა გამოიკვლიოს, შეისწავლოს და გაითვალისწინოს ანჯაფარიძის ქუჩის ფაქტობრივი მდგომარეობა, შეაფასოს რამდენად არის მიზანშეწონილი, რომ სს ,,თ--–--ს“ დაევალოს ანჯაფარიძის ქუჩის იმ მონაკვეთებზე, სადაც ასფალტის საფარი კარგ მდგომარეობაშია, ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენა, ხოლო ამავე ქუჩის მოუწყობელ და დაზიანებულ მონაკვეთებზე, ტროტუარის მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენა.

რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ნოემბრის №572 ბრძანების ბათილად ცნობის საკითხს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც განსახილველ შემთხვევაში, სრულყოფილად არ განხორციელებულა.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან დადგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ სს ,,თ--–--ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №5-- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველსაც ქმნის.

საპროცესო ხარჯები:

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 389-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. სს „თ--–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილება და დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს „თ--–--ის“ №1540855 განცხადებასთან დაკავშირებით;

 

5. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №5-- ბრძანება;

 

6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სს ,,თ--–--ის“ (ს/ნ 2020525--) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე

გელა ბადრიაშვილი