განაჩენი

სისხლის სამართლის 23.12.2019
საქმის ნომერი
330100119003212403
ინსტანცია
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119003212403

საქმე № 1 ბ/2021-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 დეკემბერი, 2019 წ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა

 

თ---–------------------------ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის მ------ ლ-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

დ------ კ------ის, დაბადებული 1--------- წელს, პირადი ნომერი 0----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის თბილისში, ს----------–--------------------------------–-- და ფაქტობრივად მცხოვრების თ---–------------------------- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი - 2019 წლის 15 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით).

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 18 ნოემბრის, განაჩენით დ------ კ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი - 2019 წლის 15 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი, პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად დ------ კ------ეს განესაზღვრა 02 (ორი) წელი. დ------ კ------ეს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 22 აგვისტოდან, 2019 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით და გათავისუფლდა პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ------ კ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

2019 წლის 22 აგვისტოს, 13:00 საათზე, თბილისში, კ--------------------ში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დ------ კ------ე, მცხოვრები ამავე მისამართზე, რომელიც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ--------------ეს, რა დროსაც ნ--------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 18 ნოემბრის, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ---–------------------------ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ------ ლ-----ემ. პროკურორი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ კუთხით, რომ სასამართლომ ნაცვლად პირობითი მსჯავრის, დაადგინოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა.

საჩივრის თანახმად, ოჯახური დანაშაული ლატენტური ხასიათისაა და უფრო ხშირად მხოლოდ მსხვერპლისა და მოძალადის ხილვადობის და სმენის არეალში ხორციელდება. ეს სპეციფიკურობა სახელმწიფოს ავალდებულებს მსხვერპლის უფლებების ეფექტურ დაცვას. აპელანტი უთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ საქმეში „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ „ფაქტობრივად დაავალდებულა საქმის განმხილვევი ორგანო, რომ დაზარალებულის მხრიდან ფაქტის უარყოფის შემთხვევაშიც კი მისცემოდა მსვლელობა საქმეს და მსხვერპლის ეფექტურად დაცვისთვის დამატებითი მექანიზმი აემოქმედებინა“.

სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებით თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. ოჯახური დანასაულის მიმართ არ გამოიყენა ადეკვატური სასჯელი და ამ დანაშაულის მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება არაა გამართლებული. ასეთი სასჯელის პირობებში დ------ კ------ეს ექნება განცდა, რომ ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჯვლავ ჩადენის პირობებში, სასამართლო მას არ დაუნიშნავს ადეკვატურ სასჯელს. აღნიშნული კი ვერ იქნება ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების ეფეტური საშუალება ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნების განხორციელებას, როგორიც არის სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად, რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მას შესაგებელი საერთოდ არ აქვს წარმოდგენილი. საქმის არსებითი განხილვისას მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ გახადეს და არ გამოკვლეულა გარდა ნ--------------ის ჩვენების. ამ გარემოებების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ---–------------------------ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის მ------ ლ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ------ კ------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებები, გარდა ნ--------------ის ჩვენების, სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.

სასამართლო სხდომაზე ნ--------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ დ------ კ------ე მისი მეუღლეა, რომელთანაც ბოლო პერიოდში ქონდა კონფლიქტური სიტუაციები. 2019 წლის 22 აგვისტოს, ყოფით ნიადაგზე, კერძოდ სისუფთავესთან დაკავშირებით, მოუვიდათ კონფლიქტი, რა დროსაც ქმარი დაემუქრა მოკვლით, ეგონა დანისკენ იწევდა, რადგან მოძრაობაზე შიშები აქვს. იმწუთიერად, დაპანიკებულმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, ვინაიდან მან მუქარა რეალურად აღიქვა. მალევე დააკავეს მისი მეუღლე. ამჟამად მეუღლის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

როგორც აღინიშნა, გარდა ზემოთმითითებული ჩვენებისა, ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: ბრალდებულ დ------ კ------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, თანდართული მასალებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ------ კ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, პირობითი მსჯავრის ნაცვლად მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში რეალურად მოხდის თაობაზე, მას პალატა არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში ქმედება სწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძველი - 2019 წლის 15 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით, ვინაიდან ახალი კანონით გამკაცრებულია სასჯელი ამ დანაშაულის ჩადენისათვის. ეს ნორმა სანქციის სახით ითვალისწინებს არაერთ ალტერნატივას, მათ შორის: ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა მათგან ყველაზე მძიმე სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში დანიშნულია ამ მუხლით გათვალისწინებული საჯელის მაქსიმალური ზომა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად სააპელაციო პალატას მსჯავრდებულისთვის სასაჯელის დამძიმების სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია.

ამავდროულად სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. მოცემულ შემთხვევაში დ------ კ------ე თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და უდავოდ გახადა მტკიცებულებები, ამასთან არ არის ნასამართლევი. შესაბამისად სახეზეა სასჯელის პირობით ჩათვლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის აღიარება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა. როგორც წესი, აღიარებით დანაშაულის ჩამდენი პირი ადასტურებს, რომ ის აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი, საზოგადებისათვის ზიანის მომტანი ქმედების უარყოფით ხასიათს და ცდილობს მისი შედეგების თავიდან აცილებას. ამავდროულად, დანაშაულის აღიარება ხელს უწყობს სრულყოფილ, ობიექტურ სამართალწარმოებას და სახელმწიფო რესურსის დაზოგვას. შესაბამისად ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და მათ შორის სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას.

კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულის პიროვნება, არა მხოლოდ ფორმალურად აკმაყოფილებს საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, არამედ იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ მის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში. საქმე ისაა, რომ დ------ კ------ეს, გამოტანამდე თითქმის სამი თვე, აღკვეთის ღონისძიებად შერჩეული ჰქონდა პატიმრობა რაც კანონის თანახმად, ჩაეთვალა სასჯელის მოხდის ვადაში. ამდენად საფუძველს მოკლებულია მტკიცება, თითქოს მსჯავრდებულს გაუჩნდება დაუსჯელობის განცდა. გარდა ამისა პალატა ითვალისწინებს, რომ სახეზეა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ: დ------ კ------ე თავს დამნაშავედ ცნობს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ ხდის მტკიცებულებებს და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას კი წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის ჩადენა. ამ ფონზე ვარაუდი იმისა, რომ სასჯელის მიზნები პირობითი მსჯავრის შედეგადაც იქნება მიღწეული, სავსებით გონივრულია.

სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნებისათვის მსჯავრდებულის მიერ სასჯელის რეალურად მოხდა წარმოადგენს არა თვითმიზანს, არამედ მხოლოდ კერძო და ზოგადი პრევენციის უზრუნველყოფის საშუალებას. მით უმეტეს ეს ეხება სასჯელის ისეთ სახეს, როგორიცაა პატიმრობა. ამ კონტექსტში პალატის მხედველობის გარეშე ვერ დარჩება ის გარემოება, რომ: ერთის მხრივ, დანიშნულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი, მეორეს მხრივ კი, არსებობს დანიშული სასჯელის პირობითად ჩათვლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ამ მოცემულობის ფონზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და სამართლიანია. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დასტურდება, რომ დ------ კ------ეს გაცნობიერებული აქვს არა მხოლოდ ჩადენილი ქმედების ხასიათი, არამედ გამოსაცდელი ვადის პირობების დარღვევის კანონით განსაზღვრული შედეგები, მათ შორის დანიშნული საპატიმრო სასჯელის რეალურად მოხდის გარდუვალობა.

აქვე პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსახილველი საქმის მიმართ არარელევანტურია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე მითითება იმ კუთხით, რომ დაზარალებულის მხრიდან ფაქტის უარყოფის შემთხვევაშიც კი საქმეს უნდა მიეცეს მსვლელობა და დაისაჯოს მოძალადე. განსახილველ საქმეში ასეთი პრობლემა არ ყოფილა. მსხვერპლმა მისცა ჩვენება და ამხილა მოძალადე, თავის მხრივ მოძალადემაც აღიარა დანაშაული და ამ პირობებში, მას დაენიშნა კანონით გათვალისწინებული ყველაზე მძიმე სასჯელის სახე და ზომა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ------ კ------ეს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 18 ნოემბრის, განაჩენი დ------ კ------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ---–------------------------ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის მ------ ლ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 18 ნოემბრის, განაჩენი დ------ კ------ის მიმართმიმართ დარჩეს უცვლელი.

დ------ კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი - 2019 წლის 15 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით, 2019 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი, პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად დ------ კ------ეს განესაზღვროს 02 (ორი) წელი.

დ------ კ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

დ------ კ------ეს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 22 აგვისტოდან, 2019 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით. .

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 01 (ერთი) ცალი CD დისკი, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი